Digest Logo

მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ ვახო აღარ არის... - როგორ გადაიტანეს ვახტანგ რჩეულიშვილის სიკვდილი ციხეში

1618259025
კირვალიშვილი-რჩეულიშვილი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს, მისთვის მისჯილი 4 წელი სრულად, მარტის ბოლოს გავიდა და ის უკვე თავისუფალია. რუსუდანი ციხეში გატარებულ მძიმე წუთებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– როგორი იყო ციხეში დასთან თქვენი შეხვედრა?

– როგორც კი საკნის (ჩემთვის – პალატის კარი) კარი გაიღო, პირველი დავინახე ჩემი და რომელიც საოცრად მყავდა მონატრებული. ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ, დავბრუნდით ბავშვობაში, იმ მოგონებებში, რაც გვაკავშირებდა და დავიწყეთ ცხოვრების ახალი ეტაპი – ჩვენი ერთობლივი ჯვარი. იმავე დღესვე მოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ასე რომ, პირველი ადაპტაცია იმ გარემოსთან შესაგუებლად გიორგი ტუღუშისა და სოფო კილაძის დახმარებით მოხდა, რომლებმაც პირველი კონსულტაცია გაგვიწიეს. იქ, სადაც ჩემი დაა, სადაც ასეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ, ყველგან, ყოველთვის შესაძლებელია მათთან ყოფნა და პოზიტივის გამონახვა.

– დასაწყისში თქვენი დის ქმარი, ვახტანგ რჩეულიშვილი ახსენეთ, ამ ამბავმა შეიწირაო. როგორ შეხვდით მის ამ საშინელ ფაქტს საპყრობილის გარემოში?

– როდესაც მე მაიასთან მოვხვდი, თორმეტ დღეში ვახო გარდაიცვალა. ამიტომ, ამ დიდი ტკივილის გადატანა და გაზიარება ერთად მოგვიწია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება. ალბათ, იმან შეგვაძლებინა, რომ თითქოს როდესაც იქ ხარ, იმ კედლებში, გგონია, რომ გარეთ შენი ახლობლები კარგად არიან და მათ მაინც არაფერი ემუქრებათ. ვფიქრობ, მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ მის ცხოვრებაში ვახო აღარ არის.

– როგორი იყო თქვენი ურთიერთობა მსჯავრდებულ ქალბატონებთან, ალბათ, ბევრ საინტერესო ისტორიას ისმენდით, ის, რაც მათ გადახდათ ცხოვრებაში.

– იმ კორპუსში, სადაც მე ვიყავი, ბუნებრივია, ყველასთან თავიდანვე მქონდა ურთიერთობა. მაია უკვე ადაპტირებული იყო იმ გარემოს. ორივეს ძალიან გვიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და თუკი შეგვიძლია, რაიმეთი გამოვადგეთ, ხელი გავუწოდოთ, ამას ყოველთვის ვაკეთებდით. ეს არის ადგილი, სადაც ერთამანეთს უნდა გააძლებინოთ, ერთმანეთის მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მე სპეციალობით, ექიმი ვარ, ამიტომ ბევრი ადამიანი კონსულტაციისთვის მომმართავდა, მაია სოციალურად ძალიან აქტიურია და სხვის ჭირ-ვარამს იზიარებდა, ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა. ეს იყო ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ოღონდ ცოტა სხვანაირი ფორმის, რომელიც მანამდე არ გვქონდა ნანახი.

– როდესაც საკუთარ თავთან მარტო აღმოჩნდით, თუ ფიქრობდით, აანალიზებდით ყველაფერს, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სად იყო თქვენი შეცდომა, სად არ იყო, რამ მიგიყვანათ აქამდე?

– ძალიან რთულია, როდესაც მარტო რჩები ასე, საკუთარ თავთან, მხოლოდ შეცდომებზე ფიქრობ, სხვა არაფერზე. ძალიან იშვიათად, ამ დროს იფიქრო იმაზე, რომ რაღაც ძალიან სწორად გააკეთე და საკუთარ თავს მხოლოდ ამ კუთხით უყურო. ძირითადად, საკუთარ შეცდომებზე ფიქრობ და სწორედ, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაფერს აანალიზებ, სადაც სულ ფიქრობ, რომ აი, ამას როგორ უფრო კარგად გააკეთებდი, მომავალში როგორ მოიქცევი... ფიქრობ იქ მყოფ ადამიანებზეც, ყველა გეცოდება. გარკვეულწილად, მისია გვაქვს და გვქონდა – როგორ შეგიძლია, შეუმსუბუქო ადამიანებს ეს მძიმე ხვედრი შენი იქ ყოფნით.

– მთელი ეს პერიოდი ოჯახთან როგორი ურთიერთობა გქონდათ და ბოლოს, ახლა რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი კომპანიისგან დაზარალდნენ?

– ოჯახთან ისეთი ურთიერთობები მქონდა, როგორიც მქონდა, კიდევ უფრო მჭიდრო. რაც შეეხება იმას, თუ რას ვეტყოდი, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ და სამწუხაროდ, გაუცრუვდათ, მათ კვლავ უნდა ჰქონდეთ მაიას იმედი, იმიტომ რომ მაია არის ის ადამიანი, რომლის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობითაც ხორციელდება ყველა ის პროექტი, რაც უნდა განხორციელებულიყო და ვერ დასრულდა, მაიამ შეძლო, გადაერჩინა ის და არცერთი მათგანი არ დარჩება თავისი ქონების გარეშე.