Digest Logo

საქართველოში ლეფტოსპიროზი გავრცელდა - რა ახასიათებს ინფექციას და როგორ ამოვიცნოთ ის? - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

1688637305
კორონავირუსი

საქართველოში  ბაქტერიული ინფექცია ლეფტოსპიროზი გავრცელდა. დაავადებით ინფიცირებულია 3 ადამიანი. 

რა არის ლეფტოსპიროზი?

ლეპტოსპიროზი საკმაოდ სახიფათო ზოონოზური დაავადებაა. მას იწვევს ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია ლეპტოსპირა. ის შეიძლება შეგვხვდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყველაზე ხშირია ზაფხულში. ამ დროს განსაკუთრებით საშიშია ღია წყალსატევები, რომელსაც ადვილად აბინძურებს შინაური და გარეული ცხოველი. ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ცხოველის შარდის ან ბიოლოგიურ სითხეებთან (ნერწყვის ჩათვლით) უშუალო კონტაქტის დროს. ლეპტოსპირა შეიჭრება ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან და დაზიანებული კანიდან.

ლეპტოსპიროზის შემთხვევები საქართველოშიც დადასტურდა, რა ახასიათებს ინფექციას და როგორ ამოვიცნოთ ის? ამ დაავადების შესახებ დილა მშვიდობისა საქართველოს ეთერში სტუმრობისას ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

ინფექციონისტის თქმით, ეს დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია აჭარასა და გურიაში.

„ლეპტოსპიროზი არის ბაქტერიული ინფექცია და მას ახასიათებს საკმაოდ ფართო გავრცელება მთელ მსოფლიოში. ძირითადად ვრცელდება ზაფხულის და ადრეული შემოდგომის პერიოდში, წვიმების სეზონზე. სიმპტომები არის საკმაოდ  მრავალფეროვანი და შეიძლება, ასევე, იყოს უსიმპტომო მიმდინარეობაც. თუმცა ყველაზე მეტად ყურადღება გასაფრთხილებელია მძიმედ მიმდინარე ლეპტოსპიროზი, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მძიმე მიმდინარეობის ლეპტოსპიროზი, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. საბედნიეროდ მძიმე მიმდინარეობის ლეპტოსპიროზი არ არის ხშირი და დაახლოებით 5-10%-ში გვხვდება.

პირველ რიგში, ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება. ძირითადად,  გადამდები არიან ცხოველები, როგორც შინაური, ასევე, გარეული, მაგრამ განსაკუთრებით მღრღნელები. მღრღნელების შარდის ან ნერწყვის შედეგად დაინფიცირებულ წყალს ან ნიადაგს, ნივთს შევეხებით და ეს მოხდება ჩვენს ლორწოვანზე, შეიძლება ეს დაავადება დაგემართოთ.

აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ცხოველების მოფერების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. ასევე, თუ მოგვიწია ბანაობა ტბაზე [სჯობს თავი შევიკავოთ], აუცილებლად წყალი უნდა გადავივლოთ. საკვები არასდროს გაურეცხავი არ უნდა მივიღოთ“, - აცხადებს ინფექციონისტი.

ინფექციონისტმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ თუ რა სიმპტომები ახასიათებს მსუბუქად და მძიმედ მიმდინარე ლეპტოსპიროზს.

გოგინავას თქმით, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰიგიენის ნორმებს.

„რაც შეხება სიმპტომებს, შეიძლება იყოს უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობის.

მსუბუქი მიმდინარეობისას ახასიათებს:

🔴 ცხელება

🔴 თავის ტკივილი

🔴 წელის ტკივილი

🔴 ოფლიანობა

🔴 პირღებინება

🔴 ქვედა კიდურის კუნთების ტკივილი - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია

მძიმე მიმდინარეობისას ახასიათებს:

🔴 თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

🔴 ახასიათებს სიყვითლე - კანს აქვს ლიმონის ქერქის ფერი

🔴 გამონაყარი

🔴 სისხლჩაქცევები

🔴 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიენება

🔴 ცენტრალური სისტემის დაზიანება

წყლით, რომელიც მოგვეწოდება პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ ლეპტოსპიროზით დავინფიცირდეთ. ეს უფრო მეტად ეხება: დამდგარ წყალს, წყალსაცავებს და ტბას, სადაც არის მაღალი რისკი, მღრღნელების ან სხვა ინფიცირებული ცხოველებისგან გავრცელდეს ეს დაავადება. ჰიგიენური ნორმების დაცვა, აგვაცილებს ამ დაავადებას. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში“, - დასძენს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.