Digest Logo

🎥 „ერთ წელზე მეტია ბუნებრივ აირს არ მოიხმარდა...ადამიანის დაუდევრობის ამბავია“ - რას ამბობენ „თბილისი ენერჯიში“ ფონიჭალაში აფეთქების წინასწარ მიზეზებზე

1795187956
გიორგი ლეფსვენიძე

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „იმედის დღის“ ეთერში მოქალაქეებს გაზის სუნის შემთხვევაში 114-ზე დაუყოვნებლივი დარეკვისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

მისი განმარტებით, ბუნებრივი აირი დახურულ სივრცეში 5-დან 15%-მდე კონცენტრაციისას განსაკუთრებით ძლიერ აფეთქებას იწვევს, 15%-ს გადაჭარბების შემთხვევაში კი - ადგილობრივ აალებას, რის გამოც საფრთხის შემჩნევისას ან სუნის გაქრობის შემთხვევაშიც კი საგანგებო სამსახურისთვის შეტყობინება აუცილებელია.

„შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი - ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა.

გამორიცხულია, რომ 600 000 აბონენტს ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს კომპანიამ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ კი, ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი ზარი შემოვა, დაუყოვნებლივ მოვიდეთ ადგილზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები.

წინასწარი ინფორმაციით, რაც ამ ეტაპზე გავარკვიეთ, ის ადამიანი რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ერთ წელზე მეტია, შარშან დეკემბრიდან გუშინდელ დღემდე, ბუნებრივ აირს არ მოიხმარდა. მეზობლები იძახდნენ, რომ ჩამოვიდა გუშინწინ. როგორც თავად იძახდა გამოყვანისას, ვეწვალებოდი და ვერ ჩავრთეო. შესაძლოა დარჩა ონკანი მოსვებული, ვერ გადაკეტა, არ გადაკეტა. ადამიანის ყურადღების და დაუდევრობის ამბავია.

მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ ბუნებრივი აირი ფეთქდება მხოლოდ და მხოლოდ დახურულ სივრცეში. ანუ მინდორში, აივანზე, არ ფეთქდება აირი. შესაძლოა გაღებულ ფანჯარაშიც მოხდეს რაიმე. მაგრამ არა აფეთქება, არამედ აალება“, - აღნიშნა გიორგი ლეფსვენიძემ.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ პატრიარქი შიო მესამე: დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს

⭕ როგორ გამოვიყენოთ შავი პილპილი ნეგატივისგან დასაცავად და მშვიდი ძილისთვის - თაკო მელიქიშვილის ეზოტერული რჩევები

⭕ „მადლობა ღმერთს, გოგონა გადარჩა...მძიმე დღეებს გავდივართ“ - გიორგი ლობჯანიძის გაფრთხილება მზე-მარსის კვადრატზე

✕