„გრიპის სეზონი გახანგრძლივებულია და ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეშიც ფიქსირდება“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კლინიკებში მიმართვიანობა ისევ მაღალია.
მისი თქმით, ახლა ცირკულირებს როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი.
„ნამდვილად განსხვავებული წელია, თუ შევადარებთ პრეპანდემიურ პერიოდს, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები იმ რაოდენობით დაფიქსირებული არასდროს ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. ერთეული შეიძლება, მაგრამ თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას გადავხედავთ, ბოლო კვირების მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი 14-16-18%-ია. არა 1 და 2 %, არამედ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია.
როცა სეზონზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, ამ შემთხვევების ნოემბერში დაწყება და მარტის ბოლომდე, მაქსიმუმ აპრილამდე აქტიურობის პერიოდი. ახლა მაისშიც, რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით კლინიკებში მომართვიანობა მაღალია. მომართვიანობის უკან უჩვეულო ვირუსები დგას, არა რინოვირუსი (გაციების გამომწვევი ვირუსი), რომელიც ახლა ყველაზე მეტია, გრიპის ვირუსის არსებობა უჩვეულოა. რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია, ის შეზღუდვები, რომელმაც გრიპით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. მოსახლეობის ძალიან დიდი ფენა გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გარეშე დარჩა, ეს ბავშვებსაც ეხებათ. ამან გრიპის სეზონის გარკვეული გახანგრძლივება გამოიწვია. იმედი გვაქვს, 2025 წლიდან შესაძლებელია ეს სტატისტიკა და დინამიკა სტანდარტულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, როდესაც ივნისში გრიპის შემთხვევებზე არ ვილაპარაკებთ.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებითაც გარკვეული თავისებურება გვაქვს. ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის ვირუსი იყო, მარტ-აპრილში, მაისის დასაწყისში მხოლოდ B ტიპის ვირუსი პრევალირებდა, A ტიპის ვირუსი კი საერთოდ არ იყო. ახლა როგორც A ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება. ასე რომ, გრიპის ვირუსების მხრიდანაც უჩვეულო დინამიკაა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი მუდამ სავსე იყო, პაციენტების დაწოლა სხვა დეპარტამენტებში გვიწევდა. სამწუხაროდ, ახლაც იგივე მდგომარეობაა. რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი 25 საწოლზეა, ახლა მთელ საავადმყოფოში რესპირაციული ვირუსული ინფექციით სადღაც 40-ზე მეტი პაციენტი გვიწევს. მომართვიანობა ივნისის თვისთვის შეუფერებელია და მაღალი რჩება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბუდუსთან ერთად, ახალ სახლში“ - რა კადრებს აქვეყნებს ეროვნული ნაკრები
🎥 ნუცა თოფურიას შესრულებამ „აფხაზური“ დიდი მოწონება დაიმსახურა - „დავტკბი მოსმენით, გაიხარე“