
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩათვლით 6-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით ასტროპროგნოზზე წერს:
„რას მოიტანს მერკურის მორიელის ნიშანში ინგრესია. 6-29 ოქტომბერი.
6 ოქტომბერს მერკური გადავა მორიელის ნიშანში და იქ 29 ოქტომბრამდე დარჩება.
მერკურის ამ ინგრესიის დროს ადამიანებში აზროვნება ღრმავდება და მახვილდება. წინ მოდის გამჭრიახობა. ადამიანებს უჩნდებათ მძაფრი სურვილი, რომ სიმართლეს ბოლომდე მიჰყვნენ. მორიელი ფიქსირებული, მყარი ნიშანია, ამიტომ მძაფრდება სიჯიუტე და საკუთარი პრინციპების დაცვის სურვილიც. უფრო მეტიც, ამ დროს აზროვნება რადიკალური ხდება, აქედან გამომდინარე, ადამიანებს უჭირთ უკან დახევა და საკუთარი პოზიციის დათმობა.
ურთიერთობებში ემოცია წინ უსწრებს რაციოს, ამასთანავე, ურთიერთობაში „შეჟონვას“ იწყებს ეჭვი. იმატებს პროვოკაციის ალბათობაც. გარდა ამისა, წინა პლანზე გამოდის ფარული მოტივები და კონტროლის ქვეცნობიერი სურვილი. მორიელი სექსუალური ნიშანია, ამიტომ მოსალოდნელია ძლიერი სექსუალური იმპულსების გააქტიურებაც (ეს ეხება როგორც ძველ, ისე ახალ ურთიერთობებს).
ეს იდეალური პერიოდია კვლევა-ძიებისთვის, კითხვებზე პასუხების მოძიებისთვის, ასევე დაკარგული საგნების ან ადამიანების მოსაძებნად. ამ დროს იოლად იხსნება ძველი საიდუმლო თუ დანაშაული. ასევე კარგი დროა ფინანსური ბაზრის შესწავლისთვის, ფინანსური ანალიზისთვის, ბუღალტერიისთვის, ასევე მომავალი ინვესტიციების დაგეგმვისთვის.
პოლიტიკურ-საზოგადოებრივ დონეზე გაძლიერდება „ბნელი“ ფსიქოლოგია, საიდუმლო დიპლომატია, კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, ასევე შიდა გამოძიებები და პოლიტიკურ-ეკონომიკური სკანდალები.
მოსალოდნელია ბევრი შეთანხმება მოხდეს „ფარდის მიღმა“, ანუ ოფიციალური განცხადებები ერთ მიმართულებით გაკეთდეს, თუმცა რეალური პროცესები – საერთოდ სხვა იყოს. მოიმატებს სკანდალების ალბათობა.
მიზანმიმართულად „გაიჟონება“ საიდუმლო ინფორმაცია, ფარული დოკუმენტები და ფარული კორუფციული სქემები.
მორიელი უკავშირდება საერთო რესურსებს: ბანკებს, კრედიტებს, გადასახადებს, ასევე ნავთობს, ბუნებრივ რესურსებს. ამიტომ ამ მიმართულებით მოსალოდნელია ახალი ტიპის კრიზისები და ამ კრიზისებთან ბრძოლა (მოსალოდნელია რუსეთში კიდევ უფრო დამძიმდეს შექმნილი საწვავის კრიზისი). ქვეყნებს შორის მოსალოდნელია ჯაშუშობასთან და ფარული თვალთვალთან დაკავშირებული ახალი სკანდალები. ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში მოიმატებს.
შესაძლოა, ამ ქვეყნებმა მიიღონ ახალი ზომები ამის თავიდან ასაცილებლად.
ამ პერიოდში ბევრად რთული იქნება ოქტომბრის მეორე ნახევარი, როდესაც მერკური ჯერ მარსს და შემდეგ ლილიტს (შავ მთვარეს) შეუერთდება. ზემოთ მოყვანილი ტენდენციები კიდევ უფრო დამძიმდება და ნეგატიური პროცესების პიკიც მოსალოდნელი სწორედ ამ დროს იქნება.
მერკური-მარსის შეერთება როგორც ინდივიდუალურ, ისე მუნდანურ დონეზე მიუთითებს ადამიანებს შორის კამათზე, ურთიერთკრიტიკასა და დაპირიპისპირებაზე. ამ დროს კამათს ან კრიტიკას მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირებაც მოჰყვეს.
მით უმეტეს, რომ მერკური-ლილიტის შეერთებისას, თითოეული სიტყვა შესაძლოა „შხამის ინექციად“ იქცეს.
ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს ვერბალურ მხარეს.
მოსალოდნელია, უბრალო ხუმრობაც კი გარშემო მყოფებმა ირონიად ან ცინიზმად მიიღონ. მერკური-ლილიტის შეერთება მუნდანურ დონეზე ხშირად იძლევა დეზინფორმაციის ძლიერ ტალღებს, ასე რომ, მოსალოდნელია ამ მიმართულებით კიდევ უფრო რთული სურათი ვიხილოთ.
რომ შევაჯამოთ, მერკური მორიელში „მოიტანს“ სიღრმისეული აზროვნებას, საინტერესო თემების კვლევას, საკუთარ თავში ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას, ჭეშმარიტების ძიებას და აქამდე დაფარული სიმართლის დღის სინათლეზე გამოტანას“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ, როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს...“ - რას წერს გივიკო დიდია
🎥 სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა