ექიმ კოტე მათითაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორც ის ამბობს, მის ცნობიერსა და შეგრძნებებში ბევრი რამ შეიცვალა. მან წარმატებულ საქმიანობაზე უარი თქვა, ძველი ცხოვრება ახლით შეცვალა და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ არც სამსახური აქვს და არც შემოსავალი, თავს ბედნიერად გრძნობს.
კოტე მათითაშვილი თავის ახლანდელ ცხოვრებაზე, განწყობასა და ყოველდღიურობაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. „დაიჯესტი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
კოტე მათითაშვილი: ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი. მე 45 წლის ასაკში მომცა ღმერთმა საშუალება, მივმხვდარიყავი, სად ვარ, რა ხდება და რატომ ვარ ამქვეყნად. ჩემი თავი ვიპოვე იქ, სადაც უნდა მეპოვა. ახალი რეალობა გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ დავინახე.
– კონკრეტულად რა ცვლილებებზე გვაქვს საუბარი?
– ძველი ცხოვრება დავივიწყე. აქამდე მოვიხმარდი ალკოჰოლს და მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. როცა მივხვდი, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო, დამთავრდა. გამოვფხიზლდი, გავიღვიძე და ახალი და ბედნიერი რეალობა დავინახე.
– გიცნობენ, როგორც თქვენს სფეროში წარმატებულ ადამიანს, წლებია, ყურადღების ცენტრში ხართ და ცოტა რთულად წარმოსადგენია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა გქონდათ.
– ალკოჰოლს განსაკუთრებულად დიდი დოზით არ მოვიხმარდი, არც მიჯაჭვული ვყოფილვარ მასზე. უბრალოდ, მივხვდი, რომ ადამიანმა ტოტალურად ფხიზლად უნდა იცხოვრო. თრობა და დესტრუქციული ქმედებები არც აქამდე მახასიათებდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ნებისმიერ საშუალებაზე დამოკიდებულება მარაზმია, რეალობა ისეთი უნდა მიიღო, როგორიცაა. ორი გზა არსებობს: პირველი – არდალევა, ესაა გზა ჯოჯოხეთიდან გასაქცევად. მეორე – ფხიზელი ცხოვრება, ესაა სამოთხისკენ გზა, რომელიც მე ავირჩიე. ფილოსოფიურად ნუ მიუდგებით ამ თემას, მარტივად განვიხილოთ, ფხიზლად ცხოვრება გაცილებით ლამაზია. უბრალოდ, უნდა იგრძნო, რომ დროა, დაიწყო ცხოვრება არსებულ რეალობაში და არა მისტიკურში. ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, კაიფი – ეს მისტიკაა. რეალობის დანახვა არაა მარტივი, მაგრამ ყველაზე გემრიელია. როდესაც ადამიანი გააზრებულ ცხოვრებას იწყებ, გარშემო ავტომატურად ყველაფერი დადებითისკენ იცვლება.
– სარწმუნოებასთან დამოკიდებულება შეგეცვალათ?
– ადრე სკეპტიკურად ვუყურებდი რელიგიას, ღმერთს, მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ტოტალურად შემაცვლევინა აზროვნება. ვიგრძენი, რომ ამ სამყაროსა და ღმერთის განუყოფელი ნაწილი ვარ. ამ დროს ადამიანის ინდივიდუალური განცდები და ემოციებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნის. მე ღმერთმა მაჩუქა ემოცია, რომლის განცდის შედეგადაც შინაგანი ტრანსფორმაცია მივიღე. ამიტომაც ვფიქრობ, უნდა მივყვე იმ გზას, რომელიც ღმერთს ნებავს. როგორი იქნება ეს გზა, გამოჩნდება, თუმცა, მე ასე თავს კომფორტულად ვგრძნობ.
პროფესიას რაც შეეხება?
– ჯერჯერობით ქირურგიული საქმიანობა შევაჩერე. ვგრძნობ, რომ ახლა სხვა რამეა საჭირო. მინდა, ჩემი თავი ბოლომდე გავაანალიზო და შევისწავლო. შეიძლება, ერთ ან ხუთ თვეში ჩემს პროფესიას დავუბრუნდე, მაგრამ ამ მომენტისთვის ვისვენებ, 25-წლიანი კარიერის შემდეგ.
– მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში, საკმაოდ რთულია წარმატების მიღწევა, ადამიანი კი, რომელიც უკვე წარმატებულია, მასზე უარს ამბობს, ბევრისთვის რთულად გასაგები იქნება.
– რთულად გასაგები ისაა, როდესაც ემსახურები იმ საქმეს, რომელიც გღლის. შენ შეიძლება, ბევრად უფრო კარგი საქმე აკეთო საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის და ასეთ საქმეს რომ ეძებ, ეს უფრო კარგია. შეიძლება, გავიდეს დრო და მე მივხვდე, რომ ჩემი პროფესია ისევ გახდა ჩემი რეალობა, მაშინ სულ სხვა ენერგიით მივუბრუნდები. რეალობა ყველამ უნდა დაინახოს, ამის გარეშე არ არსებობს კონტაქტი ღმერთთან.
– ამ მომენტში პრაქტიკული ფსიქოლოგიით, ამ აღმოჩენების სოციალურ სივრცეში სხვებისთვის გაზიარებით ხართ დაკავებული. გაქვთ კიდევ რამე გეგმა?
– დაგეგმილი არაფერი მაქვს, რასაც ვგრძნობ, იმას ვაკეთებ.
- შეზღუდვები იწყება! - ვის რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა?
- რვა მილიარდი ადამიანიდან ანასტასია აღმოვაჩინე და მალევე დავკარგე - ექს-მინისტრი გარდაცვლილ მეუღლეზე
- როგორ ვიშოვოთ მილიონი? - გვირჩევს, გვიმხელს ილონ მასკი
– ბევრისგან მსმენია, რომ გარდატეხა ტრაგედიების შემდეგ იწყება.
– გეთანხმებით. ფსკერის, ტოტალური დაცემის გარეშე აღმავლობა შეუძლებელია. მეც მქონდა ცხოვრებაში ემოციური ნგრევა, არ ვიცი, ეს რასთან დავაკავშირო, მაგრამ მოხდა რაღაც, რამაც ჩემში ასეთი ემოცია გამოიწვია. მერე იყო სიბნელე, მერე სინათლე – ახალი გზა, ახალი ძალა, რწმენა, დაჯერება. რამე განსაკუთრებულს კი არ მივაღწიე, უბრალოდ, რაღაც გზაზე დავდექი. მიყვები მას და ყველაფერი კარგად იქნება. არ მიყვები და დაბრუნდები უკან? იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. მანამდე არეულობა იყო. ახლა რაღაც ახალი გამოჩნდა, თავისუფალი და რეალური, მიუხედავად იმისა, რომ ეს მემილიონედი პროცენტია იმისა, რაც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში მოხდეს, ფაქტია, რომ რაღაც მოხდა.
– პრაქტიკულ საქმიანობაზე რაღაც დროით უარი თქვით, თქვენც, როგორც ყველას, ბევრი ფინანსური პასუხისმგებლობა გაქვთ და ბევრმა შესაძლოა, ვერ მისცეს თავს ამის უფლება.
– მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ვალი, არ მაქვს სამსახური, არ მაქვს შემოსავალი, პატარა დანაზოგზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ ახლა ეს არ მადარდებს. დღეს ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, დღეს გავაკეთო. ახლა რომ დავიწყო ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, აბსურდი იქნება. მოდი, დღეს გავაკეთებ იმას, რაც შემიძლია, ვემსახურები ადამიანებს ისე, როგორც შემიძლია და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც რეალურია ხვალისთვის. დანარჩენს ღმერთი მიხედავს.
– ახლა როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
– ძალიან კარგი, რეალური, ჭეშმარიტი, საღი, არც თუ ისე მარტივი. ემოციურ დონეზე, შეიძლება, მძიმე. თენდება, ვიღვიძებ, ფეხზე ვდგები, მაქვს ჭერი, საჭმელი… გვერდით ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მყავს – მე ამის მადლიერი ვარ.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სელებრითები, რომლებსაც მენტალურ პრობლემებზე ღიად საუბრის გამბედაობა ეყოთ
თავისუფლება ეს უწყვეტი პროცესია - ბლიც-ინტერვიუ ქეთათოსთან
ღმერთს რომ შევხვდები, მინდა ვუთხრა... ბლიც-ინტერვიუ გია ჯაჯანიძესთან