სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში წერს ამბავზე, რომელიც სასწრაფოს ბრიგადას გადახდა თავს. ის საჯარო მადლობას უხდის მაშველებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობის შესრულების დროს სასწრაფოს თანამშრომლებს დაეხმარნენ და მძიმე პაციენტი მანქანამდე ჩაიყვანეს.
„როდესაც გადაუდებელი დახმარების ბრიგადას ადგილზე გვხვდება პაციენტი, რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება დამოუკიდებლად, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვინდა ფეხით ვატაროთ, დამხმარედ ვიძახებთ მაშველებს. შესაძლოა, ამ ბიჭებს ოფიციალურად საერთოდ არ ევალებათ პაციენტების ჩაყვანა და აყვანა სადმე, მაგრამ აუცილებლად მოდიან დროულად და უსიტყვოდ გვეხმარებიან.
წუხელ მე და ჩემი მეწყვილე აღმოვჩნდით მისამართზე, სადაც პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, იმდენად გადამწყვეტი იყო არათუ წუთები, წამებიც კი, რომ არც დამირეკავს სამაშველო ჯგუფისთვის, ფიზიკურად ვერ დაველოდებოდით მათ მოსვლას, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოგვეხდინა ჰოსპიტალიზაცია და გადავწყვიტეთ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პარალელურად, პაციენტი საკუთარი ძალებით ჩაგვეყვანა ქვემოთ, მანქანამდე.
ასეთი წუთები არის დროში გაწელილი კადრივით… შენზე და შენი მეწყვილის ოპერატიულობაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა შენთვის რიგითი ადამიანის, მაგრამ ვიღაცის მამის, მეუღლის, ბაბუის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და პულსაცია…
დავიწყეთ მისი გამოყვანა ოთახიდან და ამ დროს ვხედავ მაშველებს, რომლებიც მე ნამდვილად არ გამომიძახია… ისე დავიბენი, ვერც გავიაზრე წესიერად, რა მოხდა… როგორც აღმოჩნდა, ეს ბიჭები სრულიად სხვა გამოძახებაზე იმყოფებოდნენ ჩვენს სიახლოვეს, შემთხვევით გაიგეს, რომ მძიმე პაციენტი ჩამოყავდა სასწრაფოს, მომენტალურად ამოვიდნენ (შეიძლება დაარღვიეს კიდეც შინაგანაწესი ამით) და მართლაც, წამებში მოათავსეს ბატონი ჩვენს მანქანაში…
მე ამ ბიჭებს არ ვიცნობ, მათთვის მადლობაც არ გადამიხდია იმდენად გვეჩქარებოდა და ამ პოსტით მინდა საჯარო მადლიერება გამოვხატო ადამიანური მხარდაჭერისთვის.
ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ არის რაღაც, რასაც აკეთებ იმიტომ, რომ გავალებს სამსახური, მაგრამ არის რაღაც, რასაც აკეთებ იმიტომ, რომ ხარ ადამიანი და შენი უმაღლესი დანიშნულებაა სხვა ადამიანის გადარჩენა, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით და როგორ, უბრალოდ როგორც ადამიანი, ვალდებული ხარ ვისაც უჭირს, ის გადაარჩინო და ამ ბიჭებმა ეს ადამიანური ვალი ალბათ მეათასეჯერ თავისი საქმიანობის განმავლობაში, კიდევ ერთხელ, პირნათლად მოიხადეს“, - წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თეა არის ადამიანი, რომლის იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს შვილს“ - თეა დარჩიას შვილი დედაზე