Digest Logo

22 წლის იყო, როდესაც სიმაღლიდან გადმოვარდა –დოჩანაშვილის მეუღლე გარდაცვლილ შვილზე

1617607784
დოჩანაშვილის შვილი

გურამ დოჩანაშვილის და ნათელა სეფიაშვილის ცხოვრებაში ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ერთმა ტრაგიკულმა დღემ ყველაფერი შეცვალა. 31 წლის წინ, საბედისწერო 7 აგვისტოს შვილი, ირაკლი დაკარგეს.

ირაკლი 22 წლის იყო, როდესაც წყნეთში მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა სეფიაშვილი „სარკესთან“ იმ დღეს ასე იხსენებს:

– ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა. არც გვიკითხავს, რა მოხდა და არც გვაინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს?! საზარელი წლები იყო – უამრავი ახალგაზრდა მოკლეს…

ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა…

7 აგვისტოს დილით დავურეკე მათ, ვინც მე გადამარჩინა და მადლობა ვუთხარი. სწორედ იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდა იმ საღამოს ირაკლი. ერთი დღეც არ მაცალა განგებამ.

ადამიანი ბევრ რამეს უძლებს. გურამს ეკლესია დაეხმარა. მაშინ ვუთხარი, განგებამ მე გადამარჩინა შენ მოსავლელად და მოგაცილა შვილი, რომელსაც შენ ვერ მოუვლიდი-მეთქი.

ირაკლიმ სამსახურისთვის რომ გადაიღო ფოტო, ტელევიზიაში უნდა მიეტანა. რომ მაჩვენა, იცით, რამ გამიელვა? ნეკროლოგისთვის ხომ სამსახურიდან იღებენ ფოტოებს-მეთქი. რამ მაფიქრებინა ეს? გაზეთები რომ მოიტანეს, გადავშალე და ის ფოტო არ იყო გამოქვეყნებული ირაკლის ნეკროლოგში?! საოცარი ხილვა, წინასწარი გრძნობა იყო ეს.

ირაკლი რომ გარდაიცვალა, მაშინ გურამი წერდა მოთხრობას „ჩვეული ბედნიერებანი”. როცა ირაკლი დავასაფლავეთ და სახლში მივედით, გურამი რომ ემოციებს ჭკუიდან არ გადაეყვანა, ჩავრთე ტელევიზორი და ჭრელაჭრულა ტანსაცმელი ჩავიცვი.

აგვისტო იყო და ფანჯრები ღია გვქონდა. ხალხმა ალბათ იფიქრა, გიჟების ოჯახიაო, რადგან შვილი დავასაფლავეთ და ჩვენი სახლიდან ჯაზის ხმა გადიოდა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გურამს თავისი ,,ჩვეული ბედნიერებანი” დაემთავრებინა, თორემ რომელი დედა იზამდა ასე?! ყველას ავუკრძალე წუწუნი და შავების ჩაცმა, რომ გურამს ემუშავა…

რასაც გურამი წერს, ყველაფერი განცდილი აქვს ბავშვობიდან. ჩემთვის მთავარი იყო, გურამს დაეწერა და ის გამოქვეყნებული მენახა. ამის იქით არაფერი მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს. საბედნიეროდ, მისი არც ერთი სიტყვა დარჩენილა გამოუქვეყნებელი, მიუხედავად ათასი პრობლემისა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ახალგაზრდა შვილიშვილის სიკვდილი, მონასტერში ცხოვრება და სხვა ამბები გურამ დოჩანაშვილზე

ჩემთვის გურამის გაცნობას ერიდებოდნენ, რადგან არეული ბიოგრაფია ჰქონდა - დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია