Digest Logo

ეროსი მანჯგალიძისა და ლენა ყიფშიძის ხანმოკლე ბედნიერება - კულუარული ამბავი

1611738531
ეროსი მანჯგალაძე და ლენა ყიფშიძე

როგორც ამბობენ, ლენა, ელენე ყიფშიძის საკურთხეველი თეატრი და შვილი, ზურა იყო... მას მხოლოდ თეატრი და ზურა აღელვებდა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა არც სიყვარულში და არც კარიერაში...

დღეს სწორედ მის პორტრეტს დაგიხატავთ...

„ჩვენ სკოლის მერხიდან ვმეგობრობდით, პირველ საცდელ სკოლაში ვსწავლობდით. ღონისძიება ისე არ ჩაივლიდა, ლექსი ან პროზა არ წაეკითხა. საინტერესო გოგო იყო. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა.

თეატრალურში იმდენად დაკავებული იყო, რომ იშვიათად ვხედავდი, თუმცა, ყოველ სპექტაკლზე დავდიოდით თანაკლასელები.

პირველი როლი „ხარატაანთ კერაში“ ნუცკიას როლი იყო და მას შემდეგ წავიდა და წავიდა როლები. 29 წლისამ ვასო გოძიაშვილის მოხუცი დედის როლი ითამაშა და მარჯანიშვილის პრემია დაიმსახურა.

განუმეორებელი იყო „მაია წყნეთელშიც“, – ასე იხსენებს ელენეს ბავშვობის მეგობარი, ნუნუ ებანოიძე.

იყო და არა იყო რა...

ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს, მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნოო. ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძე იყო.

რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით. მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ… ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ.

მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი – ავტორი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის.

გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს.

ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და – ბელა.

ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, რძალთან ბოლომდე მეგობრობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად.

ბედნიერება, სახელად – ზურა

მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო.

მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ, ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში.

ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალური რეპეტიციაა. უცებ დგება ლენა და ამბობს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა.

მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო.

შრომისმოყვარეობა

ის გამოირჩეოდა ზებუნებრივი შრომისმოყვარეობით, ოცდაოთხი საათი მუშაობდა თავის თავზე. დაიდგა სპექტაკლი „ძუნწი“, რომელშიც ლენა კაცის – სომეხი კარაპეტას როლს თამაშობდა. თეატრში ლაპარაკობდნენ, რა გაჭირვებაა, ლენამ რომ არ ითამაშოს კაცის როლიო, მაგრამ, საოცრება გამოვიდა.

ლენა მიყვებოდა: „ვნერვიულობდი, თვითონაც არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა. სახლში ჩავიკეტე და სარკესთან დავიწყე რეპეტიციები ბოხ ხმაზე, სომხური აქცენტით. თურმე, ჩემი მეზობელი ჩასაფრებულია, ერთი სული აქვს, ნახოს, ვინ დაიარება ჩემთან ყოველდღე. ვეღარ მოვითმინე, კარი გავაღე და აივნიდან გავძახე: – არ გადმოვარდეთ, ქალბატონო, ესეც მე ვარ და ისიც მე ვარ-მეთქი.

ცხვირის ოპერაცია

წოპე ლენას ძმის ახლო მეგობარი იყო და მან ურჩია: ხომ ხედავ, ცხვირი ხელს გიშლის. მოდი, მოვჭრათ და კინოშიც გადაგიღებენ, თანაც, კიდევ უფრო გაგალამაზებსო. ლენა მიყვებოდა: ვასო გოძიაშვილი გადაირია, რომ დამინახა, კინოსტუდიაში რომ მივედი გუგული მგელაძესთან. ჯერ ვერ მიცნო და მერე იმხელა მიყვირა – სად არის შენი ქართული ცხვირი, რომ, კინაღამ გული გამისკდაო.

მძიმე წუთები

ლენა ენის სიმსივნით გარდაიცვალა, რაც პროთეზის არასწორად გაკეთებამ გამოიწვია. სულ დაკავებული იყო, კბილის ექიმთანაც ვერ მიდიოდა. ერთი-ორჯერ ენაზე ცუდად იკბინა. ერთხელაც, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი სცენა ჰქონდა – იატაკიდან ამოდიოდა. უცებ მძიმე სარქველი თავში მოხვდა და მაშინაც ენაზე იკბინა საშინლად. არ მიაქცია ყურადღება და სიმსივნე განვითარდა. დაახლოებით რვა წელი ებრძოდა მძიმე სენს. მის გვერდით მხოლოდ მე და ზურა ვიყავით, სხვას არავის უშვებდა თავისთან. ყოველდღე დავდიოდი, ვუვლიდი. რამდენჯერაც შევიდოდი, იმდენჯერ გააღებდა პირს და ენას მაჩვენებდა – აბა, ერთი ნახე, დღეს როგორ მაქვსო. მეც რაღაცეებს ვიგონებდი: უი, ლენაჩკა, დღეს სულ სხვა ფერია-მეთქი. ზურა გადაყოლილი იყო დედაზე. გაიგებდა, სადღაც ვიღაც კარგ წამალს ამზადებსო და მაშინვე გარბოდა მოსატანად. არაფერი დააკლო დედას. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ეხმარებოდა. რომ გამატანდნენ ფულს და რაღაცეები მიმქონდა, სიხარულით წამოიძახებდა: „გაუმარჯოს ბიძინას!” გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა: „ვკვდები, გოგო, ხო იცი!..“

მე ვუთხარი: ვინ გაგიშვებს. იცოდე, აქედან ყველანი კოლექტიურად მივდივართ-მეთქი და ამაზე ხარხარებდა. ამბობდა – ნახე, როგორ მაცინებს, სიცილის უნარი თუ კიდევ შემრჩებოდა, არ მეგონაო.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ბავშვობის სიყვარული, მინისტრი ქმარი, ტრაგედიები - ლალი ბადურაშვილის პორტრეტი

გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან

სად არიან და როგორ ცხოვრობენ დები ქორქიები? - ფოტოები