„ვცდილობ შევქმნა ჩემი თეატრი“,- ამბობდა კომპოზიტორი გია ყანჩელი. მან შეძლო ადამიანის გაკეთილშობილება თავისი შემოქმედებით და ამით მისია შეასრულა.
დიახ, წარმოუდგენელია მოუსმინო „ყვითელ ფოთლებს“ და არ იგრძნო რაღაც არაამქვეყნიური... მის შემოქმედებას შეუძლია ჩასწვდეს ადამიანის სულს....
მხოლოდ ყანჩელს შეუძლია „გარდაიცვალოს“, მაგრამ მაინც ამქვეყნად ცხოვრობდეს... მისი შემოქმედება უკვდავია...
„დაიჯესტი“ მის ამბავს, მისივე მოგონებებით მოგიყვებათ:
ბავშვობა
„არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკალურ ოჯახში იბადებიან. მამაჩემი ექიმი იყო, დედა - დიასახლისი. ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა, ოჯახის მარჩენალი, ომში გაიწვიეს და ჩვენ მარტონი დავრჩით.
ძალიან გვიჭირდა და ცხადია, არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მუსიკა მომესმინა. ერთადერთი სერიოზული მცდელობა - რომ პატარა ბიჭი დიდი ხელოვნებისთვის ეზიარებინა - მეზობელ ქალს ჰქონდა. ერთხელ ამ უაღრესად ინტელიგენტმა ქალბატონმა შეგვკრიბა ქუჩის ბავშვები, მთელი დღეების განმავლობაში ეზოში ბურთს რომ დავდევდით და ოპერაში „ევგენი ონეგინზე“ წაგვიყვანა...
ოპერის თეატრიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწყალ ქალს ტროლეიბუსი დაეჯახა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აღუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა „ონეგინიდან“.
„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს, ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე.
ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“...
ორი ღმერთი
„აბა, წარმოიდგინეთ, მე ვიყავი 18 წლის, როცა მოკვდა სტალინი. გამოვლილი მაქვს ეს უსაზიზღრესი, საშინელი პერიოდი. მაგრამ ეს ახლა ვამბობ, რომ გამოვლილი მაქვს, მაშინ მეგონა, რომ არსებობს ორი ღმერთი – ერთი სტალინი, რომელიც იჯდა კრემლში და ლენინი, რომელიც იწვა მავზოლეუმში.
სხვათა შორის, მიყვარს, როცა ორი სიტყვით შეიძლება გამოხატო ადამიანის არსი. სტრუვემ უწოდა ლენინს „მოაზროვნე გილიოტინა“. თუმცა, იმ პერიოდში ეს ორი მონსტრი იყო ჩემთვის სათაყვანებელი, ასე გვზრდიდა სკოლა, მასწავლებლები.
მშობლები ყველაფერს გვიმალავდნენ. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა სინამდვილეში.
ალბათ გაგიგიათ, რომ სანაპიროზე სტალინის უშველებელი ძეგლი იდგა და იქ იმართებოდა ხოლმე მიტინგები, ვინაიდან ხრუშჩოვმა პიროვნების კულტის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად იყო სტალინის ფენომენით დაავადებული, რომ მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1956 წელსაც გადავსებული იყო მთელი სანაპირო. იმ მიტინგზეც წავედი. წარმოგიდგენიათ? თურმე, იქ მოდიოდა ხოლმე რობერტ სტურუაც. მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს. შემდეგ, ორ სამყაროს შორის, ხრუშჩოვის დამსახურებით, ე.წ. რკინის ფარდაში გაჩნდა პატარა ხვრელები, ნელ-ნელა შემოდიოდა ინფორმაცია ნორმალური მსოფლიოდან.
სხვათა შორის, მუსიკამაც დაიწყო გამოჟონვა. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ ამხელა მუსიკალური სამყარო არსებობდა.
მაშინდელი ჩვენი კლასიკოსები იყვნენ შოსტაკოვიჩი და პროკოფიევი. რახმანინოვი საბჭოთა კავშირში 1943 წლამდე არ სრულდებოდა, სანამ მან ტანკი არ აჩუქა საბჭოთა ჯარს.
სწორედ ამ პერიოდში, კიევიდან დირიჟორმა იგორ ბლაშკოვმა გამომიგზავნა 1 კილომეტრი მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ანტონ ვებერნის მთელი შემოქმედება. და თუ ჩემზე წერენ, რომ ტემბრალური დრამატურგია შევქმენი ჩემს ნაწარმოებებში, ეს ანტონ ვებერნის მუსიკის გავლენაა.“
სეირნობა...
„ახლა, ინფარქტის მერე, ფეხით სიარული მჭირდება ხოლმე. ყველაზე მეტად სიარულს ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ, ექიმის მითითება შევასრულო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო. ამიტომ პარკამდე მივდივარ მანქანით, თან მიმაქვს ფლეერი და ვუსმენ მუსიკას. როცა მბეზრდება თანამედროვე კოლეგების მუსიკა, მალერის მეცხრე სიმფონია მიმაქვს, ანდა ბახი გლენ გულდის შესრულებით, მერე ისევ ვუბრუნდები თანამედროვე მუსიკას”.
ცისფერი მთები ანუ ტიანშანი
„ელდართან ერთად სამონტაჟოში ვიჯექი. რაღაც არ მოსწონდა, უკმაყოფილო იყო. არადა „ცისფერი მთებისთვის“ 32-წუთიანი მელოდია დავწერე. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფილმში მხოლოდ ის მარტივი ვალსი შევიდა, რომელიც დროის ცვალებადობას - ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარსა და გაზაფხულს აღწერს.
ის იმდენად პოპულარული გახდა საქართველოში, რომ შემდეგ ეს მელოდია მობილურებშიც კი აღმოჩნდა. საერთოდ, მუსიკა 50-მდე ფილმისთვის მაინც მაქვს დაწერილი. კინოში მუშაობა მეხმარებოდა ფინანსურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი და შემძლებოდა, მეტი დრო სიმფონიური ნაწარმოებისათვის დამეთმო.“
კრიტიკა
„ჩემი ყველაზე დაუძინებელი კრიტიკოსი თავად მე ვარ. ძალიან ნელა და მძიმედ ვმუშაობ, დამქანცველი შრომაა. ვიტანჯები ისე ვცდილობ გავთავისუფლდე ზედმეტი ნოტებისგან, ეპიზოდებისგან. თითქოს ჩემში რაღაც დაუოკებელი სურვილია მივაღწიო ისეთ სიმარტივეს, რომელსაც უკვე ვეღარაფერს მოვუხერხებ. ამას, მე საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას ვაბრალებ. მაგრამ ეს ის მეთოდია, რომელიც ცხოვრებაში ავირჩიე. როდესაც ვთვლი, რომ შევძელი შემესრულებინა დავალება და გადამებიჯებინა იმ ბარიერისთვის, რომელიც თავად აღვმართე. აი მაშინ, უკვე აღარ მაინტერესებს რას დაწერენ და როგორ მიიღებენ.
არასდროს ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ მიიღებენ ჩემს მუსიკას ან რამდენჯერ გამომიძახებს აუდიტორია სცენაზე. რადგან ჩემთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ სიჩუმეს აქვს, რომელიც მელოდიის შემდეგ დარბაზში დაისადგურებს ხოლმე. 6-7 წამიც კი, ეს უკვე დიდი ჯილდოა.“
„მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.
რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება.
ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან – თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემ სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.
ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები...
სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემ ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ.
იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.
იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები.
სამწუხაროდ, არ მგონია, ოდესმე სამყარო შეიცვალოს და სანამ არსებობს რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი, მოვლენები განვითარდება მინუსის ნიშნით.
ამის წინაპირობა, რომ მსოფლიო უკეთესი არ გახდება, ბევრია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი შურია. მე, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, მრავალი უარყოფითი თვისება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა – შურის გრძნობა არ გამაჩნია.
მე კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მან ქართულ პროფესიულ საგუნდო მუსიკაში არაჩვეულებრივი გარდატეხა მოახდინა და აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანა იგი. მაგრამ არ მომწონს მის მიერ ფალიაშვილის თემებზე დაწერილი ჰიმნი, რომლის შესრულება თანხლების ან განსაკუთრებული სმენის გარეშე არ შეიძლება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა შექმნა მელოდია, ჰიმნი, რომელსაც ჰქვია „სამშობლო“.
ასეთ მელოდიაზე უარს არ იტყოდა არც ჰაიდნი და არც შუბერტი. მე ვერ მოვესწრები იმას, როცა ანდრია ყარაშვილის მელოდია, როგორც ჰიმნი, კარგად გაორკესტრებული და შესანიშნავი გუნდის ნამღერი, დაუბრუნდება ჩემს ქვეყანას. შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა საქართველო გაერთიანდება, მაგრამ ამას მე ვერ მოვესწრები. ეს ადრეც ვთქვი, ერთ-ერთ ჟურნალში დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ნულოვანი ყურადღება მიიქცია.“
შემოქმედება
მუსიკის დაწერა ჩემთვის საშინელი, ენით აუწერელი ტანჯვაა. შემდეგ ყოველთვის მაქვს ერთადერთი სურვილი, რომ მსმენელმა ჩემ მიერ გამოვლილი ტანჯვა არ შეამჩნიოს და აღიქვას, რომ ეს ყველაფერი ადვილად მოვიდა.
ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ. ჩემს ქვეყანაში მე ვგონივარ „ყვითელი ფოთლების“, „ჰერიო, ბიჭებოს“, და კიდევ რამდენიმე პოპულარული თემის ავტორი.
აი, მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში არავინ იცის ეს კომპოზიციები, იქ იციან ჩემი სიმფონიური და კამერული მუსიკა. რა თქმა უნდა, თბილისშიც არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ვინც ესწრება ჩემ კონცერტებს და ხანდახან აქაც, ადრე ჯანსუღ კახიძის და ახლა უკვე ნიკოლოზ რაჭველის მეშვეობით, სრულდება ჩემი სიმფონიური მუსიკა, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ვცდილობ აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს პოპულარობა საქართველოში და რას ნიშნავს ის მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში.
დიდი სიყვარული
„მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე, ვალენტინა (ლულია) ჯიქია. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო;
საოცარი რძალი – მარიკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან.
რაც შეეხება იმას, თუ როდის ვგრძნობ ბედნიერებას მუსიკასთან დაკავშირებით, ეს ხდება მაშინ, როცა მთავრდება ჩემი ნაწარმოები − როგორც წესი, ძალიან ჩუმად და ნელა. შემდეგ ეს გადადის დარბაზში და სიჩუმე გრძელდება ხუთი, რვა, ათი წამი...
აი, მაშინ ვარ მე ბედნიერი, რადგან ვგრძნობ – შესრულებული მუსიკა სწორად იქნა აღქმული დარბაზის მიერ.“
ჯანსუღ ჩარკვიანი
„ამას მეგობრობა არ ერქვა. არც ვიცი, რა ვუწოდო. ესეც განგებასთან არის დაკავშირებული. როცა უნივერსიტეტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე კურსზე, ქუთაისში, 40 გრადუს სიცხეში, პირველ მარშრუტზე წავედით, თან ზურგჩანთა და ჩაქუჩი წავიღეთ.
დაახლოებით 8 კილომეტრი ვიარე ფეხით და მივედით ობიექტამდე, სადაც ქანები უნდა ჩამოგვეტეხა, რომლითაც უნდა აგვევსო ზურგჩანთა და უკან გამოგვევლო იგივე მანძილი. ღამე საძილე ტომარაში რომ ჩავწექი, ამოვიღე ფანქარი და ქაღალდი და დავიწყე იმ პროფესიების ჩამოწერა, რომელიც არ მოითხოვდა სიარულს.
მუსიკა აღმოჩნდა ჩემთვის მათ შორის ყველაზე ახლობელი და მე-3 კურსზე რომ ვიყავი უნივერსიტეტში, კონსერვატორიის პირველ კურსზე დავიწყე სწავლა.
ვინაიდან ჩემი იმდროინდელი გატაცება იყო მხოლოდ ჯაზი და მეტი არაფერი, ვნატრობდი კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიმეღო ცენზი, რომელიც მომცემდა უფლებას დავმდგარიყავი ბიგ ბენდის წინ და მედირიჟორა. ეს ყველაფერი ჩაიშალა, ვინაიდან შევხვდი ჯანსუღ კახიძეს. ის აბსოლუტურად არაჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც დირიჟორი, როგორც მომღერალი და კომპოზიტორი. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს მისი სიმღერები ასეთი პოპულარულია და ჯანსუღ კახიძის გვარი ყოველთვის უნდა ჟღერდეს ლაღიძის, ცაბაძის, დები იშხნელების გვერდით.
ჯანსუღმა რაღაც საოცარი ნიშა მოიპოვა. თუმცა, ხალხს ალბათ ბევრი მისი სიმღერა დღესაც ხალხური ჰგონია. ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა მან შემომთავაზა, დამეწერა სიმფონია.
როდესაც ჯანსუღი პულტზე იდგა და ჩემს სიმფონიას დირიჟორობდა, ხდებოდა ჩემი თანაავტორი, ის, როგორც მოქანდაკე, ქმნიდა სიმფონიის თავის ვერსიას. გაოცებული ვიყავი, როგორ აკეთებდა ამას. ამაზე მეტი რა გითხრათ ჩემი და ჯანსუღის ურთიერთობის შესახებ?
სამწუხაროდ, კარგა ხანია აღარ მყავს, მაგრამ მასთან ჩემი ურთიერთობა დღესაც გრძელდება. როცა რაღაც არ გამომდის, მუდამ ის მყავს თვალწინ და მეუბნება – გააგრძელე! იწვალე! იტანჯე!“
უცნობი ისტორია
„არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ჩემი მუსიკის შესრულებისას არასასურველია. ეს გახლავთ ხველება დარბაზში, რაც, ცხადია, ნაწარმოების აღქმას საშინლად უშლის ხელს. მახსოვს, ნიუ იორკში, ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად მქონდა პრემიერა და როცა პროგრამისთვის მცირე ზომის ტექსტის დაწერა მთხოვეს, დავწერე:
„მოკრძალებით მივმართავ ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის მსმენელებს, ხმამაღლა ახველონ ხმამაღალ ადგილებში და ჩუმ ადგილებში ხვლებისგან შეძლებისდაგვარად შეიკავონ თავი“. მეგონა, ტექსტს არ დაბეჭდავდნენ, მაგრამ პროგრამა სწორედ ამ ტექსტით გამოქვეყნდა“.
გარდაცვალება
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.
გია ყანჩელის ბაღი თბილისში
კომპოზიტორ გია ყანჩელის სახელი კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.
ამ გენიალური კომპოზიტორის უკვდავსაყოფად, არტოს ბაღისთვის გია ყანჩელის სახელის მინიჭება გადაწყდა.
ცნობილია, რომ კომპოზიტორი არტოს ბაღის სიახლოვეს ცხოვრობდა და მისი საქართველოში ყოფნის უმთავრესი პერიოდი სწორედ ამ ბაღს უკავშირდება.