2026 წლის 14 სექტემბერს შავი მთვარე (ლილიტი) ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და მომავალი 9 თვის განმავლობაში, 2027 წლის 11 ივნისამდე, თხის რქის ზოდიაქოში იდგება. ასტროლოგ ნინა ხომერიკის განმარტებით, ლილიტს მოაქვს ცდუნების, შეცდომებისა და ილუზიების დაშვების ალბათობა, არღვევს ბალანსს და ამახინჯებს იმ ნიშნის თვისებებს, რომელშიც ტრანზიტს გადის.
ასტროლოგის თქმით, თხის რქა არის წესების, კანონების, წესრიგის, მიზნების, სტატუსისა და მმართველობის სიმბოლო, შავი მთვარე კი სწორედ ამ პრინციპების რყევასა და უკიდურესობებამდე მიყვანას დაიწყებს.
„2026 წლის 14 სექტემბერს, შავი მთვარე, ლილიტი შეიცვლის ნიშანს და მომავალი 9 თვით გადავა თხის რქის ზოდიაქოში, სადაც იდგება 2027 წლის 11 ივნისამდე.
ლილიტს მოაქვს ცდუნების, ცოდვისა და შეცდომების დაშვების შესაძლებლობა. ის არის ის წერტილი, რომელიც იპყრობს ჩვენს ყურადღებას და ჩვენი ცხოვრების იმ სფეროს ინდიკატორია, რომელშიც მეტის მიღება გვსურს და შეგვიძლია კიდეც მეტი მივიღოთ, მაგრამ არა ყოველთვის სუფთა მეთოდებით.
შავი მთვარის ტრანზიტი ხაზს უსვამს ცხოვრების იმ სფეროს, სადაც ვერ ვგრძნობთ თავს მშვიდად, სადაც გვიჩნდება სურვილები და ინტერესები. ლილიტი ბადებს ცდუნებებს, არღვევს ბალანს და გვიბიძგებს უკიდურესობებისა და მანკიერებისაკენ, გვიქმნის ილუზიებს და ერთის მხრივ აძლიერებს იმ ზოდიაქოს თვისებებს, რომელსაც გადის, რითაც მიჰყავს საქმე უკიდურესობებამდე და აბსურდამდე, ხოლო მეორეს მხრივ, ის ამახინჯებს ტრანზიტული ნიშნის თვისებებს და მისი ყველაზე ძლიერი და დადებითი თვისება პლიუსიდან გადაჰყავს მინუსში.
ასტროლოგიურად, თითოეული ზოდიაქოს ნიშანი, ცხოვრების გარკვეულ სფეროზეა პასუხისმგებელი, მაგალითად: ვერძი - არის საწყისი, პირველი ნაბიჯი, იმპულსი; კურო - რესურსები, საკუთრება, საყრდენი რაზეც ვდგავართ, ხოლო თხის რქა, სადაც მომავალი 9 თვის განმავლობაში იდგება ლილიტის ტრანზიტი, არის წესების, კანონების, წესრიგის, მიზნების, სტატუსის, მმართველობის სიმბოლო და ზუსტად ამ პრინციპების რყევას, უკიდურესობამდე მიყვანას, გამწვავებასა და დამახინჯებას დაიწყებს შავი მთვარე, რაც შემდეგნაირად შეიძლება გამოვლინდეს:
თხის რქის პირველი პრინციპია - წესრიგი, არა როგორც სისუფთავე, არამედ როგორც მთლიანობა და გარკვეული კანონების თანმიმდევრობა, რომელიც მოიტანს გარკვეულ შედეგებს, მაგალითად: დღის განრიგის და სამუშაო გრაფიკის დაცვა.
ერთის მხრივ შავი მთვარე არ აღიარებს არანაირ წესებს, მათ შორის ისეთს, რომელსაც ბევრი წლების განმავლობაში ვიცავდით, არამედ პირიქით, ადამიანებში იწვევს შინაგან ამბოხებას დადგენილი წესრიგის წინააღმდეგ და ქმნის საშიშროებას ეს განწყობა გადაიზარდოს უკიდურესი ფორმების გამოვლენაში, მაგრამ მეორეს მხრივ, შავი მთვარე აპროვოცირებს რადიკალიზმს და ისეთი ბრძანებების შემოღებას იწვევს, რომლებიც არსებითად შეუსრულებელი ან აბსურდულია და არღვევს ან ანადგურებს ნებისმიერი პროცესის ფუნქციონირების პრინციპებს.
თხის რქის მეორე იდეოლოგიაა - კანონი, საკანონმდებლო ან აღმასრულებელი სისტემა, სადაც შავ მთვარეს, შესაძლებლობების ფართო სპექტრი აქვს, რაც გულისხმობს ძალაუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ასევე აბსურდამდე მისულ ბიუროკრატიულ პროცესებს, როდესაც ზოგიერთი კანონის განხორციელება ეწინააღმდეგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, ან სცდება დასაშვებ ფარგლებს.
თხის რქის მესამე პრინციპია - მართვა და კონტროლი, სადაც ასევე შესაძლებლობების დიდი სპექტრი აქვს ლილიტს, რაც ძირს უთხრის იერარქიას და იწვევს კონტროლის დაკარგვას გარკვეულ პროცესებზე. მაგალითად: მოსალოდნელია არასწორი კანდიდატურების დანიშვნა სამთავრობო რგოლებში, მსხვილი კომპანიების სათავეში, რაც გამოიწვევს მასობრივი ნდობისა და რეპუტაციის დაკარგვას მათ მიმართ.
თხის რქის მეოთხე პრინციპია - მიზნების მიღწევა, სადაც ასევე მოსალოდნელია უკიდურესობები და შესაძლებელია ამ პერიოდში, ჩვენთვის გარკვეული მიზანი ან ინტერესი, იმდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდეს, რომ სასურველი შედეგის მისაღებად ჩავდოთ მთელი ჩვენი ძალა და რესურსი, დავაიგნოროთ საკუთარი პრინციპები ან ახლობელი ადამიანების ინტერესები და ვერც კი შევამჩნევთ, როგორ გვშთანთქავს თავად მიზანი, არ ვიფიქრებთ რა დგას მის უკან და რას მოგვიტანს მისი მიღწევა.
ერთი სიტყვით, შავი მთვარე ამ სექტორში მოგვიწყობს გამოცდებს. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება გამოიხატოს მეტის მოთხოვნაში, ვიდრე დღეს აქვს ან გარკვეული ინტერესების იმდენად დიდ ზრდაში, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება და ამაზე იქნება დამოკიდებული მისი თვითშეფასებაც. ზოგში გამოვლინდება, როგორც უკვე მიღწეულის დაკარგვის შიში ან გაჩნდება გადაჭარბებული მოთხოვნები, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შავი მთვარე უბრალოდ ავლენს და აძლიერებს იმ შინაგან დამოკიდებულებებს, რომლებიც უკვე არსებობს ადამიანებში, მაგრამ, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია და სწორედ ახლა იქცევა ის დაძაბულობის წყაროდ.
თხის რქა არის გრძელვადიანი გეგმების სიმბოლო, ამიტომაც შავ მთვარეს შეუძლია შექმნას ისეთი სიტუაციები, რომელიც დაგვაფიქრებს სად მივდივართ, როგორ ვაშენებთ საკუთარ ცხოვრებას, რას ვეყრდნობით და რაში ვდებთ ენერგიას. ეს ტრანზიტი გვაჩვენებს, თუ სად ვიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობებს და ასევე ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც მათ გავურბივართ.
კიდევ ერთი თემა, რომელიც თხის რქასთან ასოცირდება, არის გავლენიან და ავტორიტეტულ პირებთან ურთიერთობები, ესენი შეიძლება იყვნენ: ხელმძღვანელები, მშობლები, სახელმწიფო მაკონტროლებელი ინსტანციების წარმომადგენლები და შავი მთვარის ტრანზიტი დაამახინჯებს ამ ადამიანებთან ურთიერთობებს, შეიძლება არ დავეთანხმოთ, მათ ნაკარნახევ წესებს, თუმცა, შავი მთვარე მოწმენდილ ცაზე არ ქმნის პრობლემებს, ის უბრალოდ ავლენს და მასშტაბურს ხდის მოქმედების იმ მოდელებს, რომლებიც უკვე არსებობდა და არ იყო კონსტრუქციული.
ლილიტი, ამ სექტორში შეგვახსენებს, რომ მყარი და გრძელვადიანი შედეგები, იშვიათად მიიღწევა ნაჩქარევად ან ვინმესთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით. ის გვახსენებს, რომ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგები ჩვენი ძალისხმევისა და დროის დამსახურებაა.
თხის რქას, ასევე აქვს ერთი ძლიერი თვისება, რომელიც დაწყებულის ბოლომდე მიყვანას გულისხმობს, მაგრამ ამ ტრანზიტის პერიოდში ეს ტენდენცია ვლინდება ბნელი (უარყოფითი) მხრიდან. შეიძლება ძალიან ბევრი დრო დაახარჯეთ ისეთ რამეს, რამაც არსებითად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ამას თავადაც ხვდებით, მაგრამ გენანებათ დრო, ენერგია და ფული, რომელიც ამ ყველაფერში ჩადეთ, რაც შეიძლება ეხებოდეს თქვენს სამსახურს, დაწყებულ მშენებლობას ან პირად ურთიერთობებს, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენი დახარჯული რესურსები და მიჯაჭვულობა არ უნდა გახდეს არასწორი მიმართულების არჩევის მიზეზი.
წინა შავი მთავრის ტრანზიტი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, აქტიური იყო 9 წლის უკან, კერძოდ: 2017 წლის ნოემბრიდან - 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, უფრო ადრე კი 2009 წლის იანვრიდან - სექტემბრის ბოლომდე და შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების რომელ სფეროზე მოახდინა მან გავლენა.
ლილიტი (შავი მთვარე) თხის რქაში ცდუნებების, შიშებისა და უკიდურესობების მეშვეობით აძლიერებს ძალაუფლების, მკაცრი კონტროლის, კარიერული და მატერიალური წარმატების მიღწევის სურვილს.
მისი ზოგადი მახასიათებლებია:
კონტროლის სურვილი - ადამიანი ცდილობს სრულად აკონტროლოს საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრება, აქვს სისუსტის გამოვლენის შიში.
კარიერული ფანატიზმი - საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე, წარმატებისა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ავადმყოფური აკვიატება,
ემოციური სიცივე - გრძნობების ჩახშობის, გულქვა ან ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა.
ძალაუფლების ცდუნება: არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები, სხვებზე გადამეტებული ზეგავლენა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
ეს ტრანზიტი გამოვლინდება კარიერაში, ურთიერთობებში, ბადებს არაჯანსაღ ამბიციებს და კომპლექსებს.
მის სწორად დასამუშავებლად საჭიროა:
ისწავლოთ იყოთ მოქნილი და რბილი ურთიერთობებში, არ დააწესოთ ტოტალური კონტროლი და მიეცით სიტუაციას შესაძლებლობა თავისით განვითარდეს. იპოვეთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის და ისწავლეთ იყოთ ბედნიერი ყოველდღიურობით და არა მხოლოდ მდგომარეობით, სტატუსით, გავლენებითა და შესაძლებლობებით.
პოლიტიკური თვალსაზრისით, თხის რქა უკავშირდება სახელმწიფო სტრუქტურებს, ხელისუფლებას, ძალაუფლებას, იერარქიასა და ინსტიტუტებს, რაც შეიძლება გახდეს „ძალაუფლების გამოცდის“ ჩაბარების პერიოდი. ძლიერდება ყველა ის მიმართულება, რაც დაფუძნებულია გამჭვირვალეობაზე და პასუხისმგებლობაზე, ხოლო ფარული ინტერესები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობები ხდება მეტად თვალსაჩინო.
დადებითი ტენდენციების განვითარების შემთხვევაში ამ ასპექტს მოაქვს:
ძველი სისტემების გადახედვა და რეფორმების საჭიროების გაცნობიერება, კორუფციული ან არაეფექტური მექანიზმების გამოვლენა, სახელმწიფო სტრუქტურებში პასუხისმგებლობის გამკაცრება, ძალაუფლების უფრო მეტად გამჭვირვალედ გამოყენების მოთხოვნის ზრდა და ძველი პოლიტიკური მოდელებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა.
უარყოფითი ტენდენციების განვითარების შემთხვევაში ეს ასპექტი მოიტანს:
ბრძოლას ძალაუფლებისთვის და პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას, ხელისუფლების მიმართ უნდობლობისა და კრიტიკის ზრდას, ფარული გარიგებებისა და მანიპულაციების გამოვლენის რისკს, ავტორიტარული კონტროლის გაძლიერების ცდუნებას და მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სკანდალების ან რეპუტაციული პრობლემებს და მათ სააშკარაოზე გამოტანას.
ამ ტრანზიტის პერიოდში საქართველოსთვის — ყველაზე დაძაბული პერიოდებია:
2026 სექტემბერი–ოქტომბერი - ეს არის ლილიტის ახალი ციკლის დასაწყისი თხის რქაში, რამაც დღის წესრიგში შეიძლება დააყენოს: ხელისუფლების, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის საკითხები, გაიზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება და პოლიტიკური დაპირისპირება.
2026 ნოემბერი–დეკემბერი - მკაფიოდ გამოიკვეთება შიდა პოლიტიკური ფარული პრობლემები, სკანდალები ან დაპირისპირება კულისებში. განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდება ხელისუფლების სტაბილურობის თემები.
2027 იანვარი–თებერვალი - შესაძლოა გაძლიერდეს პოლიტიკური პოლარიზაცია და ძალთა გადანაწილების მცდელობები. ეს უფრო „კულისებში ბრძოლის“ პერიოდია, ვიდრე აუცილებლად ხელისუფლების ცვლილების.
2027 მარტი–აპრილი - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთია ხელისუფლების ავტორიტეტისა და მმართველობის სისტემის გამოცდისთვის. შესაძლოა გაჩნდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ან ცვლილებების მოთხოვნა.
2027 მაისი–ივნისი - ციკლის ფინალური ეტაპია და დაგროვილი დაძაბულობის შედეგების გამოვლენა, მოსალოდნელია სტრუქტურების ძალაუფლების გადანაწილება.
საერთო ჯამში, 2026 ნოემბერი–დეკემბერი და 2027 მარტი–ივნისი ყველაზე დიდი რისკების შემცველი პერიოდია.
ლილიტი აძლიერებს ძალაუფლების კრიზისს, ავტორიტეტის გამოცდას, ფარული საკითხების გამოვლენასა და პოლიტიკური სისტემის გადაფასებას“,- წერს ასტროლოგი.