Digest Logo

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდეგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

1611154240
მსახიობი ბაია დვალიშვილი

ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბაია დვალიშვილი ფართო საზოგადოებამ „ნელიკოს“, თინას დედის ამპლუაში გაიცნო. თბილი, მზრუნველი ქალი ყველას შეუყვარდა, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ის რეჟისორ აკაკი დვალიშვილისა და მსახიობ მარინე თბილელის შვილია. კლიშეა, მაგრამ მაინც გეტყვით - ეს მას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა. 

ბაიას, ნაცვლად მისი მშობლები წყვეტდნენ, რა უნდა ეკეთებინა მას, ხშირად საკუთარი სურვილების გამხელასაც კი ვერ ბედავდა. როგორც ბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა მისი პროფესია შემთხვევითობამ განაპირობა...

„არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით, ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა“ - ბუბა კიკაბიძე

ბაია დვალიშვილი და მიშა თუმანიშვილი.

„ჩემი მსახიობობა შემთხვევამ განაპირობა, რომელიც ალბათ გარდაუვალი იყო. ბატონ მიშა თუმანიშვილს, რომელიც კინომსახიობთა თეატრს აყალიბებდა, შეხვდა მამა და საუბარში უთხრა, მოვიდეს ბაია, ნახოს, თუ მოუნდება, თუ არადა შენ არ დაგადანაშაულებს, რომ არ გაუშვი მსახიობადო. მაშინ მე-10 კლასში ვსწავლობდი და იქიდან დაიწყო და დაიწყო...“ - ამბობდა ბაია დვალიშვილი.

აღზრდა აკრძალვებით

„მზრდიდნენ უამრავი აკრძალვით. რადგან მამა ასე კარგი, ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო, ძალიან ბევრ რამეზე მქონდა დაწესებული განსხვავებული ნორმა: შენ უნდა იყო კარგი, შენ არ უნდა გააკეთო ეს, რომ არ თქვან, რა უწესოდ გაუზრდიათო; გარკვეულ სიტუაციებში არ წახვიდე წინ, იმიტომ რომ, ათას რამეს იტყვიანო... ამ აკრძალვებში ბევრი პირადი თვისებისა და სურვილის ბლოკირება ხდება და ადამიანი კარგავ საკუთარ თავს. ასე მარტივად, შენს გემოზე ცხოვრება ვერ გამოგდის, არადა, როცა პატარა ხარ, ხანდახან გინდა, ცუდადად მოიქცე; ის თქვა, რაც გინდა, რომ თქვა. როცა ჩემი მეგობრები მიდიოდნენ გასართობად, მე არ მქონდა ამის უფლება. პირადი ცხოვრებაც კი ასე მქონდა – წლების მერე ვიგებდი, რომ ვიღაცას მოვწონდი და ვუყვარდი, მაგრამ, მე არ მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ, მე ვიყავი ასეთი – დაპროგრამებული და ჩარჩოებში მოქცეული, თუმცა, დამოუკიდებლად ფაფხურს მაინც ვცდილობდი ხოლმე (იცინის).

ისე ვცვლიდი რაღაცებს ჩემს ცხოვრებაში, რომ სახლში არ ვამბობდი, მაგალითად, თეატრალური ინსტიტუტის ერთი ჯგუფიდან ისე გადავედი მეორე ჯგუფში, რომ სახლში არ ვთქვი; მერე ჩუმად გადავედი ერთი თეატრიდან მეორეში – ასე ჩუმად ვპორჭყიალობდი. დედა ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, არ იცოდა, მე რომ რუსთაველის თეატრიდან წამოვედი. სიგიჟემდე მინდოდა, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მევლო და ვერც კი ვამბობდი. ოღონდ, იცით, როგორ მინდოდა? ღამით მესიზმრებოდა. სკოლაში ვიტყუებოდი, რომ, ქორეოგრაფიულში გადავდიოდი, თუმცა ამას სახლში ვერ ვამბობდი...“ - იხსენებს ბაია

ბაია დვალიშვილი და სერგო ფარაჯანოვი „აშუღ–ყარიბის“ გადაღების დროს

როდესაც ბაიასთვის სერგო ფარაჯანოვს ფილმში გადაღება შეუთავაზებია, ბაიას ეს არც დაუჯერებია. უფიქრია, რომ სერგომ წერილი დედამისს გაუგზავნა და არა მას. როცა დარწმუნდა, დიდ რეჟისორს ნამდვილად მასთან სურდა შეხვედრა - სიხარული, გაოგნება, ბედნიერება და უხერხულობა ყველაფერი ერთად უგრძნია.

„მივედი სერგოსთან, ფრთხილად, მორიდებით. ცხოვრობდა ბნელ ოთახში. ეყარა უამრავი ნივთი, ამ „ძველმანებისგან“ ისეთ კოსტიუმს შექმნიდა გაოცდებოდით.

მახსოვს ერთხელ მაჩუქა საყურეები, თან მოიგონა ისტორია, რომ უძველესი საყურე იყო და ძლივს იშოვა... მე დავიჯერე, შევწუხდი, არ ვართმევდი, მაგრამ ძალით მაჩუქა. ამ ნივთს ძალიან ვუფრთხილდებოდი. გავიდა რამდენიმე ხანი და თეატრის ერთ თანამშრომელს ეკეთა ზუსტად იგივე. სერგომ მაჩუქაო. თურმე ბევრი უყიდია სომხეთში. მერე ყველას სჩუქნიდა და რაღაც ისტორიებს უგონებდა. ძალიან უცნაური და საყვარელი ადამიანი იყო. ის იყო გენიოსი“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ბაია დვალიშვილი.

პირადი ცხოვრება

17 წლის ასაკში ბაიამ, მსახიობ მურმან ჯინორიასთან ერთად შექმნა ოჯახი. ნაადრევ ასაკში ქორწინებას ბაია არასწორს საქციელს უწოდებს.

„იმდენად ძველი ამბავია, რომ აღარც კი მახსოვს. გასაკვირი არაა ალბათ, რომ ამ ამბავს ყველა უარყოფითად შეხვდა და ალბათ მართლებიც იყვნენ, რადგან სულელური ნაბიჯი გადავდგი და შედეგიც მალე დავინახე, წელიწად-ნახევარში დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრისას ჩემში ემოციასაც კი არ აღძრავს, ეს იყო გატაცება და მეტი არაფერი. ზოგადად, ამ ასაკში ოჯახები გატაცებით იქმნება.“

ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო. შემდეგ კი ოჯახი რეზო ხატისკაცთან შექმნა. დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი. დედობა გვიან ასაკში ეწვია. ახლა ბაიას, ერთი გოგონას, მაკრინე ხატისკაცის დედაა. ამბობს, რომ მაკრინე მას არ ჰგავს. მასავით მორიდებული და დაკომპლექსებული არ არის.

„ოჯახის სიმყარე დაფუძნებულია ანგარიშგაწევაზე, კომპრომისზე, რაღაცაზე თვალის დახუჭვაზე და ბევრ სხვა საკითხზე. თანაცხოვრება ძალიან რთულია არა მარტო ქმართან, არამედ მეგობრებთანაც, რეჟისორთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან და ა.შ. არ უნდა მოსთხოვო ძალიან ბევრი ადამიანს და ისე არ უნდა მოიქცე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ. ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე როლის შესრულება.

რაც შეეხება ჩემ შვილს, მაკრინეს, ის ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ვთქვა, როგორი ვარ მის მიმართ. მინდა, სიყვარულში გაიზარდოს და სიყვარულით სავსე გული ჰქონდეს. როგორც დედა იყო ჩემს მიმართ ისეთი არ მინდა რომ ვიყო მისდამი, მინდა უფრო ლაღი და თამამი იყოს“ , - ამბობს ბაია დვალიშვილი.

ბაია დვალიშვილის ჰობი

„ბნელ 90-იან წლებში, ჭრაქის შუქზე აღმოვაჩინე საქმე, რომელიც შემოქმედებასთან, ფერთან, წებოსთან, საღებავებთან მაკავშირებდა და დავიწყე თოჯინების კეთება. რამდენიმე მათგანს ახლაც ვინახავ. ერთ-ერთის კაბა ფოტოებით შევქმენი და ალბათ, გამორჩეული ამითაა. თავის დროზე დიდ მოწონებას იმსახურებდა და კარგ ფასად იყიდებოდა. ასევე დეკორატიულად ვაფორმებდი ბოთლებს, ლანგრებს. ეს საქმე იყო სპონტანური, სიტუაციური და არა პროფესიული“ , - ამბობს დვალიშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძეს ილიას მკვლელთან და როგორ დამეგობრდა შონ კონერთან

როგორ შეარცხვინა რუსი სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა

ჩვენს ასაკში, კონცერტებზე აღარავინ გვეძახის - როგორ ხვდებიან ახალ წელს „იუმორინას“ ცნობილი სახეები?