Digest Logo

გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი

1611154036
 ოთარ მეღვინეთუხუცესი

„რა ქენი გუდუნა ეს?“ რა თქმა უნდა ფრაზა ინტონაციით, წაიკითხე და ფილმი „დათა-თუთაშხია“ გაგახსენდა.

ასეც უნდა ყოფილიყო.... იცოდი, რომ „დათა ბატონს“ იგივე, ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრალურ უნივერსიტეტში ეტიუდების შერულება არ უყვარდა, არ გამოსდიოდა...

თავდაპირველად მისი კარიერა მარცხით დაიწყო, თუმცა შემდეგ სახალხო არტისტი ყველამ შეიყვარა და დააფასა.

მიუხედავად დაფასებისა, ოთარმა მძიმე ცხოვრება გამოიარა, ის ხომ ომის პერიოდში დაიბადა და თავის ცხოვრებასაც ომის ნატყვიარები ემჩნევა...

„მსახიობს მაყურებლის ტაშზე ძვირფასი არაფერი გააჩნია, მაგრამ მე არაფრად მჭირდება იმ ადამიანების ტაში, ვინც ქვებს ისვრის, წიგნებს წვავს და სიძულვილისგან გონება აქვს დაკარგული,” – ამბობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.

რეპრესირებული ოჯახი

რეპრესიებს, ოთარის ოჯახი ვერ გადაურჩა. ოთარის მამა, ვახტანგ მეღვინეთუხუცესი და მისი ორი ძმა დაიჭირეს. ვახტანგმა და ერთმა ძმამ სასწაულით დააღწიეს თავი ციხესა და სიკვდილს, უფროსი ძმა კი დახვრიტეს.

გადარჩენილი ვახტანგ მეღვინეთუხუცესი თავისი სოფლიდან, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურიდან აიყარა და იმერეთში გაიხიზნა, სადაც თერთმეტი წელი ცხოვრობდა და ემალებოდა სიკვდილს. საბოლოოდ, თბილისში დასახლდა. ვაკეში ერთი პატარა ოთახი შეიძინა და მეუღლე ელენასთან და სამ შვილთან ერთად, იქ დაბინავდა.

რევოლუციის კანონ-სამართალს გემონაგემები ყველანაირად ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო.

ბიოგრაფია

ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. დაბადებისთვის იმაზე უფრო არახელსაყრელ დროსა და ადგილს, იმდროინდელი საქართველო რომ იყო, ძნელად თუ აირჩევდა ადამიანი...

ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრალური ინსტიტუტის მისაღებ გამოცდაზე შესრულებული ეტიუდებით თითქოს განსაკუთრებული ეფექტი არ მოუხდენია.

გარეგნობით კი ძალიან მოეწონათ და არც დაუმალავთ... პირველ კურსზე ცოტა გაუჭირდა.

თეატრალურ ინსტიტუტში ხშირად ხუმრობდნენ – პირველ კურსზე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები მოდიან (ეს იყო ყველაზე საპატიო წოდება დღემდე);

მეორეზე – რესპუბლიკის სახალხო არტისტებად აგრძელებენ სწავლას;

მესამეზე – დამსახურებულ არტისტობასაც სჯერდებიან და მეოთხე კურსზე უკვე ნამდვილი სტუდენტები ხდებიანო...

მეღვინეთუხუცესს თავდაპირველად, ყველაზე მეტად, სცენაზე საგნებთან თავისი მიმართება, იმ ნივთების მოხმარების ბუნებრივი ჩვევების გამომუშავება გაუჭირდა, ყოველდღიურ ყოფაში არავითარ ყურადღებას რომ არ აქცევდა.

ყოველ შემთხვევაში, პირველ კურსზე ეტიუდებზე მუშაობა, ძირითადად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მეღვინეთუხუცესს კი მიაჩნდა, რომ ეტიუდებზე მუშაობა არ გამოსდიოდა...

შესაძლებელია ასეც იყო. შეიძლება, მართლა ვერ აუღო ალღო, იმიტომ, რომ არ უნდოდა ეტიუდზე მუშაობა...

საკმაოდ მოსაწყენი და გულისგამაწყალებელი პროცესია... დახურულ აუდიტორიაში ჩაიდანი შეაჩეჩეს ხელში და უთხრეს – აადუღეო...

„შემოდგა ნავთქურაზე” და გამოიარა, წამოვიდა... არაო, გააჩერეს. ნავთქურა არ აგინთიაო. არც ასანთია თავის ადგილზე, მეორე ოთახში, რომელიღაც უჯრაში დევს, წადი, მოძებნე, მოიტანე, აანთე და მერე დადგი ჩაიდანიო...

არა, ასე არა, ჩაიდანს სველი ძირი აქვს, უნდა გაუმშრალო... ამასობაში ნავთქურა გადაგიბრუნდაო... ახლა ამას მოჰყვა რეჟისორ-პედაგოგის ათასი წვრილმანი შენიშვნა. იქით კიდევ თანაჯგუფელები პირდაღებული შემოგჩერებიან და სიცილით იხოცავენ თავებს იმის გამო, რომ ეს თავმომწონე კაცი ასე მოუხერხებლად ეჯახირები იმ ოხერ ჩაიდანსა და ნავთქურას... თანაც, მთავარი აქ, ის კი არ არის, ვიღაცა რომ იცინის, მთავარია, რომ ვიღაც გიყურებს...

დიდი სიყვარული

„ოთარი თეატრალურში გავიცანი, ნუგზარ გაჩავამ გამაცნო. მარჯანიშვილის თეატრში ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობია – ოთარ მეღვინეთუხუცესი, წადი და ნახე სპექტაკლებშიო.

მეც მალულად წავედი და ვნახე. მართლაც არაჩვეულებრივი იყო. მსახიობის გარეგნობას თეატრისთვის, მით უმეტეს, კინოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ არავინ მომწონდა და მიყვარდა. ლილი იოსელიანის რეპეტიციებით ვიყავი დაკავებული და რობიკო სტურუასთან ვთამაშობდი სადიპლომო სპექტაკლში.

ცხრამეტი წლის ვიყავი, ხელი რომ მოვაწერეთ. მახსოვს, პატარა ოთახი იყო, იმ დღეს წვიმდა და წყალი ჩამოდიოდა. ჩვენი ხელისმომკიდეები ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე იყვნენ.

ოთარს „დალატკული“ პერანგი ეცვა. ირაკლის რომ არ შეეკერა მისთვის შარვალი, ალბათ, ისიც არ ექნებოდა.

ირაკლი კარგად კერავდა და მეგობრებს ხშირად უკერავდა შარვლებს. თავისთვის ფეხსაცმელებს იკერავდა. საოცარი ხელი ჰქონდა, ყველაფერი შეეძლო. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით და სულ ერთად ვიყავით

რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო. არ იყო მოლაპარაკე კაცი. თუ ჩემი როლი არ მოეწონებოდა, არ ვთამაშობდი.

სამაგიეროდ, ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული ბორშჩი და კატლეტი. მერე ღომს და ხარჩოს მივაჩვიე. გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს.

სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, ცოლად გავყოლოდი. უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებოდით. ჩვენთვის მთავარი იყო, საქმე გვეკეთებინა....

ყოფილ მერიასთან ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს ორ ფილმში იღებდნენ – „კეთილი ადამიანები“ და „ფატიმა“.

რვა მარტი იყო. დააგვიანდა, თუმცა მივხვდი, რომ გადაღებების გამო აგვიანდებოდა. რომ მოვიდა, გამიკვირდა, ხელში ყვავილები არ ეჭირა.

უცებ პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო იები. ხელი რომ მოვაწერეთ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედით. მერე ბიძაჩემმა დაგვითმო პატარა ოთახი, ამის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრიდან „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი მოგვცა.

დედას ერთოთახიანი ჰქონდა, ის და ჩვენი ოროთახიანი ბინა სამიანზე გადავცვალეთ და დედა ჩვენთან გადმოვიდა.

ოთარსაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა. ოთარს რომ გავყევი, უკვე პენსიაზე იყვნენ.

მახსოვს, მამამისი ყოველ შაბათ-კვირას ყველა ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდა, არავინ დარჩებოდა უყურადღებოდ.

დედაც და მამაც ერთად არაჩვეულებრივ ხინკალს აკეთებდნენ. ოთარს ერთი და ჰყავდა – ევა, ძმა ომში დაეღუპა.

ბავშვობაში ოთარი თურმე მათემატიკაში ყოფილა ძალიან მაგარი და მასწავლებელი ეუბნებოდა, მათემატიკურზე ჩააბარეო, მაგრამ თეატრალურში ჩააბარა“,- იხსენებდა გაბუნია.

ინტერვიუ გურანდა გაბუნიასთან:

– სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…

არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა...

– სადაც თქვენ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა ერთმანეთი გაიცანით.

– დიახ. მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.

მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: „მე გაგაცილებთ“. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით.

– როგორ დაიწყეთ ახალგაზრდებმა ცხოვრება?

– როგორც ყველას, ჩვენც გვიჭირდა. არ გვქონდა ბინა, ნახევრად სარდაფში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ მოგვცეს პატარა ბინა, სამჯერ გამოვიცვალეთ საცხოვრებელი.

– არ ეჭვიანობდით ერთმანეთზე?

– მე – არა, რადგან ოთარი იყო ერთგული, ოჯახის ღირსების დამცველი კაცი. თავად ოთარი კი გახლდათ ცოტა ეჭვიანი, მე არც ერთ სპექტაკალში მითამაშია, სადაც პარტნიორთან ისეთი სასიყვარულო სცენა მექნებოდა, რომ ან კოცნა, ან მოხვევა იყო საჭირო.

– როგორ გაუძლო თქვენმა ქორწინებამ 56 წელს, თქვენი მყარი ოჯახის საიდუმლო რაშია?

– სიყვარული და კიდევ, იცით, რა? ცოლ-ქმარი უნდა იყოს ერთმანეთის დასაყრდენი. მე ბედნიერი ქალი ვიყავი, მყავდა მეუღლე, რომელიც მიყვარდა. გარდა იმისა, რომ იყო უნიჭიერესი მსახიობი, იყო ჭეშმარიტი რაინდი, მაღალი მორალის, თბილი გულის, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, საუკეთესო მეგობარი, პატრიოტი.

მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში, მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი.

ერთადერთი შვილი

მალე ცოლ-ქმარი სამსახიობო ორომტრიალში ჩაება. შვილი გვიან გააჩინეს, გოგონა. მარიამი დაარქვეს. ოთარს ისე ნდომებია ვაჟი, რომ გოგოს დაბადებამ კარგა ხანს „დაამუნჯა“.

იმედი ჰქონდა, გურანდა მეორესაც გაუჩენდა, მაგრამ ტოქსიკური ორსულობის გამო ქალმა მეორედ ვეღარ გარისკა.

მძიმე ხასიათი

გურანდას არაერთხელ უთქვამს, ოთარს არა აქვს იოლი ხასიათი, ყოველთვის ვერიდები, როცა უგუნებოდააო.

ალბათ, ბევრ ქალს გაუჭირდებოდა მის გვერდით ცხოვრება, მაგრამ როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, მისი "სიმძიმეც" ასატანიაო. ერთხელ თურმე გურანდა შინ ხმამაღლა ლაპარაკობდა, თან ოთარს რაღაცებს ეკითხებოდა წარამარა, არადა, ოთარი სპექტაკლიდან დაღლილი იყო მოსული, დასვენება უნდოდა. ვინ მოასვენა?! ბოლოს, როცა ძალიან შეღონდა, თავისებურად შეჰყვირა:

ქალო, რა დღეში ხარ ან როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკსო... გურანდა გასუსულა.

გაახსენდა, რომ მის ქმარს მეფეების როლები ჰქონდა ნათამაშები (ეკრანზე - მეფე გიორგი, სცენაზე კი - ოიდიპოსი) და გადაწყვიტა, რეალურ ცხოვრებაშიც ისე მოპყრობოდა ქმარს, როგორც მეფეს.

იმ დღიდან კარგა ხნის განმავლობაში მეუღლეს ასე ელაპარაკებოდა:

„რას მიბრძანებთ, მეფევ ბატონო“ ან „რა გეამებათ სადილად, რა მოგართვათ?“ ოთარი ჯერ ვერ მიხვდა ცოლის ეშმაკობას, შეიფერა კიდეც გადამეტებული ყურადღება და თავაზიანობა. მერე კი, როცა ხშირად მოხვდა მის ყურს „მეფევ ბატონო“, გულიანად იცინა ცოლის ხრიკზე.

უცნობი ისტორია

ერთი რუსი ქალი თავისი აღტაცებით სულს ართმევდა გაბუნიას – ეს რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდიო... – დიახ ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი... თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – დაუღალავად უმეორებდა გურანდა. და ერთხელაც... – უშველეთ!... ახრჩობს!.. – ვინ, ვის, სად?! – თქვენი ქმარი ვიღაც კაცს ზღვაში ახრჩობს!.. დაახრჩობს, – თავზარი ეცემა გურანდას და გარბის.

მიუსწრო და როგორც იქნა, ხელიდან გამოსტაცა ის უბედური. თურმე, ეს არავის მცნობი და ყველასთვის უცნობი რუსი, ძალიან გაბრაზებულა, ამ ზღვის ნაპირზე – საგზურთან ერთად, თავისთვის ნაყიდი რომ ეგონა, ქართველების სიმრავლე-სილაღით და გაცეცხლებულ გულზე ეს მდუმარედ მოსიარულე, ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესიც თავისიანი ჰგონებია.

ამიტომაც, როგორც თანამზრახველს, ისე გამოტყდომია: რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ აქედანო... – აჰა...

ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო და... პირდაპირ ზღვაში უკრა თურმე თავი და აღარ უშვებს, – ისეთ ადგილას გაგაგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო...

ქანდაკება

9 აპრილის ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე ძეგლი დაუდგეს.

მისი შემქმნელი კი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე გახლდათ.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ „წაართვა“ სოფიკო ჭიაურელს როლი დედამ - ოჯახური ისტორიები

რა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძეს ილიას მკვლელთან და როგორ დამეგობრდა შონ კონერთან

მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, უიღბლო ქორწინება და გაჩერებული გულის ცემა - ლია ელიავას პორტრეტი