Digest Logo

„კოვიდი გადავიტანე, პირველად დამემართა... გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ დღეს შევძელი“ - რას წერს ნიკა გვარამია

1676565043
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია Digest.ge

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ციხის საკნიდან წერილს ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გვარამია მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობის დაარსებისთვის თავის მეგობრებს მადლობას უხდის.

„კოვიდი გადავიტანე, პირველად დამემართა. მარტივად ჩაიარა. მადლობა აცრას.

გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ დღეს შევძელი და რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო:
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ ადამიანს. ხელოვნება, თუ ჩარჩოდან არ გამოდის, მხოლოდ ხელოსნობაა. წარმატებები სანდრო სულაბერიძეს!

გელათი ინგრევა. წერტილი. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილმა დატესტოს ეროვნული სენტიმენტები როგორ მუშაობს. ბოლოს და ბოლოს, მოხსნიან და „ხალხის ძალის“ ლიდერად დანიშნავენ. გელათს რა მოუვა, ნამდვილად არ ადარდებს.

სააკაშვილის საკითხზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშას არა უბრალოდ კლავენ, არამედ იმიტომ კლავენ, რომ ევროპამ სამუდამოდ დაგვიხუროს კარები. ივანიშვილის ამოცანა არის ევროპის უარი და მიშას მუდმივად ამ მდგომარეობაში ამყოფებს, „ფორმულასაც“ დემონსტრაციულად წაიღებს და ყველაფერს იმგვარს კიდევ ჩაიდენს, რაც ამ მიზნის უტყუარად მიღწევისთვის სჭირდება. ცხადია, აგენტებზე კანონსაც მიიღებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რამეს ვერ იკადრებენ. იკადრებენ!

და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს რა? სად? როდის? კლუბიდან და მედიიდან გვერდში დგომისთვის მიხარია თქვენი თანადგომა! არ შემიძლია, წარმატება არ გისურვოთ თქვენს წამოწყებაში. მადლობა დღევანდელი ეთერისთვის საქართველოს დემოკრატიის ბოლო ბასტიონს - კრიტიკულ მედიას! მინდა მივმართო ფორმულელებს: საფრთხე უკიდურესად რეალურია, მაგრამ თუ სასოწარკვეთას მიეცემით, მხოლოდ მაშინ მიაღწევს ივანიშვილი საწადელს. საფრთხეს უპასუხეთ თქვენი მობილიზაციით, მოულოდნელი გადაწყვეტილებებითა და თავხედური გამბედაობით! ეს არის ფორმულა!

მთავარარხელებო! ძალიან მომენატრეთ და ძალიან მეამაყებით! დიდი გაჭირვება გვიდგას და ასეთ დროს ჩვენი შიდა ერთიანობაც მნიშვნელოვანია და ჩვენი კოლეგების - ტვ პირველის, ფორმულას და კავკასიის გვერდში დგომაც! დღეს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც ჩვენს ერთიანობაზე და გვერდში დგომაზე აღმატებულია“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 16 თებერვალს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნდა. მოძრაობის წევრები ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.