გაგიღიმიათ ოდესმე ისე, რომ ყველასთვის გადამდები ყოფილიყოს? ალბათ, ამასაც განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, რომლითაც მარიამი უხვადაა დაჯილდოებული, ეს არის ყველაზე ფერადი, ბრჭყვიალა, ხალისიანი და გულწრფელი გოგო მარიამ სადღობელაშვილი.
ბედნიერება წვრილმანებშიაო, ამბობს მარიამ სადღობელაშვილი, გოგო, რომელსაც 15 ურთულესი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მიუხედავად რთული გზისა, დღეს ის პოზიტივისა და ბედნიერების გამავრცელებელია.
მარიამ სადღობელაშვილი 26 წლის არის, ჰყავს დედა, მამა და ძმა, მაგრამ ბოლო ორი წელია, უცხოეთში ცხოვრობენ. როგორც თავად ამბობს ოჯახი ძალიან დადებითად მოქმედებს მასზე.
„ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ევროპის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგია მინდოდა, მაგრამ ამ ფაკულტეტის არჩევა სპონტანურად მოხდა. ფსიქოლოგიით დღემდე ვარ დაინტერესებული და სამომავლოდ ვაპირებ, ამ მიმართულებასაც გავყვე“- ამბობს მარიამი.
გთავაზობთ მარიამის ისტორიას მოკლედ, რომელსაც ის თავად ჰყვება სხვადასხვა ტელევიზიებში თუ გამოცემებში.
– როდის და როგორ მიიღეთ ტრავმა?
– სრულიად ჯანმრთელი დავიბადე, არაფერი პრობლემა არ მქონია. დაბადებიდან ორი კვირის შედეგ აღმომაჩნდა სეფსისი, რამაც გამოიწვია მარცხენა ფეხის ბარძაყის ამოვარდნა, ამას მოჰყვა ძალიან დიდი პრობლემები. როგორც ჩემი მშობლები იხსენებენ, ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ უფლის წყალობით გადავრჩი. ამის შემდეგ დაახლოებით 15 ოპერაცია გავიკეთე. მივიღეთ მხოლოდ ეს შედეგი, რასაც დღეს ხედავთ, მეტი შედეგი არ არის. ოპერაციები რომ არ გამეკეთებინა, ეს მდგომარეობაც არ იქნებოდა, ახლა უფრო რთულ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ამ ეტაპზე აღარ ხერხდება ოპერაციის გაკეთება, რადგან ძვლის მდგომარება არ არის კარგი, შესაბამისად, ოპერაცია არ იქნება შედეგიანი. შესაძლოა, პირიქით, ფატალურად დასრულდეს ეს ოპერაცია. იმედი მაქვს, მომავალში ძვლის მდგომარეობა შეიცვლება და უკეთესობისკენ წავალ. თუმცა ახლაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. უკეთესია, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ასეთიც ძალიან მომწონს ჩემი თავი.
– რამდენად რთული გადასატანი იყო თქვენი მდგომარეობა ოჯახისთვის?
– რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, როცა შვილის ჯანმრთელობას ეხება საქმე. ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო, თუმცა ამ ყველაფერის მიუხედავად ყველაფერი ერთად გადავლახეთ და დღეს ისინიც კარგად გრძნობენ თავს.
– რთული ცხოვრების მიუხედავად, ძალიან აქტიური ხარ, სულ პოზიტივს ასხივებ, ყოველთვის ასეთი იყავი?
– როგორც დედა და მამა მეუბნებიან, სულ მხიარული ვიყავი, თუმცა მე არ მახსოვს. ჩემს განწყობაზე იმ ადამიანებთან ურთერთობა მოქმედებს, ვისთანაც ხშირად ვარ, მათი ხასიათი ჩემში შემოდის და მერე გადამდები ხდება. ჩემ ირგვლივ, ძირითადად, პოზიტიური ადამიანები არიან და ამიტომ, მეც ხშირად ვიღიმი. უნივერსიტეტში რაც ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება სულ შეიცვალა. ბევრად უფრო ფერადი და ხალისიანი გახდა. საოცარი ადამიანები დამხვდნენ, სულ სხვა თვალით შემომხედეს და მეც დავიწყე ჩემი თავის შეყვარება, მივიღე ისეთი მარიამი, როგორიც ვარ და ეს ძალიან მომწონს. ალბათ, ცოტა რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ გადავლახე და ის, რომ რაღაც პრობლემა მაქვს, უკვე შეუმჩნეველიც კი არის ჩემთვის.
– რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ამა თუ იმ ტრავმის გამო ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს?
– ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ გამოვიდნენ გარეთ, ეკონტაქტონ ადამიანებს და საზოგადოებაში დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი. გაეცნონ ადამიანებს ისეთებად, როგორებიც არიან. ბნელ ოთახში განცალკევებით ჯდომა კარგს არაფერს მოუტანთ. ეს ფსიქოლოგიურად გაანადგურებს მათ. ცხოვრება მშვენიერია და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ მისგან.
– რაზე ოცნებობთ, რა არის თქვენი მიზანი ცხოვრებაში?
– ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ოცნებაა სწორად გავიარო და „კაკუნები“ ჩავიცვა. რაც შეეხება მიზანს, მინდა ყოველთვის ვბრწყინავდე ბედნიერებისგან.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
ნოე სულაბერიძის შვილების ფოტოამბები
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ახალი ოჯახი - ნახეთ ფოტოები
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები