ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს გამორჩეულ მშვენიერებად საუკუნეების მანძილზე დარჩება. მისი ცხოვრება 1953 წლის 14 ივნისს დასრულდა, მსახიობი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
თვითმფრინავს პილოტი ირაკლი ხახუტიშვილი მართავდა, ბორტზე ნატო ვაჩნაძის გარდა, 17 ადამიანი იყო, მათ შორის 8 წლის გოგონა, რომელიც მშობლებმა ნათესავებს საქართველოში გამოატანეს.
ამ ისტორიის საინტერესო და საბედისწერო დეტალებზე მწერალი თეა ინასარიძე ჟურნალ „სარკეს“ უყვება, ის ირაკლი ხახუტაშვილის შვილიშვილია – მფრინავის, რომელიც იმ დროს თვითმფრინავს მართავდა.
- როგორ იხსენებენ თქვენები ამ ტრაგედიას?
ამ ისტორიის მოყოლას ძალიან ხშირად ვთხოვდი ნინა ბებიას, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. როდესაც პაპა ამ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ბებია 38 წლის იყო. დედა – 12-ის, ბიძაჩემი, დათო კი – 14-ის. იმ დროს, ორივე ბანაკში ისვენებდა. დედა მიყვებოდა, რომ დილიდან ცუდ ხასიათზე ყოფილა. ოთახში დარჩენილა და უტირია. ეს კატასტროფა რომ მოხდა, საღამოს, ბებიაჩემის მეგობარი ჩასულა მანქანით და ბავშვები თბილისში წამოუყვანია, მაგრამ არ უთქვამს, რომ მათი მამა დაიღუპა. კატასტროფა მოხდა და მამა საავადმყოფოში დააწვინესო, ასე აუხსნია ბავშვებისთვის მდგომარეობა. ვერაზე ცხოვრობდნენ და როგორც კი მანქანიდან გადმოსულან, მთელი უბანი გარეთ ყოფილა შეგროვილი, ტიროდნენ, ირაკლი ჩამოვარდაო. ასე გაიგო დედამ მამის გარდაცვალების შესახებ.
ბებია მიყვებოდა, რომ პაპას პანაშვიდები ტანსაცმლით გადაუხადეს. ნატო ვაჩნაძის მხოლოდ ხელი იპოვეს, რომელიც მისი ბეჭდით ამოიცნეს. მოგვიანებით, ბებია აეროპორტში დაიბარეს, სადაც ექვსი კუბო დაასვენეს (ეკიპაჟის წევრების). იყო ვერსია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნაში დამნაშავე ბერია იყო, რომელსაც ნატო უყვარდა და მისმა უარმა ძალიან გააბრაზა. როგორც ვიცით, იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო. პაპა ცდილობდა, დაკავშირებოდა სოხუმის აეროპორტის სადისპეტჩეროს, რომ დაჯდომის ნებართვა მიეცათ, მაგრამ კავშირზე არავინ გამოვიდა. არც თბილისის აეროპორტს მიუღია უსაფრთხოების ზომები. პაპა ცდილობდა მანევრირებას, მფრინავებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ელჭექის ღრუბლებში თვითმფრინავი ელვამ დააზიანა, უკონტროლო ფრენაზე გადავიდა და ფაქტობრივად, ჰაერშივე დაიშალა. ნაწილები დიდ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.
– ბოლო, საბედისწერო ფრენა და შეცვლილი პილოტი...
– ირაკლი წესით ამ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მეწყვილე პილოტს, ნიკალაი ბოჟენკოს ავეჯი უნდა ჩამოსვლოდა მატარებლით და ძალიან უნდოდა, სადგურში ჩამოესწრო. ამიტომ პაპას სთხოვა, რეისი გაეცვალათ. ამ თვითმფრინავით უნდა გამოფრენილიყო ვახტანგი. ესეც კიდევ ერთი საბედისწერო დამთხვევა, ჩემი ორი პაპიდან ერთ-ერთი ამ რეისზე მოხვდებოდა და დაიღუპებოდა. არც ნატო ვაჩნაძე უნდა მოხვედრილიყო ბორტზე, რადგან როდესაც ბილეთის საყიდლად მივიდა, ყველა ბილეთი გაყიდული დახვდა. 14 ივნისი მისი დაბადების დღე იყო. უცნობმა პოლკოვნიკმა თავისი ბილეთი დაუთმო მას. თვითმფრინავიც ნატოს სოფელთან ახლოს ჩამოვარდა...
-ოჯახის წინათგრძნობა...
– თითქმის ნახევარი ცხოვრება ცაში გაატარა პაპამ. იმდენად ხშირად დაფრინავდა, რომ არასოდეს გაუცილებია ოჯახს. მხოლოდ ამ ბოლო გაფრენის წინ გააცილეს. დედაჩემმა წითელი ფეხსაცმელები დააბარა. ბებია კი უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა – ვითომ შავ მიწაში ჩაყო ხელი და მთელი დღე ცუდს უგრძნობდა გული. მკითხავის ნათქვამი გახსენებია: ადრე მეგობარს გაჰყვა და მკითხავს უთქვამს, ქმარი ადრე მოგიკვდებაო. ბებია მაშინ გაბრაზებული წამოსულა... ნაშუადღევს მოულოდნელად ამოვარდნილა საშინელი ქარი, ჩამობნელებულა. ბებიას საათისთვის შეუხედავს, აინტერესებდა რა დრო იყო. საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, რა დროსაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
– ნატო ვაჩნაძე, 12 წლის გოგონა, მგზავრები, რომლებიც ამ რეისზე შემთხვევით მოხვდნენ...
– როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ბორტზე არალეგალურად ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთი იყო პატარა გოგონა, რომელიც მშობლებმა ნაცნობს გააყოლეს, თვითონ მატარებლით წავიდნენ და ბავშვი ამხელა გზაზე საწვალებლად შეეცოდათ. ასევე იყო კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც თავისი ნათესავის ნაცვლად მიემგზავრებოდა, მისი ბილეთით.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ
რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია
გიორგი ფხაკაძის საოცარი სახლი თბილისში - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ