გზა „აბდუშაჰილიდან“ „ფესვების“ მთავარ გმირამდე ძალიან რთული თუმცა, საინტერესო იყო. მაყურებელი გაოგნებული უყურებდა ერთი პიროვნების გაასმაგებულ სახესა და გარდასახვას... როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი „სახე“ ჰქონოდა...
ერთ დოდო აბაშიძეს შეეძლო აბდუშაჰილობა, შეეძლო საფრანგეთში გადახვეწილი ემიგრანტი, გიორგი (ჟორჟი) ყოფილიყო, შეეძლო „ყვარყვარეობა“, ყველაფერი შეეძლო... სწორედ ამიტომ იყო გენიალური მსახიობი...
„დაისჯესტი“ გიამბობთ საინტერესო და უცნობ ფაქტებს დიადი მსახიობის შესახებ.
ბავშვობა
დოდო აბაშიძე ბავშვობიდანვე თეატრის ჰაერით სუნთქავდა. მამა – ვანიკო აბაშიძე სანდრო ახმეტელის „დურუჯის“ წევრი იყო და 1937 წელს ახმეტელთან ერთად დახვრიტეს. დედამ, ასევე მსახიობმა ნინო ანდრონიკაშვილმა (ნატო ვაჩნაძის ალალი ბიძაშვილი), ერთადერთი ვაჟი მამის ხატად – სიცოცხლისა და ხელოვნების უდიდესი სიყვარულით აღზარდა.
დოდო აბაშიძის დიდ ბებია ეფრო კლდიაშვილი პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობი ქალი იყო, თუმცა მისი მოღვაწეობა მხოლოდ წარმოდგენებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებოდა. როგორც აკაკი წერეთელი წერდა, ეფრო კლდიაშვილი ქუთაისური ლიტერატურული საღამოების სულისჩამდგმელი ყოფილა და, ამავე დროს, დიდ პროპაგანდასაც უწევდა პირველ ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებს, ხელს უმართავდა გაჭირვებულ მსახიობებს და სხვ.
დოდოს ნამდვილი სახელი
დოდო აბაშიძეს ნამდვილი სახელი დავითია. დოდო ბავშვობისას შეარქვეს, რადგან ბგერებს კარგად ვერ გამოთქვამდა და თურმე „გოგოების“ ნაცვლად „დოდოებს“ ამბობდა…
მეექვსე კლასამდე მეგობრობითაც გოგოებთან მეგობრობდა, რადგან თანატოლ ბიჭებთან საერთო ენას ვერ პოულობდა. გოგოების მსგავსად, ქარგვაც კი უსწავლია. თურმე ყველაზე მეტად ყვავილების ქარგვა უყვარდა…
თორმეტი წლამდე სუსტი და უჭმელი ბავშვი ყოფილა... ოჯახში ყველა მის კვებასა და გასუქებაზე ზრუნავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჭიდაობაზე დაუწყია სიარული, ისეთი ათლეტური აღნაგობის ყმაწვილი დამდგარა, რომ ბავშვები ვერის უბანში საჭმელს მისი ხათრით ჭამდნენ, „დოდოსნაირი ლამაზები“ და ვაჟკაცურები სურდათ ყოფილიყვნენ...
კარიერა
თეატრშიც და კინოშიც დოდო აბაშიძის პირველი პარტნიორი მედეა ჩახავა იყო. ქალბატონი მედეა იხსენებდა, ასეთ პარტნიორზე უნდა იოცნებოს მსახიობმა. „ჭრიჭინაში“ საწვიმარი ღარის ქვეშ ცქრიალასათვის (მედეა ჩახავა) სიყვარულის ახსნის ეპიზოდში თურმე მთელი სამი დუბლის განმავლობაში თავზე ყინულივით ცივ წყალს ასხამდნენ, დოდო კი იძახდა, არ მცივაო. სიცივე გადაღების შემდეგ იგრძნო და მერე თავადვე ამბობდა, ამას როგორ გავუძელიო.
ამ პატარა სახასიათო როლის შემდეგ დოდოს მაშინვე შესთავაზეს აბდუშაჰილის როლი ყველასათვის საყვარელ ფილმში „ბაში-აჩუკი“.
ამ როლმა მსახიობს სათავგადასავლო ფილმის „ვარსკვლავის“ სახელი მოუტანა – იგი კინოსტუდიის წამყვანი მსახიობი გახდა.
კინოში დაახლოებით სამოცამდე როლი ითამაშა და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მაყურებელს ყველა ძალიან უყვარს. თვითონ კი შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად ყვარყვარე მოსწონდა.
დოდო აბაშიძემ შაჰის ცოლს აკოცა
დოდო აბაშიძეს ფილმ „პირველ მერცხალში“ შესრულებული როლისთვის თეირანის კინოფესტივალზე ჯილდო გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალს ირანის შაჰის ცოლი – სურიეც ესწრებოდა. დოდო აბაშიძე მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც შაჰის ცოლს აკოცა.
„ცერემონიის დროს დედოფალს უთქვამს, არ გეგონოთ, რომ ეს უბრალო და ჩვეულებრივი პრიზია, მასში თექვსმეტი გრამი ოქროაო“.
დოდოს თარჯიმანისთვის უთხოვია, რასაც გეტყვით, სიტყვა-სიტყვით უთარგმნეთო.
„რაც თქვენ და თქვენმა წინაპრებმა საქართველოდან ოქრო-ვერცხლი გაიტანეთ, ახლა თექვსმეტი გრამი ოქროთი გინდათ, რომ თავიდან მომიშოროთ?!“ – ხუმრობით უთქვამს და თან თურმე ხელზე ემთხვია, რაც პროტოკოლში არ შედიოდა.
შაჰის მეუღლეს ახლოს არ უნდა მიჰკარებოდა, დოდო კი არამც თუ ხელზე ემთხვია, დიდხანს არ გაუშვა მის ხელს ხელი, ითვლიდა, როდემდე შეძლებდა შაჰის მეუღლის ხელის ხელში გაჩერებას.
ოცდარვამდე დაითვალა და დედოფალმა არც იკადრა, რომ ხელი წაერთმია, „ერთადერთი, ოდნავ შეარხია ერთი თითი და მაშინ გავუშვი ხელი“, – იხსენებდა დოდო აბაშიძე.
სიყვარულის ისტორია
ცნობილი ექიმები ვახტანგ ხურციძე (წოპე) და ზაალ კახიანი ელენე ახვლედიანის ძმის ოჯახში დაბადების დღეზე მივიდნენ. თან ახალგაზრდა მსახიობები 23 წლის ეროსი მანჯგალაძე და 24 წლის დოდო აბაშიძე მიიყვანეს. იუბილარის და – მარინა ახვლედიანი მოგვიანებით დოდო აბაშიძის ცოლი გახდა.
მაშინ, 1948 წელს, ელენე ახვლედიანის ძმისშვილი მხოლოდ 16 წლის იყო.
ურთიერთობა კარგა ხანს გაგრძელდა, დოდო აბაშიძემ და მარინა ახვლედიანმა 1956 წელს იქორწინეს.
ერთად თამაშობდნენ ფილმში „მე ვიტყვი სიმართლეს“. უცხო ენების სპეციალისტი მარინა ახვლედიანი ქეთევანს თამაშობდა, დოდო – უშანგის. ფილმის ბოლო კადრებში კი – უკვე ზაზა აბაშიძეც „თამაშობდა“ – მარინა ახვლედიანი იმჟამად უკვე ფეხმძიმედ იყო დოდო აბაშიძისგან. მათ შვილს ზაზა დაარქვეს....
ზაზა რომ დაიბადა, დოდო აბაშიძე 33 წლის, უკვე პოპულარული მსახიობი იყო...
მამა-შვილობა
ვაჟი – ზაზა აბაშიძე მამას „დოდოს“ ეძახდა, მაგრამ როგორც იხსენებს, მასთან მაინც მორიდებული იყო. არც ანებივრებდნენ, არც არაფერს აკლებდნენ. არც მორალს უკითხავდა დოდო თავის ბიჭს, არც რამეს აძალებდა. ერთადერთი – სასტიკი უარი უთხრა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე და რატომღაც ურჩევდა, ბიოლოგიურზე ჩაებარებინა. ზაზამ კი, მეცხრე კლასში რომ ანკეტა შეავსებინეს, სად გინდა ჩააბარო და ვინ გინდა გამოხვიდეო, ჩაწერა, რომ მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაბარება და მღვდლობა უნდოდა. განგაში ატყდა, იმ დროს დოდო აბაშიძეს „ციმბირელ პაპაში“ იღებდნენ, კალინინგრადში იყო და იქ მისწერეს, შენს ბიჭს მიხედე, მღვდლობა უნდაო. დოდომ კალინინგრადიდან მოსწერა თავის ვაჟს, გადაწყვეტილება მოუწონა, დაჰპირდა, რომ არ დაუშლიდა, მაგრამ იქვე ურჩია, ჯერ სხვაგან ჩაებარებინა, მიეღო უმაღლესი განათლება და მღვდლობაზე მერე ეფიქრა. ხუმრობით დასძენდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ან ოთხი შვილი რომ მყოლოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ერთი მყავდეს და ისიც „ბლაღოჩინიო“?!
როგორც მსახიობის ერთადერთი ვაჟი, ზაზა აბაშიძე იხსენებს, დოდოს თურმე თავისი ფილმების უმრავლესობა ნანახი არ ჰქონდა: „გახმოვანების დროს რაღაც ნაწილს თუ ნახავდა, შემდეგ პრემიერაზე კიდევ რაღაც ნაწილს და სულ ეს იყო… თანაც ხან წავიდოდა პრემიერაზე, ხან არა, ხანდახან ისიც კი არ ახსოვდა, რომ იმ ფილმში ნათამაშევი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად თავისი მონაწილეობით ფილმებს არასოდეს უყურებდა. თითქოს რაღაცნაირი როხროხა ადამიანი იყო, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად მორიდებული, თავშეკავებული, რბილი, დამყოლი და დამჯერი პიროვნება გახლდათ, თუმცა თავისი თავის ფასი კარგად იცოდა. ესმოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ ამის აფიშირება არ უყვარდა. ბევრი რამ სწყინდა, მაგრამ გულში ჩახვევა და სამაგიეროს გადახდა არ იცოდა. მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მამას შვიდი პრიზი ჰქონდა მიღებული, თუმცა ეს ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცოდა“.
ბოლო ფილმი
„ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმი იყო... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ფილმი ეკრანზე არ უნახავს. როდესაც კინოს სახლში ფილმის ჩვენების დროს მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ მიენიჭა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ