მხედრიონელი ქალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და პოლკოვნიკი - დიახ, ეს დოდო გუგეშაშვილია.
ძლიერი ქალის ეტალონი, რომელმაც ბევრი ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადალახა.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
დოდო პირადი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.
მშობლები
დედაჩემი გურული გახლდათ, მამა – რაჭველი. ერთმანეთი თბილისში, უმაღლეს პარტიულ სკოლაში გაიცნეს. როცა დაქორწინდნენ, მამა გურიაში გადავიდა საცხოვრებლად – ძალიან მოეწონა გურია. თვითონ ისეთ სოფელში ცხოვრობდა, რომელიც ხშირად იკეტებოდა და შესაძლებელია, ამანაც განაპირობა რაჭიდან გადმოსახლება.
ამ უგზოობის გამო პირველი შვილი დააკლდათ. მერე მე და ჩემი ძმა გავჩნდით. გავიზარდე ბიჭების გარემოცვაში. ჩემს უბანში გოგო მხოლოდ მე ვიყავი. ბიჭები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მეც მათთან ვიყავი, მაგრამ კარში მაყენებდნენ, რომ ხელი არ შემეშალა.
ყველა თამაში მომწონდა: ვირობანა, ომობანა, სახლობანა, სკოლობანა. თვალნათლივ მახსოვს, ერთ ხელში ავტომატი მეჭირა და მეორეში – თოჯინა. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი ასაკის გოგონასთვის ვირობანას თამაში უკვე უხერხული იყო.
თითქმის მთელი ბავშვობა ტირში გავატარე. დიდი მონდომებით ვსწავლობდი ტირში სროლას. ასევე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული ლიტერატურულ, თეატრალურ, ცეკვის, სიმღერის, დეკლამატორის წრეშიც კი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სროლა მაინტერესებდა, მინდოდა, კარგად მცოდნოდა და ეს ოცნება ავისრულე.
სხვათა შორის, საკმაოდ პუტკუნა ბავშვი ვიყავი, სანამ სკოლას დავამთავრებდი, მაგრამ, ძალიან მოძრავი. ორგანიზატორული ნიჭი მშობლებისგან გამომყვა. რასაც ვაკეთებდი, თავდაუზოგავად ვაკეთებდი. ვმონაწილეობდი სკოლის, რაიონულ, რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე, წარმატებით ვთამაშობდი ჭადრაკს.
რისი ნიჭი და შესაძლებლობაც მქონდა, თავი უნდა გამომევლინა. ბავშვობიდან მახასიათებს პრინციპულობა. ვერ ვეგუები ვერანაირ უსამართლობას. ბევრჯერ მოვსულვარ სახლში „გალამაზებული“ ცხვირ-პირით, როცა უნებლიეთ მომხვედრია ვიღაცის ხელი ჩხუბის დროს გამშველებლის როლში ყოფნისას სკოლის პერიოდში.
მამა არანორმალურად მიყვარდა. 42 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემთვის ეს მეხის დაცემასავით იყო. მის დაკრძალვაზე რაჭველები ჩამოვიდნენ და გულზე ერთი მუჭა რაჭული მიწა დააყარეს.
მაშინ ვერ გავაცნობიერე, ეს რას ნიშნავდა. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი. გავიგე, რომ უკანასკნელ გზაზე სამშობლოსგან მოშორებული ქართველისთვის ყველაზე სასურველი ერთი მუჭა ქართული მიწაა. გურიაზე შეყვარებულ მამას რაჭა ტკივილამდე ენატრებოდა. უზომოდ მიყვარს ლანჩხუთი. საოცარ გარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ, რაჭაც ძალიან მიყვარს. ალბათ, მამაჩემის და, აი, იმ ერთი მუჭა მიწის გამო.
დედამ არ იცოდა, რომ ომში ვიყავი და ეს რომ გაიგო, ნერვიულობისგან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, მერე კი სრულად დაბრმავდა. მე გაგრაში ვიბრძოდი, ჩემი ძმა – ეშერაში. შეიძლება ითქვას, დედაჩემის თვალის ჩინი რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. მე და ჩემი ძმა, მართალია, დაჭრილები, მაგრამ, მაინც ხომ ჩამოვედით. ბევრ დედას არ ჩამოსვლია შვილი. ისინი ასჯერ და მილიონჯერ ღირსეულები არიან, იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის.
ჯაბა იოსელიანის გაცნობა
ყველაფერი 1978 წელს დაიწყო: ჩემ ოჯახთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი ქართული ენის დასაცავ გამოსვლებში. ყველანი ქუჩაში გამოვედით და, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგედ „მერვე პოლკი“ გამოგვიყვანეს, ჩვენ მაინც აქტიურად მივიწევდით მთავრობის სახლისკენ. ახლო ურთიერთობა მქონდა „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და შემდგომში ამ პარტიის წევრი გავხდი. 90-იან წლებში კი გავიცანი ჯაბა იოსელიანი.
მისი „სანიტარული მატარებელი“ და ბიოგრაფია რომ წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა ამ ადამიანმა. შეიძლება ითქვას, გამიცხოველდა მისადმი ინტერესი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს იყო უნიჭიერესი კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრება 180 გრადუსით შემოატრიალა, იმიტომ, რომ მანამდე სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა. ძალიან მოვიხიბლე მისი ინტელიგენტობით, როცა პირადად გავიცანი. ბატონი ჯაბა ჩემმა მეგობრებმა, გია და დათო ვაშაკიძეებმა გამაცნეს.
გაგრაში ბრძოლა
ძალიან ახლოს მოვიდა სიკვდილი ჩემთან, მაგრამ ჩემთვის იმ წუთებში ერთადერთი ნუგეში და შვება ჩემი შვილი იყო. აშკარად ვგრძნობდი მის სურნელს, მის პატარა ხელებს ჩემს სხეულზე, როცა დაჭრილი ვიყავი. თითქოს მალამოსავით მედებოდა და მაშინვე მიყუჩდებოდა ტკივილი. მხოლოდ ერთი რაღაცის მეშინოდა – ჩემმა ქალურმა ბუნებამ არ მიმტყუნოს, რამე სისუსტე არ გამოვავლინო-მეთქი, მაგრამ, მე ისეთ ბიჭებს ვუყურებდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი სამხედრო შენაერთიდან იყო, რომ, არ მქონია მომენტი, გზაზე წავბორძიკებულიყავი; არ მინდოდა, მტერს მოუწესრიგებელი ვენახე, თუნდაც გარდაცვლილი. ამიტომ თავს ყოველთვის ვიწესრიგებდი – როგორც ალყაში მოქცეული, ისე დაჭრილი. ტანზე შემოხვეული მქონდა პატარა ჩანთა, რომელშიც თავის მოვლის საშუალებები მეწყო, ეს იქნებოდა მაკიაჟი თუ სამკაული.
ყოველთვის ვატარებდი და ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის მეკეთა კლიფსები, რომელიც აუცილებლად თეთრი ფერის უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერი ძალიან კარგი სამიზნეა, ძირითადად ასეთი ფერის პერანგი მეცვა. არ ვივიწყებდი და არ მავიწყებდნენ ბიჭები, რომ ქალი ვიყავი. მქონია შემთხვევა, ყუმბარისგან დასისხლიანებული ფეხებიდან სისხლი მდიოდა, მაგრამ თვალები მაინც დახატული მქონდა. ომში ჩემი მოწესრიგებული გარეგნობის გამო ბიჭებმა „თეთრი მაგნოლია“ დამარქვეს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ შინაგანად რაც უფრო მეტად ვარ ტკივილით სავსე, მით უფრო მეტად ვცდილობ, ეს ჩემს გარეგნობაზე არ აისახოს. ქალი ყოველთვის და ყველგან ტკივილით არის გაჯერებული, მაგრამ მან უნდა მოახერხოს, რომ საკუთარი გარეგნობა და ხასიათი შეინარჩუნოს. პატიმრობის დროს, ლაშა თაბუკაშვილმა, გოგა ხაინდრავამ და დათო ტურაშვილმა შემომითვალეს, რა შემოგიგზავნოთ, რა გესიამოვნებაო.
ლაშა თაბუკაშვილს ვთხოვე ბურთულებიანი რუჟი, გოგა ხაინდრავას – თვალის შავი, კარგი კონტური, ხოლო დათო ტურაშვილს შევუთვალე, ღია ყავისფერი პომადა შემოეგზავნა. გოგა ხაინდრავამ შემომიგზავნა დიდი, ბომბორა, სათამაშო ძაღლი, რომელსაც ყურებზე ეკეთა თეთრი კლიფსები, ლაშა თაბუკაშვილმა გამომიგზავნა დიდფუნჯიანი, ბურთულებიანი რუჟი, ხოლო დათო ტურაშვილმა – ყვავილების თაიგული, რომლის შუაშიც იდო ყავისფერი პომადა.
როცა მტერი ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა, არც მაშინ მინანია. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, რომ არ დავსახიჩრებულიყავი, არ დამეკარგა რომელიმე კიდური, თორემ, გულწრფელად გეუბნებით, ამას ვერ გადავიტანდი. ვერც იმას გადავიტანდი, რომ მტერს ტყვედ ავეყვანე. არავინ იცის, როგორ გამოსძალავდნენ ტყვეებს ინფორმაციას ჩვენი ოპერაციების შესახებ. ადვილად შესაძლებელი იყო, ჩემი, როგორც ქალის ღირსება შეელახათ. ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. გვქონდა ამის მაგალითები: ბიჭები აწამეს და აჩეხეს.
ჯამბულ გერლიანს კატეგორიულად სთხოვდნენ ინფორმაციებს, ასევე იმას, რომ ეგინებინა სამშობლოსთვის და ჯაბასთვის. როდესაც მან ეს არ გააკეთა, დამდუღრეს და ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. განსაცდელის წინაშე მეც დავმდგარვარ, მაგრამ ამ შედეგამდე არ მივსულვარ. ბევრჯერ მომიწია საკუთარი ხელებით თანამებრძოლის კიდურების თუ ნაწლავების აკრეფა და მისი მუცელში ჩადება. ყველაზე მთავარი ტკივილი ის იყო, რომ რუსებისგან ვიღაც წაქეზებული გადამთიელი სამშობლოში გეცილება და ბიჭებს გიკლავს. მიუხედავად ამისა, ჩემზე არავის უნახავს ცრემლი. არ შეიძლება, ამ დროს შენი სისუსტე გამოაჩინო. ჩვენ არ ვტოვებდით ჩვენს დაჭრილ თუ გარდაცვლილ მებრძოლებს მტრის საჯიჯგნად. თბილისში ვგზავნიდით. ბევრი დღესაც იქ განისვენებს, აფხაზეთის მიწაზე.
სიყვარული
როდესაც ჩემი შვილის მამა გავიცანი, მაშინ ის მიმაგრებაში იყო. შემდეგ დააბრუნეს პატიმრობაში და შვილი ამ პერიოდში გავაჩინე. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩემი გარემოცვისთვის ეს ძნელად აღსაქმელი იყო, მაგრამ ქალისთვის ყველაზე საპატიო და გაბედული ნაბიჯი, ისაა, რომ ბავშვს აჩენს იმ კაცისგან, რომელიც უყვარს. რომ დაიჭირეს, ხომ არ იყო ჩემი ბრალი, მით უმეტეს – ჩემი შვილის? ბევრი ჩემს ადგილას გადაწყვეტდა, არ გაეჩინა, სანამ ყველაფერი არ დალაგდებოდა. მე ვარ პირდაპირი ადამიანი, რომელიც არასდროს თამაშობს. არ ვცემ პატივს არც ერთ ქალს, რომელსაც ოჯახური წინააღმდეგობებისა და იმის გამო, რომ, შეიძლება, ვიღაცამ მასზე ილაპარაკოს, შეუძლია, ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს სიცოცხლე შეუწყვიტოს.
როცა ციხიდან გამოვიდა, ჩვენ, ორი ზრდასრული და ცივილიზებული ადამიანი, დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ ერთად არ ვიცხოვრებდით, მაგრამ ბავშვი ჩემთან გაიზრდებოდა. თან, მიმაჩნდა, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. არც ამაში არ არის არაფერი უცნაური. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილი გაიზარდა მამამისის მიმართ დიდი პატივისცემით. მამამისი პატიმრობაში რომ იყო, თუკი რამე საუკეთესო ჩასაცმელი, სათამაშო ან ტკბილეული არსებობდა, ბავშვთან მიმქონდა და ვეუბნებოდი, მამამ გამოგიგზავნა-მეთქი. არასდროს, ერთი წუთითაც არ მინანია ჩემი არჩევანი. მტკიცე ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში, როცა ამ ადამიანს შევხვდი;
მტკიცე ვიყავი, როცა ბავშვი გავაჩინე და მტკიცე ვიყავი, როცა ომში მივდიოდი. ისე წავედი პატიმრობაში, სხვა არ დამისმენია, რასაც მაშინ აქტიურად ითხოვდნენ. თუ ვინმეს არაკეთილსინდისიერად ხელს დაადებდი, ციხის გარეთ დარჩებოდი, მაგრამ მე ამას ვერ მიბედავდნენ. ციხეში ხუთი წელი გავატარე, ათი წელი მქონდა მისჯილი.
უშეცდომო არავინაა და მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ საპატარძლო კაბა ვერ ჩავიცვი და ჩემი შვილის ბავშვობის გარკვეული ეტაპები მაქვს გამოტოვებული.
შვილის მკვლელობა
2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და თავის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელდა შეიარაღებულ თავდასხმა, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით. მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
მკვლელობაში ბრალდებულის ზაზა მურჯიკნელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
თბილისის სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
თავდავიწყებით შეყვარებული, ბევრი თაყვანისმცემელი და შეუმდგარი ქორწინება - დოდოშკა ხურცილავას პირადი