Digest Logo

26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:50 საათზე, სავსემთვარეობაა - რა თემებს გააქტიურებს და რატომ არის ახლა საკუთარი პოზიციის დაცვის დრო?

1790271816
 სავსემთვარეობაა

26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:50 საათზე, სავსემთვარეობაა ვერძის ზოდიაქოს 3°37′ გრადუსზე. 

ვერძის მთვარე გვთხოვს ვიყოთ თამამები და გაბედულები საკუთარი პოზიციისა და ინტერესების დაცვაში, არ შეგვეშინდეს საკუთარი სურვილების გამოხატვის და საჭირო დროს საკუთარ თავსაც მივანიჭოთ უპირატესობა.

ვერძი–სასწორის ღერძი ურთიერთობების ღერძია და ეს სავსე მთვარე კარდინალურ ჯვარში სწორედ ამ თემებში წევს ტემპერატურას, ქმნის კულმინაციურ ატმოსფეროს. სასწორის მზისთვის მნიშვნელოვანია „მე და სხვა“ — პარტნიორი, ურთიერთობა და სხვისი ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარეს კი მთვარე ვერძშია — „მე“, ჩემი სურვილები, ინტერესები და საკუთარი თავის წარმოჩენა. ამიტომ ამ სავსემთვარეობის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ ორ პოლუსს შორის ბალანსის პოვნაა — რამდენად შეგვიძლია თამამად დავიცვათ და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ისე, რომ მხარეებს შორის ბალანსი არ დაირღვეს.

მთვარე ამ დროს ახლო შეერთებაშია ნეპტუნთან. ეს კი აძლიერებს ინტუიციას, წარმოსახვას, თუმცა ამავე დროს შეიძლება რეალობის აღქმაც ბურუსში გახვიოს — რაღაც ჩვენი სურვილის ან ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ იმ მომენტში რეალობად აღვიქვამდეთ. ამას ემატება ისიც, რომ ვერძის მმართველი მარსი კირჩხიბის ბოლო, კრიტიკულ გრადუსზეა და ამ ნიშანში დაცემაში იმყოფება, რაც მოქმედებას უფრო ემოციურ, თავდაცვით და რეაქტიულ ხასიათს აძლევს. ამავდროულად მარსი კვადრატშია მერკურისთან — კომუნიკაციის პლანეტასთან სასწორში, ამიტომ საუბარსა და მოლაპარაკებებში იზრდება გაუგებრობისა და კამათის ალბათობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილეა საჭირო — დავიცვათ ჩვენი პოზიცია, მაგრამ ადეკვატურად და დიპლომატიურად.

ნეპტუნი უმაღლეს პლანეტებთან ჰარმონიულ ბისექსტილშია და სავსემთვარეობის ჩართულობით დიდი აფრის კონფიგურაცია იქმნება. გლობალურ დონეზე ეს პროცესების მასშტაბურობაზე მიუთითებს. ვერძი–სასწორის ღერძი მხოლოდ პირად ურთიერთობებს არ უკავშირდება. ეს არის დაპირისპირებისა და თანამშრომლობის, ომისა და მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და ძალთა ბალანსის ღერძიც. ამიტომ ამ პერიოდში შესაძლოა უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს პროცესები, სადაც განსხვავებული ინტერესების დაბალანსება და შეთანხმების მიღწევა რთულია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ იუპიტერი ლომის 18°-ზეა და უახლოვდება იმ გრადუსებს, რომლებიც აგვისტოს დაბნელებამ გაააქტიურა. ამიტომ შესაძლოა ისევ წამოიწიოს თემებმა, რომლებიც აგვისტოში დაიწყო ან მაშინ გამოიკვეთა და ახლა უფრო ნათლად გამოჩნდეს, რა მიმართულებით ვითარდება ისინი.

ამ სავსემთვარეობის მთავარი გზავნილი მოქმედებაა, მაგრამ არა ემოციებით ნაკარნახევი ნაჩქარევი ნაბიჯები. ვერძის ენერგია გვაძლევს გამბედაობას, რომ საჭირო დროს ვთქვათ — „მე მინდა“, „მე ვფიქრობ“, „ჩემთვის მნიშვნელოვანია“ — და სწორედ ამ პოზიციიდან ვიპოვოთ სწორი ბალანსი სხვებთან.

წარმატებულ სავსემთვარეობას გისურვებთ.  

✕