ასაკში რომ შევიდა, ყველასათვის საყვარელ უდიდეს ქართველ მსახიობს, სანდრო ჟორჟოლიანს, რომელიც 8 თებერვალსაა დაბადებული (1888 წ.) რამდენჯერმე შესთავაზეს იუბილეს გადახდა, მაგრამ ყოველთვის სასტიკი უარი უთქვამს.
ძალიან მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი იყო, პომპეზურობა არ უყვარდაო, ამბობენ მისი თანამედროვენი. ერთხელ თეატრმა მის დაბადების დღეს სპეციალურად ისეთი სპექტაკლის თამაში დაამთხვია, რომელშიც სანდრო ჟორჟოლიანიც მონაწილეობდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მსახიობებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს და სანდრომაც სახლში წასვლა დააპირა, თუმცა წინ გოგი გელოვანი გადაუდგა: „ზემოთ ამობრძანდით, ბატონო სანდრო, რაღაც მინდა გაჩვენოთ…“ – „დაღლილი ვარ, ბიჭო, გამიშვით სახლში“, – უთქვამს მსახიობს. „არა, ბატონო სანდრო, სულ ცოტა ხნით ამობრძანდით“, – არ მოეშვა გოგი გელოვანი და ისიც გაჰყვა.
ილიკო, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962
საგრიმიოროს ფოიეში კი, სადაც იუბილარი მსახიობი მიჰყავდა, გოგი გელოვანის სცენარით, „ნამდვილი ჰარამხანა“ იყო მოწყობილი. თეატრის მსახიობი ლამაზი ქალები: ელენე ყიფშიძე, მედეა ბიბილეიშვილი და სხვები, რომლებიც შაჰის ცოლებივით იყვნენ გამოწყობილები, ჟორჟოლიანის გამოჩენისთანავე წამოიშალნენ, გარს შემოეხვივნენ და უმღერეს, უცეკვეს, მიუალერსეს – ვითომ მართლა შაჰი იყო და ჟორჟოლიანმაც კარგად შეიშნო და შეიფერა თურმე ეს „სტატუსი“. საჭურისი მსახურის კოსტიუმში გადაცმული გოგი გელოვანის დაკრულ გიტარაზე რუსული რომანსებიც კი სიამოვნებით შეასრულა თურმე…
საერთოდ, ჟორჟოლიანს რომ ქალები ძალიან უყვარდა, ცნობილი ფაქტია. ცხადია, არც ქალები იყვნენ მის მიმართ გულგრილნი… ერთხელაც თურმე „ძველმა სიყვარულმა“ ჩამოაკითხა ბაქოდან. რა ქნას, სახლში ცოლ-შვილთან ხომ ვერ მიიყვანს?! ვერც თეატრში მიიყვანს, ქალი სასტუმროში ცხოვრობს, მაგრამ ჟორჟოლიანი ვერც იქ გამოჩნდება, ქვეყანა იცნობს და იმწუთას გახმაურდება ყველაფერი.
მსახიობმა ედიშერ მაღალაშვილმა თურმე მეგობრულად ურჩია: გამოართვი, ბიჭო, გოგიას (მსახიობი გოგი გელოვანს) გასაღები, ერთოთახიანი ბინა აქვს დაქირავებული, ისე, ყოველი შემთხვევისთვისო…
გადაწყდა, მისცა გოგი გელოვანმა ბინის გასაღები და მოხერხებულ დროს ფეხაკრეფით აიპარნენ სადარბაზოში სანდრო და მისი „გულის ვარდი“. ოთახის კარი იოლად გააღეს და ბინაში შევიდნენ, მაგრამ გოგი გელოვანს დავიწყებია გაფრთხილება, რომ კარი „სეკრეტზე“ უცნაურად იკეტებოდა. შევიდნენ თუ არა, კარიც შეიხურეს და… „ტკაც“ – დაიტკაცუნა რაღაცამ და კარიც ჩაიკეტა. სანდრო სპექტაკლზე უნდა წავიდეს და დრო ცოტა აქვს… ვიღას ახსოვდა „ბაქოელი სიყვარული“, მთელი დრო ჩაკეტილ კარს უტრიალებდა თურმე. სპექტაკლის დრო მოვიდა და ჟორჟოლიანი არსად გამოჩნდა, მაშინღა გაახსენდა გოგი გელოვანს, არ გამიფრთხილებია, ვაითუ კარები ჩაეკეტათ… გარედან გაუღეს მერე კარი მეგობრებმა, თორემ ვინ იცის, რამდენ ხანს მოუწევდა „ძველ სიყვარულთან“ ერთად „პატიმრობა“ სანდრო ჟორჟოლიანს.
სხვათა შორის, „ქალების მუსუსს“ თურმე უამრავ ოინს უწყობდა ხოლმე პატარა ნანული სარაჯიშვილი – მანანა კინოფილმიდან „მანანა“, სადაც სანდრო ჟორჟოლიანი პაპამისის როლს თამაშობს.
კადრი ფილმიდან „მანანა“, 1958
პატარა ნანული ხშირად მის პაემნებსა და ქალებს სცინებდა ხოლმე. ფილმის გადაღებების დროს ჯგუფი სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობდა. ერთხელ ნანულიმ სანდრო სასტუმროს რესტორანში დაინახა, თურმე ოფიციანტის გვერდით იჯდა.. გოგონამ თვალთვალი დაუწყო, რათა შემდეგ გამოეჯავრებინა. ამ დროს სანდრომ ოფიციანტთან საუბარი ასე დაიწყო: „სლუშაიტე, კაკაია უ ვას მალენკაია ნაგა“. მერე თურმე იმ ქალთან პატარა ნანულის ხშირად ატანდა ყვავილებს, ნანული კი ოინს ოინზე უწყობდა. „დავწერდი ხოლმე წერილს და გავუგზავნიდი, თითქოს ვიღაც ქალი ელოდება პაემანზე. წავიდოდა და იმ ადგილას რომ არავინ დახვდებოდა, მერე ხვდებოდა, ჩემი ხუმრობა რომ იყო“, – იხსენებს ღიმილით ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი.
წყარო: nostal.ge