25 მაისს, ორშაბათს, საკმაოდ სპეციფიკური ასტროლოგიური დღე გველოდება. დღის მთავარი თემა იქნება შინაგანი დაძაბულობისა და ენერგეტიკული ცვლილების ფონზე ბალანსის შენარჩუნება. დილიდან იგრძნობა ძლიერი ფსიქოემოციური წნეხი, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ენერგეტიკა თანდათან შემსუბუქდება და საღამოსთვის სივრცე უფრო ჰარმონიული, მშვიდი და კონსტრუქციული გახდება.
ეს დღე გვასწავლის, როგორ გავუშვათ კონტროლის სურვილი, გავთავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან და მოვლენებს ბუნებრივი გზით განვითარების საშუალება მივცეთ.
ახლა ვიმყოფებით მთვარის მეორე ფაზაში, როდესაც ორგანიზმში შინაგანი ენერგია მზარდია და სასიცოცხლო ძალები აქტიურად იმატებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი რესურსები უკონტროლოდ უნდა დავხარჯოთ. პირიქით - მეორე ფაზის მთავარი ამოცანაა ენერგიის სწორად განაწილება და დაზოგვა, რადგან მესამე ფაზიდან- სავსე მთვარის შემდეგ - იწყება ენერგიის თანდათანობითი კლების პერიოდი.
ამიტომ, მიუხედავად მოზღვავებული მოტივაციისა, ზედმეტი გადაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა და ემოციური გადამეტება ახლა არასასურველია. საუკეთესო სტრატეგიაა ზომიერი აქტიურობა, რიტმის შენარჩუნება და ენერგიის გონივრული მართვა.
მთელი დღის განმავლობაში მთვარე ქალწულის ნიშნის ბოლო გრადუსებში იმოძრავებს და სასწორში გადასასვლელად ემზადება.
სწორედ ამიტომ, დილის 05:00 საათიდან საღამოს 18:34 საათამდე უკურსო მთვარის პერიოდი იქნება. ეს მდგომარეობა ხშირად ქმნის გაურკვევლობას, დაბნეულობასა და პროცესების შეფერხებას.
ასეთ პერიოდში ახალი პროექტების დაწყება, მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერა, სერიოზული მოლაპარაკებები და სამომავლო გეგმების დაწყება არ არის რეკომენდებული, რადგან საქმეები შესაძლოა გადაიდოს, მიმართულება შეიცვალოს ან საბოლოოდ მოსალოდნელი შედეგი ვერ მივიღოთ.
უმჯობესია ამ დროს დამკვირვებლის პოზიცია შევინარჩუნოთ და დრო ყოველდღიური საქმეების დასრულებას დავუთმოთ. ასევე, ფოკუსი შინაგან სიმშვიდესა და ბალანსის შენარჩუნებისკენ მივმართოთ.
დღის პირველი ნახევარი ენერგეტიკულად მძიმეა - 14:41 საათამდე გავლენას ახდენს მე-9 მთვარის დღის ენერგიები, რომლის სიმბოლოა ღამურა. ეს მთვარის დღე დაკავშირებულია ილუზიებთან, შინაგან შიშებთან, ემოციურ პროვოკაციებთან და ცდუნებებთან. ამ ენერგიას ამძაფრებს მარსი-პლუტონის დაძაბული კვადრატი, რომელიც ზრდის აგრესიის, ძალისმიერი დაპირისპირებისა და კონფლიქტების რისკს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ცაზე ფორმირებული რთული კარმული კონფიგურაცია - ტაუ-კვადრატი, რომლსაც ქმნის მზის კვადრატი კარმულ კვანძებთან. ეს ეს კონფიგურაცია წარმოქმნის მდგომარეობას, როცა თითქოს ვიჭედებით წარსულსა და მომავალს შორის, იწვევს იდენტობის კრიზისს და წნეხის ქვეშ აქცევს ეგოს, ნებასა და თვითგამოხატვას.
ნებისმიერი მცდელობა, ძალით დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე ან სხვებზე ზეწოლა მოახდინოთ, შესაძლოა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდეს. ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, ჩხუბს, ემოციურ დაპირისპირებასა და ამბიციების აგრესიულ გამოვლენას. დღე უმჯობესია მშვიდ გარემოში, ბუნებაში ან მსუბუქ აქტივობაში გაატაროთ. წინა ღამის სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ - ეს მხოლოდ ქვეცნობიერის გაწმენდის პროცესია.
ამავე დროს, დილის 07:00 საათიდან აქტიურდება მხარდამჭერი ასპექტებიც - მზისა და პლუტონის ჰარმონიული ტრიგონი, მზე-ნეპტუნის სექსტილი და მარსის პოზიტიური კავშირი მთვარის კვანძებთან. ეს ენერგიები გვეხმარება, ძლიერი შინაგანი წნეხი ტრანსფორმაციის წყაროდ ვაქციოთ, გავამახვილოთ ინტუიცია და რთულ სიტუაციებში უფრო ღრმა აზრი დავინახოთ. დღის პირველი ნახევრის მთავარი ამოცანაა ეგოს დროებით უკანა პლანზე გადაწევა, ფიქრების გაწმენდა და ძველი წყენებისგან გათავისუფლება.
ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით, დღის პირველ ნახევარში აუცილებელია ზომიერება. ორგანიზმი ამ დროს განსაკუთრებით მგრძნობიარეა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოემოციური გადატვირთვის მიმართ. სასურველია მსუბუქი და გამწმენდი კვება, მეტი სითხის მიღება და მძიმე, ცხიმიანი საკვების შემცირება. არ არის რეკომენდებული ჭარბი კვება, ალკოჰოლი და მოწევა. სხეულის ყველაზე დაუცველი ზონებია ნეკნებისქვეშა არე და გულმკერდის ძვლები - ამ ადგილებში დისკომფორტი შესაძლოა, შინაგან პრობლემებზე მიუთითებდეს.
ხელსაყრელია ორგანიზმის გაწმენდა, ფიზიოთერაპიული პროცედურები, თმის შეჭრა დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის, რადგან ტრადიციულად ითვლება, რომ ამან შესაძლოა ორგანიზმის ენერგეტიკა დაასუსტოს.
14:41 საათიდან იწყება მზარდი მთვარის მე-10 დღე, რომლის სიმბოლოა შადრევანი - სიცოცხლის წყაროს, ენერგიის უწყვეტი ნაკადისა და შინაგანი განახლების სიმბოლო. დღის მეორე ნახევრიდან ენერგეტიკა საგრძნობლად იცვლება: წინა პერიოდის მძიმე და დაძაბული ფონი თანდათან იხსნება, თავს უფრო შთაგონებულად, ოპტიმისტურად და ენერგიულად ვიგრძნობთ. სასიცოცხლო ძალები თითქოს დუღს, ამიტომ ეს დრო იდეალურია აქტიური დასვენებისთვის, კონსტრუქციული საქმიანობისთვის და იმ საქმეების დასაწყებად, რომლებსაც დიდი ხანია აჭიანურებდით. თუმცა, მიუხედავად ენერგიის მატებისა, სხეულის გადატვირთვა მაინც არ შეიძლება.
მე-10 მთვარის დღე მჭიდროდ უკავშირდება ოჯახურ კავშირებს, ფესვებს, წინაპრების გახსენებას და ტრადიციებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ყველაფრისთვის, რაც ოჯახთან არის დაკავშირებული: ნათესავების მონახულებისთვის, ოჯახური შეკრებებისა და ვახშმისთვის, სახლის ან ბაღის კეთილმოწყობისთვის, ოჯახური სახლის მშენებლობის დასაწყებად ან საკუთარი გენეალოგიური ხის შესასწავლად.
შესაძლებელია დავიწყებული ოჯახური ტრადიციების გაცოცხლებაც ან სრულიად ახალი ტრადიციების შექმნა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ამ დღეს განსაკუთრებით თბილი და მხარდამჭერია, თუმცა მარტოხელა ადამიანებმა შესაძლოა უფრო მძაფრად იგრძნონ მელანქოლია ან შინაგანი სიცარიელე.
აქტიურდება ადამიანის კარმული და საგვარეულო მეხსიერება. ჩნდება ძლიერი შინაგანი მოთხოვნილება ცოდნის, სულიერი საკითხებისა და საკუთარი წარმომავლობის გააზრების მიმართ. ამიტომ დღე ძალიან ხელსაყრელია სწავლისთვის, ინფორმაციასთან მუშაობისთვის, მედიტაციისთვის, თვითანალიზისა და სულიერი პრაქტიკებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი გაცნობიერებები, მნიშვნელოვანი პასუხების მიღება და დიდი ხნის პრობლემების გადაწყვეტა.
გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რაც ამ პერიოდში დაიწყება, ღრმად გაიდგამს ფესვებს - როგორც პოზიტიური მოვლენები, ისე კონფლიქტები და ოჯახური დაპირისპირებები. ამიტომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია დროულად უნდა განმუხტოთ. დღევანდელი სირთულეები ხანმოკლე იქნება და სწრაფად გადაივლის.
დღის მეორე ნახევარში კვება უფრო თავისუფალი ხდება. ნოყიერი სუფრა და ოჯახური ნადიმი სრულიად მისაღებია, განსაკუთრებით თუ ოჯახის წევრებს ან ნათესავებს მასპინძლობთ. ზომიერი ალკოჰოლიც დასაშვებია, თუმცა გადამეტება არასასურველია. მარხვა და დამღლელი დიეტები ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის.
საღამოს 18:34 საათზე მთვარე გადავა სასწორის ნიშანში და უკურსო პერიოდიც დასრულდება.
სწორედ ამ მომენტიდან ემოციური ფონი შესამჩნევად შემსუბუქდება. სასწორის ენერგია აძლიერებს ჰარმონიის, დიპლომატიისა და შეთანხმების სურვილს. ადამიანებს უადვილდებათ საერთო ენის პოვნა, კომპრომისზე წასვლა და წყენების დავიწყება. მატულობს ესთეტიკის, თავაზიანობისა და ურთიერთობებში ბალანსის მოთხოვნილება, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ყოყმანიც და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გაჭიანურდეს.
საღამოს 19:00 საათიდან კი აქტიურდება მთვარე-ურანის ჰარმონიული ტრინი, რომელიც დღის ენერგეტიკაში სიახლეს, შთაგონებასა და მოულოდნელ სასიამოვნო მოვლენებს შემოიტანს. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, არასტანდარტული იდეები, მოულოდნელი შეთავაზებები და სიტუაციების სწრაფი, პოზიტიური შემობრუნება. საღამოს საათები განსაკუთრებით კარგია დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, პარტნიორული ურთიერთობების დასალაგებლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მეგობრულ გარემოში დასვენებისა და შინაგანი ჰარმონიის აღსადგენად.
აი, ასეთი საინტერესო დღე გველოდება, მეგობრებო.
გახსოვდეთ, ვარსკვლავები მიმართულებას გვიჩვენებენ, არჩევანს კი ყოველთვის ჩვენ ვაკეთებთ, ამიტომ, გისურვებთ ცნობიერად გაატაროთ ყოველი დღე, ადაპტირდეთ სამყაროს რითმებთან და შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი და ჰარმონია!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ახალი ფინანსური შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი შეხვედრები - როგორი იქნება 25-31 მაისის კვირა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით