ადამიანი არჩევანში თავისუფალია და ვისაც უნდა, იმას მისცემს ხმას. რომელი იდეაც მოსწონს, იმ იდეოლოგიისა და ღირებულებების მქადაგებელი იქნება. სწორედ, შეხედულებებიდან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევენ პარტიებს, რომლის ხელისუფლებაში მოყვანაც სურთ.
არსებობს ცნობილი ადამიანების ლატენტური ფუნქცია - მათ საზოგადოებაში დადებითი ან უარყოფითი იმიჯი აქვთ, შესაბამისად, მათ აზრს ხალხი ან ითვალისწინებს ან არა.
ეს ხერხი რომ კარგად მოქმედებს, პოლიტიკურმა პარტიებმა მშვენივრად იციან და სწორედ ამიტომ, ცდილობენ წინასაარჩევნო კამპანიებში ის ცნობილი ადამიანები ჩართონ, რომლებიც საზოგადოების სიყვარულით სარგებლობენ. პოლიტიკოსებმა იციან, რომ ელექტორატი მას გაჰყვება.
ამის კარგი მაგალითი იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენისას მიწვეული სტუმრების სია, სადაც უმრავლესობა მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ.
მივყვეთ ამავე პოლიტიკური პარტიის მომხრეების სიას. დღეს ქართული შოუ-ბიზნესის დიდი ნაწილი ამ პარტიას უჭერს მხარს.
მომღერალი სალომე ბაკურაძე ხშირად არის ყურადღების ცენტრში, რადგან „ქართული ოცნების“ კამპანიებს ყოველთვის ესწრება. ის საჯაროდაც არ იკავებს თავს აზრის დაფიქსირებისგან და ამბობს, რომ ეს პარტია ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივაა.
ამავე რიგებს იკავებენ მომღერალი ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“, ტელეწამყავნი სალომე გოგიაშვილი და იუმორისტი ბაბი კირკიტაძე. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში ტელეეკრანზე ხშირად ჩანს და მაყურებლის დიდ სიმპათიასაც იმსახურებს.
„ოცნების“ მხარდამჭერი და ამავე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის სოზარ ზუბარის მეგობარია დიზაინერი მაკა ასათიანი. ისინი ერთად შეხვდნენ სამგორში მოსახლეობას და წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.
აგრეთვე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე. მან პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისმა მიდევრებმა დადებითად შეაფასეს.
ახლა რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რეპერი ალექსანდრე (ლექსო) ქავთარაძე იგივე ლექს-სენი და მერაბ სეფაშვილი.
ნინა წკრიალაშვილზე თითქმის, ყველამ იცოდა, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო და 2012 წელს მედიასთან ამბობდა, რომ დავით ბაქრაძეს აძლევდა ხმას. ახლა ის საზოგადოების ყურადღებას ნაკლებად იქცევს და დიდი ხანია ტელეეკრანზე არ გამოჩენილა.