20 სექტემბრის ასტროლოგიური ანალიზი მოგვიწოდებს მოთმინებისკენ, პასუხისმგებლობისკენ, სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის ოქროს შუალედის პოვნისა და შინაგანი ბალანსის შენარჩუნებისკენ.
მთვარის მდებარეობა თხის რქის ნიშანში მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკული საქმეების მოწესრიგებას, ვალდებულებების შესრულებასა და დისციპლინას უწყობს ხელს. ამ დროს საგრძნობლად მარტივდება ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებიც ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა საერთო ენერგეტიკაში შინაგანი დაძაბულობაც იგრძნობა.
თხის რქის მთვარე ტაუ-კვადრატის მწვერვალს ქმნის, რომლის საფუძველშიც მერკურისა და რეტროგრადული სატურნის ოპოზიცია დგას, რაც მთავარ ამოცანად უკიდურესობების დაბალანსებას აქცევს - გეგმებსა და არსებულ პირობებს, საკუთარ ინტერესებსა და სხვების მოთხოვნებს, „მინდასა“ და რეალობის „უნდას“ შორის.
სასწორის ნიშანში მყოფი მერკური ცდილობს შეთანხმებას, კომპრომისის პოვნასა და ორივე მხარის მოსმენას, თუმცა მის საპირისპიროდ მდგომი სატურნი მკაცრ საზღვრებსა და შეზღუდვებს აწესებს.
ამის გამო, დღეს შეთანხმების მიღწევა შეიძლება გართულდეს, რადგან შეთავაზებულ გამოსავალზე მეორე მხარემ დაბრკოლებები დაინახოს, ან არსებულმა წესებმა, ვადებმა და ვალდებულებებმა ხელი შეუშალოს პროცესს. შესაძლოა პასუხის მიღება დაყოვნდეს ან დაგეგმილი საქმის ნაცვლად სრულიად სხვა საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ასეთ დროს ხშირად იღვიძებს ყველაფრის საკუთარ თავზე აღებისა და კონტროლის სურვილი, რაც დღევანდელი დღის მთავარი ხაფანგია, რადგან კონტროლი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ზეწოლაში და საპირისპირო წინააღმდეგობა გამოიწვიოს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ოჯახურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ კომუნიკაციაში. თხის რქის მთვარე ხელს უწყობს საოჯახო საქმეებისა და პრაქტიკული საკითხების მოგვარებას, ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებმაც აუცილებლად ჩვენი გეგმით უნდა იმოქმედონ. მერკურისა და სატურნის დაძაბული ასპექტი ურთიერთობებს უფრო მშრალს ხდის, რის გამოც ჩვეულებრივი სიტყვაც კი შეიძლება კრიტიკად, შენიშვნა - პირად შეურაცხყოფად, ხოლო უარი - უპატივცემულობად აღიქმებოდეს.
შესაბამისად, ეს დღე ნაკლებად ხელსაყრელია რთული ურთიერთობების გასარკვევად ან ისეთი მოლაპარაკებებისთვის, სადაც მხარეებს ისედაც საპირისპირო პოზიციები აქვთ, რადგან ახალი წყენისა და პრეტენზიების გაჩენა ძალიან ადვილია.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი დაძაბული ასპექტი დიდ ენერგიასაც შეიცავს, რომლის სწორი მიმართულებით გამოყენება დღეს საკმაოდ პროდუქტიულს გახდის. თუ ენერგიას ადამიანებთან ბრძოლას არ მოახმართ და მას საკუთარ კონტროლქვეშ არსებულ საქმეებს დაუთმობთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.
ეს მშვენიერი დროა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, ფინანსების გადახედვისთვის, მომდევნო კვირის განრიგის შედგენისა და ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. განსაკუთრებით გაგიმართლებთ იმ საქმეებში, რომლებიც შთაგონების ნაცვლად ნებისყოფას მოითხოვს - კარადაში წესრიგის დამყარება, ბიუჯეტის დაგეგმვა, დაწყებული საქმეების დასრულება და ფიზიკური გარემოს ორგანიზება შინაგან დაძაბულობასაც საგრძნობლად შეამცირებს.
თუ რომელიმე საკითხი დღეს არ გვარდება, უმჯობესია სიტუაციას ძალით არ ,,მიაწვეთ”და საკუთარ თავს მისცეთ უფლება, რომ საბოლოო პასუხი მოგვიანებით მიიღოთ.
მერკურისა და სატურნის ოპოზიცია გვაჩვენებს ობიექტურ დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვის მცდელობა მხოლოდ ენერგიას გვართმევს. ამ დღის მთავარი პრინციპია: ყველაფერი, რაც დღეს არ გამოდის, აუცილებლად დღესვე არ უნდა მოგვარდეს. როგორც იაპონური ანდაზა ამბობს, „თუ გეჩქარება, ნელა იარე“. მცირე პაუზა და დაფიქრება დღეს ყველაზე გონივრული ნაბიჯია.
დღის მეორე ნახევრიდან ენერგეტიკა იცვლება. დააცლოებით 16:00 საათამდე მოქმედი მეცხრე მთვარის დღის შემდეგ იწყება მეათე მთვარის დღე, რომელიც ასტროლოგიურ ტრადიციაში გვართან, ოჯახურ ფესვებთან, წინაპრების ხსოვნასა და ჩვენი წარმოშობის შინაგან საყრდენთან არის დაკავშირებული.
ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდება წარსულთან დაკავშირებული თემები, ბავშვობის მოგონებები და ოჯახური ისტორიები, რაც გვეხმარება გავიაზროთ, რატომ მეორდება ცხოვრებაში გარკვეული სცენარები და საიდან მოდის ჩვენი ქცევითი შაბლონები.
მეათე მთვარის დღის სიმბოლო - წყარო ან შადრევანი - გვახსენებს იმ შინაგან ძალასა და გამოცდილებას, რომელიც თაობებიდან გადმოგვეცა. ეს საუკეთესო დროა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის, ძველი ფოტოების დათვალიერების, წინაპრებისადმი მადლიერების გამოხატვისა და შერიგებისთვის. ფესვების მიღება და მათთან მშვიდობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ადამიანს ეხმარება განმეორებადი ოჯახური პრობლემებისგან დისტანცირებაში.
საბოლოო ჯამში, 20 სექტემბრის მთავარი გზავნილია მოთმინება, სიფრთხილე დღის პირველ ნახევარში და ყურადღების გადატანა საკუთარ ფესვებსა თუ შინაგან რესურსებზე დღის მეორე ნახევარში.
წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო!