არსებობს სიყვარულის ისტორიები, რომლებიც არასდროს მთავრდება და არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს სამყარო საკმაოდ პატარაა საიმისოდ, რომ თავიანთი გრძნობები დაატიონ. სწორედ ასეთი სასიყვარულო ისტორია შემორჩა თბილისს ორ ულამაზეს ახალგაზრდაზე: ლევან აბაშიძე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, მომხიბვლელ და გამორჩეულ ახალგაზრდა მსახიობად დაამახსოვრდა ჩვენს თაობას; მისი საყვარელი მოლდოველი ქალი – მიკა სტრამბეანუ კი დღემდე ხშირად ჩამოდის საქართველოში და ქუჩაში საყვარელი მამაკაცის ნაკვალევს დაეძებს...
მიკა სტრამბეანუ: ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ, უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და, ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი. ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას. არ დამავიწყდება, ისე გამახარა ამ ნათქვამმა, ლევანს მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე (იცინის).
– ლევანი არ იყო ეჭვიანი?
– როგორ არა, მაგრამ ამას არ გამოხატავდა. ძალიან არისტოკრატი იყო, ეს გენებშიც ჰქონდა. გადაღებებიდან რომ ბრუნდებოდა, ყოველთვის მოჰქონდა თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები. ყველგან დავყავდი – მეგობრებთან, ნათესავებთან, გადაღებებზე და, გადასაღებ მოედანზე რომ ვუყურებდი, სულ სხვა ლევანი იდგა ჩემ წინ, ხოლო, ღამით მის გვერდით რომ ვწვებოდი, სულ სხვა – ბუნებრივი, სადა, თბილი და მხოლოდ ჩემი. მაშინ პატარა ვიყავი და კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, როგორი მამაკაცი იდგა ჩემ გვერდით. რაც დრო გადის, ახლა ვხვდები, ვინ იყო ლევანი ჩემთვის. პატარა გოგონები რომ ურეკავდნენ და სიყვარულს უხსნიდნენ, ჭკუიდან ვიშლებოდი, ვეჭვიანობდი, მინდოდა, მხოლოდ ჩემი ყოფილიყო და, ზუსტად ვიცოდი, რომ არავის დავუთმობდი. სამწელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად, მხოლოდ ამ მცირე დრომ დაიტია ის დიდი სიყვარული, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, მერე კი ლევანი აფხაზეთის ომმა წამართვა. იმ პერიოდში მე მოლდოვეთში ვიყავი წასული და, რომ შემატყობინეს ლევანის სიკვდილი, არ დავიჯერე, ვერ გავაცნობიერე.
– არ იცოდი, ომში რომ იყო წასული და იბრძოდა?
– როგორ არა, სანამ წავიდოდა, დამირეკა და მითხრა, მივდივარ საომრადო. კინაღამ გადავირიე, ვთხოვდი, არ წახვიდე-მეთქი. დედაჩემიც ბევრს ეხვეწა. მერე დედამისმა, მანანამაც მითხრა – კარში გავწექი, რომ არ წასულიყო, მაგრამ, გადამაბიჯა და მაინც წავიდაო. რომ ჩამოვედი და კუბოს თავსახური დავინახე, აი, მაშინ მივხვდი და დავიჯერე, რომ ლევანი სიკვდილმა წამართვა. წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ საქართველოში, მივდივარ მის საფლავზე და უხმოდ ვზივარ, არ ვესაუბრები – ვიცი, რაც გულში მაქვს, ის მაინც ამოიკითხავს და სიტყვები ზედმეტია.
– შვილის გაჩენაზე არ გიფიქრიათ?
– მაშინ მე სტუდენტი ვიყავი, პირველ ადგილას სწავლას ვაყენებდი, ლევანიც სულ დაკავებული იყო, თან, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და შვილის გაჩენაზე არ გვიფიქრია. იცით, როდის ვინანე, მისგან შვილი რომ არ გავაჩინე? მისი კუბო რომ დავინახე. ოთახში რომ შევდგი ფეხი, მანანამ ეგრევე შემომტირა – მიკა, გთხოვ, მითხარი, რომ ორსულად ხარო – და, აი, მაშინ მივხვდი, რომ დავაშავე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. რას წარმოვიდგენდი და როგორ დავუშვებდი, რომ ლევანი ასე მალე წავიდოდა ჩემგან. რომ მივდიოდი, ლევანმა გამაცილა და მითხრა, რომ ჩამოხვალ, ყვავილებით დაგხვდებიო, ამის ნაცვლად კი მე მივუტანე და დავაწყვე გაჩერებულ გულზე. ეს წამი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეულად ჩაიწერა და ეს ტკივილი დღესაც მომყვება. პატარა, შეყვარებული გოგონა დავრჩი მარტო. სხვათა შორის, სანამ ლევანის სიკვდილს გამაგებინებდნენ, სიზმარში ვნახე, თითქოს ის საათი გამიტყდა, რომელიც მან მაჩუქა. სულ მეკეთა მაჯაზე და ძალიან მეტკინა გული. რომ გავიღვიძე, ცუდად მენიშნა. რომ ჩამოვფრინდი, ასე მეგონა, სამყარო აღარ არსებობდა; მივხვდი, რომ უფრო მეტად მინდოდა აქ დარჩენა; მინდოდა, ლევანის გვერდით ვყოფილიყავი, თუნდაც მისი სიკვდილის შემდეგ. ლევანის დაკრძალვის მერე დედამისმა მითხრა: შენ ხარ ჩემი გოგო, ეს შენი სახლიცაა და, თუ სურვილი გაქვს, აქ დარჩი, მაგრამ, გირჩევ, შენს სამშობლოში წახვიდე, ბევრი იშრომო და იმ საქმეს გადააყოლო გული, რასაც აკეთებო. სწორიც იყო. ერთი კვირის მერე დავბრუნდი. კიშინიოვში სპექტაკლებში ვთამაშობდი და ვერ დავრჩებოდი. წავედი და ორმოცზე ისევ დავბრუნდი. მერე, ყოველ წელს, წელიწადში რამდენჯერმე ვახერხებდი ჩამოსვლას. აქ ბევრი მეგობარი, ახლობელი და საყვარელი ადამიანი მყავს. ლევანი ჩემს ცხოვრებაში პირველი მამაკაცი იყო.
– მას შემდეგ არავინ გყვარებია? როგორ გაგრძელდა შენი პირადი ცხოვრება ლევანის გარდაცვალების შემდეგ?
– როგორ არა, მიყვარდა, მაგრამ, მივხვდი, ომ ეს ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო, როგორიც ლევანთან განვიცადე და, ამიტომ, მარტო დარჩენა ვამჯობინე. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს, ვეწყობოდით ყველა ასპექტში. ალბათ, ეს მართლაც ბედისწერა იყო და მისგან მხოლოდ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი დამრჩა. ლევანმა სწორი ცხოვრების გზა დამანახვა და იმ გზას მივყვები დღესაც. იმედი მაქვს, რომ ისევ აქ, ისევე, როგორც ბევრი წლის წინ, საქართველოში ვიპოვი სიყვარულს და ეს ლევანს არ ეწყინება, პირიქით, იმქვეყნიდან მისურვებს პირად ბედნიერებას.
– როგორც გავიგე, ამ ბოლო ჩამოსვლისას საქართველოს მოქალაქეობა მიიღე და დარჩენას აპირებ, ასეა?
– დიახ, მე საქართველოს მოქალაქე გავხდი და მინდა აქ გადმოვიდე საცხოვრებლად. არ არის გამორიცხული, გრიბოედოვის ან მარჯანიშვილის თეატრში დავიწყო მუშაობა. ამაზე უკვე ვფიქრობ და მქონდა კიდეც საუბარი. 23 წელია, რაც მოლდოვის სახელმწიფო ნაციონალურ თეატრში ვმუშაობ; ჩემს ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი მსახიობი ვარ, მაგრამ, ისე მიყვარს თქვენი ქვეყანა, რომ, მინდა, აქ ვიცხოვრო. კარგად ვიცნობ ქართულ თეატრალურ სკოლას, ქართული წერა-კითხვაც მეტ-ნაკლებად ვისწავლე და, ალბათ, თავს გავართმევ სირთულეებს. სულ ვამბობ, ჩემი ყური უფრო ჭკვიანია, ვიდრე ტვინი-მეთქი (იცინის).
– ყურის სიჭკვიანეში რას გულისხმობ?
– იმას, რომ ქართული საკმაოდ რთული ენაა და ის სმენით ვისწავლე. ინგლისურიც და რუსულიც ასე სმენით მაქვს ნასწავლი და, გამოდის, რომ ყური უფრო ჭკვიანი მაქვს, ვიდრე ტვინი (იცინის). ასე რომ, მე საქართველო და ქართველი ხალხი, ლევანმა შემაყვარა; დამანახვა, როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ ავიტანო ტკივილი, განცდა; უჩუმრად გამოვხატო სიყვარული და ვაკეთო ის საქმე, რითაც ხალხი შემიყვარებს. ჩემი და ლევანის სიყვარულის ისტორია კი დროში გაიწელება, დარჩება მარადისობაში და, ერთ დღესაც, ვიტყვი: გამარჯობა, ლევან, მე შენთან მოვედი!
აგრეთვე წაიკითხეთ:
ირანელი გოგო უყვარდა... - ნიკა მელიას უცნობი სასიყვარულო ისტორიები
მე რომ საქართველოში გავზრდილიყავი, სულიერად ღარიბი ვიქნებოდი - გაიცანით გამსახურდიების შთამომავალი
ვინ არის ნანუკა გუდავაძის ყოფილი შეყვარებული და როგორ ცხოვრობს ახლა
წყარო: old.tbiliselebi.ge