Digest Logo

10 ნოემბერი: ძველი სცენარების გადაფასება და ახალი შესაძლებლობების მიღება - ასტროლოგიური პროგნოზი

1794292019
ასტრობლოგ ასტრობლოგ

მორიელის ახალმთვარეობის ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგია ჯერ კიდევ აქტიურია. ახალი მთვარის ციკლის დაწყება არ ნიშნავს, რომ ძველი გამოწვევები ავტომატურად ქრება. პირიქით, შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს წარსულთან დაკავშირებული საკითხები, ძველი კონფლიქტები და განმეორებადი ქცევითი მოდელები.

ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, სად ვაგრძელებთ უკვე მოძველებული სტრატეგიებით მოქმედებას და სად არის საჭირო განსხვავებული არჩევანის გაკეთება.

დღის პირველ ნახევარში მთვარე ჯერ კიდევ მორიელშია, მისთვის დაცემის ნიშანში, რაც ემოციურ ფონს ამძიმებს.

შესაძლოა, გაძლიერდეს მგრძნობელობა, ეჭვიანობა, უნდობლობა, კონტროლისა და საკუთარი ნების დამკვიდრების სურვილი. 12:35 საათამდე მთვარე უკურსო ფაზაშია, ამიტომ უმჯობესია, თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივების დაწყებისა და გადაწყვეტილებების მიღებისგან. დილის ასტროლოგიურ სურათს კიდევ უფრო ამძაფრებს კარმულ ღერძზე აგებული T-კვადრატი, რომლის მწვერვალზეც მთვარეა, ხოლო სამხრეთ კვანძზე იუპიტერისა და მარსის გავლენა წარსულის გამოცდილებასა და გადაუჭრელ საკითხებს კვლავ აქტუალურს ხდის.

შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ძველი გადაწყვეტილებების შედეგებს შეგვახსენებს. მთავარი გამოცდა იქნება - გავიმეორებთ ნაცნობ სცენარს, თუ შევძლებთ რეაგირების ახალი ფორმის არჩევას.

შუადღის შემდეგ, მთვარის მშვილდოსანში გადასვლასთან ერთად, ენერგეტიკული ფონი იცვლება. ძლიერდება თავისუფლების, მოძრაობის, ურთიერთობებისა და ახალი გამოცდილების მიღების სურვილი. თუმცა მთვარის ოპოზიცია რეტროგრადულ ურანთან მოულოდნელ ცვლილებებს, არაპროგნოზირებად მოვლენებსა და გეგმების უეცარ გადამოწმებას განაპირობებს. შესაძლოა, შეიცვალოს შეთანხმებები, გადაიდოს შეხვედრები ან მოულოდნელმა ინფორმაციამ არსებული ვითარება სრულიად განსხვავებული კუთხით დაგვანახოს.

ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციას: მშვილდოსნის გულწრფელობა ურანის დაძაბული გავლენით შესაძლოა ზედმეტად მკვეთრ ფორმაში გამოვლინდეს. ამიტომ ნუ იჩქარებთ იმპულსური განცხადებების გაკეთებას და გადაწყვეტილებების მიღებას. საღამოსკენ მთვარის ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ სატურნთან შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგვეხმარება. ეს ხელსაყრელი დროა სიტუაციების რეალისტურად შესაფასებლად, გეგმების დასაზუსტებლად და იმის გასარჩევად, რომელი ცვლილებაა ნამდვილად მომწიფებული და რომელი მხოლოდ თავისუფლების წამიერი იმპულსით არის ნაკარნახევი.

ამასთან, 10 ნოემბერი მთვარის მეორე დღის დასაწყისსაც აღნიშნავს, რომლის სიმბოლოა ბარაქის რქა. მისი მთავარი პრინციპია: ადამიანი იღებს იმას, რისი მიღებისთვისაც შინაგანად მზად არის. თუ ახალმთვარეობა განახლებისა და განზრახვის ჩამოყალიბების მომენტია, მეორე მთვარის დღე ამ განზრახვის გაცნობიერებულ მიღებასა და განმტკიცებას უკავშირდება, ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა შემოგაქვთ საკუთარ ცხოვრებაში - ვისთან ურთიერთობთ, რა ინფორმაციას იღებთ, რა ემოციებსა და აზრებს უთმობთ ადგილს.

ეს ყველაფერი ქმნის იმ შინაგან საფუძველს, რომელზედაც მომდევნო მთვარის თვის მოვლენები და გამოცდილებები შეიძლება აიგოს. დააკვირდით საკუთარ რეაქციებს: რა გიბიძგებთ განვითარებისკენ, რა განიჭებთ სიმსუბუქესა და ინტერესს და რა იწვევს შინაგან წინააღმდეგობას. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს მიიღოთ ის, რაც თქვენს შინაგან მდგომარეობას ეწინააღმდეგება.

სასარგებლოა კეთილშობილებისა და სიკეთის გამოვლენა - არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ემოციურად და სულიერადაც. მაგალითად, კარგია დაეხმაროთ გაჭირვებულებს, გასცეთ მოწყალება, შესწიროთ არასასურველი ნივთები, აჩუქოთ საჩუქრები და გამოავლინოთ მზრუნველობა, სითბო და სინაზე. ყველაფერი, რისი გაცემაც დღეს შეგიძლიათ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

ასევე, მეორე მთვარის დღეს, თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, დაგეგმოთ მთელი თვის ჯანსაღი კვების რაციონი და ამით იზრუნოთ საკუთარ თავზე.

დღის მთავარი ამოცანა გაცნობიერებული არჩევანია - განვსაზღვროთ, რა გვინდა შემოვუშვათ ჩვენს ცხოვრებაში და რისთვის ვართ მზად შინაგანად. 10 ნოემბრის ენერგეტიკული დინამიკა გვთავაზობს განსხვავებულ ფონს: დილა წარსულის შედეგებთან გვაბრუნებს, შუადღე მოულოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას გვასწავლის, საღამო კი მიღებული გამოცდილების გააზრებისა და პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს. ნუ შეეცდებით ძველის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას, მაგრამ არც პირველივე იმპულსით დაანგრიოთ ის, რასაც აქამდე მყარად მიიჩნევდით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მავნე ჩვევების მოშორება, განქორწინება, დასვენება...“ - 10 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „სცენაზე როგორ ავედი ისიც არ მახსოვს...“ - ვინ არის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი?

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 9-15 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებული წარმატება ელოდება - „ ახალი შანსების გამოყენებას არ მოერიდოთ“

✕