ხვალ, 26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:48 საათზე სავსემთვარეობა დადგება. მთვარე ვერძის მე-4 გრადუსიდან სასწორის მზეს დაუპირისპირდება. ასტროფსიქოლოგიურ დონეზე ეს „მე“-სა და „ჩვენს“ ღერძზე მიანიშნებს, სადაც ინდივიდუალიზმი, პირადი დამოუკიდებლობა და სურვილები სხვა ადამიანების ინტერესებს ეჯახება.
დადებითი კუთხით, ეს ბალანსისა და კომპრომისის ძიებაა. ნეგატიური კუთხით კი - იმპულსურობა და პარტნიორებთან საერთო ენის რთულად (ან საერთოდ ვერ) გამონახვის მომენტი.
♈ ☍☉ ♎ ამ სავსემთვარეობის ჰოროსკოპში განსაკუთრებულ ყურადღებას მთვარე-ნეპტუნის ზუსტი შეერთება ითხოვს, რაც ილუზიებამდე მისულ იდეალიზმზე მიუთითებს (ამ დროს, ბუნებრივია, ნეპტუნი მზესთანაც დაპირისპირებაში იქნება).
🌫️ ამ პერიოდში ადამიანებს იმდენად ძალიან უნდათ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, რომ შეიძლება რადიკალურები და ფანატიკურებიც კი გახდნენ. სასურველის რეალობად აღქმის სურვილი საკუთარი თავის მოტყუების ალბათობას მკვეთრად ზრდის, ამიტომ კარგი იქნება, თუ შინაგან „დამკვირვებელს“ ჩავრთავთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ მოვლენების მაქსიმალურად ობიექტურად დანახვას შევეცდებით. მატულობს ტყუილის ალბათობაც.
ადამიანი შეიძლება მეტისმეტი სუბიექტურობისგან დაზარალდეს (როცა „მე“ რადიკალურად ემიჯნება „სხვას“, ანუ ირთვება „მე ყველაფერი ვიცი და თქვენი დახმარება არ მჭირდება“ მომენტი).
გარდა ამისა, ეს შეიძლება ერთგვარი „კვამლის ფარდაც“ იყოს, რაც ფარულ ტყუილებზე მიანიშნებს, ამიტომ მინიმუმ დღეს, ხვალ და ზეგ, ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. ბუნებრივია, ეს პირველ რიგში იმ ინფორმაციას ეხება, რომლებიც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
☽ ☌ ♄ რაც შეეხება მთვარე-სატურნის შეერთებას, ეს ასპექტი „ემოციურ გაყინვაზე“ ან მელანქოლიაზე მიანიშნებს. ეს დაახლოებით ასე გამოიხატება: „ვერ ვაკეთებ ისე, როგორც მე მინდა, ამიტომ ცუდ ხასიათზე ვარ“. ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომა იქნება.
ჩვენს თავსა თუ მოვლენებს დრო უნდა მივცეთ და სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ (ეს დამატებითი სტრესის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს).
☽ ⚹ ♅ / ♇ გარდა ზემოთ აღწერილი ნეგატიური ასპექტებისა, მთვარე საკმაოდ დადებით ასპექტებსაც ქმნის (მთვარის სექსტილები ურანთან და პლუტონთან).
✨ ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ამ სავსემთვარეობაზე გააქტიურდება, დამანგრეველი ნამდვილად არ იქნება. ის საბოლოო ჯამში, ძველი, „ვადაგასული“ პატერნებისგან გათავისუფლებისა და პიროვნული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას მოიტანს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს მომავალს ვერ ვხედავთ (მთვარე-ნეპტუნის შეერთება) და ამის გამო პესიმიზმმა შემოგვიტიოს (მთვარე-სატურნის შეერთება), საბოლოო ჯამში, ეს „ნისლი“ მაინც გაიფანტება და ნეგატიური განწყობა პოზიტიურით შეიცვლება (მთვარისა და მზის დადებითი ასპექტები ურან-პლუტონთან).
⚡ 🧿 📌 ამ სავსემთვარეობის ძირითადი გზავნილები და რეკომენდაციები:
✅ მოუსმინეთ ინტუიციას, მაგრამ მოერიდეთ იმპულსურად და ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
✅ უახლოეს სამ დღეში მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას (ყოველ შემთხვევაში, გადაჭარბებას), გაურკვეველ პრეპარატებსა და ტოქსიკურ ადამიანებს.
✅ დაიცავით როგორც თქვენი პირადი საზღვრები (ვერძი), ისე პარტნიორის ინტერესებიც (სასწორი).
✅ შეეცადეთ საკუთარი შიშების რეალური მიზეზები გააცნობიეროთ. ეს დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ძალა არა ილუზიებთან ბრძოლებში, არამედ მომავლის სწორად დაგეგმვასა და რეალურ წინსვლაში გამოიყენოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: