12 აგვისტოს ცაზე უჩვეულო და იშვიათი ასტრონომიული თუ ასტროლოგიური მოვლენების კონცენტრაცია იქმნება. ეს დღე უბრალო ახალმთვარეობა ან რიგითი დაბნელება არ არის - ერთდროულად რამდენიმე მძლავრი კოსმიური პროცესის გადაკვეთა ახალი, 18-თვიანი კარმული ციკლის გამოვლენას მოასწავებს.
12 აგვისტო - გრანდიოზული კოსმოსური კულმინაცია: მზის დაბნელება, პერსეიდები და ახალი კარმული ციკლის დასაწყისი
12 აგვისტოს ჩვენ გველოდება გრანდიოზული მზის დაბნელება. სხვაგვარად ამ მოვლენას ნამდვილად რთულია უწოდო, რადგან ამ დღეს ცაზე უჩვეულო მოვლენების კონცენტრაცია იქმნება და შეუძლებელია, ის აღვიქვათ როგორც რიგითი ახალმთვარეობა ან თუნდაც ჩვეულებრივი მზის დაბნელება.
ჩვენ მივუახლოვდით ძალიან ძლიერი პერიოდის კულმინაციურ წერტილს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე კოსმიური მოვლენა გააქტიურდება, რაც ჩვენს გარშემო მიმდინარე ცვლილებების პროცესებს მკვეთრად დააჩქარებს.
მზის დაბნელების პიკი თბილისის დროით 21:37-ზე იქნება, ანუ დაბნელება 12 აგვისტოს საღამოს მოხდება. ამასთანავე, საკუთარ პიკს აღწევს აგვისტოს ცნობილი მეტეორული ნაკადი - პერსეიდები, რომლებიც ღამის ცაზე ფაქტობრივად ცეცხლოვანი მეტეორების კვალს მიმოფანტავენ. ამ მოვლენას „მეტეორების წვიმას“ ან „ვარსკვლავთცვენას“ ეძახიან. პერსეიდების მეტეორული ნაკადი არის კოსმოსური ნაწილაკების „წვიმა“, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას იწვის და ცაზე ულამაზეს მანათობელ კვალს ტოვებს. ეს მოვლენა ყოველწლიურად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, ხოლო მისი მთავარი აქტიურობის პიკი 12-13 აგვისტოს ღამეს ფიქსირდება. ასევე, 12 და 13 აგვისტოს დილის ცაზე შესაძლებელი იქნება ერთდროულად ექვსი პლანეტის დიდი აღლუმის დანახვა: იუპიტერის, მერკურის, მარსის, ურანის, სატურნისა და ნეპტუნის. გარდა ამისა, სწორედ 12 აგვისტოს სრულდება პლანეტარული ახალი წლის პერიოდი - ე.წ. ლომის ვარსკვლავური კარიბჭის პორტალი, რომელიც 26 ივლისს გაიხსნა. ამრიგად, რამდენიმე მძლავრი და ლამაზი კოსმოსური მოვლენა სწორედ 12 აგვისტოს ერთ წერტილში იყრის თავს. ეს ნიშნავს, რომ თავად სამყარო 12 აგვისტოს უზარმაზარ ძახილის ნიშანს სვამს: „ახლა რაღაც მნიშვნელოვანი იწყება. გვერდით ნუ ჩაუვლით!“ და მაინც, რა იწყება ჩვენთვის?
12 აგვისტოს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რაც ყოველთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარმული მნიშვნელობის მქონე პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ახალი კარმული პროგრამის საფუძვლის ფორმირება, რომლის შედეგებსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვიგრძნობთ, როგორც პირად, ისე გლობალურ დონეზე. დაბნელებების დერეფანს ყოველთვის მოაქვს ცხოვრების მიმართულების კორექტირება და კარმული გადაპროგრამება - იმის მიუხედავად, აცნობიერებს ამას ადამიანი თუ არა.
ბევრი პროცესი ქვეცნობიერის დონეზე მიმდინარეობს და მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდება ჩვენს ცხოვრებაში. ცნობიერი ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ეს ენერგია კონსტრუქციულად მართოს, დაბნელებების დერეფანი და, კერძოდ, ეს მზის დაბნელება შეიძლება იქცეს ნამდვილ სწრაფმავალ პორტალად სურვილებისა და განზრახვების ასრულებისა და რეალიზაციის გზაზე. როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი ძლიერი კოსმოსური ენერგეტიკის ნეგატიური გამოვლინებები? უმჯობესია, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ დაბნელება გრძელდება - დაახლოებით 19:30-დან 24:00 საათამდე - ეცადოთ, იმყოფებოდეთ შენობაში და მჭიდროდ ჩამოაფაროთ ფარდები. 12 აგვისტოს დაბნელება ლომის ნიშანში მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იქნება ახალი კარმული ციკლის პირველი დაბნელება მას შემდეგ, რაც მთვარის კვანძები ახალ ღერძზე გადავიდნენ. ამიტომ ეს დაბნელება სრულიად ახალ ციკლს და სრულიად ახალ კარმულ ამოცანებს გვისახავს მომდევნო 18 თვის განმავლობაში. ეს დაბნელება ახალ კარმულ ამოცანებს ძალიან ძლიერ იმპულსს აძლევს. 12 აგვისტოს მზის დაბნელება არის პირველი მასშტაბური წერტილი, საიდანაც ახალი ციკლი საკუთარ არსებობას უკვე არა თეორიულად, არამედ მოვლენების დონეზე გვამცნობს.
სიმბოლურია, რომ იმ საღამოს, როდესაც დედამიწაზე მზის დაბნელება დგება, აგვისტოს ცას ფაქტობრივად კვეთენ პერსეიდები. ისინი არიან ის ვარსკვლავური მოგზაურები, რომლებსაც ადამიანები უძველესი დროიდან აღიქვამდნენ ცვლილებების მაცნეებად, ცის ნიშნებად, თითქოს მათ ჩვეულებრივ, ნაცნობ წესრიგში რაღაც ახალი და არაპროგნოზირებადი შემოაქვთ.
ჩვეული მატრიცა გარედან იღებს ძლიერ იმპულსს, რის შემდეგაც ძველი პროცესები უკვე ვეღარ გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც ადრე. დაბნელება სამხრეთ კარმულ კვანძზე ხდება, რომელიც ფაქტობრივად მოგვიწოდებს, გავთავისუფლდეთ ძველისგან და ადგილი გავათავისუფლოთ ახალი პროგრამებისთვის.
სამხრეთი კვანძი, რომელთან შეერთებითაც ეს დაბნელება ხდება, სწორედ წარსულ კარმას განასახიერებს. ხოლო ჩრდილოეთი კვანძი ამ დაბნელების დროს მერწყულის ნიშანში იმყოფება. ჩრდილოეთი კვანძის მდებარეობა გვიჩვენებს განვითარების მიმართულებას და ჩვენს პერსპექტივას.
ამრიგად, ერთი მხრივ, აქტიურდება ლომის პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია, მოძველებული შინაარსისგან გავწმინდოთ, მაგრამ ამავდროულად აქტიურდება მერწყულის პროგრამებიც. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ინდივიდუალობა, განვავითაროთ ნიჭი, გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, ბრწყინვალება და საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვის უნარი. მაგრამ, მეორე მხრივ, მერწყულის აღმავალი კვანძი გვთავაზობს, რომ ჩვენი ინდივიდუალობა უფრო ფართო მასშტაბით გამოვიყენოთ - გავერთიანდეთ სხვა ადამიანებთან, შევქმნათ საზოგადოებები და თანამოაზრეთა ჯგუფები, ვითანამშრომლოთ, გავცვალოთ იდეები, განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები და ურთიერთქმედების ახალი ფორმები.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ მომავლის უდიდესი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია მხოლოდ ერთი ადამიანის ძალებით.
თუ ლომი გვეუბნება: „შეხედეთ, როგორი ვარ მე!“,
მერწყული გვეკითხება: „და რისი შექმნა შეგვიძლია ერთად?“ თუ ლომი ცდილობს, აღიარება პირადად საკუთარი თავისთვის მოიპოვოს, მერწყული გვთავაზობს, ჩვენი ნიჭი რაიმე საერთო, ერთობლივ საქმეს მოვახმაროთ.
ამიტომ, 12 აგვისტოს დაბნელება გვაძლევს ჩვენი აზროვნებისა და თვითშეგნების გარდაქმნის პროგრამას - ლომისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობიდან ჩვენი შესაძლებლობების გუნდში და საზოგადოებაში უფრო ეფექტურად ინტეგრირებისკენ.
მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თანდათან მოგვიწევს უარი ვთქვათ ეგოცენტრიზმზე, ეგოისტურ სურვილებზე და უპირატესობა მივანიჭოთ თანამშრომლობას, გუნდურობასა და საერთო მიზნების მიღწევას.
დგება დრო, როდესაც წარმატება უფრო ხშირად მოვა მათთან, ვისაც გუნდში მუშაობა შეუძლია, ვინც პატივს სცემს სხვა ადამიანების ინტერესებს და მზად არის, საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენოს საზოგადოების სასიკეთოდ.
სწორედ ასეთ ადამიანებს დაუჭერს მხარს სამყარო განსაკუთრებით ძლიერად მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და დაეხმარება მათ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და წინსვლაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ ამ გადასვლის არსი.
სამყარო არ გვთავაზობს უარი ვთქვათ ნიჭის ბრწყინვალებაზე ან ლიდერულ თვისებებზე. პირიქით - ის მოგვიწოდებს, ისინი სრულად გამოვავლინოთ, მაგრამ შევცვალოთ მოტივაცია. ახალი ეპოქა აღარ დაგვისვამს კითხვას: „რამდენად ცნობილი, გავლენიანი ან წარმატებული ხარ?“
ის გვეკითხება: „რა სარგებელი მოაქვს შენს ნიჭს ადამიანებისთვის?“ გლობალურ, მსოფლიო მასშტაბზე ეს დაბნელება, დიდი ალბათობით, ავტორიტეტების სერიოზული გადახედვის ერთგვარი საწყისი წერტილიც გახდება.
ზოგიერთმა ფიგურამ შესაძლოა, გავლენის დაკარგვა დაიწყოს. ამავდროულად შეიძლება გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, ახალი იდეები და ორგანიზაციის ახალი ფორმები, რომლებიც თავდაპირველად უჩვეულოდ აღიქმება, მაგრამ ბევრად უკეთ შეესაბამება მერწყულისა და ლომის ახალი ღერძის გამოწვევებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენენ არა უბრალოდ ქარიზმატული ადამიანები, არამედ ისინი, ვისაც შეუძლია ნიჭი პასუხისმგებლობას შეუთავსოს, შექმნას გუნდი, ერთობლივი პროექტები და თანამოაზრეთა საზოგადოებები, შექმნას თანამშრომლობის ახალი ფორმები.
ანუ მთლიანად მსოფლიო თანდათან დაიწყებს პიროვნების კულტიდან შემოქმედების კულტურისკენ გადასვლას - იქ, სადაც ერთი ადამიანის ძალა მრავალჯერ იზრდება მაშინ, როდესაც ის დიდი, საერთო საქმის ნაწილი ხდება. და რაც უფრო ადრე ვისწავლით საკუთარი ინდივიდუალობის ურთიერთქმედების უნართან შეთავსებას, მით უფრო მარტივად და წარმატებით გავივლით ამ ახალ კარმულ ციკლს.
ამ მოცემულობას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ დაბნელების წერტილი ჰარმონიულ ტრინს ქმნის რეტროგრადულ სატურნთან ვერძში. ეს 12 აგვისტოს მზის დაბნელების რუკის ერთ-ერთი შესანიშნავი ასპექტია.
სატურნი დაბნელების წერტილთან ჰარმონიაშია და ის მკაცრი მსაჯულის როლში კი არ გვევლინება, არამედ ბრძენი კარმული მრჩევლის სახით. დაბნელების წერტილსა და სატურნს შორის ასეთი ჰარმონია გვეუბნება, რომ სატურნი დაგვეხმარება საკუთარი თავის ახალი, უფრო სოციალურად ორიენტირებული ვერსიის ჩამოყალიბებაში, რაც გაგვიხსნის ახალ კარებსა და შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალის ხაზგასმა.
ეს დაბნელება საროსის იმ სერიას მიეკუთვნება, რომელსაც ტრადიციულად უკავშირებენ მდგომარეობიდან გამოსვლას, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა არანაირი იმედი, და გადასვლას ისეთ სივრცეში, სადაც მოულოდნელად ჩნდება გამოსავალი და ერთდროულად რამდენიმე ახალი შესაძლებლობა - იმ პირობით, რომ ჩვენ შევცვლით საკუთარ შინაგან განწყობებს, გავთავისუფლდებით ლომის ძველი, უკვე ამოწურული პროგრამებისგან და მერწყულის ევოლუციური გზისკენ დავიწყებთ მოძრაობას.
მსგავსი დაბნელება 2008 წლის 1-ელ აგვისტოს მოხდა. ამიტომ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა თემები შემოვიდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში, რა გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიათ, რა დასრულდა და რა დაიწყო? რა თქმა უნდა, ეს დაბნელება მოვლენებს პირდაპირ არ გაიმეორებს, თუმცა ზოგჯერ ციკლები თითქოს ერთმანეთს ეხმიანება და გვაბრუნებს მსგავს შინაგან ამოცანასთან - ოღონდ უკვე გამოცდილებისა და სიმწიფის სრულიად სხვა დონეზე.
შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ 12 აგვისტოს მზის დაბნელების წერტილი შეერთებაში იქნება ფიქსირებულ ვარსკვლავ მირაქთან.
მირაქი მიეკუთვნება ე.წ. „მიმანიშნებელ ვარსკვლავებს“, რომელთა დახმარებითაც ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ გზის სწორ მიმართულებას. ახლა კი ახალი, წელიწად-ნახევრიანი ციკლის პირველი დაბნელება ერთდება ვარსკვლავთან, რომელიც თავად წარმოადგენს ერთგვარ კოსმოსურ ორიენტირს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე დაბნელება შესაძლოა იქცეს მიმართულების მაჩვენებელ ისრად. ასტროლოგიურ ტრადიციაში მირაქს ასევე უკავშირებენ სტრატეგიული აზროვნების უნარს - შესაძლებლობას, დავინახოთ არა მხოლოდ უახლოესი მიზანი, არამედ უფრო შორეული პერსპექტივაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებშიც კი მიიღებთ, თავისუფალი იყოს ემოციური იმპულსებისა და ჭარბი მოლოდინებისგან. ისინი უნდა პასუხობდეს უკვე გაცნობიერებულ გრძელვადიან პერსპექტივას. მირაქი ლიდერობის თემასაც აძლიერებს, მაგრამ გვახსენებს, რომ ნამდვილი ლიდერი, უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანია, რომელმაც იცის მიმართულება და შეუძლია ეს მიმართულება სხვებსაც აჩვენოს. ამრიგად, მირაქისა და მზის დაბნელების შეერთება ჩვენი ცხოვრების ახალი კურსის ძალიან მკაფიო მაჩვენებელია.
მირაქი გვკარნახობს, რომ მომდევნო წელიწად-ნახევრის ნამდვილი ლიდერი ვერ გახდება ის, ვინც თავის გარშემო აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს აგროვებს. ნამდვილი ლიდერი იქნება ის, ვისაც შეუძლია ადამიანების შთაგონება საერთო მიზნისა და საერთო საქმისთვის. ახალი პერიოდი უკვე არა ეგოს ძალას, არამედ სულის სიმწიფეს მოითხოვს.
ის ფაქტი, რომ სწორედ ამ დაბნელების ღამეს აღწევს საკუთარ პიკს მეტეორული ნაკადი - პერსეიდები - კიდევ უფრო აძლიერებს მირაქის სიმბოლიკას. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ერთი კაშკაშა ვარსკვლავით, მაგრამ ნამდვილი ჯადოსნურობა მაშინ იბადება, როდესაც ცაზე ერთდროულად ათობით სინათლე ინთება. სწორედ მაშინ ჩნდება ნამდვილი სასწაულის განცდა. ასევეა კაცობრიობაც, რომელიც დღეს სრულიად ახალ ეპოქაში შედის - პერიოდში, როდესაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს ვარსკვლავი. თუმცა ნამდვილი ძალა მაშინ დაიბადება, როდესაც ასეთი ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ დაიწყებენ ნათებას, არამედ ერთად გაანათებენ სივრცეს და ერთობით სინათლეს გააძლიერებენ.
ეს არის ლომი-მერწყულის ღერძზე კარმული კვანძების არსი.
ამიტომ გირჩევთ, 12 აგვისტოს საღამო გაცნობიერებულად გაატაროთ. უარი თქვით აურზაურზე, ხმაურიან შეკრებებზე, ურთიერთობების გარკვევასა და ახალი ამბების უსასრულო ნაკადზე. უმჯობესია, დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო ან თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად. მადლობა გადაუხადეთ ცხოვრებას იმ გზისთვის, რომელიც უკვე გაიარეთ. დაფიქრდით, რომელი როლის შესრულება აღარ გსურთ, რომელი ჩვევების, შიშებისა და შეზღუდვების გაშვებისთვის ხართ მზად. უმჯობესია, თქვენი გაცნობიერებები ჩაიწეროთ. ფურცელი, რომელზეც დაწერთ, რას ტოვებთ წარსულში, მზის დაბნელების პიკის დადგომამდე დაწვით.
შემდეგ აიღეთ ახალი ფურცელი, ჩამოაყალიბეთ თქვენი განზრახვები ახალი, წელიწად-ნახევრიანი ციკლისთვის და მიეცით საკუთარ თავს საშუალება, თუნდაც რამდენიმე წუთით იგრძნოთ შინაგანი სიჩუმე, რადგან სწორედ ამ სიჩუმეში იბადება ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები და საფუძველი ეყრება ახალ კარმულ პროგრამებს.
შუაღამისკენ, როდესაც დაბნელების მოქმედება დასრულდება, აუცილებლად გადით გარეთ, აიხედეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, მოძებნეთ თვალით პერსეიდის ერთ-ერთი „მფრინავი ვარსკვლავი“ და ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი.
რადგან, ტრადიციულად, სწორედ ამ ღამეს ცას ნებისმიერი სასწაულის შექმნის ძალა აქვს, რადგან სწორედ ამ ღამეს სამყარო თითქოს გრანდიოზულ ვარსკვლავურ შოუს დგამს ჩვენთვის. ჯერ მზის დაბნელება ჩვენი ცხოვრების გარკვეულ თავს ხურავს, შემდეგ კი პერსეიდები ათობით კაშკაშა გაელვებით ანათებენ ცას და გვახსენებენ, რომ ყველაზე ბნელ ღამეშიც კი შეიძლება ვიპოვოთ სინათლე.
დაე, ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი თქვენი ახალი ოცნების სიმბოლოდ იქცეს, ხოლო თქვენი სურვილი - ახალი რეალობისკენ მიმავალ გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად.