Digest Logo

რაზე ოცნებობდა ბავშვობაში, როდის ტირის და შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა - ბლიცინტერვიუ შოთო სიხარულიძესთან

1683891900
შოთო სიხარულიძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ემიგრანტების იმედი - შოთო სიხარულიძე👇

➡️რით ხარ ცნობილი? - ბევრი რამით. 2007 წლიდან ემიგრანტებისთვის გასართობი სახის ვიდეოებს, ტელევიზიებში გასულ გადაცემებს (ცეკვავენ ვარსკვლავები, პროფილი, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ) და სერიალებს ვტვირთავდი. მაშინ არ იყო ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი და „მაივიდეო.ჯი“ იყო ფასიანი. „ატვირთა შოთო სიხარულიძემ“ - ამ ლოგოთი მცნობდა ყველა. ამის შემდეგ საზოგადოების წინაშე გამოვჩნდი ეკრანებიდან და სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ ბოლოს უკვე ყველა მეუბნება ტიკტოკებითაც გცნობთო, ტიკტოკერი შოთო სიხარულიძე.

➡️ბავშვობის ოცნება რა იყო? - გავფრენილიყავი კოსმოსში. ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა იქ. ძირითადად მქონდა ოცნება, რომ მენახა როგორ ეკიდა ვარსკვლავები ცაზე და რა ამაგრებდა მათ. ასეთი უცნაური ოცნება მქონდა ბავშვობაში.

➡️ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ? - ჩემო ტკბილო ფორთოხალო.

➡️ფრაზა/კითხვა, რომელიც გაღიზიანებთ? - ემიგრანტები ფულს გიგზავნიან?

➡️რა არის სიყვარული? - ეს არის ლამაზი გრძნობა, რომელსაც აერთიანებს 2 ადამიანის სული. ამ სიყვარულის შემდეგ ხდება სასწაული რაღაცები. სიყვარული არამიწიერ სამყაროში გადაგიყვანს. 

➡️მეგობრობა რა არის? - ეს სიტყვა სხვადასხვანაირად ესმით ახლანდელ თაობას. როდესაც ადამიანს მეგობარს უწოდებ, უნდა მოიქცე შესაბამისად. ვთვლი, რომ სიტყვა - მეგობრობა 21-ე საუკუნეში სამწუხაროდ, გაუფასურებულია. ჩემთვის მეგობარი ძალიან ძვირფასია, ოჯახის წევრივითაა და მათთვის 24/7-ზე ვარ. 

➡️თავისუფლება რა არის? - პირადად ჩემთვის მთაში ყოფნაა. როდესაც ვარ 2500 მეტრზე მაღლა, მაგალითად ბახმაროში, აი, მაშინ ვგრძნობ თავს თავისუფლად.  ბევრს უკითხავს, სად ხარ თავისუფალი?  თავისუფლად ვარ მხოლოდ და მხოლოდ მთაში.➡️თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - ხასიათი მაქვს ძალიან ჯიუტი და ეს ძალიან ბევრს უყვარს ჩემში. მეგობრები მეუბნებიან, რომ არა შენი სიჯიუტე და სიფიცხე, ალბათ ასე არ გვეყვარებოდიო. 

➡️სენტიმენტალური თუ ხართ? - ვარ ნამდვილად. დღეში შეიძლება 2-3- ჯერ ვიტირო, თუ ცუდ ამბავს გავიგებ. ეს შეიძლება ეხებოდეს მეგობრებს.  მაგალითად, როდესაც იგებ, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები ერთმანეთს დაშორდნენ. ბოლოს ზუსტად მაგაზე ვიტირე, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ორი მეგობარი ერთმანეთს დაშორდა.

➡️იუმორის გარეშე ცხოვრება როგორი წარმოგიდგენიათ? -  ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იუმორის გარეშე. ჩემთვის ეს არის სიცოცხლის მახანგრძლივებელი ძალა,  იმიტომ, რომ ხშირად შაბათ-კვირას მეგობრები ვიკრიბებით და ყოველთვის სხვადასხვა თემებზე, ჩვენს თავს გადამხდარი შემთხვევებით და ანეკდოტებით ერთმანეთს ვახალისებთ. 

➡️რისთვის ღირს ცხოვრება? - 17 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი გამიბედნიერებია და ალბათ, ამისთვის ღირდა ცხოვრება. როდესაც ადამიანებს რთულ დროს ვჭირდებით და სიცოცხლისთვის იბრძვიან, ამ დროს დახმარების ხელს რომ გაუწოდებ, მგონია, რომ ამისთვის ღირს ცხოვრება. 

➡️თვისება რომელიც ადამიანში აღგაფრთოვანებთ? - მიყვარს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დგანან მოწოდების სიმაღლეზე და გააჩნიათ საკუთარი აზრი. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც მუდმივად სხვის აზრზე დადიან, თუნდაც მეგობრის. სწორედ ეს თვისებები აღმაფრთოვანებს ადამიანში. ეს ძალიან დიდი ნიჭია.

➡️შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეგცვალათ? - 2017 წლის 8 მარტი, როდესაც ჩემი გვერდები ვიღაცამ განზრახ გამინადგურა და დღესაც ძალიან მტკივნეულად ვიხსენებ ამ ფაქტს. ყველაფერი გაანადგურა, რაც კომპიუტერში მქონდა, პირადი ფეისბუკ გვერდიც გამიუქმა, სადაც უამრავი ფოტო-ვიდეო მქონდა ემიგრანტებისთვის. ამან ძალიან შემცვალა, რადგან იმ მომენტში მეგონა დასრულდა ჩემი ცხოვრება და შემდეგ ახლიდან დავიბადე. დღესაც ვერ გავარკვიე ვინ და რატომ გააკეთა.

➡️თქვენ შესახებ ჭორი თუ გაგიგიათ? - ქართველმა ემიგრანტებმა შოთო სიხარულიძეს ბინა და მანქანა უყიდეს. ეს ინფორმაცია სხვადასხვა პორტალებზეც იდო.  კიდევ გამიგია ჭორი, რომ შოთო დაცვით დადის თბილისშიო. არა და არასდროს დამჭირვებია დაცვა, არც მსგავსი რაღაცები. ჭორაობდნენ იმასაც, რომ ემიგრანტებმა ვალი აიღეს და შოთოს დიდძალი თანხა ჩაურიცხესო. ყოველთვის ვღიზიანდებით ამ ჭორებზე მეც და ჩემი ოჯახიც.

➡️ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით? - როდის დაბრუნდებიან ქართველი ემიგრანტები საქართველოში? 

➡️ერთი სურვილი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით? - ყველა ქართველი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამ უსახელო გმირებზე დგას დღეს საქართველო.

➡️წინა რესპონდენტმა მსახიობმა ლიკა შუკაკიძემ ასეთი შეკითხვა დაგიტოვათ: რა გაბედნიერებთ? - ფორთოხლის წვენი.

➡️თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს მომდევნო სტუმარს? - საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მეზობლის ბავშვმა კამათის დროს მითხრა - შენ აყვანილი ხარო - ამ ფაქტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - ბლიცინტერვიუ მანანა თოდაძესთან

🔵„თამთა თამამი გოგოა და ძალიან თავდაჯერებული, ზუსტად იცის რაც უნდა ცხოვრებაში, მე ასეთი თამამი არ ვარ “- ბლიცინტერვიუ ლიკა შუკაკიძესთან

🔘ყველაზე დიდი შეცდომა,სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა -  ბლიცინტერვიუ დევი ბიბილეიშვილთან