14 ნოემბერი - რეტროგრადული ვენერა დირექტულ მოძრაობას იწყებს
14 ნოემბერი გარდამავალი დღეა. ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და დირექტულ მიმართულებას უბრუნდება, რითაც თანდათან სრულდება ფინანსების, ურთიერთობებისა და პირადი ფასეულობების სფეროში სტაგნაციის დაახლოებით 40-დღიანი პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა მერკურმაც. შესაბამისად, ორი მნიშვნელოვანი პლანეტის რეტროგრადულობის დასრულება ახალი ეტაპის მოახლოებას გვაუწყებს, თუმცა ყველაფერი ჩვეულ რიტმს თანდათან დაუბრუნდება.
დღეს მთვარე თხის რქის ნიშანში მოძრაობს და გვიბიძგებს მეტი პრაქტიკულობისკენ, ორგანიზებულობისა და პასუხისმგებლობისკენ. მისი ჰარმონიული ასპექტი მორიელში მდებარე მზისა და პროზერპინას შეერთებასთან ხელს უწყობს ღრმა ანალიზს, პრობლემების ძირეული მიზეზების აღმოჩენასა და იმ სტრუქტურების გარდაქმნას, რომლებმაც საკუთარი რესურსი უკვე ამოწურეს.
ეს კარგი დროა გასააზრებლად, თუ რა საჭიროებს ჩვენს ცხოვრებაში კორექტირებას - სამუშაო პროცესები, ფინანსური გადაწყვეტილებები თუ ურთიერთობების არსებული მოდელები. პროზერპინას გავლენა გვიბიძგებს, მივაგნოთ პრობლემის საფუძველს და მთლიანად გარდავქმნათ ის სისტემა, რომელიც აღარ მუშაობს.
თუმცა ვენერას მიმართულების შეცვლის ფონზე შესაძლოა გარკვეული დაძაბულობაც გამოვლინდეს. მოსალოდნელია წინააღმდეგობა სურვილებსა და საჭიროებებს შორის, უთანხმოებები ფინანსურ საკითხებზე, ხარჯების განაწილებასა და ურთიერთპასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აქტუალური გახდება ბოლო 40 დღის განმავლობაში წამოჭრილი თემები.
ვენერას დირექტულ მოძრაობაზე გადასვლა არ ნიშნავს პროცესების მყისიერად დაჩქარებას. პლანეტას ჯერ კიდევ დასჭირდება დრო სიჩქარის მოსაკრებად. ამიტომ უმჯობესია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების ნაცვლად, მიღებული გამოცდილება გავაანალიზოთ და ახალი განზრახვები თანდათან ჩამოვაყალიბოთ.
შუადღის შემდეგ მეექვსე მთვარის დღე იწყება. მისი სიმბოლოებია ღრუბლები, ნიავი და ზეციური ფლეიტა. ეს დღე უკავშირდება ინტუიციას, სულიერ სიფაქიზეს, შინაგან სიმშვიდესა და სამყაროს უხილავი მინიშნებების აღქმას.
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემთხვევით მოსმენილ ფრაზებს, მუსიკას, საუბრებსა და მოულოდნელ იდეებს. შესაძლოა, სწორედ მათში იპოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პასუხები.
მეექვსე მთვარის დღე ხელსაყრელია მედიტაციისთვის, ლოცვისთვის, იოგისა და სუნთქვითი პრაქტიკებისთვის. სუნთქვა ამ დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინსტრუმენტია - იგი ხელს უწყობს შინაგან წონასწორობასა და ემოციური დაძაბულობის განმუხტვას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიტყვასაც. ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი მეტყველება, მოერიდეთ უხეშ გამონათქვამებსა და ტყუილს. მეტი ადგილი დაუთმეთ მადლიერებას, კეთილ სურვილებსა და პოზიტიურ განზრახვებს.
დღის გზავნილი: ვენერას რეტროგრადული ფაზის დასრულება გვაძლევს შესაძლებლობას, შევაჯამოთ ურთიერთობებსა და ფასეულობებთან დაკავშირებული გამოცდილება და ახალი ეტაპისთვის მოვემზადოთ. თხის რქისა და მორიელის ენერგიები კი გვეხმარება, დავინახოთ, რა უნდა შევინარჩუნოთ, რა გარდავქმნათ და რას უნდა დავემშვიდობოთ საბოლოოდ.
დღის აფირმაცია:
„მე მესმის შინაგანი ხმა, რომელიც სწორ გზას მიჩვენებს. დაე, ცვლილებების ქარმა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და დროული მოვლენები მოიტანოს.“
გისურვებთ დღევანდელ დღეს შინაგან სიმშვიდეს, სიბრძნეს და ჰარმონიას სამყაროსთან!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: