ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, კორონავირუსს ოჯახის სამი წევრი, ძმები დათო და ზურა გამყრელიძეები და მათი დედა ემსხვერპლა.
„უმძიმესი რეალობაა, არ ვიცი, როგორ შევეგუო! დღეში, მინიმუმ 10-ჯერ ვრეკავ ჩემს დასთან, ირინასთან და ყოველ ჯერზე საუბარს უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზით ვიწყებ: ,,სოსო როგორ არის?" ეს ჩემი სიძეა - სოსო გამყრელიძე. არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი, რომელმაც 3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!
წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანთან, მინიმუმ, 3 ფსიქოლოგი მუშაობს, რომ სტრესის გამკლავებაში, ფიზიკურ და სულიერ გადარჩენაში დაეხმაროს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეებით არავინ ინტერესდება! არავის, სახელმწიფო სექტორიდან არ უკითხავს, როგორ დგას ფეხზე, როგორ გაუმკლავდა სულიერად, ფიზიკურად და თუნდაც ფინანსურადაც... იმ პირობებში, როცა პანდემიური ტრაგედიებით ურცხვად მოსარგებლე, ხარბი ადამიანები ერთი გოჯი მიწის - საფლავის საფასურად არა ასეულ, არამედ ათასეულ ლარს ითხოვენ! როგორ იდგა გამწარებული, 2 ძმისა და დედის დამკარგავი ადამიანი მესაფლავეებთან, მეკუბოვეებთან რიგში, რომლებიც ასევე 5-ჯერ ძვირ ტარიფებს თვითნებურად აწესებენ და არაფერი ადამიანური არ შემორჩენიათ!
ეს ყველაფერი სოსომ გამოიარა. ათასობით ადამიანი ამ გზას 2 წელი გადის. ახლაც და მომავალშიც მოუწევს გავლა, სანამ კოვიდ სტატისტიკა საბოლოოდ 0-ს არ დააფიქსირებს! კოვიდ ჰოსპიტლების მიღმა ,,შავ ქარვასლად" ქცეული საქართველო აღიმართა ჩვენს თვალწინ და არსად ამაზე წუხილიც არ ისმის, ვისგანაც მოველით! ისევ თქვენ - თანამემამულეები, კოლეგები, ნაცნობ-უცნობები გვაძლებინებთ, მადლობა თითოეულს ამისთვის, ყოველი გამამხნევებელი ფრაზისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვგრძნობთ! საშიში ვირუსის რომ არ გვეშინოდეს, ალბათ, პანაშვიდებიდან პანაშვიდებზე უნდა დავრბოდეთ, რადგან ყველა ოჯახს შეეხო პანდემია პირდაპირ თუ ირიბად - ახლობლები, ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები გვეღუპებიან და ჩვენ მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერილი სამძიმრით : ,,ვიზიარებ" - ფრაზით შემოვიფარგლებით, მეტი არ შეგვიძლია და არც არავინ მოითხოვს მეტს! ამ უბედურებისას გადარჩენილი ადამიანი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი აღარ არის, ნუ მოვიტყუებთ თავს! მოქალაქეებზე ზრუნვის მექანიზმი გამოირთო... ისევე როგორც სასუნთქი აპარატებიდან ითიშებიან სასიკვდილოდ განწირული, შავი მიწისთვის გადადებული და ბოლოს, კლინიკების სარდაფებში შავ პარკებში გახვეული მიცვალებულები! არ ვიცი, სხვა როგორ გამოვთქვა, როგორ გადმოვცე, რასაც ამ მომენტში განვიცდი!... ვხედავ, როგორ დაუძლურდა და ჩამოიშალა სისტემა, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და მომავალი უნდა ემართა! სად არის გამოსავალი?", - წერს მარი ჩიტაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ვემუდარებოდი აიცერი-მეთქი, ვერ გავაგებინე" - ექიმი მარინე გოგლიძე
🔵„ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი" - გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის
🔵„ლოკდაუნს" ვინც ითხოვს, ისეთივე მცდარია, როგორც რადიკალი ანტივაქსერი” – არჩილ გამზარდია