2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ.
2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლეს უმზადებს. თუმცა, რეტროგრადული მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის გავლენით, ზოგიერთი ადამიანისათვის ცხოვრების სრულიად ახალი, განსხვავებული ერა დაიწყება და 2025 წელს გექნებათ შესაძლებლობა, არაერთი ცვლილება დაგეგმოთ.
2025 წლის ასტროლოგიურ პროგნოზზე ვრცლად ასტროლოგი რამაზ გიგაური საუბრობს:
გველის წლის ზოგადი დახასიათება (ტრანსფორმაცია, ცვლილება, ცბიერება)
„გველის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მოულოდნელი განვითარება. ეს სიმბოლურად მოგვაგონებს რეალური გველის სწრაფ თავდასხმას და ასევე სწრაფად (და ხმაურის გარეშე) გაუჩინარებას. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, გველი ბუნებით ფილოსოფოსი, დახვეწილი, ჭკვიანი და გამჭრიახია. ის ბრძენია, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს ინტუიციისა და ჭკუის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. გველი საკუთარ წესრიგს ქმნის და არ უჭირს ყველაფრის დაშლა და ახლიდან დაწყება. ის ჩასაფრებულია და როგორც კი ხვდება, რომ „თავისი დრო დადგა“ თავს ესხმის. ჩინურ კალენდარში გველის სეზონი გაზაფხული და ზაფხულია. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დროს ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ყველაფერს ატრიალებს. ჩინურ-იაპონური მითოლოგიისგან და ასტროლოგიისგან განსხვავებით, ეგვიპტურ მითოლოგიაში ეს არის აპოპი (აპოფისი), გიგანტური გველი, რომელიც ღმერთ რას ებრძვის. ის არის ქაოსის და ბოროტების სიმბოლო (საიდანაც შევიდა ქრისტიანულ კულტურაში). თუ გადავხედავთ XX-XXI საუკუნეებს, აღმოვაჩენთ, რომ გველის წელი უმეტესწილად შემოტრიალების წერტილი ხდებოდა, რასაც თან ახლდა გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები. გველის წელს ინდივიდუალურ დონეზე წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: გამჭრიახობა, სიფრთხილე, ფსიქოლოგიური სიმყარე, საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, სწრაფი აზროვნების და სიტუაციაში სწრაფად გარკვევის უნარი“.
რას უნდა ველოდოთ 2025 ხის (მწვანე) გველის წელს:
„2025 წელი - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით გველის წელს შეესაბამება. ასევე გველის წელი იყო: 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013 წლები. დამდეგი წლის სტიქია - ხეა და მწვანე ფერთან ასოცირდება.
ეს წელი ვლინდება „ინ“, ანუ (მ)დედრული ენერგიით. ხის სტიქიის სინთეზის შემთხვევაში ეს არის ბუჩქები, ბალახი და საერთოდ, დაბალი მცენარეები. ეს არის პატარა, მცოცავი მცენარის სახეობა, რომელიც ნებისმიერ პირობებს ეგუება. ეს მიუთითებს მოქნილ, ტაქტიან და დიპლომატიურ მოქმედებებზე (განსხვავებით „იან“ ენერგიის შემთხვევაში, რომელიც დიდი ხეები, რომელიც რომელიც უფრო აქტიურად და მოუქნელად ვლინდება ხოლმე). „ინი"-ხე, „იან"-ხისგან განსხვავებით, ძალიან მოქნილია და შეუძლია გარემოებების შესაბამისად შეიცვალოს. ძლიერი ქარი და ქარიშხალი ვერ აზიანებს „ინ“-ხეს. ის ქარის მიმართულებით იხრება და შემდეგ ისევ მზისკენ მიიწევს, ანუ ეს მიანიშნებს ფარულ მოქმედებებზე, რომლებიც ხშირად თავიდანვე რთულად აღიქმება ან გაუგებარია, თუმცა ის მიზნისკენ სავალ გზას არ კარგავს, მას შეუძლია მიზნისკენ იაროს, მართალია მიხვეულ-მოხვეული გზით, თუმცა საბოლოო ჯამში, მიაღწიოს მას.
გველის ნიშნის ფიქსირებული სტიქია - ცეცხლია. ხისა და ცეცხლის სინთეზი კი მტრულია, რაც მიანიშნებს, რომ 2025 წელი დაძაბული, ურთიერთდაპირისპირებული და საკმაოდ ცვალებადი იქნება. განვითარებული მოვლენები ნებისმიერ ეტაპზე ყურადღებას და სიფრთხილეს ითხოვენ, რადგან მოიმატებს სიტუაციის მოულოდნელი გაუარესების და საფრთხის ალბათობა. ურთიერთობებში, საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში საჭირო იქნება სერიოზული კონტროლი და ყურადღების გამახვილება. ეს განსაკუთრებით სასურველია ბიზნესსაც და ფინანსურ სფეროში. ეს მიანიშნებს 2025 წლის მაღალ, ხისტ დინამიკაზე. ამ დროს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად და დამანგრევლადაც კი.
ჩინური მეტაფიზიკის თვალთახედვით, 2025 წელს გარდა ხის სტიქიისა, ასევე ძლიერად გამოვლინდება მიწის სტიქიაც. ეს მიანიშნებს, რომ როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში საჭირო იქნება პრაქტიკული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რათა მერყევი და რთულად პროგნოზირებადი ტენდენციები შეძლებისდაგვარად, ჰარმონიულად განვითარდეს.
ინდივიდუალურ დონეზე ეს იქნება ახალი პროექტების რეალიზაციისთვის და დასახული მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა. მნიშვნელოვან ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხებიც. არ არის რეკომენდებული ფულის სესხება-გასესხება, რადგან 2025 წელს მოულოდნელი ცვლილებების გამო შესაძლოა, ფინანსებში სწრაფ აღმასვლას, მოულოდნელი დაღმასვლა მოჰყვეს, ამიტომ სჯობს ფინანსური სფერო სტაბილურად მყარი იყოს. ბიზნესში არაგონივრული იქნება რისკზე წასვლა და იმ ახალი საქმეების წამოწყება, რომელთა ეფექტიანი განვითარება და წარმატებული დასრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
გველის წლისთვის დამახასიათებელია - სწრაფი დინამიკა და მოულოდნელი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ადამიანებს მოუწევთ საფუძვლიანი მომზადება, რათა ცხოვრების მოულოდნელი სცენარებისთვის მზად აღმოჩნდნენ. გველი სიბრძნის, განახლების, ტრანსფორმაციის და დაცვის სიმბოლოა. გველის წელი არა მხოლოდ აგრძელებს დრაკონის წლებში დაწყებულ ენერგიულ და მასშტაბურ ცვლილებებს, არამედ ის შეუბრალებლად არყევს და ანგრევს მოძველებულ ფორმებს. როგორც წესი, გველის წელში ხშირად ხდება საპროტესტო გამოსვლები, აქციები, მიტინგები, საბრძოლო მოქმედებების დაწყება, ტირანების სიკვდილი, მასშტაბური ტერორისტული აქტები (საკმარისია გავიხსენოთ, 1917, 1941, 1989, 2001 წლები).
მიუხედავად ზემოთ აღწერილი სირთულეებისა, გველის წელს დადებითი ცვლილებებიც მოაქვს. ეს არის „ახალი ტალღა“, ახალი რეალობა, რომელიც ადამიანებს აფხიზლებს, თვალს უხელს და ილუზიიდან გამოჰყავს. სიმბოლურად ეს წააგავს სერფინგის დაფით (სერფბორდით) ზღვის ტალღაზე ზემოთ მოქცევას და წყლის ზედაპირზე გასრიალებას. ბუნებრივია, ეს მოითხოვს დიდ ენერგიას, მოხერხებას და ცოდნას. იმ ადამიანებს, რომლებიც გველის წელში ამ მოხერხებას ვერ ავლენენ ხოლმე, როგორც წესი, ცვლილებები გვერდით უვლით.
ხის სტიქიის გავლენით, გველის წელში დაბადებული ადამიანი ჭკვიანი, ინტელექტუალური და საინტერესოა. ხშირად მიმზიდველი, ელეგანტური და გარშემო მყოფების თვალში მიმზიდველია. გარდა ამისა, ის საკმაოდ კომუნიკაბელურია, თუმცა აფასებს თავისუფლებას, ამიტომ არ ემორჩილება მოძველებულ ფორმებსა და სტრუქტურებს. სწორედ ამიტომ, მასში რევოლუციონერი ცხოვრობს. თუმცა სიმართლე უნდა ვთქვათ, ამის რადიკალური ფორმას უფრო ცეცხლის და ლითონის სტიქია იძლევა. ხის სტიქიის შემთხვევაში ეს შედარებით რბილად ვლინდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ცვლილებებზე უარის თქმას. ამ წელს წარმატებას უპირველესად ხარის, კურდღლის, გველის, თხის, მამლის და ტახის წელში დაბადებული ადამიანები მიაღწევენ.
2025 წელში დრაკონის გამბედაობას, აქტიურობას, ენერგიულობას, მიზანსწრაფვას, ამბიციურობას, ინიციატივიანობას, ენთუზიაზმს, თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას - გველის სიბრძნე, გამჭრიახობა, მოქნილება, სიფრთხილე, ეჭვიანობა, ცბიერება, სიჯიუტე და შურისმაძიებლობა შეცვლის.
2025 წლის პიკი გაზაფხული და ზაფხული იქნება. სწორედ ამ პერიოდში განვითარდება ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც მთელი სიმძაფრით წარმოაჩენენ გველის წლის მაღალ ინტენსივობას და დინამიკას. ასე რომ, სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავენ იმ შედეგებს, რომლებიც 2025 წლის ბოლოსკენ დადგება“.
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი
თქვენთვის 2025 წელი აქტიური მოქმედების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და სერიოზული მიღწევების პერიოდი იქნება (განსაკუთრებით ეს წლის მეორე ნახევარს შეეხება). პირველ კვარტალში აქტიური იქნება ადრე დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი დასტაბილურება მაინც. ასევე წინ წამოიწევს გააქტიურდება ოჯახური ურთიერთობებთან, პირად ცხოვრებასთან, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. მეორე კვარტალში აუცილებელი გახდება რეალური მიზნები ირეალურისგან განასხვაოთ და მათი მიღწევისთვის კონკრეტული გეგმებიც შეიმუშაოთ. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ ახალი პროექტების დაწყება და შემოქმედებითი წინსვლა. თუმცა წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება, არა მოძველებული, არამედ ორიგინალური და არაორდინარული მიდგომები. მესამე კვარტალში გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა და სოციალურ აქტიურობაც მოიმატებს. ეს შესანიშნავი დროა თქვენი მიზნების გასაჯაროებისთვის, ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის და საზოგადოებრივი აღიარების მოპოვებისთვის. მოიმატებს სამსახურებრივი ცვლილებების ალბათობაც. თუმცა ნურც დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაგავიწყდებათ. შემოდგომის დასაწყისში მოიმატებს თქვენი გამჭრიახობა და სტრატეგიული დაგეგმარების უნარი, რაც დაგეხმარებათ გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და განახორციელოთ ცვლილებები. მეოთხე კვარტალში თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ახალი გამოწვევები და მოვლენების დინამიკა გაძლიერდება. სასიკეთო იქნება ფინანსური და პირადი საკითხების გარკვევა-დალაგებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის.
კურო
2025 წელი თქვენთვის პიროვნული ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის პერიოდი იქნება. პირველი კვარტალი მოგიტანთ პოპულარობას და სოციალური კავშირების გაძლიერებას. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გაჩნდნენ ახალი პარტნიორები და საინტერესო პროექტებშიც ჩაერთოთ. ეს ასევე კარგი დროა პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, როგორც ახალი კავშირის დაწყებისთვის, ისე არასასურველი ურთიერთობიდან თავის დაღწევისთვის. მეორე კვარტალში თქვენი თავდაჯერება და მიზანსწრაფვა მოიმატებს, წარმატებას მიაღწევთ ხელოვნებასთან, მენეჯმენტთან, ფინანსებთან და ბიზნესთან დაკავშირებით. ამ პერიოდიდან უნდა გამოვარჩიოთ მაისი, როდესაც თქვენ დაინახავთ იმ შედეგებს, რომელთა მიღებასაც წლის დასაწყისიდან ცდილობდით. ეს დრო ასევე ხელსაყრელი იქნება გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის და ოჯახის საკითხების მოგვარებისთვის. მესამე კვარტალში წინ წამოიწევს მოგზაურობასთან, სწავლასთან, ცოდნის მიღებასთან, პიროვნულ განვითარებასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და დაოჯახებასთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული, რომ გაგიჩნდეთ ახალი ვალდებულებებიც და დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც მოგიწიოთ. შემოდგომის პირველ ნახევარში მოიმატებს დაპირისპირებისა და კონფლიქტების ალბათობა. ყურადღებას მოითხოვს იურიდიული და საბუთებთან დაკავშირებული საკითხებიც. მეოთხე კვარტალი ღრმა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს მოიტანს, რაც საშუალებას მოგცემთ გადადებული პროექტები განაახლოთ და წარმატებითაც განავითაროთ. წარმატების მიღწევისთვის შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ.
ტყუპები
2025 წელი ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს, რაც ახალი ჰორიზონტის აღმოჩენის და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას მოგცემთ. ამას კარგად იგრძნობთ პირველივე კვარტალში, როდესაც ბევრი საქმის ერთად კეთება მოგიწევთ. ამავე პერიოდში მოიმატებს ილუზიურობაც, რამაც მოსალოდნელია შეცდომების რაოდენობა გაზარდოს. მნიშვნელოვანი გახდება არა მხოლოდ ორგანიზაციული, არამედ ფინანსური საკითხების მართვაც. მეორე კვარტალში სიტუაცია შედარებით დაბალანსდება. მოიმატებს თქვენი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის განცდა. იოლად შეძლებთ იდეების გენერირებას და საჭირო კონტაქტების მოძიებას. ეს შესანიშნავი დროა ახალი პროექტების დასაწყებად და სირთულეების დასაძლევად. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს სპორტთან, სამხედრო საქმესთან ან იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. მესამე კვარტალის დასაწყისში მოსალოდნელია გარკვეული პროექტები დამუხრუჭდეს. ამიტომ არ არის რეკომენდებული სერიოზული ცვლილებები, მოლაპარაკებები და საბუთების გაფორმება. თუმცა აგვისტოს მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდება. ეს პერიოდი განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება თუ გრძელვადიან პროექტებზე მუშაობისთვის. ურთიერთობებში თავი შეიკავეთ ზედმეტი კრიტიკისგან. ამავე პერიოდში სასიკეთო გამოდგება მოგზაურობა, ტრენინგები და სემინარები. მეოთხე კვარტალი მოიტანს მოულოდნელ შესაძლებლობებს და გაზაფხულზე დაწყებული პროექტების პირველ შედეგებს. გაგიჩნდებათ ინოვაციური იდეები, რაც წარმატებას კავშირებს მოგიტანთ ტექნოლოგიებთან, მეცნიერებასთან და ინფორმაციასთან დაკავშირებულ სფეროებში.
კირჩხიბი
თქვენთვის 2025 წელი და განსაკუთრებით მეორე ნახევარი, განახლების და ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობებისა პერიოდი იქნება. იანვრიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ის ძველი პროექტები, რომლებიც გასული წელს დაიწყეთ. სწორედ პირველ კვარტალზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაივლით ამ წელს. დრო და ენერგია თქვენს ინტელექტუალურ განვითარებას, კომუნიკაციის გაძლიერებას და ახალი ცოდნის მიღებას დაუთმეთ. ეს იდეალური დროა ახალი პროექტების დაწყება-განვითარებისთვის. მეორე კვარტალი ფინანსურად მოგებიანი იქნება. შესაძლოა ურთიერთობა მოგიწიოთ განსხვავებული პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან. ეს შეხვედრები თქვენთვის სასარგებლო და სასიკეთო აღმოჩნდება. ივნისიდან დაიწყება ერთწლიანი ციკლი, რომელიც ბევრი მიმართულებით გაფართოების, ზრდის, განვითარებისა და პროგრესის საშუალებას მოგცემთ. გააქტიურდება უცხოეთთან, უცხოელებთან, მოგზაურობასთან და სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. მესამე კვარტალში გახდება უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ სივრცესთან, რემონტთან დაკავშირებული საკითხები. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში თავი გადაღლილად ან გაღიზიანებულადაც იგრძნოთ, ამიტომ შეეცადეთ, რომ ამ პერიოდში დასვენებაც შეძლოთ. მეოთხე კვარტალი გაააქტიურებს ბიზნესთან, სამსახურთან, კარიერასთან, ასევე ჯანმრთელობასთან თემებს. ეს პერიოდი სასიკეთო იქნება პროფესიული კუთხით, განსაკუთრებით თუ საქმიანობა ტექნოლოგიებს ან მედიცინას უკავშირდება. ეს დრო ასევე შესაფერისია ახალი პროექტებისა და ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.
ლომი
2025 წელი მთლიანობაში თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება. დადებითი შედეგების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც თქვენს შემოქმედებაში, ისე პირად ცხოვრებაში. პირველი კვარტალი ამ ყველაფრისთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება. ამ პერიოდში მოგიწევთ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ძველი პრობლემების მოგვარება. ეს შეეხება როგორც ჯანმრთელობის გამყარებას, ისე პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. მეორე კვარტალიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლება და მოვლენები ინტენსიურად განვითარდება. დადებითი იმპულსები გაჩნდება თქვენს პირად ცხოვრებაში, მოიმატებს ახალი სასიყვარულო კავშირის დაწყების ან ძველ ურთიერთობაში ჰარმონიის გაჩენის ალბათობა. ხელოვნებაში და კრეატიულ სფეროებში მოსალოდნელია წინსვლა. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და ამბიციაც, რაც დაგეხმარებათ დასახულ მიზნებს იოლად მიაღწიოთ. მესამე კვარტალიდან უნდა გამოვყოთ აგვისტო, ამიტომ შეეცადეთ, სხვა დროს დაისვენოთ, ეს თვე კი მაქსიმალურად გამოიყენოთ. ეს პერიოდი მოგცემთ ბევრი რამის მოწესრიგების და რეალობის უკეთესად აღქმის საშუალებას. სექტემბერში კვლავ გააქტიურდება პირადი ცხოვრება და მოსალოდნელია ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებამ მოგიწიოთ. მეოთხე კვარტალში იგრძნობთ ენერგიას და ეს გამოვლინდება როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ დონეზე. სწორი გადაწყვეტილებების და თანამშრომლობის უნარის წყალობით იოლად მიაღწევთ წარმატებებს. მოიმატებს სამსახურში დაწინაურების, უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობის, მოგზაურობის და სულიერი განახლების ალბათობაც.
ქალწული
თქვენს ცხოვრებაში ახალი 2025 წელი მოიტანს ბოლო სამწლიანი შინაგანი და გარეგანი დაპირისპირებებიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას. ეს თქვენში გამოათავისუფლებს ენერგიასა და დროს, რომელსაც თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის გამოიყენებთ. პირველ კვარტალი შედარებით წინააღმდეგობრივი იქნება. მოგიწევთ თქვენს გარშემო შექმნილი ახალი რეალობის გაცნობიერება და სამყაროსგან შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხის აწყობა. ამ პერიოდში მოერიდეთ რისკზე წასვლას. ეს განსაკუთრებით ფინანსურ ინვესტიციებს ეხება. მეორე კვარტალი უფრო მეტ გამართლებას მოგიტანთ. ორგანიზებულობის, გამჭრიახობის და სტრატეგიული გათვლების ხარჯზე არა მხოლოდ ძველი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, არამედ ახალი შესაძლებლობების შექმნასაც მოახერხებთ. ამ პერიოდში თქვენი მიმართულებით წამოსულ წინადადებებსა და შემოთავაზებებს ყურადღებით მოეკიდეთ და გამოიყენეთ. მესამე კვარტალში თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, შეძლებთ დაგროვილი საქმეებისთვის თავის გართმევას. ეს კარგი დროა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის, ვარჯიშის ან დიეტის დაწყებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის. გახდებით ზუსტი და დეტალებზე ორიენტირებული. წარმატებას მიაღწევთ თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სპორტთან, სამხედრო საქმესთან. მეოთხე კვარტალში თქვენში გაძლიერდება ესთეტიზმი, გემოვნებიანობა და სიყვარულის უნარი. წინსვლა და განვითარება გელით ურთიერთობებთან და ფინანსებთან მიმართებაში. გარდა ამისა, ეს დადებითი დრო იქნება პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის, ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის და ქორწინებისთვის.
სასწორი
2025 წელი თქვენთვის ტრანსფორმაციისა და ზრდის პერიოდი იქნება. პირველ კვარტალში დასრულდება ორწლიანი კარმული პერიოდი, რომლებიც გასულ წლებში თქვენს ქვეცნობიერ შფოთვას და „არაფრიდან“ შექმნილ პრობლემებს უკავშირდებოდა. ეს მოასწავებს როგორც წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებას, ისე ახალი შესაძლებლობების შექმნას. არ არის გამორიცხული, ამავე პერიოდში პირად ცხოვრებას გადახედოთ და ურთიერთობებში ბევრი რამ შეცვალოთ. მეორე კვარტალი თქვენს მოტივაციასა და მიზანსწრაფვას გააძლიერებს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მანამდე ვერ მოახერხეთ. ამასთანავე,
თავს დააღწევთ მომაბეზრებელ კავშირებსა და ილუზიურ გარემოებებს. ეს განსაკუთრებით შეეხება სამსახურს, კარიერას და ფსევდო-მეგობრებს. მესამე კვარტალი საშუალებას მოგცემთ წაიწიოთ წინ და თქვენდა სასიკეთოდ შეცვალოთ ბევრი რამ. ეს პერიოდი საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი საქმიანობა და გავლენა. წარმატებებს მიაღწიოთ, სწავლასთან, ცოდნის მიღება-გადაცემასთან, საბუთების მოწესრიგება-გაფორმებასთან, ბიზნესთან, ინვესტიციებთან, ვალების მართვასთან და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს ასევე კარგი დროა მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. მეოთხე კვარტალი მოიტანს ურთიერთობების ჰარმონიას, გააღრმავებთ და განამტკიცებთ კავშირებს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, წინ წაიწევთ როგორც სოციალურად, ისე ეკონომიკურად. მოსალოდნელია პიროვნული ზრდაც, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც თქვენს ინტელექტუალურ განვითარებაში, ისე სამსახურებრივ დაწინაურებაში ან საერთოდ, ახალი სამსახურის მიღებაში.
მორიელი
თქვენთვის ახალი, 2025 წელი გარდაქმნისა და შინაგანი ცვლილებების წელი იქნება. სწორედ ამ წელს დაინახავთ იმ შედეგს, რომელიც წარსულში თქვენს თავზე მუშაობის შედეგად მიაღწიეთ. წლის დასაწყისი თქვენთვის შინაგანი სიმშვიდისა და შემოქმედებითი მოტივაციის გაძლიერებას დაუკავშირდება. გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. პირველი კვარტალი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი პროექტების დაწყება-განვითარებისთვის, განსაკუთრებით ხელოვნებასთან, ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან, ლიტერატურასთან დაკავშირებით. მეორე კვარტალში ყურადღებას პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილებთ. ამ პერიოდში საჭირო გახდება სერიოზული საუბარი ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს კარგი დროა ახალი კავშირების განვითარებისთვის, ახალი მეგობრების შეძენისთვის, ოპონენტებთან დაზავებისთვის და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. მესამე კვარტალი შეიძლება კარმულ პერიოდად მოვიაზროთ. მოიმატებს ცდუნების, არასწორი გადაწყვეტილებების და გაუმართლებელ რისკზე წასვლის სურვილი. შესაძლოა, გააქტიურდეს ძველი პრობლემები ან ყოფილ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხები. არასასურველი იქნება წარსულში „დაბრუნება“, რადგან ეს თქვენს მდგომარეობას გააუარესებს. იმოქმედეთ წინდახედულად და საჭირო დროს, რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს და კონსულტანტებს მიმართეთ. მეოთხე კვარტალში (განსაკუთრებით ოქტომბერში) იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას იოლად გაართვათ თავი და ბევრი მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღოთ.
მშვილდოსანი
2025 წელი შინაგანი თავისუფლების მოპოვების, აღმაფრენისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. პირველივე კვარტალი თქვენთვის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება. მოგიწევთ შეხვედრები, მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც თქვენს მომავალთან პირდაპირ კავშირში იქნება. გარდა ამისა, თქვენი ფოკუსი მიმართული იქნება ოჯახური ურთიერთობების განვითარებისკენ, საცხოვრებელ სივრცესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისკენ და ემოციური მყუდროების მოპოვებისკენ. მეორე კვარტალში მკვეთრად მოიმატებს თქვენი ენერგიულობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ თქვენი ყოველდღიური რუტინა მართოთ, არამედ თქვენი პირადი ცხოვრება დინამიკით და ახალი ემოციური გამოცდილებით აავსოთ. ეს კარგი დროა არა მხოლოდ სამსახურებრივი და შემოქმედებითი პროექტების განვითარებისთვის, არამედ მოგზაურობასთან და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისთვის. მესამე კვარტალში თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება. ეს პერიოდი მოგიტანთ განვითარების შესაძლებლობას, განვითარდება თქვენი ფილოსოფიური ხედვა და გაიზრდება თქვენი ცოდნა. ჩამოაყალიბებთ ახალ მიზნებს და იპოვით ახალ გზებს მათი მიღწევისთვის. მეოთხე კვარტალი და განსაკუთრებით, მისი მეორე ნახევარი დინამიკური და ენერგიული გამოდგება. თქვენში მოიმატებს ოპტიმიზმი და თავს მოტივირებულად იგრძნობთ. ეს საუკეთესო დროა რთული პროექტების დასაწყებად ან ახალი იდეების განხორციელებისთვის. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ცოდნის მიღება-გადაცემას, მოგზაურობას, მოლაპარაკებებს, შეთანხმებებსა და გუნდურ მუშაობას უკავშირდება.
თხის რქა
ძველი პროცესების დასრულება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მიზნებს გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა _ თქვენს ცხოვრებაში, 2025 წელს სწორედ ეს ტენდენციები გააქტიურდება. პირველი კვარტალი გარკვეულ წინაღობებსა და გამოწვევებს მოიტანს. შესაძლოა იგრძნოთ, რომ ოჯახის წევრების და მეგობრების მოთხოვნები და ემოციური საჭიროებები ბევრ დროსა და ენერგიას გაკარგვინებთ. არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დაპირისპირება თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. შეეცადეთ, იპოვოთ ოქროს შუალედი ემოციურ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს შორის. მეორე კვარტალში ორგანიზებულობის, დისციპლინის და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარის წყალობით წარმატებებს მიაღწევთ. თუმცა ამისთვის ასევე საჭირო იქნება, რომ თქვენი მიზნები პრაქტიკულ ჭრილში დაინახოთ. მესამე კვარტალში თუ შეძლებთ პარტნიორებთან ან კოლეგებთან უთანხმოებებს და არარეალისტურ ხედვებს თავი აარიდოთ, მაშინ შეძლებთ პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გაუმჯობესებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და კარიერულ წინსვლასაც კი. მეოთხე კვარტალში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები წარმოიშვას ავტორიტეტულ ფიგურებთან ურთიერთობაში, ამიტომ მოერიდეთ ადამიანების კრიტიკას და მათ მიმართ მეტი ემოცია გამოავლინეთ. თუ წინდახედულად იმოქმედებთ, მოსალოდნელია სამსახურში წინ წაიწიოთ ან ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი მიზანდასახულობა, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაასრულოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში 2025 წელი მოიტანს სიღრმისეულ ტრანსფორმაციას, რაც დაკავშირებული იქნება თვითგამოხატვასთან, სოციალურ როლთან და ლიდერული თვისებების გაძლიერებასთან. პირველი კვარტალი დაუკავშირდება იმ კრიზისული საკითხების მოგვარებას, რომლებიც გასული წლიდან მომდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური რუტინა, ჯანმრთელობა, სამსახური, ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურება, ვალების გადახდა, უძრავი ქონება და კოლეგებთან ურთიერთობები. მეორე კვარტალში პირადი და პროფესიული ურთიერთობებში შესაძლოა დაიწყოს დაპირისპირება ან განსხვავებულ ინტერესთა შორის კონფლიქტი წარმოიშვას. აქტუალური გახდება „მე“-ს და „ჩვენ“-ს ბალანსის პოვნა. მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეეცადეთ, ეს ენერგია საკუთარი მიზნების განმტკიცებისთვის გამოიყენოთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინდახედულად მიიღეთ. ზაფხული დინამიკური პერიოდი იქნება, განსაკუთრებით კი ურთიერთობებში. გაჩნდება შანსი, პრობლემური ურთიერთობები დაალაგოთ, ხოლო ოპონენტებთან შეთანხმებებს მიაღწიოთ. თქვენი ფოკუსი მიმართული იქნება შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაზე. შემოდგომის დასაწყისში მოსალოდნელია აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები ან კარიერულად წინ წაიწიოთ. წლის ბოლო კვარტალი თქვენთვის შედარებით სტაბილური და პრაქტიკული იქნება. გაგიჩნდებათ შანსი, რომ სამსახურთან, ბიზნესთან, გარიგებებთან და ჯანმრთელობის გამყარებასთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებები განახორციელოთ. საინტერესო ადამიანები დაგეხმარებიან ინოვაციური იდეების რეალიზებაში, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, ხოლო თქვენი სოციალური ინიციატივები გარშემო მყოფებში მხარდაჭერას მოიპოვებენ.
თევზები
თქვენთვის 2025 წელი გახდება ძველი ილუზიების დასრულების და პირადი ან პროფესიული იდეალების გადახედვის პერიოდი. სწორედ ამ წელს გათავისუფლდებით ილუზიური მოლოდინებისგან და სრულად აღიქვამთ თქვენს რეალობას. პირველი კვარტალი მოგიტანთ შესაძლებლობას, რომ თავი დააღწიოთ რეტროგრადულ ადამიანებს, გათავისუფლდეთ შემზღუდველი ურთიერთობებისგან. ეს კარგი დროა სწავლისთვის და ახალი ფილოსოფიური შეხედულებების ჩამოყალიბებისთვის. მეორე კვარტალი სტრუქტურული ცვლილებების ახალი ფაზის დასაწყისი იქნება. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო პრაქტიკულ მიმართულებას მისცემს. დაიწყებთ წარსული გაკვეთილების ეფექტიანად გამოყენებას. გამახვილებული ინტუიცია და შინაგანი სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს სასიკეთოდ აისახება არა მხოლოდ ოჯახურ, არამედ საქმიან ცხოვრებაზეც. მესამე კვარტალში აღმაფრენას და სამყაროს მხარდაჭერას იგრძნობთ. რაც გამოიხატება ემოციური, სულიერი და კრეატიული ენერგიის ზრდაში. იოლად შეძლებთ შინაგან სიმშვიდისა და ოჯახური ჰარმონიის მიღწევას. ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები გაღრმავდება. ხელსაყრელი იქნება ახალი პროექტების წამოწყება და საკუთარი ნიჭის გამოვლენა. მეოთხე კვარტალი მოიტანს ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის გაძლიერებას. თქვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება. დაიწყებთ საკუთარი პოზიციის უფრო გაბედულად და მკაფიოდ გამოხატვას. ეს პერიოდი ხელს შეგიწყობთ შინაგან გარდაქმნაში, ძველი ემოციური ბლოკების მოცილებასა და სულიერ განახლებაში.
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი, I ნაწილი (მსოფლიო და საქართველო):
მსოფლიო
როგორც გასული წლების პროგნოზებშიც არაერთხელ აღვნიშნეთ, მსოფლიო იმყოფება ნეგატიურ პერიოდში, რომელიც დაიწყო 2018 წლის გაზაფხულზე და ის მეტ-ნაკლებად დასრულებულ ფორმას მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულისთვის მიიღებს. ამ პერიოდის ერთგვარი „ფსკერი“ 2022 წელი იყო (აღსანიშნავია, რომ რუსეთი სწორედ ამ დროს დაესხა თავს უკრაინას და რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო).
2023 წელი წარმოადგენდა ზემოთ ნახსენები „ფსკერის“ გაცნობიერებას, 2024 წელი კი იყო არა ამ „ორმოდან“ერთბაშად ამოხტომის პერიოდი, არამედ იმ „გადამრჩენი“ ფორმების ძიება, რომლებიც შექმნილ კრიზისს დაასრულებდნენ (აქ ბუნებრივია, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომი იგულისხმება). ასე რომ, სწორედ 2025 წელი უნდა აღმოჩნდეს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ბევრი კრიზისი, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ამა თუ ქვეყანას, რეგიონს აწევს - დასრულებისკენ წავა (საქართველოს პროგნოზს ქვემოთ შევეხები, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამაში საქართველოც იგულისხმება). თუმცა აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ე. წ. „ეპოქალური ცვლილება“, რომელიც 2020 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამ დროს მერწყულის ნიშანში ერთმანეთს იუპიტერი და სატურნი შეუერთდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება ოც წელიწადში ერთხელ ხდება, ამჯერად ეს შეერთება გამორჩეული იყო, რადგან ეს მოხდა ჰაერის სტიქიაში და ასე ვთქვათ, ჰაერის სტიქიამ „ჩაანაცვლა“ მიწა, რაც ფორმების რყევებსა და ჩამოშლას გულისხმობს. „სტიქიების ცვლილებას“ ყოველთვის მოსდევს კრიზისები და 2025 წელს ყველა ეს კრიზისი ასე ვთქვათ, ერთ წერტილში მოიყრის თავს (ცხადია აქ იგულისხმება არა ფიზიკურ-გეოგრაფიული, არამედ უფრო ტრანსცენდენტული სივრცე). სწორედ ამიტომ, 2025 წელი ბევრ კრიზისს დაასრულებს ან გამოჩნდება ასე ვთქვათ, დასასრულის დასაწყისი, ან შეიძლება ეს კრიზისი გახდეს საყოველთაო და ძალიან მასშტაბური (იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელიც კაცობრიობის უმეტესობას აწუხებდა, სწორედ 2025 წელს დასრულდება ან თითქმის დასრულდება).
თუ ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2000 წლის შემდეგ ორი „მინიმალური ზღვარი“ იყო - პირველი, 2008-10 წლებში და მეორე 2022-24 წლებში (ეს ციკლები ამ ეტაპის მაქსიმუმს მხოლოდ 2028-30 წლებში მიაღწევს). აქედან გამომდინარე, 2025 წლის დინამიკა შეიძლება უფრო ჩავთვალოთ სვლა „ქვემოდან - ზემოთ“, ანუ ის გარდამტეხი მოქმედებები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო 2022-24 წლებში შექმნილი კრიზისების აღმოფხვრისკენ, 2025 წლიდან უფრო გამოიკვეთება და შესამჩნევი გახდება, რაც ადამიანებს მათი დასრულების შესაძლებლობას მისცემს.
2025-2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები – სამი ნელა მოძრავი პლანეტის - ნეპტუნის, ურანის და სატურნის ინგრესიაა (ზოდიაქოს ნიშნების შეცვლაა), ანუ ისინი სხვა ნიშნებში გადავლენ: ნეპტუნი და სატურნი - ვერძში, ხოლო ურანი – ტყუპებში. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს სამივე პლანეტა ამ ინგრესიების შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით დაუბრუნდებიან შესაბამისად, თევზებსა და კუროს და საბოლოოდ, ისინი 2026 წლებში ისევ ხელახლა შევლენ ვერძისა და ტყუპების ნიშანში. ეს იმას ნიშნავს, რომ 2025-26 წლები ერთ ფაზად უნდა მოვიაზროთ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ 2025 გარკვეულწილად აგრძელებს 2024 წლის ტენდენციებს, ის უფრო მეტად კავშირშია 2026 წელთან. აქედან გამომდინარე, 2025 წელს ბევრი ახალი რეალობა ფორმირდება, რომლებიც 2026 წელს მინიმუმ, დასრულდება და მაქსიმუმ, განვითარდება.
აქვე არ უნდა დაგავიწყდეს, რომ 2024 წლის ბოლოს პლუტონი საბოლოოდ გადავიდა მერწყულის ნიშანში და თავის კოსმობიოლოგიური ენერგიის გამოვლენას სწორედ 2025 წლიდან დაიწყებს. ასე რომ, ურანის, ნეპტუნის, პლუტონის, ანუ როგორც მათ ასტროლოგიაში უწოდებენ „უნივერსალური“ პლანეტების ინგრესია მიუთითებს ეპოქალურ ცვლილებებზე, წარსულისა და მომავლის ენერგიების ბრძოლაზე. 2025 წლიდან დრო „ხდება“ დინამიკური, ინტენსიური, რაც გულისხმობს, ენერგიის განახლებას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცვლილებებს.
2025 წლის მთავარი ასტროლოგიური ასპექტი
2025 წლის მთავარი ასტროლოგიური ფონი სატურნისა და ნეპტუნის შეერთება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი შეერთება მხოლოდ 2026 წლის 20 თებერვალს იქნება, მისი გავლენა მთელი 2025 წლის განმავლობაში შენარჩუნდება (განსაკუთრებით საგრძნობი მეორე და მესამე კვარტალში იქნება). ასტროლოგიაში სატურნი სისტემის, სტრუქტურისა და რეალობის, ხოლო ნეპტუნი წარმოსახვის, ოცნებებისა და ილუზიების პლანეტაა. მათი შეერთება კი მიანიშნებს ყველა იმ ილუზიური გარემოებიდან გამორკვევაზე და „რეალობის სარკეში ჩახედვაზე“, რომელშიც ბოლო წლებში მსოფლიო იმყოფება.
ამ ასპექტის კიდევ ერთი განმარტებაა, წარმოსახვის რეალიზაცია, ილუზიების ნგრევა და გეგმების რეალური შეფასება. ეს მიანიშნებს, რომ წინა წლებში დაგროვილი ილუზია სწორედ 2025 წელს „ჩაიფუშება“. ბევრი მიმართულებით ეს პროცესი მტკივნეულად განვითარდება, თუმცა საბოლოო ჯამში სასიკეთო იქნება, რადგან საზოგადოებას, სოციუმს ეს თვითგამორკვევაში დაეხმარება. ეს ასევე მიანიშნებს სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებებზე, სურვილების ასრულებისთვის კონკრეტული და პრაგმატული გზების ძიებაზე, ქაოსის დალაგება-მოწესრიგებას და მოტივაციის გაძლიერებაზე. ეს ასპექტი იმის დამადასტურებელია, რომ ადამიანებში შესაძლოა, წარმოიშვას კონფლიქტები მათ იდეებსა და რეალიზაციის ფორმებს შორის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატურნი ყოველთვის უკავშირდება სტრუქტურას, დისციპლინას და სიმყარეს, ხოლო ნეპტუნი – ილუზიებს, იდეალიზმს და შემოქმედებითობას. მათი კომბინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ბევრ ადამიანს მოუწევს უფრო პრაქტიკულად მიუდგეს თავის ფანტაზიებსა და მიზნებს. ადამიანები იქნებიან მოტივირებულები, რათა ოცნებაში გადასული სურვილები რეალურ პროექტებად გადააქციონ. თუ ანალიზური ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ეს იქნება კოლექტიური არაცნობიერის ტრანსფორმაციის პერიოდი (როგორც 2025, ისე 2026 წელი). მაგალითად, ბოლოს სატურნი-ნეპტუნის შეერთება 1989 წელს იყო (ეს ასტროლოგიური მოვლენა 36 წელში ერთხელ ხდება). თუ გავიხსენებთ, რა პროცესები ხდებოდა, როგორც მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ისე მთელ მსოფლიოში, მივხვდებით, რომ ეს მიანიშნებს უდიდეს გამოწვევებზე. დიდი ალბათობით ეს იქნება ძველი სისტემების ნგრევა და ახალი, პროგრესული იდეების ჩამოყალიბება.
გლობალური პოლიტიკა და ეკონომიკა დიდწილად გარდაიქმნება, რადგან საზოგადოების ძლიერი მოთხოვნის ფონზე ბევრი ქვეყნის ხელისუფლება შეეცდება ეს ყოველივე გაითვალისწინოს, მიიღოს სიღრმისეული და რაც მთავარია, პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რათა თავი გაართვას არსებულ კრიზისებსა და გამოწვევებს. გარდა ამისა, ეს იქნება ასე ვთქვათ, სულიერების განვითარებაც - ადამიანები დაინტერესდებიან თვითგანვითარებით, სულიერი პრაქტიკებით, ფსიქოლოგიითა და მედიტაციით.
2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში დავინახავთ, თუ რა ტენდენციების განვითარებას უნდა ველოდოთ 2026 წელს. სწორედ, 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდი იქნება პიკი იმ ბობოქარი პერიოდისა, რომელიც დაიწყო 2024 წლის მეოთხე კვარტალში და დასრულდება 2026 წელს. ეს იქნება ერთგვარი „შემკრები წერტილი“, სადაც თავს მოიყრის ბევრი საკითხი და მათი მოგვარება პოლიტიკოსებისგან, ეკონომისტებისგან, ფინანსისტებისგან და მეცნიერებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამაზე მიანიშნებს, ურანის - ტყუპის, ხოლო სატურნის - ვერძის ნიშანში გადასვლა (ეს პირველი შემოტრიალების წერტილი იქნება და ამ ყველაფრის განახლება 2026 წლის პირველი კვარტალში მოხდება).
2025 წელი ბევრი გამოწვევას მოუტანს არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც. მნიშვნელოვან რყევებს უნდა ველოდოთ ამერიკაში, ჩინეთში, ირანსა და რუსეთში (განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მიმართებაშია სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი). ამ ქვეყნებში უნდა ველოდოთ მოვლენების ბობოქარ და მოულოდნელ განვითარებას.
საქართველო
ბუნებრივია, პირველ კვარტალში შენარჩუნდება ის ასტროლოგიური ტენდენციები, რომლებიც 2024 წლის გაზაფხულის ბუნიობის ჰოროსკოპს უკავშირდება (ეს არაერთხელ განვიხილეთ), რომელიც როგორც გვახსოვს, კავშირში იყო ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში ილუზიის შექმნას და ტყუილების ტირაჟირებასთან (მზე-ნეპტუნის შეერთება ასცენდენტთან). 2025 წლის პირველი სამი თვე ამ ყველაფრის გამოაშკარავება და „ამოტრიალება“ იქნება. ფაქტობრივად, ეს პერიოდი არის „გაცნობიერების“ პერიოდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების წინ. სწორედ ამ პერიოდშია არის მაღალი იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებაში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდეს (ან საერთაშორისო დონეზე რაიმე შეთანხმება იქნეს მიღწეული, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება). ასე რომ, 2025 წლის პირველ კვარტალში შესაძლებელია, რომ მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებები ვიხილოთ, ასეთ შემთხვევაში წლის დარჩენილ პერიოდში მოვლენები დიდი ალბათობით ბევრად უკეთ განვითარდება. ამისთვის კი 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობის ჰოროსკოპი გამოვიყენოთ.
ასე რომ, 2025 წლის პირველ კვარტალში შესაძლებელია, რომ მკვეთრი პოლიტიკური ცვლილებები ვიხილოთ, ასეთ შემთხვევაში წლის დარჩენილ პერიოდში მოვლენები დიდი ალბათობით ბევრად უკეთ განვითარდება. ამისთვის კი 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობის ჰოროსკოპი გამოვიყენოთ.
ამ ჰოროსკოპში (20.03.2025. 13:01. თბილისი) ვხედავთ, მკვეთრად გამოხატულია მე-10 მუნდანური სახლი (სადაც ვხედავთ მზეს, მერკურს, ვენერასა და ნეპტუნს). ეს მიანიშნებს ქვეყნის ლიდერობის, ავტორიტეტის და საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე. დიდი ალბათობით, საქართველო საერთაშორისო დონეზე „გამოვლინდება“ როგორც ინიციატივიანი, გაბედული და მიზანმიმართული ქვეყანა, რომელსაც სურს თავის რეგიონში წამყვანი როლი დაიკავოს.
მუნდანურ ჰოროსკოპში მზე „ხაზს უსვამს“ ხელისუფლების ცენტრალურ როლს და მის ახალი დინამიკას. მერკური „უზრუნველყოფს“ ინტელექტუალურ და კომუნიკაციურ აქტივობას, რაც მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და ახალი პოლიტიკის შემუშავებას „უწყობს ხელს“. ვენერა „ქმნის“ ქვეყნისთვის მიმზიდველ და ჰარმონიულ იმიჯს, რაც ეხმარება ეკონომიკური ურთიერთობებისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაში. ნეპტუნი, თავის მხრივ, სულიერ და იდეალისტურ განზომილებას „ამატებს“, თუმცა ეს მოითხოვს სიფრთხილეს, რათა პრაქტიკული მიზნები ილუზიებსა და არარეალურ ხედვებში არ დაიკარგოს. ასეთი განლაგება მოასწავებს დინამიკურ პერიოდს, როდესაც ქვეყანა მიისწრაფვის ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისკენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ემყარებოდეს რეალურ სტრატეგიებს და არა გადაჭარბებულ ოპტიმიზმს და ილუზიას (რომელიც კიდევ უფრო საგრძნობი იყო 2024 წელს).
ამ ჰოროსკოპში მარსს ვხედავთ კირჩხიბის ნიშანში და პირველ სახლში (ასცენდენტთან შეერთებით), რაც მიუთითებს ქვეყნის თავდაცვითი და ემოციური მობილიზაციის ძლიერ იმპულსზე. ეს განლაგება ასახავს ქვეყნის იდენტობის გაძლიერებას, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კოლექტიური ინტერესების დაცვაზე. დადებითი ასპექტები სატურნთან (მე-9 სახლში) და ურანთან (მე-11 სახლში) აერთიანებს სტაბილურობას და ინოვაციას. სატურნის გავლენა ხაზს უსვამს პასუხისმგებლობას საერთაშორისო პოლიტიკისადმი და სერიოზულ მიდგომას განათლების, იდეოლოგიის ან სამართლებრივი საკითხებისადმი, ხოლო ურანის დადებითი გავლენა „აძლიერებს“ ტექნოლოგიურ და სოციალურ პროგრესს, მოულოდნელ ცვლილებებს ჯგუფური ინიციატივების საშუალებით. საერთო ჯამში, ეს განლაგება მიანიშნებს სტაბილურ, მაგრამ პროგრესზე ორიენტირებულ თავდაცვით სტრატეგიებზე და ინოვაციური პროექტების განვითარებაზე საერთაშორისო და კოლექტიურ ასპარეზზე.
მთვარე მე-5 სახლში მიუთითებს ქვეყნის კულტურულ და შემოქმედებით აღმავლობაზე, ახალგაზრდობისა და გართობის სფეროების გაძლიერებაზე. მისი დადებითი ასპექტები მე-7 და მე-10 სახლებთან მიანიშნებს ჰარმონიულ საერთაშორისო პარტნიორობაზე და მთავრობის ეფექტიან მუშაობაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის საზოგადოებრივი იმიჯის გაუმჯობესებას. ეს კომბინაცია ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ინიციატივები, კულტურული პროექტები და სამომავლო გეგმები ფართო მხარდაჭერას პოულობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
2025 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი II ნაწილი (პლანეტარული ინგრესიები და ციკლები):
ურანის ინგრესია - ურანი კუროს ნიშანში პირველად 2018 წელს შევიდა და საბოლოოდ მას 2026 წლის აპრილში დატოვებს, თუმცა 2025 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 8 ნოემბრამდე ურანი ტყუპში მცირე ხნით იმოძრავებს (შემდეგ რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება კუროში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბოლოოდ, ტყუპში 2026 წლის აპრილში გადავა).
ურანის ტრანზიტი ტყუპის ნიშანში დაკავშირებულია კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური წინსვლის მნიშვნელოვან ცვლილებებთან. ტყუპის ენერგია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს იდეების გაცვლას, სწავლას და მრავალფეროვნებას, ურანის რევოლუციურ ხასიათს აძლიერებს და ფოკუსირებული ხდება სწრაფ ცვლილებებსა და ახალი კონცეფციების დანერგვაზე.
ამ ტრანზიტის დროს ხშირად იზრდება ინფორმაციის მნიშვნელობა და მისი გადაცემის ინოვაციური გზები. შესაძლებელია, რომ გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სფეროში გაჩნდეს ახალი იდეები, რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლის საზოგადოებას. მაგალითად, მოსალოდნელია ახალი გარღვევები კომუნიკაციის, სატრანსპორტო სისტემების, მედიის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს გლობალურ საზოგადოებას. მუნდანურ დონეზე, ურანი ტყუპში აძლიერებს საზოგადოების ინტერესს მრავალფეროვნებისა და სიახლეებისადმი. ჩნდება კულტურული გაცვლა-გამოცვლის ახალი ფორმები, იზრდება მრავალენოვანი პლატფორმების მნიშვნელობა და ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა. ურანის ეს ტრანზიტი ასევე ხაზს უსვამს განათლების სისტემის რეფორმების საჭიროებას, რადგან კოლექტიური ცნობიერება მოითხოვს სწავლის უფრო მოქნილ, ტექნოლოგიურად მდიდარ და მრავალფეროვან მიდგომას. სატრანსპორტო სფეროში მოსალოდნელია ინოვაციური პროექტების წამოწყება, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი კავშირების ან ალტერნატიული ენერგიის სისტემების დანერგვა.
სატურნის ინგრესია
სატურნი ვერძის ნიშანში 25 მაისს შევა, შემდეგ 1 სექტემბერს, რეტროგრადული მოძრაობით დაბრუნდება თევზებში და უკვე საბოლოოდ, ვერძში 2026 წლის 14 თებერვალს გადავა. ეს მიანიშნებს, რომ 2025 წელს პირველ ეტაპად დაიწყება და შემდეგ უკვე 2026-28 წლებში დღის წესრიგში დადგება ახალი სტრუქტურების შექმნის აუცილებლობა, მაგრამ ამის პარალელურად გაჩნდება შეზღუდვები და წინააღმდეგობებიც. სატურნის ეს განლაგება ხაზს უსვამს იმპულსებისა და ძალაუფლების სწორად გამოყენების საჭიროებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ან საზოგადოების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ვერძის ენერგია სატურნის სტრუქტურასა და პასუხისმგებლობას აკავშირებს, რაც შეიძლება გამოიხატოს მკვეთრი, მაგრამ მოზომილი ქმედებებით. ამ პერიოდში ხშირად ხდება კანონების გამკაცრება, სტრატეგიული გადაწყვეტილებების გადახედვა ან ახალი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მიმართულია კოლექტიური რესურსებისა უკეთესად ორგანიზებაზე. მეორეს მხრივ, ეს განლაგება შეიძლება მიანიშნებდეს სირთულეებზე ლიდერობაში, გაჭიანურებულ რეფორმებზე და კონფლიქტებზე, რომლებიც მოითხოვს მოთმინებას, სტრატეგიულობასა და გრძელვადიან ხედვას.
იუპიტერის ინგრესია
2025 წლის 10 ივნისს განვითარების, პროგრესის და გამარჯვების პლანეტა ტყუპიდან კირჩხიბში გადაინაცვლებს და იქ 2026 წლის ივნისის ბოლომდე იმოძრავებს. იუპიტერის კირჩხიბის ნიშანში გადასვლა დაკავშირებულია ემოციური სიღრმესთან, კოლექტიურ და სოციალურ ზრუნვასთან, ასევე ოჯახური, ეროვნული და კულტურული ფასეულობების გაძლიერებასთან. კირჩხიბი უკავშირდება - სახლს, სამშობლოსა და ემოციურ კავშირებს, ასე რომ იუპიტერის გავლენით კიდე უფრო გაძლიერდება ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ერთიანობის მნიშვნელობა. ბევრი ქვეყანა ფოკუსირდება ისეთ შიდა საკითხებზე, როგორიცაა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება, საბინაო პროგრამების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ან შიდა ეკონომიკური მხარდაჭერა. იუპიტერი ასევე ხელს უწყობს ოჯახური კეთილდღეობის პროგრამების გაძლიერებას, ბავშვთა უფლებების დაცვასა და განათლების განვითარებას. ასევე შეიძლება გააქტიურდეს მიგრაციის საკითხები, რასაც თან სდევდეს ეროვნული ან ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების სურვილი. უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატური და ეკოლოგიური თემატიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან კირჩხიბი დაკავშირებულია წყალთან, ზღვებთან და გარემოს დაცვასთან. შესაძლოა, გაძლიერდეს ინიციატივები ეკოლოგიური პროექტებისთვის და ყურადღება გამახვილდეს წყლის რესურსებზე. იუპიტერის ეს პოზიცია ასევე მიანიშნებს საზოგადოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაზე, ფსიქოლოგიური სერვისების განვითარებასა და საერთო სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე.
შავი მთვარის (ლილიტის) ინგრესია.
* 2024 წლის 29 ივნისიდან - 2025 წლის 27 მარტამდე ლილიტი იმყოფება სასწორის ნიშანში, რაც გაძლიერებულ ყურადღებას უთმობს კოლექტიურ ურთიერთობებს, სამართლიანობასა და დიპლომატიას. ამ პერიოდში გლობალურ დონეზე ჩნდება კონფლიქტური სიტუაციები, სადაც ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნების სურვილი ხშირად ეჯახება მანიპულაციებს, პოლიტიკური კომპრომისების მიღწევის სირთულესა და ძალაუფლებისთვის აგრესიულ ბრძოლას. საერთაშორისო ურთიერთობებში მაღალია წარუმატებელი მოლაპარაკებების იმედგაცრუება.
* 2025 წლის 27 მარტიდან - 2025 წლის 20 დეკემბრამდე ლილიტის გადასვლა მორიელის ნიშანში სამყაროს დინამიკაში შემოიტანს კრიზისების, ტრანსფორმაციების და ფარული პროცესების აქტივაციას. პოლიტიკურ, სოციალურ თუ ინდივიდუალურ დონეზე დაიწყება ღრმა ემოციური, ენერგეტიკული და ფინანსური ბრძოლა. მოიმატებს გლობალური მანიპულაციების და საიდუმლო გეგმების გამჟღავნების ალბათობა. შესაძლებელია ეკონომიკისა და ეკოლოგიის საკითხებში შეიქმნას კრიზისული ვითარებები, ხოლო კოლექტიურ დონეზე გაიზრდება ცვლილებების სურვილი, რომელიც უმეტესწილად შიშზე იქნება დაფუძნებული. მორიელის სიმბოლიკა - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვა, ამიტომ ბევრი კულტურა და საზოგადოება აღმოჩნდება აუცილებელი ტრანსფორმაციის წინაშე, რაც გამოიწვევს ძველი სტრუქტურების ნგრევას და ახალი სისტემების შექმნისკენ სწრაფვას (2025 წლის 20 დეკემბრიდან ლილიტის გადავა მშვილდოსანში, თუმცა მისი გავლენა ძირითადად 2026 წელს გამოვლინდება).
ასტრონუმეროლოგიური ანალიზი
ამ თვალსაზრისით, 2025 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 5. ეს არის „გაორებული“ მთვარისა და მერკურის სინთეზი. ეს არის 2/3 მთვარისა და 1/3 მერკურის ენერგია. პირველი წარმოადგენს ემოციას, პირად ქვეცნობიერს, ქალურობას, „ინ“ ენერგიას, ინტუიციას, სიფაქიზეს, წარსულს, ირაციონალურობას, ხოლო მერკური - ეს არის აზროვნება, კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება-გადაცემა, ინტელექტი, ცოდნა, სწავლა, გადაადგილება, რაციონალურობა. აქედან გამომდინარე, ეს იქნება საკმაოდ ემოციური წელი და განსაკუთრებით სასიკეთო იქნება ქალებისთვის და იმ სფეროებისთვის, რომლის განვითარებას არა ფიზიკური ძალა, ემოციური ემოციური ინტელექტი და მოქნილება სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოგიკური და რაციონალური ადამიანები განწირულები იქნებიან. თუ ისინი შეძლებენ საკუთარი ემოციის მართვას, მაშინ ისინიც შეძლებენ მიზნების სწორად დაგეგმვასა და მათ მიღწევას. 2025 წლის ჯამი გვაძლევს რიცხვს 9 (2+0+2+5 = 9). ეს უკვე მარსის ძალა, მიზანსწრაფვა, დინამიზმი და ბრძოლისუნარიანობაა. ასე რომ, მარსის გავლენით 2025 წელში საჭირო იქნება ინიციატივის გამოვლენა. იმ ადამიანს, ვისაც განვითარება სურს, კი არ უნდა დაელოდოს, არამედ აქტიურ რეჟიმში უნდა შეეცადოს სასურველი შედეგის მიღებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა
🎥 როგორ გააქრო ქართლის დედა გია ფარადაშვილმა - რა საიდუმლოს ამხელს ილუზიონისტი?