საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ეროვნული ვალუტის კურსი პოლიტიკურად მართულია.
მისი აზრით, ეროვნული ბანკი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება და მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე არსებული ვითარება ლარზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მმართველ გუნდს საარჩევნოდ ხმები სჭირდება.
„ორიოდე სიტყვით ლარის პოლიტიკურად მართულ კურსზე.
ეროვნულმა ბანკმა შარშან აპრილის თვიდან დაიწყო მცირეოდენი ინტერვენციების განხორციელება მოკლევადიანი მკვეთრი რყევების თავიდან ასაცილებლად. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ცუდი ისაა, რომ ეს ინფორმაცია დახურულია, იმავე დღეს არ ქვეყნდება, როგორც ჩვეულებრივი ინტერვენციების დროს ხდება და მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ დაიდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე წინა თვის დაჯამებული შედეგების სახით.
ამ მცირე ინტერვენციების დაწყებიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სულ გაყიდა 37 მილიონი დოლარი, აქედან უდიდესი ნაწილი, 25 მილიონი დოლარი გასული წლის სექტემბერში. ოქტომბერშიც 5 მილიონი წაამატა, ანუ ორ თვეში გაყიდა 30 მილიონი დოლარი. დანარჩენი ცოტ-ცოტა სხვა თვეებში დღემდე.
თუ მიხვდებით რატომ? გაიხსენეთ რა იყო შარშან სექტემბერ-ოქტომბერში? სწორად გაიხსენეთ - წინასაარჩევნო და არჩევნების თვე, ანუ ეროვნული ბანკი ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ ლარის დაჭერაში. ზუსტად ასევე იყო 2016 წელს, ოღონდ მაშინ ეს მსხვილი ინტერვენციებით ხდებოდა. მორჩებოდა არჩევნები და ლარიც აიწყვეტდა.
რას უნდა ველოდოთ წელს? სულაც რომ ყირაზე დადგეს ლირა-დოლარი, ლარს ძვრასაც ვერ უზამს. ბოლო რეზერვებს გაყიდიან, მაგრამ ამომრჩეველს გუნება-განწყობას არ გაუფუჭებენ.
მერე? მერე როგორც ყოველთვის“, - წერს რომან გოცირიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სახლი, რომელსაც ტუალეტი არ აქვს, $2 მილიონად გაიყიდა
სენსაცია - ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა
„ვისაც არ გსურთ ვაქცინირება, შეგიძლიათ სთხოვეთ საპატრიარქოს, შემოიღონ შეზღუდვა მსურველთათვის“