Digest Logo

ბავშვობის სიყვარული, მინისტრი ქმარი, ტრაგედიები - ლალი ბადურაშვილის პორტრეტი

1611736894
ლალი ბადურაშვილი, ედუარდ შევარდნაძე და კადრები ფილმიდან

პროფესიით მსახიობი არ ყოფილა, თუმცა კინო მისთვის ბედისწერა აღმოჩნდა. მან თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, ფრანგული ენის სპეციალობით დაამთავრა. ამავე უნივერსიტეტში მუშაობდა. 

არც ქმარს სურდა მისი მსახიობობა. თურმე ამბობდა - ამ ბავშვს თავი გაანებეთ, ცოლად რომ მსახიობი მდომოდა მსახიობს მოვიყვანდიო... მაგრამ კონსტანტინემ როგორც კი დაინახა გადაწყდა რომ ის, კოლონკელიძეს განასახიერებდა. ასე გავიცანით ლალი ბადურაშვილი. ეკრანზე დარჩა ის სილამაზე, რომელსაც დრო ვერ წაშლის. მაგრამ მანამდე იყო ლაღი ბავშვობა, დიდი და ერთადერთი სიყვარული. 10 წლით უფროსი ქმარი, გავლენიანი სანაცნობო წრე, ქმარ-შვილის დაპატიმრება, ოჯახური ამბები და სხვა საინტერესო, აქამდე უცნობი ისტორიები...

„დაიჯესტი“ ლალი ბადურაშვილის ცხოვრების მნიშნელოვან ეპიზოდებზე, ოჯახსა და კარიერაზე გიამბობთ:

ლალი ბადურაშვილის დიდი სიყვარული

„მეცხრე კლასში ვიყავი, თეიმურაზი რომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემზე ათი წლით უფროსი იყო, უნივერსიტეტში სწავლობდა მეხუთე კურსზე. ჩემი დეიდაშვილიც, ოთარ თენეიშვილი, უნივერსიტეტში სწავლობდა. ოთარის და – ლეილა და მე ტოლები ვიყავით. ოთარი, როგორც ჩვენზე უფროსი, ორივეს ჩაგვკიდებდა ხოლმე ხელს და დაგვატარებდა აქეთ-იქით – ხან თეატრში, ხან კინოში, ხან კონცერტზე... ერთხელ, უნივერსიტეტში წაგვიყვანა სტუდენტურ საღამოზე.

მაშინ ძალიან გამორჩეული იყო უნივერსიტეტი და ყველა ის ახალგაზრდა, ვინც იქ სწავლობდა: ნოდარ დუმბაძე, ლაშა ჯანაშია, ნიკუშა ჩიქოვანი (სიმონ ჩიქოვანის შვილი), თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე, ზურაბ კაკაბაძე, ნიკო ჭავჭავაძე (ზურაბ ჭავჭავაძის მამა), გურამ ლორთქიფანიძე, თემო ნაცვლიშვილი... ძლიერი კონტინგენტი იყო და აი, ესენი შემოვიდნენ სააქტო დარბაზში. მაშინ გაიცნო ოთარმა თემო და აღარც მოსცილებია გვერდიდან, ოცდაოთხი საათი დასდევდა კუდში – ერთად ქეიფობდნენ, მოვიდოდნენ ჩემთან სახლში, იმღერებდნენ, წავიდოდნენ. მერე გაიცნო თემომ სხვა დეიდაშვილები, ბიძაშვილები და ყველას დაუმეგობრდა. ნიკო კეცხოველი იყო მაშინ რექტორი, ძალიან უყვარდა თემო და უთხრა, ჩვენთან კომკავშირში უნდა წაგიყვანოო. ჩართეს ამ კომკავშირულ საქმიანობაში და დაიწყო კარიერული წინსვლა. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო. მისმა ყველა მეგობარმა იცოდა ჩემ შესახებ და მოჰყვებოდნენ ხოლმე, დაწყებული შევარდნაძით, დამთავრებული თამაზ ჯანელიძითა და გოგი ანდრონიკაშვილით. მე მოვიდოდი სკოლიდან, დავაგდებდი ჩანთას და გავვარდებოდი სახლიდან, იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, ჩემთვის ძალიან დიდები იყვნენ. ერთხელ, ასე შემოვვარდი და ვთქვი – პაშლი ვსე კ ჩორტუ-მეთქი. ედუარდიც იქ იყო. ჩორტთან არა ვართ, სადღა უნდა წავიდეთო, – თემომ თქვა.

იმ პერიოდში ძალიან აქტიური დასწრება მიდიოდა ყველა სპექტაკლზე, ბილეთები არ იშოვებოდა; ოპერა ქუხდა – ჭაბუკიანი იყო, ოტელო... ჩემთან კლასში ოცი ბილეთი ერთად მოდიოდა და ყველა მიმყავდა. ამას ყველაფერს, რასაკვირველია, თეიმურაზი აკეთებდა. ასე ნელ-ნელა მოხდა ჩვენი დაახლოება. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან მას ვაწყდებოდი. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოსწონდათ, ყველას უყვარდა. ძალიან კომუნიკაბელური და ენამახვილი იყო. კარგი იუმორი ჰქონდა, კარგად მღეროდა. გურამ ლორთქიფანიძე, თემო ნაცვლიშვილი, ჩემი ქმარი – ეს სამნი დადიოდნენ და ისეთ სიმღერებს მღეროდნენ, იმდენ რამეს მიკეთებდნენ და ისე ალამაზებდნენ ჩემი და ჩემი ამხანაგების ცხოვრებას, ვერ აგიწერთ.

თემური ძალიან ეჭვიანი იყო, ამიტომ, თითქმის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო გადაღებებზეც. თუ დაინახავდა, რომ ვიღაცას ზედმეტად გაურბოდა ჩემკენ თვალი, ერთს გახედავდა, მაგრამ, სამაგიეროდ ნასვამმა იცოდა, – იმან შემოგხედა, ამან შემოგხედაო – ტვინს წაიღებდა. ჰოდა, წადი და მისდიე, მე ხომ არ შემიხედავს-მეთქი. დილით რომ გავახსენებდი, გუშინ რა ამბავში იყავი-მეთქი, ნურაფერს ნუ მეუბნებიო – და, გარბოდა. მე არ ვეჭვიანობდი. ჩემი დედამთილი მეუბნებოდა, ცოტა იეჭვიანეო. შეიძლება, მართლა რაღაც ჰქონდა დამალული, მაგრამ, არც ერთხელ ჩემთვის ეჭვიანობის საბაბი არ მოუცია, ისე გაიარა ჩემმა ცხოვრებამ. თუმცა, არ იყო ისეთი კაცი, სადმე, სუფრასთან მჯდარიყო და ლამაზი ქალი ვერ შეემჩნია.

თბილისში არაფერი იმალება, მით უმეტეს, ისიც საკმაოდ პოპულარული იყო; ასე რომ, გახმაურდებოდა აუცილებლად. ლამაზი დაქალები მყავდა, ჩემზე ათასჯერ ლამაზები და მათთან მეგობრობდა, მაგალითად, ჯუნა გერსამია, თინა მიქელაძე – ევგენი მიქელაძის ქალიშვილი... თინას სახით ისეთი სილამაზე დადიოდა ქალაქში, ბიჭები კი არა, გოგოები დასდევდნენ, მაგრამ, ერთი წუთით თავში არ მომსვლია აზრად, რამე მეფიქრა.

დედამთილთან ერთად ვცხოვრობდი, იმიტომ, რომ თემო მისი ერთადერთი შვილი იყო და არც არასდროს მიფიქრია ცალ-ცალკე გვეცხოვრა. სულ რომ არასწორი ვყოფილიყავი, მაინც მე მომემხრობოდა და შავ დღეს დააყრიდა თავის შვილს.

ცხოვრება ვის რას უმზადებს, არავინ იცის. როდესაც ოჯახი შევქმენი და ორი ბიჭი გაჩნდა, ძალიან გალაღებული ცხოვრება მქონდა.

თემოს ყოველთვის თავისი ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან პოპულარული იყო თავის თაობაში, ყოველთვის თანამდებობებზე იყო. გაუთავებელი ფესტივალები, უამრავი სტუმარი რუსეთიდან... მაშინ არ იყო ამდენი რესტორანი, როგორც დღეს არის, ამიტომ, ოჯახებში იშლებოდა სუფრები და ყველა ჩვენი სტუმარი იყო. კახეთიდან არაჩვეულებრივი ღვინო და დოვლათი ჩამოგვდიოდა. ოჯახში ყველა ტრიალებდა: მე, ჩემი დედამთილი, ორი დამხმარე ქალი გვყავდა, ვიღაც ისედაც ყოველთვის ცხოვრობდა ჩვენთან და ვიყავით ასე, სტუმრიანი ოჯახი, ასეთი ცხოვრება გვქონდა.

მერე ყველაფერი დაინგრა, გადმოყირავდა. მაშინაც იყო ეს პიროვნული დაპირისპირებები და ამ რაღაც ავანტიურებს შეეწირა ჩემი მეუღლე – მინისტრობიდან (კულტურის მინისტრი) პირდაპირ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ეს ახლაა მასობრივი თანამდებობის პირების დაჭერა, მაშინ კი იყო ერთი ასეთი ტალღა და თემოც მოხვდა ამ ტალღაში. არსებობდა ასეთი ორგანიზაცია – „კაგებე” და, თუ მისი ინტერესის არეალში აღმოჩნდებოდი, ძალიან ცუდი ანგარიშსწორება იცოდა. თემოსგან რაღაცეები აინტერესებდათ – აღმოჩნდა, რომ მისი მეშვეობით კრემლზე უნდოდათ გასვლა, ვიღაცეების გამოჭერა – როგორც ხდება ხოლმე.

დაიჭირეს ჩემი ერთი შვილი, მეორე შვილი – პირველად შვილებზე გადმოვიდნენ, რომ ზეწოლა ყოფილიყო თემოზე და ის აღიარება მოეპოვებინათ, რაც მათ უნდოდათ. მე მომიწია სამი მამაკაცის ასეთ სიტუაციაში – დაკეტილ სივრცეში პატრონობა. ყველაზე მეტად მაინც ერეკლე დაზარალდა, იმიტომ, რომ ჯარში მსახურობდა ცხინვალში. მოჰკიდეს ხელი, ჯერ სომხეთში გადაიყვანეს, იქიდან – ბაქოში, უზბეკეთში და მეც ასე დავდევდი. არ მეძინა კი არა, ოცი კილო დავიკელი; ისეთი სისუსტე მქონდა, კედელ-კედელ დავდიოდი, რომ არ დავცემულიყავი. იმ საშინელმა ქართულმა თვისებამ, ერთმანეთის დანდობა რომ არ ვიცით დამღრღნა და გამწირა კიდეც, მაგრამ, ჩვენმა ხალხმა, საოცარი გვერდში დგომაც იცის გაჭირვებაში და მე მთელი ქალაქი მხარში ამომიდგა – ეს იყო მთელი ინტელიგენცია, გვარებს აღარ ჩამოვთვლი.

უცნაური რამ ხდებოდა: მიუხედავად იმისა, რომ თემო დაპატიმრებული იყო, სადაც შევდიოდი, ყველგან დიდ პატივს მცემდნენ ეს მაღალი თანამდებობის პირები. ვაჟა ლორთქიფანიძემ, ამ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ, შეუძლებელი შეძლო, ყველაფერში მეხმარებოდა; შოთა გორგოძე, რომელმაც, აღარ იცოდა, რით ეცა პატივი, ვახტანგ რაზმაძე... ჩემს ქმარს პირადი მტრები ჰყავდა, თან, ძლიერი ჩინოვნიკები, მაგრამ, არც კი მოსვლია ვინმეს აზრად, რამე ეკადრებინა, უბრალოდ, ჩაკეტილ სივრცეში ამყოფეს რაღაც პერიოდი და შვილების დაჭერით დასაჯეს, თორემ, არც უცემიათ, არც უწამებიათ, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ და ბოლომდე „ბატონ თემურს” ეძახდნენ... გინახავთ, პატიმართან ქალაქის პროკურორი გარბოდეს და თავისი ხელით გამოჰყავდეს ციხიდან?!

კინოში 1968 წელს აღმოვჩნდი

მე და ჩემი მეუღლე შემთხვევით მოვხვდით სუფრასთან, რაღაც ბანკეტზე, სადაც იჯდა ვახტანგ ტაბლიაშვილი, იქ იყვნენ ჟურნალისტებიც. გავარდა ხმა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით, ფილმს იღებს ვახტანგ ტაბლიაშვილი – რეჟისორი, რომელმაც „ქეთო და კოტე” გადაიღო, ეს უდიდესი ფილმი. გადამღები ჯგუფი შემდგარია, მაგრამ, ჯერ არც ერთი მსახიობი არ არის შერჩეული. წარმოიდგინეთ, ამ ძალიან თავშეკავებულ ენციკლოპედიური განათლების მქონე, ქართულის კარგად მცოდნე, ძალიან აკადემიურ კაცს, ლაპარაკს არ ვაცდიდი – ალბათ, ეს გმირი ასეთი უნდა იყოს, ის ისეთი უნდა იყოს-მეთქი, – ძალიან ვაქტიურობდი.

კიდევ რაღაც ჰკითხეს ჟურნალისტებმა და, – აი, ვკითხოთ ამ ლამაზ ქალბატონს, მგონი, ერთნაირად ვაზროვნებთო, – ინტელიგენტურად გამამასხარავა. რომ წამოვედით გზაში თემო მეუბნება: რომ ლაპარაკობდი, თუ შეამნჩნიე, ბატონი ვახტანგი როგორ დაკვირვებით გიყურებდა და გისმენდაო. არ ვაცალე კაცს ლაპარაკი და, ალბათ, იფიქრა ეს ვინააო, – ვუპასუხე თემოს. არა, სულ სხვანაირად გიყურებდაო. რამდენიმე დღის შემდეგ გვირეკავს ბატონი ვახტანგი სახლში – მინდა, დღეს საღამოს დაგპატიჟოთო.

წავედით. სასტუმრო „ივერიაში” სუფრა იყო გაშლილი და მთელი გადამღები ჯგუფი და ბატონი კონსტანტინეც იქ არიან. სერიოზული საუბარი მიდის კონსტანტინესა და ვახტანგს შორის. ბატონი კონსტანტინეა და ხმას როგორ ამოვიღებ, ვზივარ დადუმებული. უცებ ტაბლიაშვილს ეუბნება: ვახტანგ, შორენას გასინჯვა არ სჭირდება, შორენა აქ ზისო. არადა, პირველად მხედავდა.

ბატონო კოწია, კი მაგრამ, თქვენი პერსონაჟი შორენა რომ ოქროსფერთმიანია და მე კი მისი საწინააღმდეგო ვარ-მეთქი?! არ დამავიწყდება მისი შემოხედვა – ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა, რომ გაგხვრეტდა და გაიტანდა კედელს. „კოწია არ ვარ მე, კონსტანტინე ვარ!“ – გამისწორა. მერე, როდესაც ეკითხებოდნენ ჩემზე, რა ნიშნით შეარჩიეთ შორენას როლზეო, პასუხობდა, არ ჰგავს ამ თანამედროვე თხებსო. ბატონი ვახტანგისთვის კი უთქვამს: მასში არის ის, რაც მთავარია შორენაში – ის მთლიანად ბიბლიურიაო... რომ მივედით და სინჯები გააკეთეს, იქ იყო ერთი ხანში შესული ფოტოგრაფი, რომელიც თავის დროზე ნატა ვაჩნაძის პირადი ფოტოგრაფი ყოფილა. როცა რაღაც ტექსტი მომცეს, წაკითხვის შემდეგ მოვიდა და შემაქო: ყოჩაღ! ისე თამაშობთ, თითქოს თქვენ უკან ათი ფილმი იყოსო. ჩემზე წინ ლეილა აბაშიძეს უკეთებდნენ სინჯს ვარდისახარზე. ვდგავარ და ვუყურებ ლეილას – რომ დაამთავრებენ, მერე ჩემზე უნდა გადმოვიდნენ. ისე ნერვიულობდა ლეილა, სახეზე წითლად დააყარა. მეგობარი მახლდა თან და მითხრა: ხმა ვერ ამოვიღე, ვიფიქრე, ლეილა თუ ასე ღელავს, ლალის რა დაემართება, ხმას ვერ ამოიღებსო. მაგრამ, პირიქით მოხდა, რომ დავინახე, ის ასე ნერვიულობდა, შინაგანი ღელვა მომეხსნა. ასე ჩაიარა ამ სინჯებმა. რეპეტიციებს გადიდონენ ერთმანეთში ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე, ჩემთან ვახტანგს არც ერთი რეპეტიცია არ ჩაუტარებია – ესენი მიჩვეულები არიან, ამ ფრაზას გინდ ასე წაიკითხავენ, გინდ ისე და არ დაიშტამპებიან, მაგრამ, როგორც კი ამას ლალის გავაკეთებინებ, ის მსახიობი არ არის და იმწუთასვე დაიშტამპებაო. სხვათა შორის, ამ ნაწარმოებში სახელი შორენა არ იყო, ბორენა იყო. როცა იბეჭდებოდა ნაწარმოები, კორექტორს შეშლია – ბ-ს ნაცვლად შ დაუწერა და ბატონ კონსტანტინეს მოსწონებია.

დოდო აბაშიძე თემოს მეგობარი იყო და სულ აგიჟებდა ჩემს ქმარს: ამ ბოვშს კინოში მაინც გადაიღებენო – ეუბნებოდა.

ნუ ასულელებ, რა სისულელეს უდებ თავში, მსახიობი რომ მდომოდა, მსახიობს მოვიყვანდი ცოლადო. თემო თვითონ ძალიან არტისტული იყო, უყვარდა მსახიობები, თუმცა, მაინც ტრადიციული იყო. იმიტომ, რომ უკვე თვითონ შორენა არსებობდა, კონსტანტინე იყო, ვახტანგი – ყველამ ხმა გაკმინდა, სხვა დამოკიდებულება გაჩნდა. არც არსებობდა ძალა, რომელიც მე გამაჩერებდა. ამ ფილმმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან უდიდეს პატივს მცემენ – ამას სულ ვგრძნობ!“ - იხსენებდა ლალი ბადურაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლალი ბადურაშვილი 2020 წლის 4 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა გარდაიცვალა. ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ აზრს ყოველთვის ღიად აფიქსირებდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ილიკო სუხიშვლის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახი და კარიერა - ცოტა რამ მანიკა ასათიანზე