Digest Logo

„დაჭრილმა კაცმაც შეიძლება, მოიგოს ოლიმპიადა და მხარმოტეხილმაც... გაცნობიერებული მქონდა, რომ მეტკინებოდა და მზად ვიყავი, გამეძლო“ - ლაშა ბექაური

1628588827
ლაშა ბექაური

28 ივლისი ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოსთვის – კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მფლობელები გავხდით. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, 21 წლის ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა. უდიდესი გამარჯვება ლაშამ ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე მოიპოვა. უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია და შედეგად, დღეს, მისი სახით, ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს.


„გამარჯვება ჩემი ხალხის სიყვარულმა მაგრძნობინა და ძალიან ბედნიერი ვარ. მათ ემოციებს რომ ვუყურებ, რომ ვხედავ, როგორ უხარიათ, მაშინ ვხვდები, თურმე, მართლა დიდი რაღაც გავაკეთე და ძალიან მიხარია,“- ამბობს ბექაური ჟურნალ „თბილისელებთან.“

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– ტრავმის მიუხედავად, ბოლომდე გჯეროდათ, რომ გამარჯვებას შეძლებდით?

– თავიდან ძალიან რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მოვახერხე საკუთარ თავში წინააღმდეგობა გადამელახა და აქ გამარჯვებისთვის წამოვსულიყავი. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ამას ხელი შეეშალა. გაცნობიერებული მქონდა, რომ მეტკინებოდა და მზად ვიყავი, გამეძლო. გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი მქონდა და ალბათ, ამის წყალობით გამოვიდა.

– ოჯახისა და განსაკუთრებით ბებოს რეაქცია მაინტერესებს, რადგან სოციალურ ქსელში თქვენი ვიდეო გავრცელდა...

– ბებიაჩემი საბერძნეთშია, ეგ ბებია სოფელშია. მე იმ ბებიას ველაპარაკე, რომელიც საბერძნეთშია და რომელიც ახლა უნდა ჩამოვიყვანო. შვილმკვდარი დედა არის და ძალიან სევდიანია. 17 წელია, საბერძნეთში მუშაობს. შევპირდი, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები და ჩამოგიყვან, აღარ მოგიწევს მანდ მუშაობა-მეთქი. დღეს ბებია უბედნიერესი ადამიანია.

– ზვიადაურის ნათლული ყოფილხართ, როგორ გამზადებდათ ოლიმპიადის წინ?

– შეჯიბრებამდე ვნახე და თავისი ოლიმპიური განცდები გამიზიარა, წასვლამდე მოტივაციაც მომცა. თვითონ ოლიმპიადაზე წასვლისას დაჭრილი იყო და მისმა მაგალითმაც დიდი მოტივაცია მომცა. თურმე, დაჭრილმა კაცმაც შეიძლება, მოიგოს ოლიმპიადა და მხარმოტეხილმაც.



– მილიონი მოიგეთ, ბინაც გაჩუქეს, რა გეგმები გაქვთ?

– ამაზე ჯერ არც ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი, ჩემი ხალხის სიხარულია.

– წერდნენ, მთის ბიჭია და ძალ-ღონით სავსეო...

– მაგას გეუბნებით, სასწაული ორგანიზმი აქვს და ასფურცელასავით ყველაფერს იწოვდა. ზედმიწევნით გვიჯერებდა, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებდა. ყველა მეთოდი, რაც კი არსებობდა, თეორიულად რომ ვიცოდით, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს გვიცდია, გამოვიყენეთ. სწორი ექსპერიმენტები ჩავატარეთ. კარგი მეთოდები არსებობდა, მაგრამ მისი გამოყენება აქამდე ვერავინ გარისკა. ჩვეულებრივ მოქალაქეს ამას მეც არ გავუკეთებდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მისი დახმარებით მოხდა. ეს ბიჭი სამასი არაგველის შთამომავალია და სულ ვეუბნებოდი, ისინი არ გადაშენებულან, შენში აყვავდა მათი გენი-მეთქი. ყველა შეხვედრის წინ, ზუსტად სამასი არაგველის სიმღერას ვასმენინებდი და საოცარ ხასიათზე დგებოდა.

– ფსიქოლოგიურადაც ბევრი მუშაობა დაგჭირდებოდათ...

– რადგან თვითონ ასე გადაწყვიტა, ჩვენ უფლება არ გვქონდა, არ გვებრძოლა. თქვენ მე ეს შემიხორცეთ, ტკივილი თუ მექნება, გამიყუჩეთ და არ შეგარცხვენთო. სიტყვა მივეცით ერთმანეთს. ჩვენ ვჭიდაობდით მიზნისთვის და არა მიზეზებით. მიზეზი იყო ტრავმა, ტკივილი – არა. არ გვტკივა, არ გვეშინია, მივდივართ, ვჩეხავთ, ვკაფავთ ყველაფერს – სამასარაგველური ტერმინებით ვძლიერდებოდით. ბავშვს გამარჯვება უნდოდა და ჩვენ გვერდში ვედექით. ყველა თავის საქმეს აკეთებდა. ყველა მწვრთნელი შეხმატკბილებულად ვმუშაობდით და მხოლოდ იმას ვეუბნებოდით, რაც კონკრეტულად იმ მომენტში იყო საჭირო, ზედმეტს არაფერს. კონკრეტიკამ გაამართლა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პოლიციელების მიერ ნაცემი ლაშა ბექაური, ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიძა, ლექსების წერა და გაჭირვებული ცხოვრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე - ძიუდოისტის უცნობი ამბები

ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

წყარო: tbiliselebi.ge