Digest Logo

„22 ნოემბრიდან სამყაროს მესიჯია: თავი მაღლა ავწიოთ“ - რამაზ გიგაური მზის მშვილდოსანში გადასვლაზე

1795195774
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 22 ნოემბერს მზის მშვილდოსნის ნიშანში ინგრესიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კრიზისული და სიღრმისეული მორიელის პერიოდის შემდეგ ახალი ასტროლოგიური ეტაპი აზროვნების გაფართოებას, ოპტიმიზმსა და ახალი ჰორიზონტების ძიებას უკავშირდება.

მისი თქმით, მშვილდოსნის არქეტიპი და იუპიტერის მმართველობა წვრილმანებზე მაღლა დადგომასა და მიზნების მასშტაბის გაზრდას მოითხოვს, თუმცა თან ახლავს დოგმატურობის, გადამეტებული დაპირებებისა და რეალობისგან მოწყვეტის რისკებიც.

🏹 მზის მშვილდოსანში ინგრესიის შესახებ

♐ (ახალი ჰორიზონტები და შინაგანი თავისუფლება) ზეგ, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 11:23 საათზე, მზე ემოციურ და კრიზისულ მორიელს დატოვებს და ცეცხლოვანი მშვილდოსნის ნიშანში გადავა. მზის ამ ინგრესიით შემოდგომის ბოლო და ძალიან დინამიკური ასტროლოგიური თვე დაიწყება. თუ მორიელის პერიოდი ფსიქოლოგიური ანალიზის, სიღრმეში ჩასვლის, ტკივილის მიზეზის ძიების, დაფარული შიშების გაცნობიერებისა და მეტამორფოზის დრო იყო, 22 ნოემბრიდან სამყაროს „მესიჯია“: თავი მაღლა ავწიოთ, სული მოვითქვათ და საკუთარი აზროვნებისა თუ ცხოვრების საზღვრები გავაფართოოთ.

🏛️ არქეტიპი და მითოლოგია მშვილდოსნის არქეტიპი „მოგზაური“, „ფილოსოფოსი“, „მასწავლებელი“ და „ჭეშმარიტების მაძიებელია“. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში მშვილდოსანი ბრძენ კენტავრ ქირონს უკავშირდება. სხვა ველური კენტავრებისგან განსხვავებით, ქირონი სიბრძნით, სამართლიანობითა და მკურნალობის ნიჭით გამოირჩევა.

ის ბერძენი გმირების (აქილევსის, იასონის, ასკლეპიოსის) მასწავლებელია. მითოლოგიაში ქირონი შემთხვევით შხამით გაჟღენთილი ისრით იჭრება. ის უკვდავია, ამიტომ მარადიული ტანჯვისთვის არის განწირული. მითის ერთ-ერთი ვერსიით, ქირონი საკუთარ უკვდავებას თმობს და ამის სანაცვლოდ პრომეთეს გათავისუფლებას ითხოვს. ამის გამო ზევსს ქირონი ზეცაში აჰყავს, სადაც ის მშვილდოსნის თანავარსკვლავედად იქცევა. აღმოსავლურ კულტურაში ამ ნიშნის არქეტიპს ყველაზე ზუსტად „მაჰაბჰარატას“ გმირი, არჯუნა განასახიერებს (არჯუნა, როგორც უბადლო მშვილდოსანი). მასში მშვილდოსნის ორივე მთავარი საწყისია გაერთიანებული:

მიზანზე უკიდურესი კონცენტრაცია (ცნობილი ეპიზოდი, როცა სროლისას ის ხისა და ტოტების ნაცვლად მხოლოდ სამიზნეს ხედავს) და მაღალი ჭეშმარიტების, დჰარმის ძიება. ბრძოლის ველზე კრიშნა ეტლში შებმულ ცხენებს მართავს, არჯუნა კი ბრძოლის წინ მასწავლებლისგან სიბრძნეს იღებს, რათა საკუთარი მშვილდი ჭეშმარიტი მიზნისკენ მიმართოს. ორივე სახე - ბერძნული კენტავრიც და არჯუნას ეტლიც - ერთსა და იმავე იდეას გამოხატავს: მიწიერი ინსტინქტების მიუხედავად (მშვილდოსნის ცხოველური საწყისი), ადამიანმა საკუთარი „ცხოველური მე“ უნდა მოათვინიეროს, დაიმორჩილოს (ეტლში შებმული ცხენების მსგავსად), რათა ისარი ცისკენ - მაღალი იდეალისა და ჭეშმარიტებისკენ სტყორცნოს (მშვილდოსნის ადამიანური საწყისი).

✨ ეზოთერული მნიშვნელობა ეზოთერულად, მშვილდოსანი სულიერ ზრდას, პიროვნულ განვითარებას, ცხოვრების საზრისის ძიებასა და ცნობიერების გაფართოებას განასახიერებს. თუ მორიელის ფრაზაა „მე მსურს“, მშვილდოსანი ამბობს: „მე ვხედავ“. მას პლანეტა იუპიტერი მართავს - გამარჯვების, იღბლის, გაფართოების, სიბრძნისა და სამართლის პლანეტა. ეს ნიშნავს, რომ მშვილდოსნის პერიოდი წვრილმანებზე მაღლა დადგომასა და სურათის მთლიანობაში დანახვას „ითხოვს“. მშვილდოსანი მეცხრე ასტროლოგიურ სახლს უკავშირდება - უმაღლეს განათლებას, ფილოსოფიას, რელიგიას, უცხო ქვეყნებს, შორეულ მოგზაურობასა და მსოფლმხედველობას. ამ ნიშნის/სახლის ენერგია გვასწავლის, რომ ადამიანი მხოლოდ გადარჩენისთვის არ ცხოვრობს - თუ ცხოვრებას დიდი მიზანი და აზრი არ აქვს, ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში ვიკარგებით (საწინააღმდეგო ტყუპი/მე-3 სახლი).

⚖️ შუქ-ჩრდილი: ხასიათის თვისებები ისევე როგორც კენტავრში ერთდროულად ცოცხლობს ველური ცხენი და ბრძენი ადამიანი, სწორედ ასე, მშვილდოსანშიც შეიძლება გვერდიგვერდ ცხოვრობდეს ღრმა ფილოსოფოსი და თავქარიანი ავანტიურისტი.

☀️ რესურსული თვისებები (ძალა):

✅ უდიდესი ოპტიმიზმი: ყველაზე რთულ კრიზისშიც კი შეუძლია სინათლე, გამოსავალი და მომავლის პერსპექტივა დაინახოს.

✅ მასშტაბური ხედვა: დეტალებში არ იკარგება და წვრილმანებზე არ იხარჯება, მოვლენებს შორიდან და რაც მთავარია, მთლიანობაში აფასებს, რაც მას ძლიერ სტრატეგად და კარგ მასწავლებლად აქცევს.

✅ გულუხვობა და სულგრძელობა: წვრილმანი შურისძიება მისი სტილი არ არის. სხვებისთვის როგორც მატერიალური დახმარების, ისე ცოდნისა და სითბოს გაზიარება არასდროს ენანება.

✅ გულწრფელობა და თავისუფლების სიყვარული: პირდაპირია, ამიტომ არ უყვარს თამაში, ფარული ინტრიგები და ფარისევლობა. აფასებს სიმართლეს და სხვებისგანაც ამას ითხოვს. არ ზღუდავს სხვებს და არც ის უყვარს, როცა მის შეზღუდვას ცდილობენ.

🌑 ჩრდილოვანი მხარე (საფრთხე):

✔️ დოგმატურობა და ჭკუის სწავლება: როცა საკუთარ სიმართლეში ზედმეტად დარწმუნებულია, სხვას არ უსმენს და ცხარედ კამათობს, უფრო სწორად კი „ქადაგებს“.

✔️ უტაქტო პირდაპირობა: სიმართლის თქმის სურვილით ხშირად ტაქტს კარგავს და ადამიანებს უნებლიეთ გულს სტკენს.

✔️ გაზვიადებისკენ მიდრეკილება: ზომიერების დაცვა უჭირს - ეს ეხება როგორც ემოციებსა და ფინანსებს, ისე გადამეტებულ დაპირებებს (რომელთა შესრულებაც მერე ავიწყდება).

✔️ რეალობის დაკარგვა: შორეულ ჰორიზონტზე ყურებისას ხშირად ვერ ამჩნევს იმას, რაც ცხვირწინ აქვს. ამიტომ ზედმეტი იდეალიზმი ილუზიად ექცევა ხოლმე.

🎯 3 საინტერესო ფაქტი მშვილდოსანზე:

1. ისარი და მიზანი: მშვილდოსანი ცოცხალია მანამ, სანამ წინ ახალი მიზანი აქვს. როგორც კი მწვერვალს დაიპყრობს, ინტერესი მალევე უნელდება და ახალ ჰორიზონტს ეძებს - მისთვის გზა და პროცესი ხშირად შედეგზე უფრო ძვირფასია.

2. ფილოსოფიური იუმორი: მას უნიკალური უნარი აქვს, საკუთარ პრობლემებსა და შეცდომებზეც კი იცინოს. სწორედ იუმორი და თვითირონიაა მისი მთავარი გადამრჩენელი, რომელიც ცხოვრების რთულ პერიოდებში იცავს.

3. მუტაბელური ცეცხლი: მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ნიშანია, მშვილდოსანი მუტაბელური (ცვალებადი) ჯვრის წარმომადგენელია.

აქედან გამომდინარე, ვერძისგან და ლომისგან განსხვავებით, ის კედელს შუბლით არ ეჯახება - თუ ერთი კარი დაიკეტა, ენერგიას არ დახარჯავს და მის შემოვლას დაიწყებს, რათა სხვა (ხშირად უფრო ფართო და საინტერესო) გზა მოძებნოს.

🧭 დასკვნა: მშვილდოსნის პერიოდის მთავარი გაკვეთილია: აწმყო რაც უნდა მძიმე იყოს, რაც უნდა ბევრი წინაღობა და გაურკვევლობა გვხვდებოდეს გზაზე, მანამდე არ დავმარცხებულვართ, სანამ შინაგან რწმენასა და შორეული ჰორიზონტების დანახვის უნარს ვინარჩუნებთ.

ჩვენი რეალური სიდიდე ხომ ჩვენივე აზრებისა და მიზნების მასშტაბით იზომება. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ამ პერიოდში გაბედულად იმოქმედოთ და ჩარჩოებს გასცდეთ. ისწავლეთ რაიმე ახალი, იმოგზაურეთ, იკითხეთ ბევრი, დაესწარით ტრენინგებს, სემინარებს, გაუზიარეთ გარშემომყოფებს ახალი იდეები და გაუნაწილეთ თქვენი სითბო“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ კარალიოკის სამკურნალო თვისებები - „სასარგებლოა, როგორც ნაყოფი, ისე მისი ფოთლები და ყუნწები“

🎥 „ერთ წელზე მეტია ბუნებრივ აირს არ მოიხმარდა...ადამიანის დაუდევრობის ამბავია“ - რას ამბობენ „თბილისი ენერჯიში“ ფონიჭალაში აფეთქების წინასწარ მიზეზებზე

⭕ პატრიარქი შიო მესამე: დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

✕