ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ქართველ ვარსკვლავოსანთა გალერეას მისი ვარსკვლავიც ამშვენებს.
„მისი რაში არ დაიდგამს უნაგირს“ - დიახ, ეს მომღერალი მერაბ სეფაშვილია. დღეს, სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
სეფაშვილი პირადის შესახებ ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.
როგორც ცნობილია, მან სცენაზე, დაახლოებით 35 წელი გაატარა.
ბავშვობა
დედ-მამა სულ გასტროლებზე იყო და ბებიები და ბაბუა მზრდიდნენ. ჩვენ დროს ქუჩა სხვა ფენომენი იყო. ჩხუბებიც „მოსული პონტი“ იყო და საქმის გარჩევებიც. ქუჩამ ნამდვილი მეგობრობაც მასწავლა და ურთიერთობებიც. ხელ-ფეხიც ბევრჯერ მომიტეხავს და ცხვირშიც მომხვედრია. სკოლა რომ დავამთავრე, მერე სხვა ინტერესი გამიჩნდა.
„ქუჩის აკადემიაში“ ცუდიც ბევრია და კარგიც, მაგრამ ამის გარეშე ბიჭის გაზრდა, ცოტა რთულია. პოლიციაშიც მოვხვედრილვარ ჩხუბის და გარჩევების გამო. ქუჩამ მასწავლა ის, რომ დღეს ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, ზუსტად ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა აქვს ჩაფიქრებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაშიც ვიდექი და ხშირად ჩხუბებშიც ვიღებდი მონაწილეობას, რთულად გასაზრდელი ბავშვი არ ვიყავი. სპორტზეც დავდიოდი, მუსიკაზეც. სპორტი დღესაც მიყვარს და ღამეებს ვათენებ ფეხბურთის ყურებაში. ხშირად, მამის მანქანას ვიპარავდი. ხან სად მივჭეჭყავდი და ხან სად, მაგრამ ამის გამო, მამა არ მსჯიდა, მიგებდა.
მეუღლე, ნინო ჯუხრაძე
ჩემი ცოლის სახით, ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა. ჩვენ შორის არანაირი გაუგებრობა და ეჭვიანობები არ ყოფილა. გარშემო ათასნაირი ადამიანი იყო და მათ რომ ავყოლოდით, გავაფრენდით. ნინო ძლიერი ქალია. ბოლოს და ბოლოს, ორი თაობა მაჩუქა – შვილები და შვილიშვილები და ეს, მისი დამსახურებაა.
ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავდა, რომ მეუღლემ 2020 წელს გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა:
„ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად.
დიდხანს ვუმკურნალეთ, ღვთისა და ექიმების წყალობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დიდი სიფრთხილე და კიდევ ბევრი დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს““- ამბობდა მერაბ სეფაშვილი.
შვილები
ორი ბიჭი მყავს და რა უნდა მითხრან და მოიმოქმედონ ისეთი, რომ ვერ მივხვდე და მოვტყუვდე? (იცინის) შეიძლება, თვალი დავხუჭო რაღაც-რაღაცეებზე და გავატარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ მივხვდი. ხშირად, ჩემი გამოცდილებაც გამიზიარებია მათთვის, თუმცა, მათ ურთიერთობებში არასდროს ჩავრეულვარ. ბიჭის აღზრდა ძალიან რთულია, მით უმეტეს, სულ გასული ვიყავი და მათ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ახლაც, დიდები არიან, მაგრამ სულ ვაკონტროლებ, ხშირად ვურეკავ და ვეკითხები სად არიან.
შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კარგი მამა ვარ, თუმცა უკეთესებიც არსებობენ. მაგალითად, მე ჩემი შვილების გამო, სკოლაში არასდროს მივსულვარ. ხომ არიან მამები, შვილების კრებებს რომ ესწრებიან? მე კრებაზე მიმსვლელ მამას ვგავარ?
მოუცლელი ვიყავი და დიდ დროს ვერ ვატარებდი შვილებთან, თუმცა ჩემი ყურადღება ნამდვილად არ მოჰკლებიათ. არ არსებობს სიტუაცია, მათ ვერ გავუგო. ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი, ნიკუშა რომ გაჩნდა – 23 წლის ვიყავი. არ დამავიწყდება მამაჩემის სიტყვები. მითხრა, ახლა ბავშვს ედიკა არ დაარქვა, არ გადამრიოო. ამიტომ, ჩემი გამზრდელი ბაბუის, მამაჩემის მამის, ნიკოლოზის სახელი დავარქვი.
შვილიშვილები
ბაბუობა სხვა ფენომენი და თემაა. ეს ის სიყვარული და გრძნობაა, რომელსაც ვერ გამოვხატავ. სამწუხაროდ, არ შემიძლია ის სითბო და ემოცია გამოვხატო მათთან ურთიერთობაში, რაც გულში მაქვს. ვკოცნი, ვეფერები, მაგრამ, შემოგევლოს ბაბუკა, დავძახო ყოველ წამს, არ შემიძლია.
ორი შვილიშვილი მყავს. ჩემთან არ ცხოვრობენ, მაგრამ როცა შესაძლებლობა მაქვს, ვნახულობ და რომ მეხუტებიან, ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება. მგონია, ჩემი შვილები არიან. ორი ბიჭი მყავს და გოგო შვილიშვილი ისეთი თბილი ყოფილა, ვერც წარმოვიდგენდი. ძალიან უყვარს ჩემთან მოსვლა და დარჩენა.
თმის გადანერგვის ოპერაცია
უთმობას არ განვიცდიდი, მაგრამ ისეთი სისქის აღარ იყო, როგორც საჭიროა. სცენაზე რომ ვიდექი, არ ჩანდა კარგად. ადრე საქართველოში გადავინერგე თმა, ახლა კი, ისრაელში და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმსიგრძე თმა გამეზარდა, ახლა შევიმოკლე კიდეც. მე მომწონს ჩემი გადანერგილი თმა და მგონი, ათი-თხუთმეტი წელი დამაკლო და ენერგია კი მომიმატა.
არა, თმის გადანერგვის გარდა, არანაირი პროცედურა არ ჩამიტარებია. კანის გადაჭიმვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ისე არ უნდა შეტოპო, მთლად ბავშვს დაემსგავსო.
შეთავაზებები
ყველაზე დიდი საპროდიუსერო კომპანიაა ისრაელში, სადაც მუშაობს პროდიუსერი, რომელიც მუშაობდა მაიკლ ჯექსონთან, მერაია ქერისთან და ასე შემდეგ, ცნობილ მომღერლებთან. ერთ-ერთ საღამოზე ვიმღერე და იქ მომისმინა. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ, გეტყვით: დამიბარა და მითხრა, ჩემთვის მსოფლიოში სულ ათი მომღერალი არსებობს, მეტს არ ვცნობდი და შენი სახით მეთერთმეტე გაჩნდაო. პირობა ისეთი იყო, რომ იქ უნდა დავრჩენილიყავი, დამენიშნებოდა ხელფასი, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი პიარკომპანიასა და მსოფლიოში გასვლას თავის თავზე იღებდა. მაგრამ ამაზე უარი ვთქვი – რა ვქნა, ვერ გავჩერდი ამდენ ხანს. სხვათა შორის, მსგავსი შემოთავაზება რუსეთიდანაც იყო და ამაზეც უარი ვთქვი. მე დღეს რუსეთში აღარ დავდივარ, თუმცა, თავის დროზე, მოსკოვში, ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენის „პრივატულ“ საღამოზე, 40 ათასი დოლარი გადამიხადეს, რომელიც ზუსტად, ერთ თვეში აღარ მქონდა – ამ მხრივ საკმაოდ მფლანგველი ადამიანი ვარ“,- იხსენებდა სეფაშვილი.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔵წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - მარიამ როინიშვილის პირადი