Digest Logo

სპეკულაციაა, რომ C ვიტამინი COVID-19-ისგან დაგვიცავს - ზაზა თელია

1605688690
კორონავირუსი და ც ვიტამინი

ექიმი ზაზა თელია, COVID 19-ის ირგვლივ გავრცელებულ შეხედულებებს სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით ეხმაურება. მათ ნაწილს მითებად აფასებს და საზოგადოებას საკუთარ პოზიციას უზიარებს.

 ამჯერად, თელია C ვიტამინისა და ცინკის ეფექტიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

მისი თქმით, ც ვიტამინი ვერც გრიპისგან დაგვიცავს და ვერც კორონავირუსისგან.

„ცინკი (თუთია) და C ვიტამინი - სამწუხაროდ ბოლო პერიოდია ხშირად გვესმის რეკომენდაციები ექიმების მხრიდან მათი მიღების შესახებ.

სპეკულაცია, რომ ისინი COVID-19-ის და სხვა ვირუსული ინფექციებისგან დაგვიცავს.

1. ცინკის (თუთიის) აცეტატის აბებით ჩვეულებრივი გაციების მკურნალობა (Zinc acetate lozenges for the treatment of the common cold) - რანდომიზირებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა

საზოგადოებაში სამწუხაროდ პოპულარულია სხვადასხვა სახის „მედიკამენტების“ გამოყენება, რომელთა მწარმოებელი კომპანიები და არამარტო, ასევე ხშირად ექიმებიც, ირწმუნებიან რომ ისინი ეფექტური საშუალებებია გრიპის, გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. მათ შორის ბოლო პერიოდია COVID-19-ის მკურნალობისთვის ხშირად ხდება სხვადასხვა სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებული/არმქონე პრეპარატების გამოყენების აგიტაცია, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

არსებული კვლევა, რომელიც ჩატარდა ფინეთში სწვალობდა ცინკის (თუთიის) აცეტატის აბების ეფექტურობას ჩვეულებრივი გაციების დროს.

დასკვნა: კომერციულად ხელმისაწვდომი ცინკის (თუთიის) აცეტატის აბები (Zinc acetate lozenges) არ იყო ეფექტური ჩვეულებრივი გაციების სამკურნალოდ, როდესაც ის იქნა გამოყენებული 5 დღის განმავლობაში პირველი სიმპტომების გაჩენიდან.

უფრო მეტი სამეცნიერო კვლევებია საჭირო ცინკის (თუთიის) აცეტატის აბების ეფექტურობის შესასწავლად, სანამ მისი ფართო გამოყენების აგიტაცია დაიწყება.

2. Vitamin C - აქტიურად იყიდება და გამოიყენება განსაკუთრებით გრიპის სეზონებზე. ასევე სპორტსმენებს რუტინულად, სისტემატიურად ასმევენ გუნდებში და რეკომენდაციას აძლევენ მოიხმარონ ეს დანამატი.

ამ დანამატის ანოტაცია ირწმუნება (claims) რომ ვიტამინი C ახდენს პრევენციას ან ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ხანგრძლივობას. ასევე ირწმუნებიან, რომ ანტიოქსიდანტური ეფექტი ახდენს დაავადებების პრევენციას როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნე.

ეფექტურობა: ვიტამინ C შეუძლია ხელი შეუწყოს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავიდან, მას შესაძლებელია ჰქონდეს პრევენციული ეფექტი კიბოს და ოსტეოპოროზის განვითარების კუთხით, როდესაც ვიღებთ პირდაპირ ხილის და ბოსტნეულის სახით. იგივე ეფექტი ვერ იქნა ნანახი დანამატის სახით მისი მიღების შემთხვევაში.

რაც შეეხება ვიტამინი C-ს როლს გაციების და გრიპის დროს - მისი ეფექტურობის მტკიცებულება არ არსებობს, აქედან გამომდინარე მისი მიღება არ არის რეკომენდებული“, - წერს ზაზა თელია.