Digest Logo

25-წლიანი თანაცხოვრების დანგრევა, ცოლისთვის ფულის მოპარვა, აზარტული თამაშები, ნარკოდამოკიდებულება და „მათხოვრობა“ - დათო დარჩიას უცნობი ამბები

1625217256
მსაიხობი

პოპულარული მსახიობი დათო დარჩია წლებია ეკრანზე ჩანს. 52 წლის მსახიობი, ასაკის მიუხედავად, შესანიშნავ ფორმაშია და დღემდე რჩება მაყურებლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად. 

ამ ბლოგში სწორედ დათო დარჩიას ცხოვრების შესახებ გიამბობთ და მოგიყვებით, როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა, როგორი ბავშვობა ჰქონდა, როგორი მამაა, რას ნანობს ცხოვრებაში და რატომ გაშორდა ცოლს, 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.


ბავშვობა

„როცა ბავშვობაზე ვსაუბრობ, მახსენდება ტრავმა, რომელიც წლების წინ შემემთხვა. პატარა ვიყავი და ძალიან ბევრი „ვიჩალიჩე“, რომ ველოსიპედი ეყიდათ. ბოლოს დიდი ოვაციებით მომიყვანეს. მაშინ, ნახალოვკაში ვცხოვრობდით და საკუთარი სახლი გვქონდა, ქუჩა დაღმართი იყო და ისე დავიმტვერი, აღარც ველოსიპედი ვარგოდა და აღარც მე (იცინის). ველოსიპედი გადასაგდები გახდა და მე სამკურნალო. ეს მომენტი მახსენებს ბავშვობას – დამტვრევა და რაღაც უბედურება. ისე, ცუდი ბავშვობა არ მქონია. იმ სახლის მერე კორპუსებში მომიწია ცხოვრება, რასაც მე კუბიკებს ვეძახი და მას მერე ნოსტალგია მაქვს – მინდა, სიბერისკენ მაინც დავიბრუნო საკუთარი სახლი“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კარიერა

დაიბადა 1968 წლის 9 დეკემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1994 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1995 წელს მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

მის თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, 22 წლიდან იღებენ ფილმებში.

„მეფე ვარ სცენაზე, მაგრამ სახლში პური ფული არ მაქვს, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა “- ამბობს დათო დარჩია.

„არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. მათხოვარს კინოში ვინ მოგცემს მილიონებს. ვიღაცები ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა. არაფერიც არაა კარგად, ყველაფერი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან“- ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ვალები

მსახიობ დათო დარჩიას რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ბინების გაყიდვა მოუწია.

„ყველაფერს ვყიდი, თუ გაიყიდა, მაგრამ მყიდველიც ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ფასად ვყიდი. უფრო ახალი ბინები იზიდავთ, კაცმა რომ არ იცის, რითაა აშენებული.

თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. ფიზიკურად ჩემი გულის პატრონი ძლიერ დატვირთვას ვერ შევძლებ, მაგრამ რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ.

არ მინდა, სულ ვინმეზე ვიყო დამოკიდებული და სულ ვიღაც ვაწუხო – აბა, მიშველე და პურის ფულით დამეხმარე-მეთქი. არ ვარ ასე გაზრდილი, მაგრამ ბოლო წლებია, ასე ვარ და საკუთარი თავი მზიზღდება. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. მით უმეტეს, ორი სტუდენტი შვილი მყავს. მართალი გითხრათ, აქედან გამომდინარე, უკვე ჩემი პროფესიაც ავითვალწუნე, გული ამიცრუვდა. ხალხს რომ ვხედავ, თავს ბოლომდე ვდებ – პროფესიონალიზმის ამბავია, მაგრამ სპექტაკლი რომ მაქვს, აღარ მიხარია“- ამბობდა მსახიობი 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა ამჟამად, მსახიობის მდგომარეობა, როგორც თავად ამბობს დალაგდა და უკეთესად გრძნობს თავს.

„პრობლემები მქონდა ბინებთან დაკავშირებით და, შეიძლება ითქვას, მოწესრიგდა, ყოველ შემთხვევაში, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვედი და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ღამე უკვე მშვიდად მძინავს. ერთი პერიოდი ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავი. იმავე პროფესიის სხვა ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, ეს პრობლემა არ მქონოდა“- ამბობს მსახიობი.

მეუღლე

დათო დარჩიამ ოჯახი 21-22 წლის ასაკში შექმნა, თუმცა 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გაშორდა.

„მაშინ 21-22 წლის ვიყავი. ვიკას ან თავის კარიერა უნდა აერჩია – პარიზში წასულიყო და იქ აეწყო მომავალი, რისი შანსიც ჰქონდა, ან – მე. მან სიყვარულისკენ გადადგა ნაბიჯი: თავისი საქმე გვერდზე გადადო და უფრო ჩემი საქმისკენ გადმოიხარა. ვიქტორიამ მომცა ბიძგი თეატრში სასიარულოდ, თორემ, თავიდან მე საერთოდ არ მქონდა ამის სურვილი. გავრისკე და რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდი. ახლა აქაურობის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მისმა თავდადებამ და დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი გამოიღო. მისი სიყვარულის დამსახურებაა ეს ამბავი. თვითონ მოდელობას თავი დაანება. პროფესიით კინომცოდნეა, თუმცა კულინარიას მოჰკიდა ხელი და თბილისში საკმაოდ წარმატებულია მისი დიზაინით დამზადებული საოცარი ტორტები“- იხსენებს მსახიობი.

25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ არ იყო რთული მეუღლესთან განქორწინება?

– დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც დავშორდით. არ მქონდა რთული პერიოდი, რადგან ეს იყო მომწიფებული და უცებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ ჩვენი ამბავი მშვიდობიანად, ყველანაირი სკანდალების გარეშე დასრულდა. ორივეს ინიციატივა იყო. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია 25-წლიანი ურთიერთობა ბოლოს ასე დასრულდეს. ეს იმდენად დიდი დროა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ყველაფერი ხდება. ხომ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო და მართლაც ასეა. მეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მინახავს გაშორებულები და რეკორდი არ მომიხსნია.

– მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო? შერიგება არ გიცდიათ?

– ფინანსური – ყველაზე ნაკლებად, უბრალოდ, როცა ადამიანებს შორის სიყვარული განელდება, იქ უკვე ჩნდება მომენტი, რომ ჯობს ცალ-ცალკე ვიყოთ, ორივე მხარე ხვდება ამას. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. არა, შერიგება არ გვიცდია.

შვილები

52 წლის მსახიობი 2 შვილის მამაა, 22 წლის ბიჭის და 19 წლის გოგოსი.

როგორც თავად მსახიობი ამბობს კარგი მამაა.

დათო დარჩიას ბიჭის, გუგა დარჩიას ნათლია რობერტ სტურუაა.

„თეატრის სასადილოში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემი ცოლი ფეხმძიმედ იყო, მაშინ სქესი არ ვიცოდით. რობიკომ მითხრა: შენ გეყოლება ბიჭი, რომელსაც მოვნათლავ მე და ის იქნება ოცდამეერთე საუკუნის უდიდესი რეჟისორიო. გუგა საბანკო-საფინანსოზე სწავლობს,“- ამბობს მსახიობი.

„პატარა არ ვიყავი, როცა მამა გავხდი, გააზრებული მქონდა რას ნიშნავდა ეს და შეიძლება ითქვას, როგორც მშობელი მომზადებული დავხვდი შვილებს. მოგეხსენებათ, მსახიობები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომ საუბარი, ახსნა, დარიგებებია ჩემი მათთან ურთიერთობის მეთოდი“- ამბობს დარჩია.

მსახიობის ქალიშვილი მამის კვლას გაჰყვა და თავადაც მსახიობობა აირჩია.


ნარკოტიკზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მსახიობი

- „სიცრუის დეტექტორში“ თქვით, რომ მეუღლის დაუკითხავად აიღეთ მისი კუთვნილი თანხა... აზარტულ თამაშებზე იყავით დამოკიდებული?

– კი, იყო მსგავსი შემთხვევა, თუმცა რასაც ოჯახი ჰქვია, იქ ყველაფერი საერთოა, შესაბამისად, ეს თანხა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა, ოჯახისთვის იყო განკუთვნილი და რაღაც მომენტში ჩემთვისაც. ის პერიოდი დაემთხვა თამაშს, თორემ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. აზარტულ თამაშებს ფული უნდა, ფული კიდევ ჩემი პროფესიის ადამიანებს არასდროს აქვთ. მხოლოდ მაშინ იყო, ისიც – გართობის მიზნით. მაგრამ ესეც არაა კარგი, 50 თეთრიც რომ დადო, ცუდია. ვითომ ხომ უმნიშვნელოა, თუმცა მაინც არასასიამოვნო ფაქტია. მსგავს რამეში კაცმა ფული არ უნდა დახარჯოს. ამ კუთხით არანაირი მიჯაჭვულობა არ მქონია.

– რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, როგორ მოახერხეთ, დაგეძლიათ?

– მისი დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია და ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, მის სიმტკიცეზე, იმაზე, როგორ უყვარს დედა, ოჯახი, მეუღლე, შვილები. თუ უყვარს, მაშინ მათ გამო უნდა დაძლიოს. თუ ვერ გააკეთა, მაშინ სათანადოდ არ ჰყვარებია. ეს პერიოდი მე ახალგაზრდობაში გავიარე და ჩემი ახალგაზრდობა 90-იანი წლები იყო. თბილისის 90-იანი წლები კიდევ ღმერთმა სიზმარშიც არ ანახვოს ვინმეს – შეიძლებოდა, ქუჩაში უცებ ვიღაცას მოეკალი, შეიარაღებული ბანდები დადიოდნენ. ერთი პერიოდი კინაღამ ჩამითრია შავმა სამყარომ, მაგრამ ისევ და ისევ ოჯახის დახმარებით და მათი სიმტკიცით გამოვძვერი. ამიტომ ვამბობ, თუ ოჯახი გიყვარს, არ არსებობს, რომ ეს საკითხი ვერ დაძლიო. ზოგადად, ვთვლი, რომ ნებისყოფა არ მაქვს, რადგან შუნტირება მაქვს გაკეთებული და დიდი ხანი სიგარეტი ვერ გადავაგდე, რომელიც ჩემი პირველი მტერი იყო, მაგრამ როცა მოვინდომე, შევძელი ნარკოდამოკიდებულება დამეძლია, რაშიც დიდი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

აბეზარი შეკითხვები, ცხოვრების ყველაზე დიდი იმედი, სკანდალური ჭორი და საყვარელი ფრაზა - ბლიც-ინტერვიუ სოფო ბედიასთან

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლეობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი