
2025 წლის სექტემბერი ძლიერი ტრანსფორმაციისა და რადიკალური გადაწყვეტილებების თვე იქნება. აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე დაბნელების დერეფანს გავდივართ. ეს პერიოდი კი მოძველებული საქმეების, იდეების, ურთიერთობების ნგრევასა და მოულოდნელ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება.
ცვლილებებს განსაკუთრებით მკვეთრად თევზების ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ.
დაბნელება მათი ჰოროსკოპის პირველ და მეშვიდე ასტროლოგიურ ღერძებზე - პიროვნების და ურთიერთობების სფეროზე მოახდენს გავლენას. თევზებს მოუწევთ გადახედონ არა მხოლოდ გარშემომყოფებთან კავშირებს, არამედ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებასაც.
თვის განმავლობაში ძლიერი შინაგანი ტრანსფორმაცია გელით. ბევრი თქვენგანი მთავარ შეკითხვებს დასვამს, თუ როგორ ექცევა საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს, შინაგან სამყაროს. ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ დროა, მოძველებულ ურთიერთობებს, საქმეებს საბოლოოდ დაემშვიდობონ.
ეს ძალიან დიდ თავისუფლებას მოგიტანთ და ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით, რადგან შეძლებთ, გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გიშლით.
პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. შესაძლოა, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯი და ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. ან დაშორების გადაწყვეტილება მიიღოთ.
დაბნელების დერეფანი ყველა სფეროში, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებში, არსებულ სისუსტეებს, ხარვეზებს სრულად გამოკვეთს და თითოეულ ჩვენგან აიძულებს, მოვლენებს რეალისტურად შეხედოს. თევზების ნიშნის წარმომადგენლებსაც ანალიზისა და მოვლენების ობიექტურად შეფასების ეტაპი აქვთ.
მაშინაც კი, თუ სტაგნაციიდან გამოსვლის მკაფიო გეგმა არ არსებობს, უკეთესობისკენ სვლის სურვილი თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მთავარია, საკუთარ თავს ენდოთ და სიახლეებს არ შეუშინდეთ.
სექტემბერი თქვენთვის განტვირთვისა და დასვენების თვეა. ეს დაგეხმარებათ, რეალურ სურვილებზე იფიქროთ და სამომავლო გეგმები დასახოთ. გარდა ამისა, ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის ეს თვე სწავლისა ან პროფესიული ცოდნის გაფართოების დრო იქნება. თუ თქვენ ახლა რაიმე პროფესიული კურსის გავლას, უნარების გამრავალფეროვნებას, ახალი ჰობის ან არსებული საქმის განვითარებას გადაწყვეტთ, სამომავლოდ ეს ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ.
სექტემბერი თევზებისთვის ის თვეა, როდესაც შინაგანი ხმა უფრო საიმედო გახდება, ვიდრე გარედან მომავალი ნებისმიერი რჩევა. ამიტომ, საკუთარ თავს ენდეთ და ის გადაწყვეტილებები მიიღეთ, რასაც თავად თვლით სწორად. თუმცა, იმპულსურობას მოერიდეთ.
მიმდინარე თვე ძალიან ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას გაძლევთ. ამიტომაც, შესაძლოა, ბევრი რამ, რაც ადრე გერთულებოდათ, მარტივად გამოგივიდეთ. ახალ ამოცანებს შესანიშნავად გაუმკლავდეთ, თქვენი მიზნების განხორციელებაზე იფიქროთ.
რამდენიმე რთული ეტაპიც იქნება, განსაკუთრებით, მოლაპარაკებების კუთხით. შეიძლება, უფროსთან, პარტნიორთან უთანხმოება შეგხვდეთ და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მაგრამ, ახლა გექნებათ შესაბამისი ძალა, რომ პირადი საზღვრები ბევრად მკაცრად განსაზღვროთ და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოთ.
ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გელით. შესაძლოა, შემოსავლის მიღების ახალი წყარო აღმოაჩინოთ, ბონუსი დაიმსახუროთ, მოულოდნელი სიურპრიზი მიიღოთ.
სექტემბერი თქვენთვის რადიკალური ცვლილებების პერიოდი იქნება. 2025 წლის შემოდგომის პირველი თვე გაძლევთ შანსს, წარმატების გასაღები საკუთარ თავში აღმოაჩინოთ, დაივიწყოთ მოძველებული კავშირები და თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მაგნიტური ქარიშხალი სექტემბერში - თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები!
წყარო: www.beaumonde.ge