სპეციალისტებს მარტის შუა რიცხვებიდან ინფექციის გავრცელების დასტაბილურების იმედი აქვთ. თუმცა, ისინი პარალელურად იმ მექანიზმებზე საუბრობენ, რომელიც ინფექციის გავრცელების შემაკავებლად უნდა იქნეს გამოყენებული.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე იმ მონაცემებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც უკვე შეიძლება თქვას, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დინამიკა დასტაბილურდა და ის უკვე დადებით მაჩვენებელს იძლევა.
„მაშინ, როდესაც ჩვენი დასნებოვნების მონაცემები არ ასცდება 7-10 ათასის ფარგლებს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია. ჩვენ ამას ველოდებით, დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებისთვის.
აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება არის ყველგან და გამომდინარე აქედან, რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი არ შეიცვლება,“ - ამბობს დევი ტაბიძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე იმედოვნებს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი კლებისკენ წავა და გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გაიზრდება.
„თანდათანობით შემცირდება ეს ტალღა, რომელმაც იცით, რომ საოცარ რიცხვებს მიაღწია, ყველაფერი კლებისკენ წავა, დაიკლებს პაციენტების რაოდენობაც და გაიზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი. ამის იმედი მაქვს“, - ამბობ ლევან გოფოძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
წყარო: rustavi2.ge