თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია იუბილარია, იგი 17 ივნისს 46 წლის გახდა.
მამა შალვა კეკელია სამეგრელოში, მრავალშვილიან ოჯახშია დაბადებული და გაზრდილი. თავად სამი შვილის მამაა. ამბობს, რომ ახალგაზრდობიდან ბერობა უნდოდა, მაგრამ მომავალი მეუღლის, ქეთი ხუსკივაძის, გაცნობამ ოჯახის გარეშე ცხოვრება გადააფიქრებინა.
რა გზა გაიარა მამა შალვამ, რა განცდა დაუტოვა პირველმა ზიარებამ და როგორია დღეს მისი ცხოვრება, ამის შესახებ იგი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.
„დაიჯესტი“ კი გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
„ბაბუა სულ ამბობდა, მონაწილეობა მაქვს მიღებული ტაძრის დანგრევაშიო და, იცით, რას გულისხმობდა? ჩვენს სოფელში ტაძარია დანგრეული. მიყვებოდა, როცა ანგრევდნენ, 14 წლის ვიყავი და სახლიდან ვერ გამოვედი, ვერ შევეწინააღმდეგე, რადგან ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. მინდოდა, ტაძრის შუაში დავმდგარიყავი და ის ნანგრევები მე დამყროდა თავზე, მაგრამ მაშინ ამის ძალა არ მეყოო. ამიტომ მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ისიც თანამონაწილე იყო იმ ტაძრის დანგრევის.
წლების წინ, ღვთის მადლით, ჩვენი სახლის წინ ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ბაბუაჩემი ძალიან ბრძენი კაცი იყო და ყველა მას ეკითხებოდა აზრს სხვადასხვა საკითხებზე. ეს ტაძარი მერაბ გაბუნიამ ააშენა. მისი მამა, იოველ გაბუნია, კომუნისტი იყო და ამის გამო ბაბუა და ის ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. კომუნისტების დროს მიწები ჩამოგვართვეს და დაპირისპირება ჰქონდათ. ამ დროს ორივე ძალიან უყვარდა მთელ სოფელს. იველიც ძალიან კარგი ადამიანი იყო.
ბაბუამ როცა დაინახა, ტაძრის მშენებლობა დაიწყო და საძირკველი ჩაეყარა, მაშინ შეხვდა იველ გაბუნიას, ჩაეხუტა და უთხრა, მთელი ცხოვრება დაპირისპირებულები ვიყავით და შენზე კარგი კაცი ამ სოფელში არავინ ყოფილა. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება შენმა შვილმა აასრულა და ღვთისმშობლის ტაძარი აგვიშენაო.
ამ ტაძრის საძირკვლის კურთხევაზე საქართველოს პატრიარქი იყო ჩამობრძანებული. პატარა ვიყავი და ხეზე ამძვრალი ვადევნებდი თვალს და ფოტოებს ვიღებდი. ძალიან მომინდა პატრიარქთან ახლოს მისვლა.
ხალხში შევიპარე და უწმინდესთან მივედი. ვუთხარი, დამლოცეთ-მეთქი. დამლოცა და ლოცვანი მაჩუქა – შვიდგზის ლოცვები. ეს იყო ჩემი პირველი ლოცვების წიგნი. მერე მერაბ გაბუნიამაც მაჩუქა ლოცვების წიგნი და იმ პერიოდიდან დავიწყე ლოცვა.
შინაგანად სულ მქონდა ღმერთთან ყოფნის სურვილი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო და არც არავინ მყავდა გვერდით, ვინც სასულიერო ცხოვრებას ამიხსნიდა.
დედაჩემის მამა რომ გარდაიცვალა, მის ცხედარს ვუვლიდი. დედაჩემის მეგობარმა მითხრა, შენ ახლა ბაბუას ვერაფერში ეხმარები, ფსალმუნები წაუკითხე, მარხვა დაიცავიო.
ეს ის დრო იყო, სამხედრო აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო და ძალიან მინდოდა, აფხაზეთში წავსულიყავი. ომი რომ დაიწყო, გაპარვა ვერ მოვახერხე, პატარა ვიყავი. დედაჩემის მეგობარმა მითხრა, სამხედრო აკადემიაში კი არა, სასულიერო სემინარიაში ჩააბარეო. მითხრა, რომ მოძღვარი უნდა მყოლოდა, ქრისტიანულად უნდა მეცხოვრა.
შობის მარხვა მოდიოდა. მაშინ ჩამოვიდა ჩვენს სოფელში გამოცდილი პედაგოგი – ლია სალაყაია. იგი დადიოდა სოფელ-სოფელ და ადამიანებს გალობას ასწავლიდა, თან ესაუბრებოდა. ჩვენს სკოლაშიც მოვიდა და მან უფრო მეტად გამიღვიძა სემინარიაში ჩაბარების სურვილი, ბევრი რამ მიამბო.
ისე მივედი სასულიერო სასწავლებელში, არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ლოცვები თუ ხუცურად უნდა წამეკითხა. მალე ვისწავლე ხუცურის კითხვა, ჩავაბარე სემინარიაში და სტიქაროსანიც გავხდი. სემინარიაში რომ მივედი, გავიცანი მამა გიორგი ზვიადაძე, რომელიც ჩემი მოძღვარი გახდა. ის პირველი სასულიერო პირი იყო, რომელმაც გულში ჩამიხუტა და თბილად მომექცა.
მამა გიორგი მაშინ გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა და გიორგობა დღეს, 6 მაისს პირველად იქ ვეზიარე. ზიარების წინ მამა გიორგი გაჩერდა, შემომხედა და მითხრა, ახლა ქრისტე უნდა ჩაგაბარო, შენ მიიღე ქრისტე და მას არასოდეს უღალატოო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე…
გლდანიდან ტრანსპორტით სემინარიაში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ავტობუსში ვერ გავჩერდი, ჩამოვედი და ფეხით წავედი საულიერო სემინარიამდე.
– რას გრძნობდით?
– ვერასოდეს აღვწერ. ეს იყო საოცარი ბედნიერების, სიხარულის შეგრძნება და ის განცდა, რომ უფალმა რაღაცის ღირსი გაგხადა, მაგრამ რა არის ეს ,,რაღაც”, ჯერ არ იცი. ამაზე დიდი ხომ დედამიწაზე არაფერი არსებობს და ვერც აწონი.
ღვთაებრივი რამ ხდებოდა ჩემს თავს. ქუჩაში მივდიოდი და ირგვლივ ყველაფერი ლამაზი იყო – მანქანები, ხეები, ადამიანები… მინდოდა, ყველას და ყველაფერს ჩავხუტებოდი. ამ პირველი ზიარების განცდა დღემდე მომყვება. ეს იყო ქრისტესთან ჩემი პირველი ხორციელად შეხება. რა უნდა ეთქვა ადამიანს ჩემთვის, რომ მისთვის არ დამეთმო. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ოღონდ ეს განცდა შემრგებოდა და შემენარჩუნებინა.
ზიარებაზე დიდი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა – ყველაფერი ზიარებისთვისაა და ყველაფერია ზიარება. ცხოვრობ იმიტომ, რომ ქრისტესთან თანაზიარი იყო, ეს უნდა იყოს ყველას ცხოვრების აზრი. როგორც კი პრობლემის წინაშე დავდგებოდი ან რაიმე არჩევანის – ცუდსა და კარგს შორის, მამა გიორგის გამოხედვა სულ თვალწინ მედგა და სიტყვები ერთი კოვზით ზიარებისას. მახსენდებოდა, როგორ მივიღე ზიარება და ამ მომენტმა ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა ცოდვას.
ასეთივე განცდა დამიტოვა ჩემმა მღვდლად კურთხევამ. პატრიარქმა მაკურთხა მღვდლად. ამ დროს სამრევლოს გაბარებენ. უწმინდესმა ჯვარი მომაწოდა და მითხრა, ახლა ჩაიბარე მაცხოვრის ჯვარი და ერთი ადამიანიც არ დატოვო ჯვართან მთხვევის გარეშე. მანამდე იბრძოლე, სანამ ყველას არ მოიყვან ეკლესიაში, ვისაც ნახავო.
ვახერხებ თუ ვერა ამას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კი ვცდილობ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბოლომდე დავიხარჯო ადამიანებისთვის და მრევლისთვის.
სემინარიაში რომ ჩავაბარე, არც მიფიქრია, რომ მღვდელი გავხდებოდი. სტიქარი ჩვენი სოფლის მღვდელმა, მამა გიორგი ბასილაიამ ჩამაცვა. მაშინ კი ვგრძნობდი, რომ ერთადერთი, რაც მინდოდა, ღვთისთვის მსახურება იყო და ის, რომ ტაძრიდან არ გამოვსულიყავი და სულ იქ მეცხოვრა. ტაძრის იატაკზე მეძინა, რადგან იქიდან გამოსვლა არ მინდოდა.
მამა გიორგი ბასილაიასთან ერთად სოფელ-სოფელ დავდიოდი და ტაძრებს ვასუფთავებდით. ზოგი მიწით იყო სავსე და ვწმენდდით. ჩვენი მეგობრები რომ მდინარეზე საბანაოდ მიდიოდნენ, მე და ჩემი მეგობრები ტაძრებს ვასუფთავებდით.
მაშინ დიდი გაჭირვება იყო და 5-6 წავსულვართ და მთელი დღე მხოლოდ ერთი პური გვქონია. მთელი დღე სიცხეში გვიმუშავია და მშივრებს გამოგვიტანია ტაძრიდან ეკალბარდები და ნანგრევები. უკან დაღლილები კი არ ვბრუნდებოდით, ბედნიერები ვიყავით. ზოგი ტაძარი სოფლიდან 7 კილომეტრით იყო დაშორებული, ზოგი – 3-ით… რაღაც სხვა ძალა გვეძლეოდა. მამა გიორგი სულ გალობდა და ეს იყო საოცარი სიხარულის განცდები.
სემინარია რომ დავამთავრე, საჩხერეში, მონასტერში ვიცხოვრე. შემოსილიც კი ვიყავი სამორჩილე კაბით და ბერობა მინდოდა. მამა გიორგის თხოვნით სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. მერე კი ოჯახი შევქმენი, ცოლი მოვიყვანე და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. მოგვიანებით კი მღვდელი გავხდი.
– სიყვარულმა შეგაცვლევინათ ბერობის სურვილი?
– სიყვარული… ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, იქ დამთავრდა ის ცხოვრება, როცა ბერობა სულ მინდოდა. როცა ჩემს მხარეში ტაძრებში დავდიოდი, მთელი სოფლის ბავშვები წირვაზე მიმყავდა. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. როცა ოჯახი გაქვს, ბერობაზე ფიქრი მთავრდება, რადგან პასუხისმგებლობა გაქვს აღებული.
მეუღლე ყველაფერში გვერდით დამიდგა. სახლი არ მქონდა, მიჭირდა… არაფრის მქონეს გამომყვა. ჯვარი რომ დავიწერეთ, იმ დღეს ჩემი მეგობრის დედამ 100 ლარიანი მაჩუქა და იმ ფულით წავედით ბათუმში. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მიკვირს, როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება. სად უნდა წამეყვანა ცოლი, ისიც არ ვიცოდი.
მაშინ სტატიებსაც ვაქვეყნებდი თქვენს ჟურნალში – ,,სარკეში”, გაზეთ ,,ახალ თაობაში”… ჟურნალ ,,კარიბჭეში” ვწერდი და იმით გამქონდა თავი. სკოლაში დავიწყე მუშაობა, ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი – რელიგიას ვასწავლიდი. ღვთის მადლით, ის გაჭირვების პერიოდი გავიარე და ახლა სამი შვილი გვყავს.
ქაშუეთში მაკურთხეს დიაკვნად და მამები იქ ძალიან მეხმარებოდნენ, რომ ჩემს ოჯახს არ გასჭირვებოდა. დიდ სამებაში სიონისთვის მაკურთხეს მღვდლად და იქ ვმსახურობდი.
მამა დავით კოღუაშვილი მე-9 საავადმყოფოს შენობაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ადრე იქვე იყო ტაძარი, რომელიც მერე დაანგრიეს. მამა დავითმა აღადგინა და მისი გარდაცვალების შემდეგ იმ ტაძრის წინამძღვრად გადამიყვანეს. ახლაც აქ ვმსახურობ და ჩემს მრევლს, რომელიც, ღვთის მადლით, ძალიან მოწესრიგებულია, დიდ მადლობას ვუხდი.
საოცარი საძმო გვყავს. ყველა სიყვარულით სავსეა, გულიანები, სუფთა და წმინდა არიან. ჩვენი მრევლი ტაძარში ვერ ეტევა და სიცივესა და ყინვაშიც არ ეზარებათ მოსვლა. ეს საოცარი დამოკიდებულება უფრო დიდ ძალას მმატებს.
– შვილებზე გვიამბეთ. განსხვავდება მათი აღზრდის მეთოდები და მრევლთან თქვენი ურთიერთობა?
– უფროსი, გიორგი, 15 წლის არიას, ნინო – 12-ის, ილია 9 წლის გახდა. ილიას სახელი უწმინდესმა დაარქვა. მასთან მორიგე ვიყავი და ვუთხარი, თქვენი ნათლული იბადება და რა დავარქვათ-მეთქი. თუ ჩემი ნათლულია, ილია უნდა დაარქვათ, აბა, სხვა რაო.
ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა. დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა, სულ 5 საათი იცხოვრა ამქვეყნად. ჩემი დიდი მეოხია და ძალიან მეხმარება, როცა მიჭირს, მის შემწეობას ბევრ რამეში ვგრძნობ. როცა შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები მაქვს და ვერ ვიგებ, როგორ მოვიქე, მის საფლავზე ავდივარ და ვეუბნები, მამიკო, რამე რომ არ შემეშალოს, გეხვეწები, დამეხმარე-მეთქი. მართლაც ძალიან მეხმარება და მეწევა.
– ანგელოზად და მფარველად მიიჩნევთ გარდაცვლილ შვილს?
– დიახ, ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია. თავის დედმამიშვილებსაც ძალიან ეხმარება. ბიჭი იყო – იოანე. მისი მონათვლა მოვასწარით. სახლი რომ არ გვქონდა, მეგობრის სახლში ვცხოვრობდით. ჩემმა მეგობრებმა რომ გაიგეს, მეოთხე შვილს ველოდებოდით, ბინა გვაჩუქეს. ანუ ახლა ჭერი რომ გვაქვს, ესეც იოანეს შემწეობაა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი მამა ვარ, სამწუხაროდ, შვილებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მაქვს. დილით გავდივარ და საღამოს ვბრუნდები. ბავშვები ამას ძალიან განიცდიან. სულ ვცდილობ, დრო მაინც გამოვნახო. არასოდეს არაფერს ვაძალებ და ვმეგობრობთ. ბოლო თვეებში უფრო მეტი დრო მოგვეცა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.
ყველას ვურჩევ, ბავშვს არ უყუროს ისე, როგორც პატარას. მშობელს ჰგონია, რომ, რადგან ბავშვი პატარაა, სულ რაღაც უნდა ურჩიოს. ამით შვილებს არჩევანის საშუალებას ვართმევთ.
ბავშვი პიროვნებად უნდა აღიქვა. როდესაც პატარას პიროვნებად არ აღიქვამ, პრობლემა მაშინ ჩნდება. ისინი არიან პიროვნებები, რომლებსაც თავიანთი ხასიათი და თვისებები აქვთ და შენ უნდა გაუგო. გადაწყვეტილების საშუალება უნდა მისცე, თუნდაც ეშლებოდეს. შენ შეიძლება ისე დაეხმარო, რომ ვერც კი იგრძნოს.
ყველაზე მთავარი მათთან დიალოგია. ყველას ვურჩევ, საკუთარ შვილს მოუსმინოს. კი არ ეჩხუბო იმის გამო, რომ არასწორად ფიქრობს, უნდა გაიგო, შენი შვილი ასე რატომ ფიქრობს და რამ მიიყვანა ამ აზრამდე.
ჩემი შვილები განსხვავდებიან ხასიათებით. ჩემი გოგონა ჩემი პრინცესა და მალამოა. გიორგი უფრო ღრმა ხასიათისაა. გოგოს მოფრთხილება სჭირდება. რაც ბოლო დროს ჩემ გარშემო აგორდა… ბავშვები ტელევიზორს უყურებენ და ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან. ამას წინათ ნინიკომ მითხრა, მე ვიცი, რომ ღმერთი ძალიან გიყვარს და ადამიანს, რომელსაც ღმერთი ძალიან უყვარს, რამეც რომ შეეშალოს, მაინც მართალი იქნება და ღმერთი მას აუცილებლად აპატიებსო. ეს ისეთი ნუგეში იყო ჩემთვის…
იმედი და დასაყრდენი რომ ხარ შვილისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეც შემშლია მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან ურთიერთობაში. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის. ღმერთს ბევრი უნდა ელაპარაკო შენს შვილებზე, ბევრი უნდა ილოცო შვილებისთვის და საქმით უნდა ესაუბრო და არა – სიტყვებით. რა ცხოვრებასაც შენ აირჩევ, შვილებიც იმავეს აირჩევენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე
⭕ქეთა თოფურიას შვილის გრანდიოზული დაბადების დღე - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი?