Digest Logo

ხეიბარი დედა, ომში დაკარგული ძმა, უიღბლო სიყვარული, ღალატი და სიკვდილის შიში - ეროსი მანჯგალაძის პორტრეტი

1610877687
ეროსი მანჯგალაძე

„ქრისტე ღმერთი კიარ ვარ სასწაული მოვახდინო სამჭკუაშვილი ვარ“? ალბათ, გახსოვთ, ეს ცნობილი ფრაზა ფილმიდან „ქვევრი“.

ისიც ხომ გახსოვთ: „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?“- „იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო“.

დიახ, ამ ფრაზების ავტორი მსახიობი ეროსი მანჯგალაძეა.

მისი შესრულებული როლები ყოველთვის განსხვავებული და სახასიათოა, აი ისეთი დღესაც რომ გვახსოვს...

ის იმდენად მორიდებული იყო, რომ საუბრისას თვალს ვერავის უსწორებდა, ის იყო კაცი, რომელსაც ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან მისი დანახვა დიდ აჟიოტაჟს იწვევდა...

ბაზარში სიარული ერიდებოდა, საგზაო პოლიცია კი მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ გასაუბრებოა. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა....

მოკლედ, ეს იყო ეროსი მანჯგალაძე, რომელიც უბრალოდ, უყვარდა სრულიად საქართველოს.

დის, ბელა მანჯგალაძის მოგონებები ძმაზე:

ეროსიმ პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახტოდა. მისი თამაში ყველას მოეწონა. როცა სოფლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, წარმოდგენებზე ხშირად დავდიოდით. ჩვენს ოჯახში თეატრი ძალიან უყვარდათ. ახალგაზრდობაში ეროსის არასოდეს უფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა. შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ სამხედროთა პროფესია კი არ იზიდავდა, ოფიცრების ფორმა მოსწონდა. იმ პერიოდში სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ. ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის ეს რომბები მოსწონდა და თვითონაც სურდა მათი ტარება. ეროსი მე–10 კლასში იყო, როცა მის სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობებმა “რღვევა” დადგეს. ეროსიმ ისე კარგად ითამაშა, რუსთაველის თეატრის მსახიობები კი მისი თამაშით აღფრთოვანდნენ და მამაჩემს უთხრეს, ეს მსახიობი უნდა გამოვიდესო. ეროსიმ სამხედრო ექიმობაზე ფიქრი შეწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

ოჯახის უფროსი

17 წლის იყო, როცა რადიოკომიტეტში დიქტორების კონკურსი გაიმართა. 32 კონკურსანტს შორის ჩემმა ძმამ გაიმარჯვა და რადიოში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ის ოჯახის უფროსი გახდა. მამა უკვე დაჭერილი იყო, დედა ლოგინად ჩავარდნილი, ამიტომ ოჯახზე ეროსი ზრუნავდა. რადიოკომიტეტში მუშაობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. საკუთარი ნიჭის წყალობით მან სცენაზე ადგილის დამკვიდრება მესამე კურსიდან შეძლო. გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის “მდაბიონი” დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა, თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში “ღრმა ფესვები”. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა, სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთი სახელიაო. მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.

სიბნელის შიში

ეროსის სიბნელის ეშინოდა, ბნელში ძილი არ უყვარდა, ამიტომ საძინებელ ოთახში სინათლე დღე და ღამე ენთო. მას სიკვდილის განსაკუთრებულად ეშინოდა. ორ ოთახიან ბინაში ყველგან წამლები ეწყო, საძინებელში, სამზარეულოში, დიდ ოთახში. ერთადერთი ადგილი ალბათ მაცივარი იყო, სადაც სამედიცინო პრეპარატებს არ ინახავდა. სიცოცხლეში ჯიბეები სულ წამლებით ჰქონდა სავსე. ფიზკულტურას არასოდეს მისდევდა. უფრო წამლების სჯეროდა. მარტოობას ეროსი ტანგოსთან ერთად ატარებდა. ტანგო იაპონური ჯიშის ძაღლი იყო და ის ქვეყანას ერჩია. ძაღლი მას მოსკოვში აჩუქეს. ბავშვობაში ეროსის სოფელში საყვარელი ძროხა ჰყავდა, რომელსაც ტანგო ერქვა, ძაღლსაც ეს სახელი სწორედ ძროხის გამო დაარქვა.

ტრაგედიები

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია დაატყდა თავს: 12 წლის იყო, როდესაც დედამისი ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. მსახიობი დედას თავად უვლიდა და არაფერს აკლებდა.

1941 წელს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა რეზო, ორი წლის შემდეგ კი მსახიობის მამა – აკაკი მანჯგალაძე დააპატიმრეს.

სპორტული რეპორტაჟების გახმოვანება

თეატრსა და კინოსთან ერთად მის ცხოვრებაში მოვიდა კიდევ ერთი უდიდესი გატაცება – სპორტული რეპორტაჟების გახმოვანება. მსახიობი მიჩნეული იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერად. განსაკუთრებით გაითქვა სახელი საფეხბურთო რეპორტაჟებით. მისი ებიუტი აღმოჩნდა პირველი საფეხბურთო რადიო-რეპორტაჟი ქართულ ენაზე.

პირველი და უკანასკნელი სიყვარული

ეროსმა ელენე (ლენა) ყიფშიძე თეტრალურ ინსტიტში გაიცნო. სტუდენტები იყვნენ.... ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ინსტიტუტში მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ სახელგანთქმულმა გიორგი ტოვსტონოგოვმა მაინც არ დაიხია უკან, დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში და მომხიბვლელ ელენეს არშიყობა დაუწყო.

ეროსმა ეს გაიგო, „გვერდზე“ გაიყვანა და გვარიანად ჟეჟა მეტოქე.

შემდეგ შეყვარებულები დაქორწინდნენ. დიდი დრო არც იყო გასული და ხმა გავარდა - ლენა და ეროსი გაიყარნენო.

ეს ყველასთვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ. ისინი ხომ ერთმანეთის გარეშე ვერ სძლებდნენ. ეროსი დუმდა. არც მუდამ ხალისიანი ლენა სიტყვაუხვობდა. თითქოს ორივემ ერთდროულად ტაბუ დაადო ამ ურთიერთობას.

რამდენიმე წლის შემდეგ ლენამ ბავშვი გააჩინა და ესეც კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო ბევრისთვის - ვინ იყო ზურას მამა, რადგან ლენამ დაბადებისთანავე თავისი გვარი მისცა შვილს. სწორედ ზურას დაბადებას მოჰყვა ის მითი, რომელიც კარგა ხანს სჯეროდა ხალხს - ეს ეროსის შვილიაო.

ზურა პატარაობიდანვე სულ ქალების გარემოცვაში იყო: დედა, ბებია და დეიდები გარს ეხვეოდნენ. ისინი მამას არ ახსენებდნენ და არც ზურა კითხულობდა მამის შესახებ, უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, რასაც მოისურვებდა, უმალ ყველაფერი უსრულდებოდა.

მაგრამ მოვიდა გარდატეხის „სახიფათო“ პერიოდი და ზურას აქა-იქ „რაღაც-რაღაცები“ ჩააწვეთეს. მაშინ ეროსის სახელი ქუხდა.

ერთ ზაფხულს დეიდებმა 14 წლის ზურა სოფელში წაიყვანეს დასასვენებლად. ერთ-ერთმა, მათ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა დანარჩენებს მიმართა - გაიცანით, ეს ეროსის ბიჭიაო!.. და აქ ლამის ტანზე შემოიხია „ეროსის ბიჭმა“ ყველაფერი, დეიდებს მივარდა, - გამაგებინეთ ბოლოსდაბოლოს, ვისი შვილი ვარ, ვინაა მამაჩემი და რას წარმოადგენსო?!

სწორედ მაშინ გაიგო ზურამ სიმართლე, რომ მისი მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ავთო ვერულეიშვილი ყოფილა.

მან მამასთან ურთიერთობა დაიწყო და კაციც სულ ებოდიშებოდა, - არ ვიცოდი, ჩემი თუ იყავი, თორემ პატარაობიდანვე მოგაქცევდი ყურადღებასო.

გადიოდა დრო და ეროსის გაცნობის სურვილიც თანდათან უძლიერდებოდა ბიჭს. ზურას ძალიან უნდოდა დაახლოვებოდა სახელგანთქმულ მსახიობს, აინტერესებდა - ნეტავ, როგორი იყო ის კაცი სინამდვილეში, რომელსაც დედამისი უსაზღვროდ უყვარდა?

ისინი კინომსახიობთა თეატრში დამეგობრდნენ. ეროსი უკვე წამოსული იყო „რუსთაველიდან“. დიდმა მაესტრო მიხეილ თუმანიშვილმა ძველებთან ერთად ნიჭიერი ახალგაზრდებიც შემოიკრიბა.

ეროსი ყველას მიმართ გამოხატავდა სითბოს და ყურადღებას, მისი გული ხომ ბევრი ადამიანის სიყვარულს იტევდა, მაგრამ იმ „საოცარი და მუდამ სანატრელი“ ქალის შვილი მისთვის მაინც განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ზურამ თქვა, - ეროსმა ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ, როგორც მსახიობს, არამედ, როგორც კაცსო.

ეროსის უმცროსი მეგობარი, მსახიობი სოსო ლაღიძე კი დღემდე სევდიანად იხსენებს მისთვის სათაყვანებელ ადამიანს, რომელთანაც ბოლო წლებში ცხოვრობდა:

დავსხდებოდით, ერთ-ორ ჭიქას დავლევდით, ხან რას გავიხსენებდით, ხან - რას. ბოლოს, სიყვარულსაც მივწვდებოდით. იმ წუთებში ეროსს სულ სხვანაირი, შეყვარებული ჭაბუკის თვალები გაუხდებოდა და იტყოდა, - ლენა ჩემი დიდი სიყვარულია დღემდეო. არადა, ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა...

ამბობენ, რომ ეროსის სიკვდილი ელენე ყიფშიძემ ძალიან განიცადა. კარგა ხანს სახლიდან არ გამოსულაო... ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მთავარი და უტყუარი ისაა, რომ მთელი სიცოცხლე ეროსმა ვერ შეძლო სხვა ქალთან ცხოვრების ხელახლა დაწყება, ვერ შეელია თავის ლენას და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

მისი საყვარელი სადღეგრძელო იყო: „ჩემს არასაფიცარ საფიცარს გაუმარჯოს!“

უცნობი ისტორია

რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც მსახიობი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და მანეთიანს უტოვებდა.

ერთხელ, როდესაც ხელოვანი რუსთაველის თეატრში მიდიოდა, კვლავ ჩაუარა ცნობილ მათხოვარს და ჯიბეში ხელი ჩაიყო მანეთიანის ამოსაღებად, თუმცა აღმოაჩინა, რომ საფულე სახლში დარჩენოდა.

ეროსი მანჯგალაძემ გამოსავალი მალევე იპოვნა, ჩანთიდან „კავკასიური ცარცის წრის“ მთავარი გმირის – მოსამართლე აზდაკის ქუდი ამოიღო და მათხოვრის ადგილი დაიკავა, თან აზლაკის ფრაზას გაიძახოდა:

– ქრთამს ვიღებ, ქრთამს ვიღებო…

ქუჩაში მოსიარულეებმა იცნეს მსახიობი და მის ქუდში ფული დაუნანებლად ჩაყარეს. ეროსი მანჯგალაძის ქუდი რამდენიმე წუთში გაივსო.

მსახიობმა თავის ქუდში მოგროვილი ფული მთლიანად მათხოვრის ქუდში გადაყარა და ღიმილით უთხრა:

– აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო.

შემდეგ კი წამოდგა და გზა თეატრისკენ განაგრძო.

გარდაცვალება

1982 წლის 26 იანვარს 56 წლის ლეგენდარული მსახიობი გარდაიცვალა.

ეროსის წინათგრძნობა ჰქონდა. გარდაცვალების დღეს, თავისი ორი მეგობრისთვის დაურეკავს, უთქვამს, ჩემთან ამოდითო.

ისინიც იქვე ვაკეში ცხოვრობდნენ და ასულან. მათ ნარდის თამაში დაიწყეს, ეროსი კი წამოწვა. მერე წამოდგა და მეგობრებს უთხრა, ჩაის გავაკეთებ და დავლიოთო. ბიჭებმა უთხრეს, ჩაი არ გვინდა, იწექი, ნუ ადგებიო. ის მაინც ადგა და სამზარეულოში შევიდა. როგორც კი ჩაიდანი ცეცხლზე დადგა, მაშინვე წაიქცა.

მისი გადარჩენა ვეღარ შევძელით, გულმა უმტყუნა.

57 წლის იყო, როცა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს რობიკო სტურუას მამის გასვენებაზე იყო. იქიდან პოლიკლინიკაში წავიდა, რადგან გული აწუხებდა.

იქ მისულს თავისი მკურნალი ექიმის ნაცვლად სხვა დახვდა, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ექთანმა ეროსის კარდიოგრამა რომ ნახა, არ მოეწონა და ექიმთან შეიყვანა.

ის კაცი უკვე პიჯაკს იცვამდა, სახლში ეჩქარებოდა. პაციენტს ყურადღება არ მიაქცია, არც კი გასინჯა. მხოლოდ ერთი წამალი ჩაუდო გულისჯიბეში და უთხრა, როცა დაგჭირდება, დალიეო.

ჩემი ძმა სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა. ეროსის მიცვალებული სადაც იყო, იმ ოთახში შესვლის ეშინოდა.

ყველა პანაშვიდზე წავიდოდა, მაგრამ მაღლა ვერ ადიოდა, ეზოში იდგა. ჩემს ძმას სიკვდილის შიში ყოველთვის ჰქონდა.

როცა გარდაიცვალა, მისი სახლის ყველა კუთხეში წამლები ვიპოვეთ. ალბათ ფიქრობდა, უცებ ცუდად თუ გახდებოდა, ის წამლები უშველიდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

„უშვილობაზე არ წუხდა, ძაღლები უყვარდა, პარტერის ნგრევაზე გული გაუსკდა“ - მოგონებები თენგიზ ჩანტლაძეზე

ბავშვობა, რომელიც დღემდე ცრემლს ჰგვრის, ფარული სიკეთე და ოჯახი - არჩილ თალაკვაძის პირადი