2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი.
პოეტის ცხოვრებაში მუცოს ტრაგედიამ, მეუღლისა და შვილების დაკარგვამ უკვალოდ არ ჩაიარა. ამბობს, რომ არის მიზეზები, რაც აძლებინებს ამ ცხოვრებაში.
– ლეგენდების და მისტიკურ მხარეში ცხოვრობდი, ხევსურეთში…
– ხევსურეთში, სოფელ მუცოში დავიბადე და გავიზარდე. მაგ დროს ქალები ქოხში მშობიარობდნენ და მეც ასე დავბადებულვარ. მესამე დედმამიშვილი და პირველი ბიჭი. მამას მუცელში დაურქმევია სახელი, ბიჭი იქნება და გელას დავარქმევო. ხევსურულად მგელიკა მქვია. სკოლა ხევსურეთში დავამთავრე. ბარისახოს სკოლა-ინტერნატი ერქვა მაშინ, ახლა სკოლა-პანსიონი ჰქვია. მუცოდან 60 კილომეტრში იყო. იქ ვცხოვრობდით, ვსწავლობდით.
სკოლის პერიოდში ძიუდოზე დავდიოდი და საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი, მაგრამ 15 წლის ასაკში ხელი დავიზიანე და ვეღარ გავაგრძელე ვარჯიში. თბილისის კომაროვის მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ არ მიმიღეს. როგორც თქვეს, ადგილები გაყიდული იყო თურმე.
ჩვენ 11 დედმამიშვილი ვიყავით… ორი გარდაცვლილი გვყავს. ახლა ცხრა და-ძმა ვართ. 6 ძმა და 3 და.
გასართობად ნაკლებად გვეცალა. 100 სულამდე საქონელი გვყავდა და შრომა არ გვაკლდა ოჯახში… თუ თავისუფალი დრო გვრჩებოდა, ვთევზაობდი კალმახზე და ჯიხვზე ვნადირობდი.
– ვინ დატოვა მაშინ შენს ცხოვრებაში საგრძნობი კვალი?
– ძალიან ბევრი კარგი ლექტორი იყო… ჩემი აზრით, ფილოლოგები გამორჩეული გულის და აზროვნების ადამიანები არიან.
პოეზიაში გაბრიელ ჯაბუშანურმა მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. თან, როცა გავეცანი, უიმედოდ შეყვარებული ვიყავი და გაბრიელის პოეზიის განწყობაც დამემთხვა.
– შენი ცხოვრება, ვფიქრობ, პირობითად შეიძლება ორ პერიოდად დაიყოს – ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ… რა შეიცვალა შენში მას შემდეგ?
-უნივერსიტეტის დამთავრების მერე მთაში დავბრუნდი. ქართულის პედაგოგი არ ჰყავდა შატილის სკოლა-პანსიონს. 10 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე იქ.
რაც შეეხება ტრაგედიას: ვფიქრობ, აღარ ვარ ის, ვინც ვიყავი. სიცოცხლის ხალისი დავკარგე. თითქოს გაუთენებელი ღამე ჩამოდგა სულში. ყველაფერი მიხაროდა და მახალისებდა… იმედიანად ვუყურებდი ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩაკვდა ჩემში. ახლა თუ წავიღიღინებ ან თუ ლექსს წავიკითხავ, მეგობრების ხათრით და უხალისოდ. აი, ეს შეიცვალა ჩემში.– როგორ ცხოვრობს გელა დაიაური კარანტინის პირობებში? როგორ იმოქმედა იზოლაციამ შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– უმთავრესად, სახლში ვარ. ჯერჯერობით გადავურჩი პანდემიას. შემოქმედითობაზე არ უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით, ჩაკეტვამ.
ლექსის წერა არ არის პრაქტიკული საქმე ჩემთვის, როგორც, ვთქვათ, სახლის შენება. პოეტი მონადირეს მაგონებს, აფრინდება მუზა მწერი და უნდა მოასწრო მონადირება, თორემ მიფრინავს…
– „ჩემო ბულბულო“, – ლექსების ახალი, მესამე კრებული 2017 წელს, ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ დაიბეჭდა და ოჯახს მიეძღვნა…
– ბოლო წიგნი ოჯახს მივუძღვენი და ჩემთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა რედაქტირებაზე მუშაობა. მძიმე ლექსებია. ეს წიგნი არ მიყვარს და ამ თემებზე საუბარიც მიმძიმს…
– „სადღაც მელოდები, ვიცი, რომ შენი ლოცვის ძალა შენთან მომიყვანს“, – წერდი თეოს. რა არის ის ძალა, რომელიც ადამიანს აძლებინებს დიდი ტრაგედიის შემდეგ?
– გაძლების მიზეზებზე ხშირად მისაუბრია და გავიმეორებ: რწმენა, სიყვარული, მეგობრები და იმედი, რომ ოდესღაც ისევ შევხვდები იქ ჩემს ოჯახს!
– ამჟამად რას საქმიანობ?
-ამჟამად უმუშევარი ვარ, ერთი თვეა… ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში…
❗ასევე დაგაინტერესებთ: