Digest Logo

„წარმატების გასაღებია მკაფიოდ ჩამოყალიბებული განზრახვა, პოზიტიური განწყობა, სასურველ შედეგზე ფოკუსირება და რწმენა“ - მზე მორიელში გადავიდა

1761200116
ახალი მთვარე

დღეს, 23 ოქტომბერს დილის 7:43 საათზე, მზემ დატოვა სასწორი და გადავიდა მორიელის ნიშანში, სადაც ემოციები ინტენსიურდება და სიღრმისეული გარდაქმნები იწყება. ეს ასტროლოგიური ცვლილება გვიწვევს შინაგან ჭეშმარიტებამდე ჩასვლას, იმ საიდუმლო შრეების დანახვას, რომლებიც ადრე შესაძლოა არ გვინდოდა გაგვეცნობიერებინა.

მორიელის სეზონს ყოველთვის მოაქვს სიღრმე, სიმართლის ძიება და ძველი ენერგიის გარდაქმნა — დროა, დავემშვიდობოთ ზედაპირულობას და ჩავყვეთ იმას, რაც რეალურად გვძრავს შიგნიდან.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში AstroBlog SkyLight წერს:

„დღეს დილით ზუსტად 7:43 სთ-ზე მზე გადავიდა მორიელის ნიშანში.

მორიელის სეზონის შესახებ დეტალურ პოსტს ცალკე შემოგთავაზებთ, მანამდე კი გავაანალიზებ 23 ოქტომბრის ასტროლოგიურ და ენერგეტიკულ ფონს.

მოკლედ, ჩვენ შევდივართ სიღრმეების, გარდაქმნის, ტრანსფორმაციისა და ფარული პროცესების სეზონში. მორიელის სეზონი თითქოს რთავს სულის რენტგენს - ყველაფერი ფარული, განდევნილი და გაუცნობიერებელი ზედაპირზე ამოდის. ეს არის სინდისის ხმის, ემოციური სიმწიფისა და ტრანსფორმაციის მაგიური დრო.

რაც შეეხება მთვარეს, ის აგრძელებს მორიელში მოძრაობას - მზის წინ და დღეს უერთდება რამდენიმე პლანეტას. იგი მონაწილეობს ძლიერ პლანეტური სტელიუმში, რომელიც მორიელის ნიშანში ყალიბდება - მარსთან, მერკურთან, ლილიტთან და პროზერპინასთან ერთად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პლანეტარული დაჯგუფება ქმნის კარმულ კვანძებთან ასპექტებს, რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის მოვლენები არ იქნება შემთხვევითი, რადგან ატარებს კარმულ მნიშვნელობას. ზოგიერთისთვის დღეს შეიძლება გამოვლინდეს „კარმული ბუმერანგი“. თუმცა ამავე დროს, ეს ასპექტები გვაძლევს შანსს, გავაკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის, ჩვენი მომავალი კარმისთვის და შემდგომი წარმატებისთვის.

ამიტომ დღეს სცადეთ, თუნდაც უმნიშვნელო ქმედება მაინც მიუძღვნათ თქვენს მიზანს, თქვენს განზრახვას. მით უმეტეს, რომ მთვარე შედის შეერთებაში მარსთან - მოქმედების პლანეტასთან. მთვარის მიერ გააქტიურებული მარსი, განსაკუთრებით კარმულ კვანძებთან ასპექტებში, გვიბიძგებს აქტიურობისკენ. გარდა ამისა, მთვარე და მარსი იქნებიან შეერთებაში მერკურთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავაერთიანოთ აზრის ძალა და ქმედება.
დღეს შესაძლოა „გაყინული წერტილიდან“ დაიძრას მნიშვნელოვანი საქმე. ამისთვის საუკეთესო დრო იქნება შუადღის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათიდან თბილისის დროით. ამ პერიოდში მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის იუპიტერთან და სატურნთან. დღის მეორე ნახევარი იდეალურია მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის, დოკუმენტების განხილვისადა გაფორმებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, სწავლის დაწყებისთვის ან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტებისთვის.

იუპიტერი აფართოებს შესაძლებლობებს, ხოლო სატურნი ეხმარება გეგმების სტრუქტურირებასა და სისტემურ მოქმედებას. ეს ასევე კარგი დროა ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, ანტიკვარიატის ან სახლის ნივთების შესაძენად. განსაკუთრებით წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს შინაური ცხოველის შეძენა. ამ წამოწყებებს მხარს უჭერს მზარდი მთვარეც.

დღეს ჩვენზე მოქმედებს მესამე მთვარის დღის ენერგიები - დღე, როდესაც ენერგია გადადის აქტიურ ფაზაში. ეს არის დრო, ვიმოქმედოთ, დავიცვათ ჩვენი საზღვრები და წავიდეთ წინ, მაშინაც კი, თუ ეს საშიშად და უჩვეულოდ გვეჩვენება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ფულის ენერგიის, ზრდისა და მატერიალური წარმატების გასააქტიურებლად. ყველაფერი, რასაც დღეს იტყვით ან სთხოვთ ახალგაზრდა მთვარეს - განსაკუთრებით თუ ამას ღიმილითა და პოზიტივით აკეთებთ - მნიშვნელოვან ძალას ატარებს.

„ეზოტერული პრაქტიკების“ მიხედვით, დღეს ეფექტურია აფირმაციები:

„როგორც ახალგაზრდა მთვარე იზრდება, ისე იზრდება ჩემი ფინანსური კეთილდღეობა“.

„მთვარის ყოველი ფაზით ჩემი სიმდიდრე და სიუხვე მრავლდება“.

„მე ვარ ფინანსური შესაძლებლობების მაგნიტი და სიუხვეს ძალისხმევის გარეშე ვიზიდავ“.

ამ აფირმაციების წარმოთქმის დროს აიღეთ კუპიურა, რომელსაც შემდგომ საფულეში შეინახავთ და არ დახარჯავთ მთელი მთვარის თვის განმავლობაში. აფირმაციების წარმოთქმის დროს დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ოქროსფერი სინათლის ნაკადი, რომელიც მზარდი მთვარიდან ეშვება და თბილი ბზინვარებით გარს გეხვევათ. ეს სინათლე ქმნის თქვენს გარშემო ოქროსფერი, მბზინავი ენერგიის გარსს, რომელიც ასუფთავებს ფინანსურ არხებს და ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს სიუხვისთვის.

ბოლოს გამოხატეთ მადლიერება მთვარის მიმართ, მისი ენერგიისა და დახმარებისთვის.

გახსოვდეთ, რომ წარმატების გასაღებია მკაფიოდ ჩამოყალიბებული განზრახვა, პოზიტიური განწყობა, სასურველ შედეგზე ფოკუსირება და რწმენა, რომ სამყარო მოგაწვდით საჭირო ფინანსურ რესურსებს მთვარის ციკლის განმავლობაში.

მესამე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა ლეოპარდი და რომელიც იწყება დილის 9: 21სთ-დან არ მოითმენს პასიურობას - ის მოითხოვს სიტყვიერ და ქმედებით აქტიურობას. ამიტომ ისაუბრეთ, გაიღიმეთ, იმოქმედეთ ამ ენერგიით და ის აუცილებლად გიპასუხებთ სიუხვის ნაკადით.

გისურვებთ საოცარ დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსწავლის კარგი ფიქრი, მასწავლებლის ყველაზე დიდი ჯილდოა...“ - გია მურღულია

⭕„მზე მორიელშია მეგობრებო! გილოცავთ კუდიანთა მოდგმას...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ოქტომბერს საქართველოში