Digest Logo

„დინამიკური და გარდამტეხი იქნება...“ - 5 - 11 ოქტომბრის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1791133326
რამაზ გიგაური

„5 - 11 ოქტომბრის ასტროლოგიური ნავიგაცია: რას გვიმზადებს ოქტომბრის პირველი დეკადა?

წინ საკმაოდ დინამიკური და გარდამტეხი დღეები გველოდება. ცის კაბადონზე მიწის სტიქიის დეფიციტია, მორიელში მოძრავი მერკური და რეტროგრადული ვენერა კი ემოციურ ფონს ამძიმებენ და როგორც პირად, ისე ფინანსურ საკითხებში სერიოზულ გადაფასებებს ითხოვენ“, - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგიურ პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„ზოგადი ფონი: ოქტომბრის პირველი სრული კვირა საკმაოდ დინამიკური და გარდამტეხი იქნება. მზე სასწორის ნიშანში მოძრაობს, რაც წინა პლანზე პარტნიორულ ურთიერთობებს, დიპლომატიასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებულ თემებს წამოსწევს. თუმცა, მორიელში მყოფი მერკური და რეტროგრადული ვენერა ემოციურ ფონს ამძიმებენ და ფინანსურ თუ პირად საკითხებში სერიოზულ გადაფასებებს ითხოვენ. ახლა ზედაპირული კავშირების დრო აღარ არის - ყველა ურთიერთობა და შეთანხმება სიღრმისეულ ანალიზსა და გამოცდას გადის. ამასთან, ამ პერიოდში ცის კაბადონზე მიწის სტიქიის დეფიციტია, რის გამოც სიტუაციის ანალიზის, შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა პრაქტიკულობა და წინდახედულობა დაგვაკლდეს.

კვირის მთავარი მოვლენები: 7 ოქტომბერს ცაზე ორი მნიშვნელოვანი ასპექტის პიკია: მორიელში მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება (რაც ძველი ვალების, დაფარული ინფორმაციისა და წარსული ურთიერთობების გაანალიზებაში დაგვეხმარება) და მარსისა და ურანის ჰარმონიული სექსტილი, რომელიც მოულოდნელი, მაგრამ კონსტრუქციული ცვლილებებისა და შემოქმედებითი გარღვევის საშუალებას გვაძლევს. 10 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალმთვარეობას გავდივართ. ეს მოვლენა თვეს ორ ნაწილად გაყოფს, შეაჯამებს შემოდგომის პირველი ნახევრის შედეგებს და ამასთანავე, ახალი პარტნიორული თუ სოციალური გეგმების დასახვის აუცილებლობას მოიტანს.

გაფრთხილება: კვირის ბოლოს, 11 ოქტომბერს, პიკს აღწევს რეტროგრადული ვენერასა და მარსის დაძაბული ასპექტი. ეს კონფლიქტი მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში სერიოზული კრიზისის, ეჭვიანობის, ვნებების აფეთქებისა და მანიპულაციების ალბათობას მკვეთრად ზრდის. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ იგრძნობა მზისა და სატურნის დაპირისპირების გავლენა, რაც მიანიშნებს თავდაუჯერებლობასა და შინაგანი ენერგიის დაქვეითებაზე. ამ პერიოდში ფინანსურმა ავანტიურამ, სარისკო ინვესტიციამ ან იმპულსურად დაწყებულმა სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა ნეგატიური შედეგები და დანაკარგები გამოიწვიოს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ კვირაშიც გვაქვს შუალედები, როცა მთვარე სხვა პლანეტებთან ძირითად ასპექტებს არ ქმნის:

6 ოქტომბრის 14:22-დან - 7 ოქტომბრის 06:52-მდე;
7 ოქტომბრის 22:56-დან - 9 ოქტომბრის 12:10-მდე (საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია!);
11 ოქტომბრის 03:07-დან - 19:21-მდე (თითქმის მთელი დღე!).

ამ პერიოდებში ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, ხელშეკრულების გაფორმება ან მსხვილი შენაძენის გაკეთება სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
სტრატეგია: შეინარჩუნეთ დიპლომატია და ემოციური წონასწორობა. პირად ურთიერთობებში ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ეჭვებს. ეს კვირა გამოიყენეთ წარსულის ანალიზისთვის, ფინანსური აუდიტისა და ძველი ვალების გასასტუმრებლად, ახალი გეგმები კი მხოლოდ ცივი გონებითა და პრაგმატული გათვლებით დასახეთ.

5 ოქტომბერი, ორშაბათი: ამბიციები და ემოციური წინააღმდეგობები

მთვარე: კირჩხიბში - გადადის ლომში (02:54). კვირა საკმაოდ აქტიური და ცეცხლოვანი ენერგიით იწყება. გამთენიისას მთვარე ლომის ნიშანში გადადის და მარსს უერთდება, რაც თავდაჯერებულობას, ინიციატივასა და ლიდერობის სურვილს აძლიერებს. თუმცა, დღის განმავლობაში მთვარე დაძაბულ ასპექტებს ქმნის პლუტონთან, მერკურისთან და რეტროგრადულ ვენერასთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პირადი ამბიციები შესაძლოა სხვების ფარულ წინააღმდეგობას ან ფინანსურ შეზღუდვებს შეეჯახოს. ამის გამო იზრდება ეჭვიანობის, სიჯიუტისა და სარკაზმის ალბათობა. საღამოს საათებში მთვარე-სატურნის ჰარმონიული კავშირი ემოციების დამშვიდებასა და თვითკონტროლის დაბრუნებაში დაგვეხმარება.

✅რეკომენდებულია: ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, შემოქმედებითი საქმიანობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. საღამოს საათებში - მშვიდ გარემოში მუშაობა და უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა.

⛔️თავი შეიკავეთ: შუადღის საათებში ფინანსური დავებისგან, პარტნიორთან ეჭვიანობის სცენების მოწყობისგან, იმპულსური შოპინგისა და სარისკო კაპიტალდაბანდებებისგან.

6 ოქტომბერი, სამშაბათი: ოპტიმიზმი და კოსმოსური პაუზა

მთვარე: ლომში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 14:22-დან დღის ბოლომდე. დღის პირველი ნახევარი კვირის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და პოზიტიური მონაკვეთია. მთვარის ჰარმონიული კავშირი მზესთან და იუპიტერთან შეერთება კეთილგანწყობილ, ოპტიმისტურ გარემოს ქმნის. ეს შესანიშნავი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ 14:22 საათიდან მთვარე კურსს კარგავს. დღის მეორე ნახევარში ტემპი დაეცემა და ენთუზიაზმი შესაძლოა ფუჭ დაპირებებში გადაიზარდოს.

✅რეკომენდებულია: 14:22 საათამდე - მნიშვნელოვანი შეხვედრები, პრეზენტაციები, მოლაპარაკებები, იურიდიული და საგანმანათლებლო საკითხების მოგვარება. დღის მეორე ნახევარში - უკვე დაწყებული საქმეების მშვიდად გაგრძელება, ბავშვებთან ურთიერთობა, აქტიური დასვენება (კინო, თეატრი, კონცერტი).

⛔️თავი შეიკავეთ: 14:22 საათის შემდეგ ახალი პროექტების დაწყებისგან, ხელშეკრულებების გაფორმებისგან და მსხვილი ფინანსური ხარჯებისგან. საღამოს საათებში მოერიდეთ გადაჭარბებული სიამაყისა და ქედმაღლობის გამოვლენას. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ.

7 ოქტომბერი, ოთხშაბათი: დაფარულის გამჟღავნება და განახლება

მთვარე: ლომში - გადადის ქალწულში (06:52). ⚠️ ყურადღება: მთვარე უკურსოა 06:52-მდე და საღამოს 22:56-დან. დილიდან მთვარე პრაგმატულ ქალწულში გადადის, რაც საქმიან განწყობას, დეტალებისადმი ყურადღებასა და ცივ გონებას გვიბრუნებს. დღეს ორი უმნიშვნელოვანესი პლანეტარული ასპექტი იკვრება: მორიელში მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება წარსულის საიდუმლოებებს, ძველ ფინანსურ ვალდებულებებს ან ოდესღაც გაწყვეტილ კავშირებს გააცოცხლებს და ამოატივტივებს. პარალელურად, მარსისა და ურანის ჰარმონიული ასპექტი მოულოდნელი, პროგრესული გადაწყვეტილებების მიღებისა და ტექნიკური განახლების ძალას მოგვცემს.

✅რეკომენდებულია: 06:52-დან 22:56 საათამდე - ფინანსური აუდიტი, ბუღალტრული და ანალიტიკური მუშაობა, ძველი შეცდომების გამოსწორება, სამუშაო პროცესში ახალი მეთოდების დანერგვა, სამედიცინო კვლევების ჩატარება, მკურნალობა, ფსიქოთერაპია.

⛔️️თავი შეიკავეთ: ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისგან, გარშემო მყოფების წვრილმანი კრიტიკისგან და შუადღის საათებში სპონტანური, გაუაზრებელი რისკისგან, ხოლო 22:56 საათიდან - შეთანხმებების დადებისგან.

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი: პაუზისა და რუტინის დღე

მთვარე: ქალწულში. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა მთელი დღე. ეს ხუთშაბათი თავიდან ბოლომდე უკურსო მთვარის ფონზე ჩაივლის. პლანეტარული დინამიკა შენელებულია და გარემოებები წინსვლას ხელს არ უწყობს. ნებისმიერი ახალი წამოწყება, რომელსაც დღეს ჩაუყრით საფუძველს, შეფერხდება ან უშედეგოდ დასრულდება. ქალწულის მთვარის ენერგია საუკეთესოდ მხოლოდ წესრიგის დამყარებასა და მეთოდურ, მშვიდ შრომაში ვლინდება. ნუ აჩქარდებით და ეცადეთ, ეს დღე დაგროვილი პრობლემების მოგვარებასა და გადადებული მარტივი საქმეების დასრულებას დაუთმოთ.

✅რეკომენდებულია: ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულება, დოკუმენტაციისა და არქივის დახარისხება, სახლის ან სამუშაო სივრცის დალაგება, ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

⛔️თავი შეიკავეთ: კატეგორიულად მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, სამსახურის შეცვლას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, სესხის აღებასა და ტექნიკის ან ავტომობილის შეძენას.

9 ოქტომბერი, პარასკევი: ილუზიები და დიპლომატია

მთვარე: ქალწულში - გადადის სასწორში (12:10). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 12:10-მდე. დღის პირველი ნახევარი კვლავ ინერციით მიედინება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ დაგეგმეთ. 12:10 საათიდან მთვარე სასწორის ნიშანში გადადის და ადამიანებში კომპრომისის, სიმშვიდისა და ჰარმონიული ურთიერთობის სურვილი იღვიძებს. თუმცა, დღის მეორე ნახევარში მთვარე ნეპტუნს უპირისპირდება, რამაც შესაძლოა დროებითი დაბნეულობა, ქაოსი, ილუზიები ან ტყუილის ალბათობა გაზარდოს. ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ. საღამოს საათებში მთვარის ჰარმონიული ასპექტები გონებრივ სიცხადეს დააბრუნებს და საინტერესო იდეებსაც მოიტანს.

✅რეკომენდებულია: 12:10 საათის შემდეგ - პარტნიორული საუბრები, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარება, ხელოვნებასთან შეხება. საღამოს - მეგობრული შეხვედრები და ინტელექტუალური განტვირთვა.

⛔️თავი შეიკავეთ: 12:10 საათამდე ახალი საქმეების წამოწყებისგან. შუადღის შემდეგ მოერიდეთ საეჭვო შემოთავაზებებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნდობას, ორაზროვან დაპირებებს, ასევე ალკოჰოლის, უცნობი მედიკამენტების ან საეჭვო ხარისხის პროდუქტების მიღებას (მაღალია ინტოქსიკაციის რისკი).

10 ოქტომბერი, შაბათი: შეზღუდვები და ახალმთვარეობა

მთვარე: სასწორში. 🌑ახალმთვარეობა (19:50). თვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო და გარდამტეხი დღეა. ახალმთვარეობის დადგომამდე ადამიანის სასიცოცხლო ტონუსი და იმუნიტეტი მინიმუმამდე ეცემა. დილის საათებში მთვარე სატურნს უპირისპირდება, რაც ემოციურ სიცივეს, შეზღუდვების განცდასა და ვალდებულებების სიმძიმეს მოიტანს. ნუ შეეცდებით მოვლენების დაჩქარებას. 19:50 საათზე სასწორის ნიშანში ახალმთვარეობა დგება, რომელიც ძველ პერიოდს ასრულებს და პარტნიორულ თუ სოციალურ ურთიერთობებში განახლების ეტაპს ხსნის. იწყება ახალი ციკლი!

✅რეკომენდებულია: დღის განმავლობაში - მშვიდი დასვენება, ძალების დაზოგვა, ძველი ვალებისა და ვალდებულებების დახურვა. 19:50 საათის შემდეგ - მომდევნო ერთი თვის სამოქმედო გეგმების ჩამოწერა და პრიორიტეტების განსაზღვრა. შეგიძლიათ ძველი გეგმებიც გადაალაგოთ და ახალი ამოცანებიც დასახოთ.

⛔️თავი შეიკავეთ: ფიზიკური და ემოციური გადატვირთვისგან, უფროსი თაობის ადამიანებთან ან პარტნიორთან კამათისგან, პესიმიზმისა და ახალი, აქტიური ნაბიჯების გადადგმისგან (ეს მხოლოდ დაგეგმვის დროა). ნუ მოაწერთ საბუთებს ხელს (თუ ეს შესაძლებელია).

11 ოქტომბერი, კვირა: ვნებებისა და კონფლიქტების პიკი

მთვარე: სასწორში - გადადის მორიელში (19:21). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 03:07-დან 19:21-მდე. კვირის ყველაზე კრიტიკული და ფეთქებადი დღეა. ცაზე ზუსტ კვადრატს ქმნიან რეტროგრადული ვენერა (მორიელში) და მარსი (ლომში). ეს არის მამაკაცურ და ქალურ საწყისებს შორის მწვავე დაპირისპირების, ამბიციების, მესაკუთრეობისა და ეჭვიანობის პიკი. ნებისმიერი წვრილმანი უთანხმოება შესაძლოა სერიოზულ დრამაში გადაიზარდოს. ასე რომ, პირადი ცხოვრება და ოჯახური ურთიერთობები უდიდეს ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 19:21 საათამდე მთვარე უკურსოა - ამ დროს წამოწყებულ კონფლიქტს გამოსავალი არ ექნება და მხოლოდ ნგრევას მოიტანს. საღამოს მთვარის მორიელში გადასვლა შინაგან ინტენსივობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

✅რეკომენდებულია: მაქსიმალური თავშეკავება, განმარტოება, საკუთარ ფსიქიკაზე დაკვირვება და თვითრეფლექსია. მოზღვავებული ენერგია აჯობებს შემოქმედებაში, კითხვაში ან ინდივიდუალურ საქმიანობაში მიმართოთ. კარგი იქნება მედიტაცია ან წყლის პროცედურები.

⛔️თავი შეიკავეთ: პირადი ურთიერთობების გარკვევისგან, ულტიმატუმების წაყენებისგან, რომანტიკული პაემნებისგან, ძვირადღირებული ნივთების შეძენისა და ნებისმიერი ფინანსური რისკისგან. ნუ წამოეგებით პროვოკაციებს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლიმონის წვენის 8 სასარგებლო თვისება - „კანის მდგომარეობა უმჯობესდება“

⭕„პანიკური შეტევით არავინ კვდება“ - ლევან შელეგიას რჩევები და სრული სიმართლე შფოთვით აშლილობაზე

⭕ ყველაზე იღბლიანი დღეები ოქტომბერში! - თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

წყარო: www.patreon.com

✕