23 ივნისი - დღე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა.
დღეს მთვარე მოძრაობს სასწორის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ დღის მთავარი თემა ურთიერთობები, კომუნიკაცია, კომპრომისი და ჰარმონიისკენ სწრაფვა იქნება.
სასწორი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მარტო არ ვცხოვრობთ, რომ ადამიანების გარემოცვაში ვართ, ამიტომ შეთანხმების უნარი, ერთმანეთის მოსმენა და ბალანსის პოვნა ამ დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
დღეს სასწორის ეს მშვიდობისმოყვარე ენერგია სერიოზულ გამოცდას გაივლის.
დავიწყოთ იმით, რომ მარსი დღეს ალგოლის ვარსკვლავთან შეერთებაში იმყოფება - ალგოლი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული ენერგიის მატარებელი ფიქსირებული ვარსკვლავი.
ასტროლოგიურ ტრადიციაში ალგოლი უკონტროლო ემოციების, ბრაზის აფეთქების, იმპულსური ქმედებებისა და ისეთი გადაწყვეტილებების სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელთა გამოც ადამიანს მოგვიანებით სინანული ეუფლება.
რა თქმა უნდა, თავად ვარსკვლავი არავის აიძულებს შეცდომების დაშვებას, მაგრამ ის აძლიერებს იმ თვისებებს, რომლებიც უკვე არსებობს ადამიანის შინაგან სამყაროში. მარსთან - მოქმედების, აგრესიისა და ბრძოლის პლანეტასთან - შეერთებაში ყოფნისას, ალგოლი აძლიერებს გაღიზიანებას, კონფლიქტურობას და გადაჭარბებულ ემოციურობას.
დღის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ძლიერი ემოციების ზემოქმედების ქვეშ, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ ჩაებმებით საკუთარი სიმართლის დამტკიცების ბრძოლაში და ნუ შეეცდებით დაარწმუნოთ ადამიანი, რომელსაც თავიდანვე არ აქვს თქვენი მოსმენის სურვილი.
მარსისა და ალგოლის ერთობლივ ენერგიას შეუძლია უმნიშვნელო გაუგებრობა რამდენიმე წუთში სერიოზულ კონფლიქტად აქციოს.
მაგრამ დღის დაძაბულობა ამით არ სრულდება, რადგან იგრძნობა მზისა და ნეპტუნის კვადრატურის გავლენა - დაძაბული ასპექტისა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა საკმაოდ უჩვეულო ემოციურ ფონს ქმნის.
ერთი მხრივ, ნეპტუნი აძლიერებს წარმოსახვას, ინტუიციას, აღვიძებს შემოქმედებით საწყისს და სულიერ მგრძნობელობას.
მეორე მხრივ კი, მას შეუძლია რეალობის საზღვრების გაფერმკრთალება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ დღეს, არსებობს თვითმოტყუების, მცდარი დასკვნების, სიტუაციის არასწორი შეფასებისა და გადაჭარბებული მიმნდობლობის მაღალი რისკი.
შესაძლოა მოვისმინოთ არა ის, რაც სინამდვილეში ითქვა, არამედ ის, რისი მოსმენაც გვინდა. დავინახოთ არა რეალური სურათი, არამედ ის, რის დანახვასაც ვცდილობთ. დავიჯეროთ ის, რისიც ძალიან გვინდა გვჯეროდეს.
ამიტომ ნებისმიერი დაპირება, მიმზიდველი შეთავაზება, საეჭვო პროექტი ან ადამიანი, რომელიც ზედმეტად დაჟინებით ცდილობს თქვენი ნდობის მოპოვებას, გადამოწმებას საჭიროებს.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელახლა შემოწმება, დეტალების დაზუსტება და დარწმუნება, რომ რეალობა ნამდვილად შეესაბამება თქვენს მოლოდინებს.
გარდა ამისა, დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გარკვეული ემოციური სიმძიმე იგრძნოთ, რადგან დაახლოებით 14:00 საათამდე მთვარე სატურნის ოპოზიციაში იქნება.
ამ გავლენის ქვეშ მოსალოდნელია შეზღუდვებთან, მკაცრ წესებსა და მოთხოვნებთან შეეჯახება, რომელთა გვერდის ავლაც შეუძლებელი იქნება, ან შესაძლოა მოგვიწიოს საქმის კეთება, რომელიც ჩვენს სურვილს ეწინააღმდეგება. არ არის გამორიცხული დაგვიანებები, შეხვედრების გადადება, ლოდინის აუცილებლობა ან გარემოებებთან შეგუება.
სატურნს ხომ ძალიან უყვარს ჩვენი მოთმინების, სიმტკიცის გამოცდა. ამიტომ განსაკუთრებით დილის საათებში მნიშვნელოვანია არ განეწყოთ პესიმისტურად, თუ საქმეები შეფერხდება ან მოვლენები იმაზე ნელა განვითარდება, ვიდრე ველოდით.
დღის მეორე ნახევარში ეს გავლენა შესუსტდება და გააქტიურდება სხვა დაძაბული ასპექტი - მთვარის კვადრატი მერკურთან,რაც ნიშნავს, რომ დღის მთავარ თემად კომუნიკაცია იქცევა.
სასწორს მშვიდობა და ჰარმონია სურს. მერკურს - საუბარი, მაგრამ მათ შორის არსებული დაძაბული კვადრატი ქმნის სიტუაციას, როდესაც ნათქვამი სიტყვები სრულიად სხვაგვარად შეიძლება იქნეს გაგებული, ამიტომ დღის მეორე ნახევარში იზრდება გაუგებრობების, ნაჩქარევი დასკვნებისა და ემოციური რეაქციების ალბათობა.
მნიშვნელოვანია ერთი მარტივი წესის დაცვა: სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ სიტყვები. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარში და საღამოს შეძლებთ თავი აარიდოთ მწვავე და მტკივნეული თემების განხილვას, განსაკუთრებით თუ ეხება ოჯახურ ურთიერთობებს, პარტნიორობასა და ფინანსურ საკითხებს.
დღევანდელი დღე შინაგანი წონასწორობის ძალის შენარჩუნებას საჭიროებს.
სწორედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს ამ დღის შედეგს. თუ სიმშვიდის შენარჩუნებას შევძლებთ, ბევრი სირთულე შეუმჩნევლად ჩაივლის. მაგრამ თუ ემოციებს ავყვებით, უმნიშვნელო სიტუაციებიც კი შეიძლება სერიოზულ პრობლემებად გადაიქცეს.
დღის საუკეთესო სტრატეგიაა ჩვეულებრივი საქმეების კეთება, საკუთარი მოვალეობების შესრულება და, რაც მთავარია, არ ავჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ნუ შეეცდებით მთელი სამყაროს შეცვლას ერთ დღეში.
სერიოზული მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი განხილვებისთვის დღის პირველი ნახევარი გაცილებით ხელსაყრელია.
როგორც ყოველთვის, გავითვალისწინოთ მთვარის დღის ენერგიებიც.
თბილისის დროით 14:40 საათამდე ჩვენზე მერვე მთვარის დღის ტრანსფორმაციული ენერგიები იმოქმედებს, რომლის სიმბოლო ფენიქსია.
ფენიქსი - ეს არის მითოლოგიური ფრინველი, რომელიც განასახიერებს ტრანსფორმაციულ პროცესს ჯერ თავს იწვავს, შემდეგ კი ფერფლიდან ახლიდან იბადება.
ამიტომ მერვე მთვარის დღე ასოცირდება ახალ საფეხურზე გადასვლასთან, აღორძინებასთან და განახლებასთან.
ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ცეცხლის სტიქიასთან მუშაობა.
სწორედ ცეცხლი გვეხმარება გარდავქმნათ კრიზისი რწმენად, იმედგაცრუება ენთუზიაზმად, ხოლო ტკივილი ძალად.
ცეცხლის გამწმენდი ძალის დახმარებით როდესაც ვათავისუფლებთ ყველაფერს, რაც უკვე ამოწურული და მოძველებულია, ვიღებთ ახალ ენერგიასა და ახალ ძალებს, რათა წინ წარმატებით განვაგრძოთ გზა.
ეს დღე ტრანსფორმაციას, აღორძინებასა და რეგენერაციას უკავშირდება. ამ დღის ენერგიები ხელს უწყობს წარსულის გათავისუფლებას და ყველაფრის გაშვებას, რაც აღარ ემსახურება თქვენს კეთილდღეობას.
მნიშვნელოვანია შინაგანი მზაობა ცვლილებებისთვის, ახალი გამოცდილებისადმი მიმღებლობა და რწმენა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, საბოლოოდ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ეს დღე ხელსაყრელია მეორე შანსის მისაცემად იმ საქმეებისთვის, რომლებიც ოდესღაც პირველივე მცდელობაზე არ გამოგვივიდა.
შეგიძლიათ დღეს კიდევ ერთხელ სცადოთ.
ეს რეკომენდაცია თანაბრად ეხება ცხოვრების ყველა სფეროს - როგორც დიდ და მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად ურთიერთობებსა და ბიზნესპროექტებს, ასევე ყოველდღიურ, თითქოს უმნიშვნელო საქმეებს.
დღეს მნიშვნელოვანია მადლიერების პრაქტიკა. გამოხატეთ მადლიერება ყველა იმ სიკეთისთვის, რაც თქვენს ცხოვრებაში არსებობს.
ასევე დაგაინტერესებთ: