მისი გარეგნობით თავბრუდახვეულ თანამედროვეებს, როგორც ჩანს, არ მოაფიქრდათ, შეექმნათ ნატო ვაჩნაძის უფრო სრული პორტრეტი, ზუსტი ბიოგრაფია, მაგალითად, წინ წამოეწიათ მისი განათლება (რომ იგი არა მხოლოდ ულამაზესი, არამედ, ყველაზე ინტელექტუალური მსახიობი ქალი იყო); საოცარი შრომისმოყვარეობა;
შინაგანი დისციპლინა, თავდაუზოგავი მუშაობა პროფესიული სრულყოფისათვის; მისი ამტანობა ურთულეს პირობებში მიმდინარე გადაღებების დროს; მისი შემოქმედებითი ტემპერამენტი და შემეცნების წყურვილი; მზადყოფნა, ხელოვნებისთვის მსხვერპლად მიეტანა უამრავი რამ და, კიდევ სიყვარულის საოცარი უნარი. მეუღლეების: კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა. ეს იყო ორი ხელოვანის შემოქმედებითი წვითა და ძიებებით აღსავსე თანაცხოვრება, რომლებსაც ხელოვნების სამსხვერპლოზე ნებაყოფლობით მიჰქონდათ მსხვერპლი: ხანგრძლივი განშორებები, როცა მათ სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში უწევდათ მუშაობა. და მერე, ხშირად, ნატო ვაჩნაძე, რომელიც თბილისიდან ძალიან შორს იყო გადაღებებზე, ოთხი დღე აქეთ მოდიოდა მატარებლით და ოთხი დღე – იქით, რათა ერთი დღით მაინც ენახა ხოლმე საყვარელი მეუღლე.
თუ წაიკითხავთ ნატო ვაჩნაძის წიგნს – „მოგონებები და შეხვედრები,“ მის კიდევ ერთ ღირსებას აღმოაჩენთ: წერის ნიჭს. იგი დიდებულად გვიხატავს ბუნებას, სიტუაციებსა და ადამიანებს... დაუვიწყარია და განსაკუთრებულ ადგილს უნდა იმსახურებდეს ლიტერატურის ისტორიაში მისი ახლო მეგობრის, დიდი რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის პორტრეტი.
აი, ერთი ეპიზოდი ამ პასაჟიდან:
„ერთხელ აგარაკ პუშკინოში წამიყვანა ბრიკის ოჯახში. დასვენების დღე იყო. არ ველოდით, იმდენი ხალხი მოგროვდა. მაიაკოვსკიმ დაგვიმარტოვა რამდენიმე კაცი, მათ შორის – არუსტანოვი, პოეტი ასეევი და მე. ჩვენ აღარ მოგვშორებია, მაგრამ, მოღუშული იყო.
– მინდოდა, მხოლოდ თქვენთან გამეტარებინა ეს დღე, აქ კი ამდენი ვინმე მოგროვდა. თავი მომაბეზრეს, ვერსად დავემალე.
როცა განმარტოებულები მოგვნახეს, მაიაკოვსკიმ კიდევ უფრო მოიწყინა. უცებ ძაღლი დაინახა ხეივანში მიმავალი, დიდთავა ინგლისური ბულდოგი. გააჩერა და თამაში დაუწყო.
ვუყურებდი და შიში მიპყრობდა.
მეგობრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა ძაღლისათვის, რადგან, გრძნობდნენ, რომ რაღაც გაბოროტებით ეთამაშებოდა იმ საშიშ ცხოველს – პირში უდებდა ხელს. იგი გააფრთხილეს, ბულდოგმა საშიში კბენა იცისო.
– მეც ეგ მინდა! – გაბრაზებით უპასუხა მაიაკოვსკიმ.
ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ ვლადიმერ მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა…” – ეს არაჩვეულებრივი ნატო ვაჩნაძის დღიურებია. მოდი, ბოლომდე ერთად გადავავლოთ მას თვალი:
„მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში დავრჩით: დედაჩემი, ძმა და სამი და. უმცროსი გოგონა წლინახევრისა იყო, უფროსი – ათი წლისა. დედამ ყველა წაგვიყვანა კახეთში, სადაც მამაჩემის განადგურებული მამული იყო უყურადღებოდ მიტოვებული. სახლი და ვენახი მამის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ვალების დაფარვას დასჭირდა. კახეთში ბინაც აღარ გვქონდა და ჩვენ ძიძასთან დავბინავდით, სოფელ ფხოველში. დედა შეუდგა პატარა ოთხოთახიანი სახლის აშენებას ძველი მარნისაგან დარჩენილ საძირკველზე; გააშენა აგრეთვე ახალი ბაღი, რომელიც ჩვენთვის მომავალში საარსებო წყარო უნდა გამხდარიყო. ცხოვრება გვიჭირდა, მაგრამ დედაჩემი ენერგიული, საქმიანი ადამიანი იყო. ამ ხანაზე მხოლოდ სასიხარულო მოგონებები დამრჩა. ვცხოვრობდით ნამდვილი სოფლური ცხოვრებით, მუშაობას მეზობელი გლეხებისაგან ვსწავლობდით, მათთან ვმეგობრობდით, გვიყვარდა ისინი და დღემდე შეგვრჩნენ მეგობრები და ამხანაგები ჩვენს ტოლებს შორის, რომლებთანაც ვიზრდებოდით.
ჩვენი პატარა სახლის გარშემო დედა რგავდა მალემზარდ ხეხილის ნერგებს. ბოსტანში ჩვენ თვითონ ვმუშაობდით, ახალდარგული ვენახი იზრდებოდა. მე და ჩემი და დედას ოჯახშიც ვეხმარებოდით და ვენახშიც ვასრულებდით ქალის სამუშაოს – ვაზებს ვფურჩქნიდით და ვახვევდით. ძმას ევალებოდა შეშის, უმთავრესად, ფიჩხის მოტანა. მას ყველაზე მეტად ეხალისებოდა ბაზარში წასვლა, მაგრამ, ჩვენი სადილი უეჭველად დაიგვიანებდა, როცა ჩემი ძმა ბაზარში მიდიოდა, რადგან, ბაზრის დახურვამდე ამხანაგებს ვერ შორდებოდა.
მე და ჩემს უფროს დას ძლიერ გვართობდა სოფლის პატარა თეატრში დადგმული სცენისმოყვარეთა წარმოდგენები, აგრეთვე სოფელში მოწყობილი ლატარიები, სადაც, ჩვეულებრივ, ქართულს ვცეკვავდით. გვიყვარდა სადგურზე გასვლაც და თბილისიდან, თელავიდან, წნორიდან მომავალი მატარებლების დახვედრა. სადგურზე წასასვლელად რაც შეგვეძლო ვემზადებოდით, და მორთულ-მოკაზმულნი, სადგურის ბაქანზე დავსეირნობდით, თვალყურს ვადევნებდით ხალხის ფუსფუსს...
სოფლიდან შორს სასეირნოდ იშვიათად დავდიოდით. დროგამოშვებით ვეწვეოდით სამკურნალო ტალახით ცნობილ ახტალას. ის სოფელ გურჯაანის მახლობლად მდებარეობდა, ახლა კი სოფლის შუა ადგილას არის მოქცეული, რადგან სადგურის მახლობლად ახალი უბანი გაშენდა. ჩემს ბავშვობაში ახტალა სრულიად მოუწყობელი იყო. ავადმყოფები ურმით მიდიოდნენ და მახლობლად კარვებში ცხოვრობდნენ. ეს პატარა საცხოვრებელი, თითქოს სათამაშო, ბავშვებს ძალიან გვიზიდავდა. მახსოვს კოცონები, დღის სინათლეზე ვარდისფრად რომ კიაფობდნენ. ჩვენ მათ გარშემო დავრბოდით და ცეცხლს ბურბუშელას ვუმატებდით. კოცონზე თბებოდა წყალი, რითაც ტალახით მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები ტანს იბანდნენ.
დედაჩემს ამ ტალახით მკურნალობა ესაჭიროებოდა. მას თან მივყავდით და ეს მოგზაურობა ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. სანამ დედა აბაზანას იღებდა, ჩვენ ახლომდებარე პატარა ტყის ჩრდილში ვისვენებდით. გავაჩაღებდით ხოლმე კოცონს, ვწვავდით ჭყინტ სიმინდს და საზამთროსა და ნესვთან ერთად გემრიელად შევექცეოდით. დედაჩემი უბრალო და გულწრფელი ადამიანი იყო, ბავშვების აღსაზრდელად დაუღალავად შრომობდა, ყოველგვარ სამუშაოს დაუღალავად ასრულებდა და ამის გამო მთელი სოფლის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მაშინაც კი, არ არსებობდა არავითარი საზღვარი დედაჩემს – „კნეინასა“ და იმ გლეხებს შორის, რომელთა მსგავსადაც იგი ცხოვრობდა და რომლებისთვისაც საიმედო მეგობრად და მრჩევლად ითვლებოდა...
კახეთი მე მიყვარს როგორც მშობელი დედა ან ღვიძლი შვილი. ეს სიყვარული უსაზღვროა, ამოუწურავი... როცა მრავალი წლის შემდეგ, კვლავ მოვხვდები ხოლმე მშობლიურ მიწა-წყალზე, ჩემს არსებაში მყისვე ცოცხლდება ის რიტმები, ხმები, სიმღერები, რითაც სავსე იყო ჩემი მოგონება მშობლიურ სოფელზე. თითქოს აქედან არასდროს გავმგზავრებულვარ, მუდამ თან დამქონდა ეს უზარმაზარი ბუნება ყველგან, სადაც კი ცხოვრება გადამისვრიდა.
მხატვარი რომ ვყოფილიყავი, დავხატავდი ჩემი სახლის აივნის წინ გადაშლილ ლამაზ სანახაობას...
ჩვენ ხშირად მეზობლებსაც ვეხმარებოდით. განსაკუთრებით გვიხაროდა შორს მანძილზე რთველში გამგზავრება. ადრიან დილით გველოდა გოდრიანი ურმები. ყოველი ჩვენგანი თავისთვის გოდორს ამოირჩევდა და შიგ მოეწყობოდა. თორმეტი ბავშვი შევგროვდებოდით, მთელ ეზოს სიცილ-კისკისითა და სიმღერით გავივლიდით, ჩვენი საყვარელი კახური ურემი ჭრიალებდა. ზოგჯერ მოსახვევში ურემი გადაგვიბრუნდებოდა, კალათებიდან გადმოვცვივდებოდით და ტალახში ტყაპანს მოვადენდით. ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო, ვენახში რომ მივდიოდით და მუშაობის დაწყებამდე უფროსებთან ერთად ნიორს, ყველს, ლობიოსა და შოთ პურს შევექცეოდით. მუშაობაში დღე შეუმჩნევლად გადიოდა. ჩვენ შრომის ჯილდოდ ბლომად ყურძენს მივიღებდით და, რადგან ურმებზე ყურძნით სავსე გოდრები იდგა, შინ ფეხით ვბრუნდებოდით. დედა დაგვხვდებოდა ცივი წყაროს წყლით სავსე ხელადით და ტანს დაგვაბანინებდა, მერე მოცელილებივით ჩავწვებოდით სუფთა ლოგინში.
შემოდგომაზე მეზობლის მარნებში დიდხანს ვრჩებოდით და სიამოვნებით ვუსმენდით სიმღერებს, რომლებსაც მღეროდნენ ყურძნის დაწნეხის დროს...
***
მრავალს მოუსმენია ვანო სარაჯიშვილისათვის, მაგრამ ბევრს არ ჰქონია ბედნიერება მოესმინა მისთვის იმ წუთებში, როცა თვითონ მას ემღერებოდა – იმ წუთებში, როცა ის თავის „ღმერთთან“ ურთიერთობაში იყო.
მე ერთხელ მქონდა შემთხვევა, ასეთ წუთში მომესმინა მისთვის. ეს მოხდა სიღნაღში. გაზაფხული იყო, აივანზე ვისხედით ძველი ციხე-გალავნის ახლოს. ნათელი, მთვარიანი ღამე იყო... და, აი, მოულოდნელად კი არა, არამედ, თითქოს ჩვენი გულიდან ამოსულიყო, მოისმა ჩუმი ჰანგი… – ეს ვანო სარაჯიშვილი მღეროდა მშობლიურ „ურმულს.” ჩუმად დაიწყო, შემდეგ მისი ხმა გაძლიერდა, მოეფინა გაყუჩებულ ალაზნის ველს და შორეულ მთებს გადასწვდა...
ის მღეროდა დიდხანს და დამატკბობლად. მის ხმაში მისი მშობელი ხალხის ხმა ისმოდა.
ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ღამე...
მენშევიკური საქართველო მხოლოდ სახელით იყო დამოუკიდებელი. მთავრობამ ვერ შეძლო ვერცერთი ეკონომიკური ამოცანის გადაჭრა. ქვეყანაში ძალმომრეობა მეფობდა. საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ მისიები კონცესიების ხელში ჩასაგდებად. დებდნენ ხელშეკრულებებს.
სამაგიეროდ დიდებულად აღნიშნავდნენ „დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დღეებს” და ამ დღესასწაულის დროს ქალაქში საბარგო მანქანით დაატარებდნენ რომელიმე ლამაზ ქალს, თამარ დედოფლის ტანსაცმელში.
მენშევიკური მთავრობა თაყვანს სცემდა ამერიკულ და ინგლისურ კონსერვირებულ ცერცვსა და შედედებულ რძეს. ქალაქში დადიოდნენ კუბოკრულკაბებიანი შოტლანდიელი ჯარისკაცები, ოპერის თეატრში კი ამერიკელები და ინგლისელები მეზობლის სავარძელზე აწყობდნენ ფეხებს...“
ასევე, რამდენიმე შტრიხითაა გადმოცემული ოჯახისა და ხელოვნების შეთავსების რთული პრობლემა:
„ოჯახი და ბავშვები არასოდეს არ მაბრკოლებდნენ მუშაობაში, პირიქით, ისინი შინაგანად მამდიდრებდნენ და ხელს მიწყობდნენ. რასაკვირველია, აქ მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი და ნ. შენგელაიას პროფესიის ერთობასა და ხასიათის ზოგიერთ თვისებებს, რომლებიც ორივეს ერთნაირი გვქონდა. ბავშვის მოლოდინის პერიოდშიც განვაგრძობდი ჩვეულებრივ მუშაობას, თუმცა, ხანდახან ეს საქმე საშიში იყო. მე ბატალურ სცენებში მიხდებოდა მონაწილეობის მიღება, სადაც საჭირო იყო სირბილი, ხტომა და ცხენზე ჯდომა, ხან კი – შუაგულ ჩხუბში იარაღით ჩარევა ან აქლემზე შეჯდომა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს გადაღებები მშვიდობიანად მთავრდებოდა.
კინომსახიობის ცხოვრება ბევრ რამეში მოგვაგონებს ჯარისკაცის ცხოვრებას. ადგილიდან ადგილზე განუწყვეტლივ გადასვლა, მდგომარეობა-პირობების სხვადასხვაობა შეგუების უნარსა და ამტანობას მოითხოვს. ყაზბეგიდან თრუსოს ხეობით ოცდაათი კილომეტრი უნდა გაგვევლო.
ექსპედიციასთან ერთად მეც გავემგზავრე ყაზბეგში, იქიდან – თრუსოს ხეობაში. დედა და ჩემი ორივე ვაჟი თან წავიყვანე.
ჩვენ ჩავჯექით მთის ორთვლიან ურიკებში, მაგრამ გზა ისეთი გამოდგა, რომ ურიკებში ჯდომა ვერ შევძელით. ისე აუტანლად გვანჯღრევდა, ფიქრებს თავს ვერ მოუყრიდი, სიტყვას ვერ იტყოდი; სულ იმის შიშში ვიყავი, ენა არ მომეკვნიტა და, ბოლოს, იძულებული გავხდი, უფროსი ვაჟი შემესვა ცხენზე, რომელსაც ნივთებით დატვირთული ურიკა მიჰქონდა. მე და დედაჩემი კი მთელი გზა ფეხით მივდიოდით, რიგრიგობით ხელში აყვანილი გვყავდა უმცროსი ვაჟი – ელდარი. მზის მცხუნვარებისაგან მას ლოყები დაუწითლდა და თვალები ეხუჭებოდა. მთაში მზე შეუბრალებელია, იგი გწვავს და იჩხვლიტება. ძალიან გვაწუხებდა მზე, მაგრამ მგზავრობის სიძნელეებს მშვენიერი სანახაობა გვიმსუბუქებდა…”