მწერალი, რომელმაც პროზა პოეზიის დონემდე აიყვანა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად იქცა დღეს, 3 აპრილს 82 ასაკში გარდაიცვალა.
გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება თითქმის სრულადაა ასახული მისსავე ნაწარმოებებში. ამას ყველაზე კარგად მისი ქალიშვილი გრძნობს.
„ყველა მისი ნაწარმოები ჩემთვის ძალიან მშობლიურია, რადგან ზუსტად ის აქვს აღწერილი, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ჩემს ოჯახში", – ამბობს ქეთევან დოჩანაშვილმა. „სამოსელი პირველი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", "ბესამე", "ლოდი ნასაყდრალი" – ეს მცირე ჩამონათვალია შემოქმედებიდან, რომელზეც თაობები გაიზარდნენ.
„დაიჯესტი“ დღეს გურამ დოჩანაშვილის ამბებზე მოგიყვებათ:
„სანამ პატარები ვიყავით, დილით ადრე, 4–5 საათზე დგებოდა და წერდა. ჩვენ რომ გავიღვიძებდით, მერე – ვეღარ. რაც მე ცალკე, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ისევ ადრე იღვიძებს, მაგრამ მერეც აგრძელებს. 12–1 საათზე რომ მივალ და მაგიდასთან ზის, მიკვირს, რადგან ჩვენს ბავშვობაში მხოლოდ გამთენიისას მუშაობდა. ნებისმიერი ხმაური, ჩურჩულიც კი ძალიან აღიზიანებს და ვეღარ მუშაობს. ცუდ ხასიათზე დგება. გამორიცხულია, დაჯდეს და დაწეროს. შეიძლება რამე ჩანიშვნა გააკეთოს. როცა ვერ მუშაობს, სულ ცუდ ხასიათზეა. როცა მუშაობას დააცდიან, მშვენიერ ხასიათზე დგება. ამაზეა დამოკიდებული მთელი მისი განწყობა. ამბობს ხოლმე, გადამწერი ვარო. ეტყობა, იმ დროს იმდენად სხვაგან არის, რომ, თუ იქიდან ჩამოაბრუნე, საოცრება ემართება.“- ამბობს გურამ დოჩანაშვილის შვილიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი შვილიშვილი ახალგაზრდა დაიღუპა ოჯახისთვის ეს უმძიმესი ტრაგედია იყო. ბევრი ამბობს, რომ გურამს დღემდე სახეზე ეწერა ეს დარდი.
„უბედური შემთხვევა მოხდა – ჩემი ძმა, ირაკლი, მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მაშინ 22 წლის იყო. ეს ალბათ ღვთის ნება იყო. ძალიან დაბალი მეორე სართული იყო. გასულ ზაფხულს იმავე სიმაღლიდან 5 წლის გოგო გადმოვარდნილა, მაგრამ წამომხტარა და გაქცეულა. ჩემი ძმა უბრალოდ ცუდად დაეცა. ეს 1990 წელს მოხდა. ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა, ოჯახი ფაქტობრივად დაგვეშალა. პატრიარქი დაგვეხმარა ძალიან და მისი წყალობით გადავრჩით ცოცხლები. რაც თავი მახსოვს, მამა სულ მარხულობდა, მაგრამ ჩემი ძმის დაღუპვის მერე საოცრად მორწმუნე გახდა. ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა დროებით ვართ ამქვეყნად და ამით ვუძლებ ამ ტრაგედიას. მამას ნაწარმოებებშიც აისახა ეს ყველაფერი. მერე ჩემი შვილი დაიბადა – ახლა 10 წლისაა თინათინი. მამა მას რომ ხედავს, საოცრად ბედნიერია“- იხსენებს გურამ დოჩანაშვილის შვილიშვილი.
მონასტერში წასვლა
თავის დროზე, როდესაც გურამ დოჩანაშვილი მონასტერში წავიდა, სადაც მას თავისი ოთახი აქვს და მუშაობდა, მის მეზობლად 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი, დავით ფაილოძე აღმოჩნდა. სულიერად უძლიერესმა ამ ადამიანმა, რომელმაც 9 აპრილის ღამეს მხედველობა დაკარგა, უდიდესი გავლენა მოახდინა გურამზე და ასე დაიბადა რომანი – „ბრმად ყოფილი და...“, ისევე შემთხვევით, როგორც დიდი რომანები იბადება ხოლმე.
საპატიო თბილისელობა
2020 წელს თბილისი მერმა კახა კალაძემ გურამ დოჩანაშვილის საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
„დიდი პატივია, მადლობელი ვარ და ვეცდები, რომ გავამართლო, ყველასთვის დიდი პასუხისმგებლობაა, უღრმესი მადლობა, “– განაცხადა მწერალმა.
გურამ დოჩანაშვილის ცოლს პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი მოჰპარეს
გურამ დოჩანაშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ნათელა სეფიაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ მას პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი მოჰპარეს.
„მოგეხსენებათ, მოსაპარი არაფერი გვქონდა და რას წაიღებდნენ? ერთადერთი, რაც წაიღეს, პატრიარქის ნაჩუქარი ბეჭედი იყო. უწმინდესმა მკითხა, მაგან (იგულისხმა ბატონი გურამ დოჩანაშვილი. ავტ.) შენ ბეჭედი არ მოგიტანაო. ვუთხარი, მახინჯი ხელები მაქვს-მეთქი. აბა, მაჩვენე შენი თითებიო, მითხრა და წამომაცვა ბეჭედი. ოქროსფერი იყო და წითელი თვალი ჰქონდა. ქუჩაში მაგით ხომ არ ვივლიდი და უჯრაში ჩავდე. რომ გაგვქურდეს, ის უჯრა ცარიელი დამხვდა", - აღნიშნა ნათელა სეფიაშვილმა.
გურამ დოჩანაშვილის ბოლო ინტერვიუ ბაიასთან ჰქონდა, სადაც მან მის შემოქმედებაზე ისაუბრა.