Digest Logo

სასიკვდილო ჭრილობა და მეორედ სიცოცხლე - თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა, მსახიობის უცნობი ისტორიები

1730197740
თენგიზ არჩვაძე

საქართველოს სახალხო არტისტის, თეატრისა და კინოს მსახიობის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

იგი 2023 წლის 28 ოქტომბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

„რასაც ფიქრობ, ყველაფრის თქმა არ შეიძლება… ჩრდილოეთ პოლუსზე აისბერგი მაქვს ნანახი. საოცარი რამაა. რაც წყალს ზემოთაა, ათი იმდენი ქვემოთ არის – არ ჩანს. კაციც ასე უნდა იყოს – მისი შინაგანი სამყარო აისბერგს უნდა ჰგავდეს, რასაც ამბობს, მცირე ნაწილი უნდა იყოს იმისა, რასაც შინაგანად გრძნობს და განიცდის“,- ამბობდა მსახიობი თენგიზ არჩვაძე.

თენგიზ არჩვაძის პირველი სპექტაკლი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის „ერეკლე მეფე“ (რუსეთის ელჩის როლს ასრულებდა) იყო, რომელიც მეოთხე კურსზე ყოფნისას მარჯანიშვილის თეატრში ითამაშა.

კინოში მისი დებიუტი რეჟისორ სიკო დოლიძის „ფატიმაში“ (1958 წ.) შედგა. ფილმში მომავალი ვარსკვლავი ეპიზოდურ როლს – თავად ბადილაევს ასახიერებდა.

რაც შეეხება მთავარ როლს, „კეთილ ადამიანებში“ ითამაშა. რეჟისორმა შოთა მანაგაძემ როლზე ყოველგვარი სინჯების გარეშე დაამტკიცა.

ბიოგრაფია

დიდი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს ძველ „ვორონცოვზე“ დაიბადა. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ლომია. ალბათ ამიტომაც ეძახდა მეგობარი პოეტი ზაურ ბოლქვაძე „ლომოს“ და არცთუ უსაფუძვლოდ, – მეფური სიდარბაისლე და მომხიბვლელობა ხომ ბატონი თენგიზის ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო.

დედა კლავდია სხირტლაძე დიასახლისი იყო, მამა, გრიგოლ არჩვაძე – მოსამსახურე. ერთი პერიოდი, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაზეთის რედაქტორად მუშაობდა ჭიათურაში...

სახლში უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. მამამ ბევრი აკრძალული წიგნი გადამალა, მაგრამ პატარა თენგიზი მაინც ჩუმად კითხულობდა ყველაფერს და მისმა ტოლებმა რომ არაფერი იცოდნენ მიხეილ ჯავახიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის შესახებ, მას თითქმის ყველაფერი თავიდან ბოლომდე გადაკითხული ჰქონდა, თუმცა ამის თქმა კლასში არ შეიძლებოდა.

გულჩათხრობილი ბავშვი იყო, მეოცნებე… ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს უყვარდა, რასაც ხელს ისიც უწყობდა, რომ ხატვა უყვარდა.

სკოლაში მათემატიკას ვერ იტანდა და ამის გამო ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. მთაწმინდაზე ადიოდა, თან სახატავი საშუალებები მიჰქონდა და ხატავდა წყნეთის, უძოს, თუ კოჯრის პეიზაჟებს, ხატავდა ცარცით, ნახშირით… და არცთუ ცუდად.

სტუდენტობა

მეორე თუ მესამე კურსზე იყო, როდესაც ფარიკაობისას სასიკვდილოდ დაიჭრა და ამის გამო თითქმის მთელი წელი საწოლს მიეჯაჭვა, – სასწავლებელში არ უვლია. ბატონი თენგიზი სიცოცხლის შენარჩუნებას ექიმსა და ძველ სპორტსმენს, გამოჩენილ ტანმოვარჯიშე ქალს იულია ფარეშაშვილს უმადლიდა. არავის ეგონა, დაშნას კიდევ თუ აიღებდა ხელში, მაგრამ თენგიზ არჩვაძეს ფარიკაობისთვის თავი არ დაუნებებია…

მეოთხე კურსიდან უკვე მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს, მალე თეატრშიც ითამაშა მთავარი როლი და… „როლები არასოდეს მაკლდა, ძალიან ბევრს ვმუშაობდი…

იყო წლები, კინოში ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმში მიღებდნენ. ძალიან დიდ დროს ვატარებდი თვითმფრინავში და მატარებელში. ხშირად ტექსტის სწავლაც კი მგზავრობისას მიწევდა… იცით, თითოეულ როლში სიცოცხლის ნაწილი თუ არ ჩადე, ისე არაფერი გამოვა.

შეიძლება სხვას გამოსდის, მაგრამ მე ასე არასოდეს მითამაშია. ყოველთვის ბევრს ვთხოვდი საკუთარ თავს, თუმცა მეგობრებთან ურთიერთობასაც ვასწრებდი და მათთან ქეიფსაც… ამ მუშაობაში სიბერე ისე მომეპარა, ვერც გავიგე“, – ამბობდა ბატონი თენგიზი ერთ-ერთ ინტერვიუში.

როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო – არასოდეს… უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმოები ან გმირი არ მომეწონებოდა. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომლის ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს…

ოჯახი

მეუღლე - ნელი ფილიაშვილი, პროფესიით ფილოლოგი და მსახიობი.

ქალიშვილები:

ნატო - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
ნათია - ინგლისური ენის სპეციალისტი.

შვილიშვილები:

ანა ქებურია, მარიამ და ირინე ქავთარაძეები.
შვილთაშვილი - ნატუკა ხუნდაძე

ბატონი თენგიზი ხუმრობით საკუთარ თავს „დამსკი პარტნოის“ ეძახდა, რადგან ოჯახში სულ ქალები (ქალიშვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები) ეხვია გარს. მალე მათ ოჯახს ვაჟი შეემატა – პატარა ნიკოლოზი, რომელსაც დიდმა ბაბუამ ხანჯალი და კიდევ, წიგნი „დიდი ქართველი მეფეები“ აჩუქა წარწერით „დიდ ნიკოლოზს ბაბუასაგან“.

თენგიზი მეუღლის ამპლუაში, ინტერვიუს ნაწყვეტი:

- ბატონო თენგიზ, პოპულარობისა და თქვენი არაჩვეულებრივი გარეგნობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათ… მეუღლე (ნელი ფილიაშვილი) არ ეჭვიანობდა?

- რა ვიცი, ალბათ, ეჭვიანობდა კიდეც… ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რა უგრძნობინებია. როგორც ჩანს, მეც არ მიმიცია ეჭვიანობის საბაბი…

- თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?

- სიბერეში რაღა დროს ჩემი ეჭვიანობაა?!.. ადრე, ალბათ ვიყავი… როგორ შეიძლება ქართველი კაცი ეჭვიანი არ იყოს?! შეუძლებელია ლამაზი ქალისკენ თვალი არ გაგექცეს… ასეთი რაღაც ცხადია, მეც მქონია ცხოვრებაში…

- ისე, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ქალი, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის ყურადღება რომ დაიმსახუროს?

- ქალი მშვენიერი უნდა იყოს. მშვენიერებაში სილამაზეს არ ვგულისხმობ. თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ერთგული უნდა იყოს… ქალი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ფენომენია. ქალის ყველაზე დიდი ფენომენი კი ჩემს ცნობიერებაში ბებიაჩემია, რომელიც 27 წლის ასაკში დაქვრივდა და ხუთი შვილი უქმროდ გაზარდა. ქალმა მოიყვანა დღემდე საქართველო. ქალი - დედა, ქალი – მეუღლე, ქალი – ბებია… ქალი ოჯახის ბურჯია და, მაშასადამე, საზოგადოების, მომავალი თაობის ბურჯიც… საერთოდ, ქალიც და მამაკაციც, უპირველეს ყოვლისა, პიროვნებები უნდა იყვნენ, ეს ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარია.

- საინტერესოა, როგორია მსახიობი თენგიზ არჩვაძე ოჯახში – წყნარი თუ ქართული ტემპერამენტი იფეთქებს ხოლმე?

- კი, იფეთქებს ხოლმე. გარეთ თუ თავს ვიკავებ უარაყოფითი ემოციებისგან და ვმალავ, სახლში ხანდახან ამას ვერ ვახერხებ. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. სადღაც ხომ უნდა ამოიღო ყველაფერი, ტყეში ხომ არ გახვალ და იქ ხომ არ იყვირებ?! არც სასმელს ვეკარებოდი... ოცდახუთი წლის ვიყავი, ღვინო რომ დავლიე. მანამდე ვვარჯიშობდი და არ ვსვამდი. ჭრილობის შემდეგ მეორედ ნაჩუქარ სიცოცხლეს ღვინით შევხვდი…

ვარსკვლავი

ბოლო პერიოდში თენგიზ არჩვაძემ სცენაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ეს იყო განახლებული სპექტაკლი „ასი წლის წინათ“, სადაც მსახიობმა ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა.

სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მსახიობის ვარსკვლავის გახსნას უკავშირდებოდა.

თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ 2011 წლის 26 იანვარს გაიხსნა.

ის არ ეკუთვნის იმ კატეგორიის მსახიობებს, ე. წ "ვარსკვლავის" თვითდაჯერება რომ სჭირთ. პირიქით, მისი აურა სასიამოვნოს ხდის მასთან ურთიერთობას. ბინა, რომელშიც ბატონი თენგიზი ცხოვრობს, სულაც არ ჰგავს აფიშებითა და სურათებით კედელაჭრელებულ მსახიობების ოთახს. აქაც იგრძნობა მისი არამყვირალა, თავმდაბალი, ჩუმი ბუნება.

მისი უშუალობა, ვაჟკაცობა, სისადავე და გულითადობა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
კედელზე მხოლოდ რამდენიმე მოკრძალებული ფოტო და ფერწერული ნამუშევარია. კარადაზე შავი ჩოხაა ჩამოკიდებული საკიდარზე, ჩანს, პატრონი ისე უფრთხილდება მას, რომ, ნაკეცების დადების გამო, კარადაში შეკიდვის ეშინია.

მომზადებულია: nostal.ge -ის მიხედვით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ვიღვიძებთ დილით შეშუპებული სახით? - „შეშუპებული სახე ნიშნავს, რომ ტვინიც შეშუპებული გაქვს“ - ენდოკრინოლოგის განმარტება

🎥 „დღეს მაგიური დღეა“ - 29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕რა ღირს Versace-ს სამოსი, რომელიც ელენე ეპიტაშვილმა Ballon d'Or-ის წითელ ხალიჩაზე მოირგო?