Digest Logo

„ეს ამბავი თუკი ვინმეს გაუხარდა იქ, ეს გივია… გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა“ – მანანა ბერიკაშვილი

1619521260
კახი და გივი

27 აპრილს გენიალური მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. 

კორონავირუსით ინფიცირებული მსახიობი თვეების განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა და ექიმების თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კავსაძემ სიცოცხლის უკანასკნელი თვეები რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.

კახი კავსაძე ვნების კვირის სამშაბათს გარდაიცვალა, ზუსტად ამ დღეს, 2017 წელს, გარდაიცვალა გივი ბერიკაშვილიც. ორი გენიალური პიროვნების განუყრელი მეგობრობის შესახებ კი ლეგენდები ბევრია.

„კახი ისეთივე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დარჩა მამაჩემი. თუ ვინმეს ეს ამბავი გაუხარდება იქ, ერთ-ერთი პირველი გივია. თავის გივისთან, ბელასთან და ახლობლებთან წავიდა.

ბოლოს რომ ვნახე, მომიტრიალდა და მითხრა, კაცო, რა არის იცი? ადგა და წავიდაო! ვერ მივხვდი. ვინ წავიდა-მეთქი? ვინ და გივი! ადგა, წავიდა და დამტოვაო. გაბრაზებულმა მითხრა, თავისი მანერით. ამაზე სულ აღშფოთებული იყო. ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. ისინი ხომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.

გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, ისიც სამშაბათს, რადგან შაბათს დავკრძალეთ. დაიბარა, ბელას გვერდით დამკრძალეთო, მაგრამ, ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა,“- ამბობს მანანა ბერიკაშვილი.